nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ღვიძლი 

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ღვიძლი (hepar) – მუცლის ღრუს კენტი ორგანო, ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალი, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს. ღვიძლში ხდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან სისხლის მეშვეობით მასში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფა; მასში ხორციელდება სისხლის მნიშვნელოვანი ცილოვანი ნივთიერებების სინთეზი, წარმოიქმნება გლიკოგენი, ნაღველი; ღვიძლი მონაწილეობს ლიმფის წარმოქმნის პროცესში, არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლაში.

 ღვიძლის სტრუქტურა

ჰისტოლოგია. ღვიძლის პარენქიმის ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ ღვიძლის წილაკები, რომელთაც გააჩნიათ 1–1,5 მმ დიამეტრის და 1,5–2 მმ სიმაღლის პრიზმების ფორმა (ადამიანის ღვიძლი შეიცავს

ღვიძლი

დაახლოებით 500 000 წილაკს). წილაკები შედგებიან ღვიძლის უჯრედებისგან – ჰეპატოციტებისგან. ჰეპატოციტების რიგებს შორის მიედინებიან სისხლძარღვოვანი კაპილარები და ნაღვლის სადინრები. სისხლძარღვოვანი კაპილარები წარმოადგენენ კარის ვენის და ღვიძლის არტერიის განტოტიანებებს. კაპილარები ჩაედინებიან ცენტრალურ ვენაში, რომელსაც სისხლი წილაკთაშორის ვენების მეშვეობით მიაქვს ღვიძლის ვენებში. სისხლძარღვოვანი კაპილარების კედლები ამოფენილია ენდოთელიოციტებით და ვარსკვლავისებური რეტიკულოენდოთელიოციტებით (კუპფერის უჯრედები). კაპილარები გარშემორტყმულია წვრილი პერიკალპილარული სივრცეებით (დისეს სივრცეები), რომლებიც შეიცავენ პლაზმას; აღნიშნული სივრცეები ხელს უწყობენ ტრანსკაპილარულ ცვლას. წილაკები ერთმანეთისგან გამოყოფილია შემაერთბელქსოვილოვანი შრეებით – წილაკთაშუა შემაერთებელი ქსოვილით (ე.წ. პორტული ველები), რომლებშიც მიემართებიან წილაკთაშუა ვენები (კარის ვენის ტოტები), წილაკთაშუა არტერიები (ღვიძლის არტერიის ტოტები) და წილაკთაშუა სანაღვლე სადინრები, რომლებშიც ჩაედინებიან ნაღვლის უწვრილესი სადინრები. წილაკთაშორის სანაღვლე სადინრები ერწყმიან ერთმანეთს და ქმნიან უფრო მსხვილ სადინრებს, რომლებიც ჩაედინებიან ღვიძლის მარცხენა და მარჯვენა სადინრებში, საიდანაც იქმნება ღვიძლის საერთო სადინარი.

კარის ვენის და ღვიძლის არტერიის განტოტიანების და სანაღვლე სადინრების მიმართულების თავისებურებების გათვალისწინებით ღვიძლში გამოყოფენ 8 სეგმენტს: მარჯვენა ნახევარში – წინა–ქვედა, წინა–ზედა, უკანა–ქვედა, უკანა–ზედა და მარჯვენა სეგმენტები; მარცხენა ნახევარში – უკანა, წინა და მარცხენა სეგმენტები. გარედან ღვიძლი დაფარულია თხელი ფიბროზული გარსით (ე.წ. ღვიძლის კაფსულა), რომელიც, უერთდება რა წილაკთაშუა შემაერთებელ ქსოვილს, წარმოქმნის ღვიძლის შემაერთებელქსოვილოვან კარკასს. ღვიძლის კარის მიდამოში ფიბროზული გარსი სქელდება, გარს ეკვრის სისხლძარღვებს და სანაღვლე სადინრებს და ღვიძლის კარში შედის სისხლძარღვთაახლო ფიბროზული კაფსულის სახელწოდებით (გლისონის კაფსულა).

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.
 
 ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია
 ___________________________________________

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka