წინამდებარე ჯირკვალი

ლალი დათეშიძე

წინამდებარე ჯირკვალი [prostata (PNA, JNA, BNA)] – მამაკაცის სასქესო სისტემის კენტი ორგანოა, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის წინა ნაწილში, შარდის ბუშტის ქვეშ.

ემბრიოლოგია. წინამდებარე ჯირკვალი ჩასახვას იწყებს მუცლადყოფნის პერიოდის მე-3 თვიდან. ამ პერიოდისთვის, მამრობითი სქესის ემბრიონში ხდება პარამეზონეფრული (მიულერის) სადინრების რედუცირება, დისტალური ბოლოების გარდა, რომლებიც ერწყმიან რა ერთმანეთს, რჩებიან მომავალი წინამდებარე ჯირკვლის შემადგენლობაში წინამდებარე საშვილოსნოს სახით. მე-3 თვის ბოლოდან აღინიშნება ურეთრის ეპითელიუმის ჭიმების (რომლებშიც წარმოიქმნება სადინრები) ჩაზრდა შემაერთებელ ქსოვილში, რომელიც გარს ახვევია შარდსადენს. მე-4 თვის ბოლოსთვის წარმოიქმნება დაახლოებით 50-მდე ასეთი წანაზარდი, რაც შეესაბამება პროსტატული ჯირკვლების რაოდენობას ზრდასრულ ადამიანში. მე-7 თვის ბოლოსთვის ფიბროზულ-კუნთოვანი ტიხრების განვითარების წყალობით, თანდათანობით იკვეთება წინამდებარე ჯირკვლის წილაკოვნება.

ჰისტოლოგია. წინამდებარე ჯირკვალი დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით (capsula prostatica), საიდანაც ჯირკვლის სიღრმეში მიემართებიან ძგიდეები (ტიხრები) (septum prostaticum). აღნიშნული შემაერთებელქსოვილოვანი ჩონჩხი, რომელიც შეიცავს გლუვკუნთოვანი უჯრედების გროვებს, წარმოქმნის წინამდებარე ჯირკვლის კუნთოვან-ელასტიკურ სტრომას (substantia myoelastica prostatae). წინამდებარე ჯირკვლის მასის ნახევარს შეადგენს 30-50 მილაკოვან-ალვეოლური პროსტატის ჯირკვალი, რომლებიც წარმოქმნიან მის პარენქიმას (parenchyma glandulare). პროსტატის ჯირკვლების გამომტანი სადინრები გარს ეხვევია შარდსადენის წინამდებარე ნაწილს ჩაუკეტავი რგოლის სახით. პროსტატის ჯირკვლები უფრო მეტად განვითარებულნი არიან წინამდებარე ჯირკვლის გვერდით წილებში, მათი გამომტანი სადინრები უფრო გრძელია, ვიდრე წინა წილებში მოთავსებული ჯირკვლების გამომტანი სადინრები. თავიანთ განვითარებაში გარდამავალი მდგომარეობა უკავიათ წინამდებარე ჯირკვლის შუა წილის პროსტატის ჯირკვლებს.
პროსტატის ჯირკვლების საბოლოო ნაწილები, თავიანთ, უფრო ფართო გამომტან სადინრებთან შედარებით, ზომიერად არიან გავითარებულნი. ისინი შედგებიან პრიზმის ფორმის ეპითელური უჯრედებისგან, რომელთა ბირთვები განლაგებულნი არიან ბაზალურად ან აპიკალურად. სეკრეტის წარმოქმნის სტადიიდან გამომდინარე, უჯრედების ციტოპლაზმა შეიცავს გრანულებს ან ბადისებრ ფორმაციას. ჯირკვლის სეკრეტიდან გამოყოფილია ნივთიერება – პროსტაგლანდინი, რომელსაც გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოებელი და გლუვი მუსკულატურის მამოძრავებელი აქტიურობის მასტიმულირებელი ეფექტი. სეკრეტის გრანულები მდიდარია ლეციტინით (100 ნაწილ მშრალ ნარჩენზე 0,05 ნაწილი). სეკრეტის გამოყოფის შემდეგ უჯრედებს შეუძლიათ მიიღონ კუბური ან ბრტყელი ფორმაც კი. პროსტატის ჯირკვლების საბოლოო ნაწილებიდან სეკრეტი შარდსადენის წინამდებარე ნაწილში გამოიყოფა პროსტატის სადინრების მეშვეობით, რომლებიც ამოფენილია წვრილი, ელასტიური ბოჭკოების ბადეზე მიმაგრებული პრიზმული მრავალრიგიანი ეპითელიუმით; შემდეგ სეკრეტი გადადის უფრო მსხვილ, გაერთიანებულ სადინრებში, რომელთა სანათურიც ამოფენილია გარდამავალი ეპითელიუმით.

პროსტატაპროსტატის ჯირკვლებიდან სეკრეტის გამოყოფას ხელს უწყობს წინამდებარე ჯირკვლის გლუვი კუნთების, აგრეთვე შორისის განივზოლიანი მუსკულატურის შეკუმშვა. გლუვკუნთოვანი უჯრედების კონები წინამდებარე ჯირკვალს აკავშირებენ შარდსადენის კუნთოვან გარსთან. წინამდებარე ჯირკვლის დიფუზურად გამჭოლი კუნთოვანი ქსოვილი ტონუსის შემცირებისას, პროსტატა მოცულობაში იზრდება (ჯირკვლებში სეკრეტის შეგუბების გამო) და ხდება მოდუნებული. გამომტან სადინრებში სეკრეტის შესქელების გამო, განსაკუთრებით ხანშიშესულ ასაკში, ხდება მომრგვალო ფორმის, კონცეტრული, შრეობრივი წარმონაქმნების ფორმირება; აღნიშნულ წარმონაქმნებს ეწოდებათ პროსტატული კონკრეციები ანუ ამილოიდური სხეულაკები, რომლებიც ძირითადად შედგებიან პროტეინებისგან, ნუკლეინის მჟავებისა და ქოლესტერინისგან.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.