წინამდებარე ჯირკვალი

ლალი დათეშიძე

პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია

მორფოლოგიური გამოკვლევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ჯირკვლის შენება დამოკიდებულია ასაკზე და დაკავშირებულია ორგანიზმში სასქესო ჰორმონების დონესთან. ახალგაზრდა მამაკაცებში პროსტატის ჯირკვლების ეპითელიუმი მაღალია, უჯრედებში ბირთვები განლაგებულია ბაზალურად, ციტოპლაზმა ნათელია, შეიცავს ლიპიდებს, ნეიტრალურ და მჟავე გლიკოზოამინოგლიკანებს, მჟავე ფოსფატაზას. ასაკის მატებასთან ერთად, ანდროგენების დონის დაცემის (ისევე როგორც ესტროგენების დონის მატების) პარალელურად, ხდება ეპითელური უჯრედების შესქელება, მათი ციტოპლაზმა ვაკუოლიზირდება, ბირთვები განლაგებულია უჯრედის ცენტრში, ხორციელდება სარეზერვო უჯრედების პროლიფერაცია და ეპითელიუმი ემსგავსება მრავალშრიან, ბრტყელ ეპითელიუმს. აღინიშნება პირდაპირი დამოკიდებულება ესტროგენიის ხანგრძლივობასა და მეტაპლაზიის ხარისხს შორის.
დისტროფიული ცვლილებები ვლინდება, როგორც თვითონ ჯირკვლის დაავადებების დროს (ატროფია, პროსტატიტები, სიმსივნეები), ასევე იმ ზოგადი დაავადებების დროსაც, რომლებსაც თან სდევს ინტოქსიკაცია და ორგანიზმის განლევა. დისტოფიის დროს პროსტატის ჯირკვლები მატულობენ ზომაში, მათი ბირთვები დანაოჭებულია, ციტოპლაზმა ხდება მღვრიე, წვრილმარცვლოვანი (მარცვლოვანი დისტროფია), მათში ჩნდებიან უხეში ეოზინოფილური მარცვლები – ჰიალინურ-წვეთოვანი დისტროფია. ცხიმის მრავალრიცხოვანი წვეთების დაგროვებისას ციტოპლაზმა ხდება ღია და ქაფიანი – ცხიმოვანი დისტროფია. ჰიალინურ-წვეთოვან დისტროფიას მივყავართ ამილოიდური სხულაკების განვითარებამდე. ალერგიული რეაქციების, პროსტატიტების დროს, ჰიპოქსიის პირობებში, ჯირკვლის სტრომაში შესაძლოა განვითარდეს კუნთოვანი ბოჭკოების ცხიმოვანი დისტროფია, კოლაგენური ბოჭკოების და ელასტიური მემბრანების დესტრუქცია. სისხლძარღვების კედლებში ვითარდება ჰიალინოზი და პლაზმური გაჟღენთვა, მაგ. ჰიპერტენზიის დროს ამილოიდური მასების ჩალაგება (ზოგადი ამილოიდოზის დროს). იშვიათად ამილოიდური მასების ჩალაგება ხდება წინამდებარე ჯირკვლის სტრომაშიც. ჯირკვლის სისხლძარღვების დაზიანება იწვევს ატროფიას, სკლეროზს, ზოგჯერ ინფარქტის განვითარებას. მინერალური დისტროფიის დროს წინამდებარე ჯირკვალში წარმოიქმნება კენჭები.
წინამდებარე ჯირკვლის ატროფია ხასიათდება მისი მასის და ზომების შემცირებით. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ (მოხუცებულობითი, ინვოლუციური) და პათოლოგიურ ატროფიას. ფიზიოლოგიურ ატროფიას ადგილი აქვს 60 წლის ასაკის ზემოთ და განიხილება როგორც მამაკაცური კლიმაქსის გამოვლინება. პათოლოგიური ატროფია ვლინდება უფრო ახალგაზრდა ასაკში. მას საფუძვლად უდევს ანდროგენების დონის მკვეთრი შემცირება კასტრაციის, მაიონიზირებელი გამოსხივების ზემოქმედების, ესტროგენების შეყვანის, წინამდებარე ჯირკვლის სისხლმომარაგების უკმარისობის და სხ. გამო. ატროფია, აგრეთვე, შეიძლება განვითარდეს წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნით ზეწოლის დროს. ატროფიის მსუბუქი ფორმების შემთხვევაში, მისი გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციის შედეგად, პროცესმა შესაძლოა განიცადოს უკუგანვითარება. მიკროსკოპული გამოკვლევის დროს აღინიშნება პროსტატის ჯირკვლების რედუქცია და კისტოზური გაგანიერება. ეპითელიუმი მკვრივდება, ზოგჯერ მთლიანად ქრება. დიდი ზომის კისტების პერიფერიაზე ადგილი აქვს პროსტატის ჯირკვლებზე ზეწოლას. სტრომაში ვლინდება სკლეროზი, ჰიალინოზი, კუნთოვანი კონების ატროფია. არც თუ იშვიათად აღინიშნება პროსტატის ჯირკვლების გარკვეული ნაწილის ეპითელიუმის პროლიფერაცია.
წინამდებარე ჯირკვლის ჭეშმარიტი ჰიპერტროფია თითქმის არ გვხვდება. მოხუცებულობით ასაკში წინამდებარე ჯირკვლის გადიდების გამო ტერმინის ”ჰიპერტროფია” გამოყენება არამართებულია, რამეთუ იგი განპირობებულია წინამდებარე ჯირკვლის ადენომით.
წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ჰიპერემია ძირითადად გვხვდება სქესობრივი გადამეტების და გაუკუღმართების, სტრესის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის ბოროტად გამოყენების, აგრეთვე მცირე მენჯის სისხლძაღვებიდან ვენური უკუდინების დარღვევის დროს, რაც განპირობებულია ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესით, ბუასილით, უკანა ტანის ნახეთქებით, პარაპროქტიტებით. ამ დროს წინამდებარე ჯირკვალი ზომებში გადიდებულია და ცომისებური კონსისტენციისაა. მიკროსკოპული გამოკვლევით მასში ვლინდება ვენების მკვეთრი გაგანიერება, სტაზი კაპილარებში, პერივასკულარული ან დიფუზური შეშუპება. პროსტატის ჯირკვლები კისტოზურად გაგანიერებულია;  ზოგჯერ ვლინდება პროსტატის ჯირკვლების ცალკეული ჯგუფების ჰიპერპლაზია. სტრომაში ვითარდება კეროვანი სისხლჩაქცევები, მოჩანს ჰემოსიდეროფაგების გროვები, მრგვალუჯრედოვანი ინფილტრატები. ხშირად, ყოველივე ამას, თან ერთვის პროსტატიტი.
წინამდებარე ჯირკვლის ინფარქტი, ძირითადად გვხვდება მოხუცებულობით ასაკში, განსაკუთრებით ადენომის არსებობის პირობებში. ინფარქტის მიზეზს წარმოადგენს თეძოს შიგნითა არტერიის ტოტების თრომბოზი, ემბოლია, რისი მიზეზიც, თავის მხრივ, არის ათეროსკლეროზი, გულის უკმარისობა, ერითრემია, სეფსისი, კოლაფსი, აგრეთვე ვენური უკუდინების დარღვევა. ინფარქტი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი, მათი დიამეტრი ჩვეულებრივ არ აღემატება 2,5 სმ-ს. მაკროსკოპულად მას გააჩნია მოყვითალო-რუხი ფერის, ლანდკარტოს მსგავსი კერის ფორმა. ჰისტოლოგიურად, პერიფოკალური სისხლჩაქცევების, სტრომის შეშუპების, ლეიკოციტური ინფილტრაციის ან გრანულაციური ქსოვილით ჩანაცვლების ფონზე, ხასიათდება კოაგულაციური ნეკროზით. ინფარქტის ჩამოყალიბებისას ვითარდება წინამდებარე ჯირკვლის სკლეროზი, ხოლო ინფარქტის ინფიცირებისას შესაძლოა ჩამოყალიბდეს აბსცესი.
ინფარქტის გარდა, აღწერილია წინამდებარე ჯირკვლის ნეკროზის შემთხვევები ანტიკოაგულანტებით მკურნალობის, წამლისმიერი დაავადების, იმუნური და ალერგიული რეაქციების, ტოქსიკური ზემოქმედებების დროს.
წინამდებარე ჯირკვალში ხშირად გვხვდება ანთებითი პროცესები, რომლებიც ატარებენ მწვავე და ქრონიკული პროსტატიტის ხასიათს.

 
გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.