მკურნალობა უცხოეთში


პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი

ლალი დათეშიძე
ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

კუჭქვეშა ჯირკვალი იგივე პანკრეასი (pancreas) – საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვალი, რომელსაც გააჩნია ეგზოკრინული და ენდოკრინული ფუნქციები. პანკრეასი

ჰისტოლოგია. პანკრეასი დაფარულია თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით, საიდანაც გამოდიან ძგიდეები, რომლებიც ორგანოს ყოფენ წილაკებად მათში განლაგებული სისხლძარღვებით, ნერვებით და წილაკთაშორის გამომტანი სადინრებით. პანკრეასის უდიდესი ნაწილი, რომელიც ასრულებს ეგზოკრინულ ფუნქციას, წარმოდგენილია დაბოლოებითი, სეკრეტორული ნაწილებით (პანკრეასის აცინუსები) და გამომტანი სადინრების სისტემით. პანკრეასის აცინუსი (წილაკის ძირითადი სტრუქტურა) შედგება ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული, კონუსის ფორმის 8–12 აცინური უჯრედისგან (ეგზოკრინული პანკრეაციტები), რომლებიც ფუძით გარეთ არიან მიმართულნი (იმყოფებიან საერთო ბაზალურ მემბრანაზე), ხოლო მწვერვალით – ცენტრისკენ. პანკრეაციტებს გააჩნია ცილის სეკრეტის აქტიურად მასინთეზირებელი უჯრედისთვის დამახასიათებელი აგებულება: გრანულარული ენდოპლაზმური ქსელის ელემენტების სიჭარბე, კარგად განვითარებული გოლჯის კომპლექსი და მომწიფების სხვადასხვა სტადიებზე მყოფი ზიმოგენური (სეკრეტორული) გრანულები. გარედან პანკრეასის აცინუსები დაფარულია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის თხელი ფენით, სადაც განლაგებულნი არიან სისხლძარღვოვანი კაპილარები, ნერვული ბოჭკოები და ნეირონების მცირე გროვები (განგლიები).

გამომტანი სადინრების სისტემა იწყება პანკრეასის აცინუსებისგან ჩასართავი სადინრებით, რომლებიც ერთიანდებიან წილაკშიდა, შემდეგ კი წილაკთაშორის სადინრებად და ჩაედინებიან პანკრეასის სადინარში. სადინრების დიამეტრის ცვლილების პარალელურად იცვლება მათი კედლის აგებულებაც: ჩასართავი სადინრების სანათურის ამომფენი ერთშრიანი, ბრტყელი ეპითელიუმი წილაკშიდა სადინრებში გადადის კუბურ ეპითელიუმში, ხოლო წილაკთაშორის და პანკრეასის სადინრებში – პრიზმულ ეპითელიუმში; ამ უკანასკნელის ეპითელიოციტებიდან წარმოიქმნებიან და მრავლდებიან ბოკალისებური უჯრედები – ერთუჯრედიანი ეგზოკრინული ჯირკვლები, ენდოკრინული ჯირკვლები; კედელი სქელდება, ყალიბდება ლორწოვანი გარსი. მსგავსი სახის ცვლილებები დაკავშირებულნი არიან სეკრეტის ჩამოყალიბებასთან და ადგილობრივი ენდოკრინული ფუნქციის რეგულაციაში სადინრების მონაწილეობასთან.
ენდოკრინული ნაწილი წარმოდგენილია პანკრეასის კუნძულებით (ლანგენჰასის კუნძულებით), რომლებიც განლაგებულნი არიან პანკრეასის აცინუსებს შორის და მათგან გამოყოფილნი არიან ოდნავ შესამჩნევი შემაერთებელქსოვილოვანი გარსით. დაახლოებით 0,3 მმ დიამეტრის პანკრეასის კუნძულებს ძირითადად გააჩნიათ მრგვალი ფორმა; კუნძულების რიცხვი მატულობს თავიდან კუდისკენ, მათი საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1 მილიონს. ისინი წარმოქმნილნი არიან ხუთი ტიპის ენდოკრინოციტებით: α–უჯრედები (10–30%), რომლებიც გამოიმუშავებენ გლუკაგონს; β–უჯრედები (60–80%), რომლებიც გამოიმუშავებენ ინსულინს; δ- და δ1-უჯრედები (5–10%) – გამოიმუშავებენ სომატოსტატინს და ვაზოინტესტინალურ პეპტიდს (ვიპ); PP უჯრედები (2–5%) – გამოიმუშავებენ პანკრეასულ პოლიპეპტიდს. β–უჯრედები უპირატესად განლაგებულნი არიან კუნძულის ცენტრალურ ზონაში. α–, δ– δ1– და PP–უჯრედები – მის პერიფერიაზე (PP–უჯრედები შესაძლებელია შეგვხვდეს პანკრეასის აცინუსებს და სადინრების ეპითელიოციტებს შორისაც). პანკრეასში აგრეთვე აღმოჩენილია უჯრედების განსაკუთრებული ტიპი – აცინოკუნძულოვანი (შერეული ანუ გარდამავალი) უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ერთდროულად ზიმოგენის გრანულებს და ჰორმონებს; ისინი ძირითადად განლაგებულნი არიან პანკრეასის კუნძულების სიახლოვეს.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka