მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე
ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე” E 1987-8036.
N14. ივნისი, 2009

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

დასაწყისი იხ.  >>>

კანის სხვადასხვა უბნები ერთი და იგივე გამღიზიანებლებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. დადგენილია რომ 1 სმ2 კანის ზედაპირზე არსებობს 100–200 მტკივნეული წერტილი, 12–15 სიცივის, 1–2 სითბოს და დაახლოებით 25 წნევის წერტილი. კანის რეცეპტორების უმეტესობა თავიანთი ფუნქციით პოლივალენტურია. გარემოს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით მოფუნქციონირე მგრძნობელობითი რეცეპტორების რაოდენობა შესაძლოა ცვალებადობდეს; ვითარდება ადაპტაცია, განსაკუთრებით ტაქტილური და ტემპერატურული გამღიზიანებლების მიმართ. ტკივილით გაღიზიანებაზე ადაპტაცია ყველაზე სუსტია.
კანის პირობითი და უპირობო რეფლექსები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში. ახალშობილებში ვლინდება კანის თანდაყოლილი უპირობო რეფლექსები – წოვითი და სატაცი. განასხვავებენ კან–კანის რეფლექსებს (გაღიზიანება და საპასუხო რეაქცია ვითარდება კანზე), კუნთოვან–თმის, საყრდენ–მამოძრავებელ უპირობო რეფლექსებს – რეფლექტორული დერმოგრაფიზმი, საყრდენ–მამოძრავებელ რეაქციებს კანქვეშ ადრენალინის, ჰისტამინის და სხ. შეყვანაზე. კან–კუნთოვან რეფლექსებს მიეკუთვნებიან მუცლის, კრემასტერიუმის, ფეხისგულის რეფლექსები; აგრეთვე არსებობენ კან–გალვანური, ოფლის გამოყოფაზე საპასუხო რეფლექსები. კანის რეცეპტორებთან მიმავალი იმპულსები ინარჩუნებენ კუნთების ნორმალურ ტონუსს. კან–კუნთოვან რეფლექსებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ადამიანის შრომითი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მოქმედებების ავტომატიზმის კუთხით, რომელთა სიზუსტეც გამომუშავდება კანის და მხედველობითი შეგრძნებების დიფერენციაციის შედეგად. ის შერწყმულია კუნთებიდან და მყესებიდან მომავალ პროპრიოცეპტულ შეგრძნებებთან. კანის ტივილისმიერ გაღიზიანებას თან სდევს ჰიპოფიზის სეკრეციის ცვლილება, ადრენალინის გამოყოფის მომატება, საჭმლის გადამუშავების პროცესების დამუხრუჭება, თავის ტვინის ბიოველების ცვლილება. აგრეთვე არსებობენ კან–რესპირატორული, კან–სისხლძარღვოვანი და კან–ვისცერული რეფლექსები. კარგადაა ცნობილი რეფლექსური ქავილი, რომელიც ვითარდება არა მარტო სისხლის მწოველი მწერების დანახვაზე, არამედ უბრალობ მათ ხსენებაზეც კი, პირობით რეფლექტორული ერითემა (ე.წ. სირცხვილის, მრისხანების ერითემა), ”ბატის კანი”. ასეთივე პირობითრეფლექტორული მექანიზმი უდევს საფუძვლად სიხლჩაქცევებს, ბებეროებს და შთაგონებით ჩამოყალიბებულ ბუშტუკებსაც კი.
კანში აღმოჩენილია სტრუქტურული ცილები: კოლაგენი, რეტიკულინი, ელასტინი და კერატინი. კოლაგენი ძირითადად გვხვდება დერმაში; იგი შეადგენს წყლის და ცხიმის გარეშე კანის დაახლოებით 70%–ს. რეტიკულინს და ელასტინს კანი შეიცავს გაცილებით მცირე რაოდენობით; ისინი ქმნიან დერმის რეტიკულური და ელასტიური ბოჭკოების, საოფლე და ქონის ჯირკვლების შემაერთებელქსოვილოვანი გარსების საფუძველს და შედიან თმის ფოლიკულების მემბრანების შემადგენლობაში. კერატინი – კანის რქოვანა გარსის ძირითადი შემადგენელი ნაწილი; მის უჯრედებში სრულდება გარქოვანება (ეპიდერმისში რქოვანა ნივთიერების წარმოქმნის პროცესი), რომელიც იწყება ბაზალურ ეპიდერმოციტებში. კანი აგრეთვე შეიცავს ცილის დაშლის პროდუქტებს: შარდოვანა, შარდმჟავა, კრეატინი და კრეატინინი, ამინომჟავები, ამიაკი და სხ. კანში მათი რაოდენობა 3–ჯერ მეტია (150 მგ%–მდე), ვიდრე სისხლში; განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდებიან დაშლის პროცესების სიჭარბით გამორჩეულ კანის პათოლოგიურად შეცვლილ უბნებში. რქოვანა ნივთიერების წარმოქმნის პროცესის რეგულაცია ხორციელდება გენეტიკური მექანიზმებით, აგრეთვე ენდოკრინული და იმუნური სისტემებით. გარქოვანების პროცესის მოშლა (დისკერატოზი) აღინიშნება კანის სიმსივნეების, დარიეს დაავადების და სხ. დროს. კანის უჯრედების, ისევე როგორც ორგანიზმის სხვა უჯრედების (განსაკუთრებით მათი ბირთვების) ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ ნუკლეოპროტეიდები და ნუკლეინის მჟავები (დნმ და რნმ).
ნახშირწყლებიდან კანი შეიცავს გლუკოზას, გლიკოგენს და გლიკოზამინოგლიკანებს. ამ უკანასკნელთა დეპოლიმერიზაციის შემთხვევაში (მაგ., ჰიალურონიდაზას აქტივობის მომატების დროს) ქვეითდება მათ მიერ წარმოქმნილი გელების სიბლანტე ანუ იზრდება კანის განვლადობა მიკროორგანიზმებისთვის და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებისთვის. კანში ჰეპარინი წარმოიქმნება და გროვდება პოხიერ უჯრედებში; იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიკროცირკულაციური პროცესების რეგულაციაში.
კანში და მის ზედაპირზე წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა ლიპიდები. ნეიტრალური ცხიმები შეადგენენ კანქვეშა ქსოვილის ძირითად მასას. მათ შემადგენლობაში ჭარბობს ყველაზე ადვილად გალხობადი ტრიგლიცერიდი – ტრიოლეინი (დაახლოებით 70%), რის გამოც ადამიანის ცხიმს გააჩნია გალხობის ყველაზე დაბალი გრადუსი (15˚). კანის ზედაპირზე ლიპიდები ერევიან ერთმანეთს და ქმნიან კანის ქონს.
კანში წყლის შემცველობა მერყეობს 62–დან 71%–მდე. კანი მდიდარია ფერმენტებით, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამილაზა, ფოსფორილაზა, ალდოლაზა. კანის მინერალურ შემადგენელ ნაწილზე მოდის მისი მშრალი წონის დაახლოებით 0,7–1%, ხოლო კანქვეშა ქსოვილში – დაახლოებით 0,5%. კანი წარმოადგენს ნატრიუმის, კალიუმის და სხვა მიკროელემენტების მნიშვნელოვან დეპოს. კანის ნორმალური მდგომარეობის მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპილენძს, თუთიას, დარიშხანს, კობალტს და ზოგიერთ სხვა მიკროელემენტებს, რომლებიც შედიან ფერმენტების, ვიტამინების შემადგენლობაში ან თამაშობენ ბიოლოგიური პროცესების აქტივატორების როლს.
კანი მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებში; იგი ახორციელებს სისხლის, ლიმფის, ქსოვილოვანი ცვლის პროდუქტების, მაკრო– და მიკროელემენტების დეპონირებას; იქიდან გამომდინარე, რომ კანში დროებით ხდება ცილოვანი მეტაბოლიტების შეკავება, სუსტდება მათი ტოქსიკური ზეგავლენა სხვა ორგანოებზე. კანი ორგანიზმს ათავისუფლებს წყლის, ტოქსიკური ნივთიერებების ჭარბი რაოდენობისგან, რაც აუმჯობესებს თერმორეგულაციის პროცესებს, ზრდის ბარიერულ, ბაქტერიციდულ და სხვა ფუნქციებს. კანში ხორციელდება ორგანიზმის სხვა ორგანოებში და ქსოვილებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილე ზოგიერთი ნივთიერების ქიმიური გარდაქმნის ცალკეული ეტაპები. მასში წარმოიქმნება კანის ქონი და ოფლი.
ცილოვანი ცვლის დარღვევა იწვევს პოდაგრის, ამილოიდოზის, პორფირიის, კანის მუცინოზის (კანში მუცინის ჩალაგება) და კანის გამოხატული დარღვევებით მიმდინარე სხვა დაავადებების განვითარებას. ლიპიდური ცვლის დარღვევა წარმოადგენს ლიპიდოზების განვითარების მიზეზს. ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, რასაც თან სდევს სისხლში და კანში შაქრის დაგროვება, იწვევს ლიპოიდური ნეკრობიოზის განვითარებას, ხელს უწყობს ფურუნკულოზის, ქრონიკული პიოდერმიის და კანის სხვა დაავადებების ჩამოყალიბებას. ფერმენტების აქტივობის გადახრა აღინიშნება დერმატოზების (მაგ., ეგზემის, ნერიოდერმიტის, ფსორიაზის) დროს.
კანში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე გავლენას ახდენენ ნერვული და ჰუმორული ფაქტორები. კანის დაავადებების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიოქიმიური პროცესების რეგულაციის დარღვევებს უჯრედულ და უჯრედშიდა დონეებზე. კერძოდ, ფსორიაზის ერთ–ერთ ძირითად პათოგენეზურ მექანიზმს წარმოადგენს ადინილციკლაზა–ციკლური ადენოზინმონოფოსფატის სისტემის უჯრედული რეგულაციის დარღვევა.
A ვიტამინის უკმარისობა გარკვეულ როლს თამაშობს იხტიოზის, სებორეის, დევერჟის დაავადების, ფრჩხილების დისტროფიის და სხ. განვითარებაში. PP ვიტამინის უკმარისობა განაპირობებს პელაგრის განვითარებას კანის გამოხატული დარღვევებით, ხოლო C ვიტამინის – სურავანდის განვითარებას. ნეიროდერმიტის პათოგენეზი დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინების (განსაკუთრებით B6) უკმარისობასთან. კანის ზოგიერთი დაავადების პათოგენეზში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება წყალ–მარილოვანი ცვლის მოშლას. მჟავა–ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა გავლენას ახდენს კანის ბაქტერიციდულ ფუნქციაზე. მოზრდილებში კანის ზედაპირის pH შეადგენს 3,8–5,6; ქალებში აღნიშნული მაჩვენებელი ოდნავ მეტია, ვიდრე კაცებში. იღლიის ფოსოებში, საზარდულ–ბარძაყის ნაოჭებში ოფლს გააჩნია სუსტი ტუტე ან სუსტი მჟავა რეაქცია (pH – 6,1–7,2). ტუტიანობის მხარეს pH-ის გამოხატული გადახრა ხელს უწყობს პიოდერმიის, მიკოზების განვითარებას. ორგანიზმისთვის საერთო ბიოქიმიური პროცესების გარდა, კანში ხორციელდება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გარდაქმნები: კერატინის, მელანინის, კანის ქონის და ოფლის წარმოქმნა.
დაბადებიდან სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე კანის მორფოლოგია და ფიზიოლოგია საკმაო მნიშვნელოვნად იცვლება, რაც გარკვეულწილად განაპირობებს კანის პათოლოგიების თავისებურებებს სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში. ბავშვების კანის ცვლილებები დაკავშირებულია ზრდასთან, ქსოვილების დიფერენცირებასთან, გარემო ფაქტორების ზემოქმედებასთან. ახალშობილებში კანის წონა (კანქვეშა ქსოვილთან ერთად) შეადგენს სხეულის მასის 17,7%, მისი ზედაპირი საშუალოდ უდრის 0,25 მ2, ის მოზრდილის კანის ზედაპირზე 6–8–ჯერ მცირეა. 1–2 წლამდე ასაკის ბავშვებში სამკუთხედების და რომბების რელიეფური სურათი ნაკლებად შესამჩნევია, ხოლო ღარების სურათი ხელის და ფეხის გულებზე, ხელის თითების ბალიშებზე უკვე დაბადებიდანვე კარგად შესამჩნევია. ახალშობილებში კანი მოწითალო ფერისაა, რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს მოყვითალო შეფერილობა, რომელიც ქრება მე–2 კვირის ბოლოსთვის. დღენაკლულ ახალშობილებში სიყვითლე შენარჩუნებლია უფრო დიდხანს. მეძუძურ ბავშვებში და სიცოცხლის პირველ წლებში კანი მოვარდისფროა, გამოირჩევა ხავერდოვნებით და სირბილით.
ადრეული ბავშვობის ასაკში კანის სხვადასხვა უბნების სისქე 1,5–3–ჯერ ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში. პირველი 9 თვის განმავლობაში კანქვეშა ქსოვილის სისქე სწრაფად მატულობს, შემდეგ კი (5 წლამდე) თანდათან მცირდება. პუბერტატულ პერიოდში კანქვეშა ქსოვილის კვლავ მატულობს სისქეში.
ასაკთან ერთად თანდათან სქელდება ეპიდერმისი და დერმა; 7 წლის ასაკისთვის მათი სისქე ნაკლებად განსხვავდება მოზრდილი ადამიანის ეპიდერმისის და დერმის სისქისგან. ბავშვებში ეპიდერმისის ბაზალური შრის უჯრედების მიტოზური აქტივობა უფრო მაღალია, კანის ზედაპირიდან რქოვანას ქერცლის მოცილება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მოზრდილებში. რქოვანა შრე ფაშარია, ადვილად დაზიანებადი; დერმა მდიდარია უჯრედული ელემენტებით და შემაერთებელი ქსოვილის არადიფერენცირებული უჯრედებით, მისი კოლაგენული ბოჭკოები თხელია. მეძუძური ბავშვების კანი შეიცავს 80–82% წყალს; ასაკის მატებასთან ერთად მისი რაოდენობა თანდათან მცირდება, ძირითადად უჯრედშიდა სითხის ხარჯზე. ბავშვის კანის ზედაპირის ერთეულზე თმების, საოფლე და ქონის ჯირკვლების რაოდენობა 4–8–ჯერ მეტია, ვიდრე მოზრდილებში. სიცოცხლის პირველ ორ წელიწადში ხდება ღინღლის გამოცვლა.
ქონის ჯირკვლები ფუნქციონირებას იწყებენ მუცლადყოფნის პერიოდში, ამიტომაც ახალშობილების კანი დაფარულია საფარველით, რომელიც შედგება კანის ცხიმისგან, კერატინისგან, ქოლესტერინისგან და გლიკოგენისგან. ახალშობილების და ერთ წლამდე ასაკის ბავშვების ქონის ჯირკვლები დიდი ზომის არიან და გაძლიერებულად ფუნქციონირებენ. ქონის ჯირკვლების ზომების შემცირება და მათი ფუნქციის დაქვეითება იწყება სიცოცხლის მე–2 წლიდან, რის გამოც ქვეითდება კანის დამცველობითი ფუნქცია. ქონის ჯირკვლების აქტიურობა კვლევ მატულობს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახალშობილების საოფლე ჯირკვლები მორფოლოგიურად და ფუნქციურად განუვითარებელია. ეკრინული საოფლე ჯირკვლები ფუნქციონირებას იწყებენ დაბადებიდან მე–2–18 დღეს. მათი სეკრეციული მილები გაცილებით მოკლეა, ვიდრე მოზრდილებში. ახალშობილების კანში, იღლიის ფოსოებში, სიმფიზის მიდამოში, უკანა ხვრელის გარშემო ვლინდება აპოკრინული საოფლე ჯირკვლებიც, თუმცა უცნობია როდის იწყებენ ისინი ფუნქციონირებას. სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში აპოკრინული ჯირკვლები წარმოდგენილნი არიან სხეულზეც, რის გამოც აღნიშნულ ასაკში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ფსევდოფურუნკულოზი. ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით, კანის დამცველობითი ფუნქცია სუსტადაა განვითარებული, რაც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია კანის გატუტიანების ტენდენციასთან, მის დაქვეითებულ ბაქტერიციდულ თვისებებთან, რქოვანა შრის სითხელესთან და მის ადვილად დაზიანებადობასთან, აგრეთვე ანტისხეულების და ჰორმონების გამომუშავების ნაკლებ უნართან.
ინვოლუციის – კანის ასაკობრივი დისტროფიის პროცესები ჩვეულებრივ იწყება 40 წლის ასაკის შემდეგ კანის ღია უბნებზე, რომლებიც უფრო მეტად განიცდიან სხვადასხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედებას. კანის დისტროფიის პროცესები გამოიხატება ეპიდერმისის, ჰიპოდერმის სისქის, გრძელი თმების ფოლიკულების სიგრძის შემცირებით, წვრილი ქონის ჯირკვლების ატროფიით. აღინიშნება კოლაგენური დოჭკოების გასქელების და გაუხეშების ტენდენცია, კანის შემაერთებელი ქსოვილის და ელასტიური ბოჭკოების დისტროფია; ზოგიერთ ადგილას ხდება მათი ერთმანეთთან შერწყმა ან დაშლა. კანში მცირდება მჟავე გლიკოზამინოგლიკანების, გლიკოგენის (თმის ფოლიკულებში) რაოდენობა, ქვეითდება რნმ–ის აქტივობა, მატულობს გლიკოპროტეიდების რაოდენობა.
50 წლის შემდეგ კანის აღნიშნული ცვლილებები ძლიერდება, დისტროფიის პროცესები მჟაღვნდება კანის დახურულ უბნებზეც. კანში თანდათან მატულობს უფუნქციო კაპილარების და არტერიოლების რაოდენობა. 60 წლის ასაკისთვის აღინიშნება კანის ყველა შრის შესამჩნევი განლევა, ვლინდება ყველაზე დიდი საოფლე ჯირკვლების სეკრეტორული წილების დაქვეითება; მრავალი კოლაგენური ბოჭკო ღებულობს არგიროფილურ თვისებებს; აღინიშნება ელასტიური ბოჭკოების მნიშვნელოვანი ცვლილებები. კანის სხვადასხვა სტრუქტურებში გრძელდება გლიკოპროტეიდების დაგროვება, ხოლო გლიკოზამინოგლიკანების რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება (ელასტიური ბოჭკოების გარდა), ქვეითდება ნუკლეინის მჟავების სინთეზი.
75 წლის ზემოთ ასაკში კანის ყველა შრე მკვეთრად განლეულია, კანის მრავალ უბანზე ჰიპოდერმა მთლიანად ატროფირებულია; მნიშვნელოვან დისტროფიულ ცვლილებებს განიცდიან ქონის და საოფლე ჯირკვლები, აგრეთვე თმები, მათი რაოდენობა მკვეთრად კლებულობს; ქონის გამოყოფა შეადგენს მაქსიმალური დონის 30–50% (მოხუცებულითი კანი ანუ ჰიპოდერმა). თმების ზრდა შენელებულია, გაცვენის შემდეგ მათი ნაწილის აღდგენა არ ხდება; შესაძლებელია გამოვლინდეს გამელოტება. ქვეითდება ლიმფური კაპილარების კედლების განვლადობა, მცირდება კანის სისხლძარღვების რაოდენობა. მათი კედლები (მათ შორის ღრმა ქსელის სისხლძარღვების) განიცდიან სკლეროზირებას, სისხლძარღვებში წარმოიქმნებიან თრომბები, აღინიშნება ვენების გაგანიერება. ნერვებში აგრეთვე ვლინდება გამოხატული დისტროფიული ცვლილებები, ნერვული დაბოლოებების რაოდენობა შემცირებულია. ატროფიულ ცვლილებებს განიცდიან დერმის ბოჭკოვანი სტრუქტურებიც, უჯრედული ელემენტების რაოდენობა მკვეთრად ქვეითდება, მატულობს მარილების, განსაკუთრებით კალიუმის და კალციუმის შემცველობა, ქვეითდება ქოლესტერინის რაოდენობა. კანის ხდება ნაკლებად პიგმენტირებული, ცალკეულ უბნებზე ვითარდება ჰიპერპიგმენტაცია; შეხებით კანი მშრალი და ხორკლიანია. სამკუთხედი და რომბისებრი ველების სურათი გადასწორებულია, ხოლო ღრმა მოხუცებულობაში სხეულის ზედაპირის უმეტესობაზე საერთოდ ქრება; კანის გაუხეშებული სურათი (ნაოჭები) ძლიერდება (განსაკუთრებით ღია ადგილებში). დიდი ცვლილებები ვითარდება კანის ფუნქციების ნეიროჰუმორული რეგულაციის კუთხით: მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული ადრენალინის და აცეტილქოლინის შემცველობა, აგრეთვე ქოლინესთერაზას აქტივობა.
კანის ჰიგიენა
კანის მდგომარეობა მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის ზოგად მდგომარეობასთან, ცხოვრების პირობებთან, სან–ჰიგიენურ რეჟიმთან და სხ. არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვება, ყოფა–ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობები ხელს უწყობენ მრავალი სახის (განსაკუთრებით ინფექციური და პარაზირული) დერმატიტის განვითარებას. კანის დაავადებების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მავნე პროფესიული და საყოფაცხოვრებო ფაქტორების თავიდან აცილებას, საწარმოებში უსაფრთხოების ნორმების დაცვას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, კომუნალურ დაწესებულებებზე (აბანოები, საპარიკმახეროები) მკაცრი სან–ჰიგიენური კონტროლის დაწესებას, სანიტარულ–საგანმანათლებო ღონისძიებების გატარებას, ბავშვების და მოზრდილი მოსახლეობის პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, გარემოს გაჯანსაღებას, მოსახლეობის უზრუვნელყოფას ხელმისაწვდომი და კვალიფიციური სამედიცინო დახმარებით.
კანის კარგი მდგომარეობის შენარჩუნება ხდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებით და სრულფასოვანი კვებით. კუჭის სეკრეციის უმნიშვნელო ცვლილებებიც კი, მით უმეტეს გასტრიტები, ჰეპატიტები, პანკრეატიტები, კოლიტები და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებები იწვევენ ნაწლავებიდან საკვების ნივთიერებების შეწოვის და ორგანიზმის მიერ (მათ შორის კანის მიერ) მათი შეწოვის დარღვევებს. აღნიშნულ ნივთიერებებს შორის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ვიტამინები A, D, C, PP, B ჯგუფის, რომელთა უკმარისობაც იწვევს კანის ზოგიერთი დაავადების განვითარებას ან გამწავავებას (ფსორიაზის, ეგზემის და სხ.). საკვების რაციონიდან ძნელად გადასამუშავებელი ცხიმების, კონსერვების, შებოლილი პროდუქტების, ტკბილეულების, ღვინოს, კაკაოს, შოკოლადის, სხვადასხვა ექსტრაქციული ნივთიერებების ამოღება, არც თუ იშვიათად, ხელს უწყობს კანში მიმდინარე ცვლის პროცესების დარღვევების ნორმალიზაციას და აუმჯობესებს მრავალი სახის დერმატოზის მიმდინარეობას. ქრონიკული შეკრულობები ხელს უწობენ ჭინჭრის ციების, ფურუნკულოზის და სხ. ტორპიდულ მიმდინარეობას. ღვიძლის დაავადებებს თან სდევთ კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, კანის პიგმენტაციის მოშლა და სხ.
კანის ჰიგიენა წარმოადგენს პირადი ჰიგიენის საფუძველს. გარეგანი დაბინძურებისგან, ოფლისგან, კანის ჭარბი ქონისგან, ქერცლისგან და მიკროორგანიზმებისგან კანის გაწმენდის მიზნით აუცილებელია მისი რეგულარული დაბანვა. ნორმალური და ცხიმიანი კანის შემთხვევაში გამოიყენება ნეიტრალური ტუალეტის საპონი, მშრალი კანის შემთხვევაში – ცხიმიანი (მაგ., გლიცერინის) საპონი.
კანზე სასიკეთო გავლენა გააჩნიათ მზის სხივების ზომიერ ზემოქმედებას, ზღვაში ცურვას და წყლის სხვა პროცედურებს. ისინი ზრდიან კანის მდგრადობას გარეგანი გამაღიზიანებლების მიმართ. სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიში, სპორტი.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.

Comments are closed.

nostalgia

vaka