კუჭი

 ლალი დათეშიძე

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

კუჭი (ventriculus,gaster) – საჭმლის მომნელებელი სისტემის ღრუ ორგანო, რომელიც განლაგებულია საყლაპავსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის. მასში ხორციელდება საკვების დაგროვება, მისი ნაწილობრივი გადამუშავება და შეწოვა.

ჰისტოლოგია, ციტოლოგია. კუჭის, ისევე როგორც, საჭმლის მომნელებელის სისტემის ყველა ორგანოს, კედელი შედგება 4 შრისგან – ლორწოვანი გარსი, ლორწქვეშა შრე, კუნთოვანი და სეროზული გარსები.

კუჭი

ყველაზე რთული აგებულება გააჩნია კუჭის ლორწოვან გარსს. სკანირებული მიკროსკოპის მეშვეობით მასში შესაძლებელია აღმოვაჩინოთ დიდი რაოდენობით ხვრელები (კუჭის ორმოები), რომლებშიც იხსნებიან საკუთრივ ლორწოვან გარსში განლაგებული კუჭის ჯირკვლების სადინრები. კუჭის ორმოები დაფარულია ცილინდრული ეპითელიუმის შრით, რომელიც გამოყოფს ლორწოს. ფარავს რა კუჭის შიგნითა გარსს, ლორწო კუჭს იცავს სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების, პირველ რიგში კუჭის წვენის, ზემოქმედებისგან. კუჭის მფარავი ეპითელიუმი, კუჭის ჯირკვლების ყელის არედან ახალგაზრდა უჯრედების მიგრაციის ხარჯზე სწრაფად განიცდის რეგენერაციას. განასხვავებენ კარდიალურ, ფუნდალურ და პილორუსის ჯირკვლებს. კარდიალური ჯირკვლები შედგებიან მცირე ზომის ლორწოვანი უჯრედებისგან, რომელთაც გააჩნიათ დაბალი სეკრეტორული აქტივობა, აგრეთვე ერთეული პარიესური (ამომფენი) უჯრედებისგან. კუჭის (ფუნდალური) ჯირკვლებს, რომლებიც განლაგებულნი არიან კუჭის სხეულში, ფუძეში და პილორუსის ანტრალურ ნაწილში, გააჩნიათ მთავარი ნაწილი (სხეული და ფუძე) და ყელი; ისინი იხსნებიან უშუალოდ შესართავების კუჭის ორმოებში. მთავარ ნაწილში, ძირითადად ლოკალიზებულნი არიან მთავარი (ზიმოგენური) უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ კუჭის წვენის ფერმენტებს. მათ შორის მცირე რაოდენობით არიან პარიესული უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ მარილმჟავას და ანტიანემიურ კასლის შინაგან ფაქტორს. პილორუსის ჯირკვლების შემადგენლობაში შედიან პეპსინის და ლორწოს მაპროდუცირებელი, კუჭის ჯირკვლების ანალოგიური უჯრედები. გარდა ამისა, კუჭის და პილორუსის ჯირკვლები შეიცავენ ენდოკრინულ უჯრედებს. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ენტეროქრომაფინული Ec-უჯრედები, ენტეროქრომაფინულის მსგავსი Ec L-უჯრედები, A-მსგავსი, D-, D1-, G-, S-, P-უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ გასტროინტესტინალურ ჰორმონებს (შესაბამისად სეროტონინს, ჰისტამინს, გლუკაგონს, სომატოსტატინს, ვაზოაქტიურ ინტესტინალურ პოლიპეპტიდს – VIP, გასტრინს, სეკრეტინს და ბომბეზინს.)
ლორწოვან და კუნთოვან გარსებს შორის მდებარე ლორწქვეშა შრე წარმოადგენს ფაშარ, ბოჭკოვან შემაერთებელ ქსოვილს დიდი რაოდენობით ელასტიური ბოჭკოებით, სადაც განლაგებულია სისხლძარღვოვანი და ნერვული ლორწქვეშა (მეისნერის) წნულები.
კუჭის კუნთოვანი გარსი შედგება 3 გლუვკუნთოვანი შრისგან (გარეთა – სიგრძივი, შუა – ცირკულარული და შიგნითა – ირიბი), რომელთა ტონური შეკუმშვაც უზრუნველყოფს კუჭის ფორმის და ზომების შენარჩუნებას. პილორუსის არხის ზონაში ცურკულარულად განლაგებული კუნთები სქელდებიან და ქმნიან პილორუსის სფინქტერს. გარეთა და შუა შრეებს შორის მდებარეობს კუნთებშუა ნერვული (ავერბახის) წნული.
გარეთა სეროზული გარსი წარმოადგენს ფაშარ ბოჭკოვან შემაერთებელ ქსოვილს, რომელიც ამოფენილია მეზოთელური უჯრედების შრით; იგი ასრულებს საყრდენ ფუნქციას, აფიქსირებს ორგანოს განსაზღვრულ მდებარეობაში. მის სისქეში გადიან სისხლძარღვები და ლიმფური სადინრები, აგრეთვე ნერვები.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.