სისხლძარღვები

 სისხლძარღვები

 ლალი დათეშიძე

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

სისხლძარღვებისისხლძარღვები (vasa sanguifera, vasa sanguinea) წამოქმნიან დახურულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სისხლის ტრანსპორტირება გულიდან პერიფერიისაკენ, ყველა ორგანოში და ქსოვილში და უკან გულისკენ. არტერიებს სისხლი მიაქვთ გულიდან, ხოლო ვენების საშუალებით სისხლი ბრუნდება გულში. სისხლძარღვოვანი სისტემის არტერიულ და ვენურ ნაწილებს შორის განლაგებულია მათი შემაერთებელი მიკროცირკულაციური ქსელი, რომელიც მოიცავს არტერიოლებს, ვენულებს, კაპილარებს.

არტერიები – სისხლძარღვოვანი სადინრები, რომლებიც შიგნიდან ამოფენილნი არიან ენდოთელიარული უჯრედებით; ეს უკანასკნელნი მათ ქვეშ მდებარე შრესთან (სუბენდოთელიუმი) ერთად ქმნიან შიგნითა გარსს.

arteria3

არტერიის შუა ანუ კუნთოვანი გარსი შიგნითა გარსისგან გამოყოფილია შიგნითა ელასტიური მემბრანით. კუნთოვანი გარსი შექმნილია გლუვი კუნთოვანი უჯრედებისგან. შიგნითა ელასტიურ მემბრანასთან ახლოს მდებარეობენ ცირკულარული მიმართულების კუნთოვანი უჯრედები. შემდგომში ისინი მიემართებიან სულ უფრო ირიბად და საბოლოოდ მათი უმეტესობა ღებულობს სიგრძივ მიმართულებას. ყველა კუნთოვანი ელემენტის ერთობლიობას გააჩნია სპირალისებური ჭიმების სახე. ამასთან ბავშვებში სპირალების რიცხვი უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში. ასაკთან ერთად აგრეთვე მატულობს სპირალების ხვეულების დახრის ხარისხი. კუნთოვანი გარსის ასეთი აგებულება უზრუნველყოფს სისხლის სპირალისებურ მოძრაობას (ჩახვეული სისხლის მიმოქცევა), რაც ხელს უწყობს ჰემოდინამიკის ეფექტურობის გაზრდას და ეკონომიურია  ენერგეტიკული თვალსაზრისით.

არტერია და ვენაკუნთოვანი გარსზე მოთავსებულია გარეთა ელასტიური მემბრანა, რომელიც შედგება ელასტიური ბოჭკოების კონებისგან. მას არ გააჩნია ბარიერული ფუნქცია და მჭიდროდაა დაკავშირებული ადვენტიციასთან (გარეთა გარსთან), რომელიც მდიდარია არტერიების მკვებავი წვრილი სისხლძარღვებით და ნერვული დაბოლოებებით. გარეთა გარსი დაფარულია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით. მაგისტრალური არტერიები მათ თანხმლებ ვენებთან და ნერვებთან ერთად (ნერვულ–სისხლძარღვოვანი კონა) ჩვეულებრივ დაფარულია ფასციური ბუდით.
კედლის ქსოვილოვანი ელემენტების გამოხატულების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ელასტიური (აორტა), კუნთოვანი (მაგ., კიდურების არტერიები) და შერეული (საძილე არტერიები) ტიპის არტერიებს. დატოტიანების მიხედვით განარჩევენ მაგისტრალური და გაფანტული ტიპის არტერიებს. არტერიული სადინრების ტოპოგრაფია ემორჩილება განსაზღვრულ წესებს, რომელთაც გააჩნიათ კანონის სახე. უპირველეს ყოვლისა, არტერიები მიემართებიან უმოკლესი გზით ანუ გამოირჩევიან სწორხაზოვნებით. მაგისტრალური სისხლძარღვების რაოდენობა ხშირად დაკავშირებულია ჩონჩხის ღერძული ძვლების რაოდენობასთან. კიდურების სახსრების მიდამოებში მაგისტრალური არტერიებიდან გამოდიან მრავლობითი ტოტები, რომლებიც სახსრის გარშემო ქმნიან წნულს. რაც უფრო დიდია ორგანოს მოცულობა და მისი ფუნქციური დატვირთვა, მით უფრო მსხვილი სისხლძარღვი კვებავს მას. მაგ., თავის ტვინი მოიხმარს ჟანგბადის მაქსიმუმს, სწორედ ამიტომაც აღნიშნულ ორგანოსთან სისხლი უნდა მიემართებოდეს უწყვეტად და დიდი მოცულობით. მაღალი არტერიული ინდექსი დამახასიათებელია თირკმლებისთვის, რომლის გავლითაც მიემართება დიდი რაოდენობით სისხლი.

ტერმინალური არტერიები თანდათანობით გადადიან არტერიოლებში, რომელთა კედელსაც აღარ გააჩნია სამგარსიანი აგებულება. არტერიოლების ენდოთელიუმი ესაზღვრება კუნთოვანი უჯრედების ერთ შრეს, რომელიც სპირალისებურად ევლება არტერიოლას. კუნთოვანი უჯრედების გარედან მდებარეობს ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის შრე, რომელიც შედგება კოლაგენური ბოჭკოების და ადვენტიციური უჯრედების კონებისგან. კარგავს რა კუნთოვან უჯრედებს, არტერიოლა პრეკაპილარის გავლით გადადის ტიპიურ კაპილარში. პრეკაპილარი ანუ პრეკაპილარული არტერიოლა – სისხლძარღვოვანი მილი, რომელიც აერთებს კაპილარს არეტერიოლასთან. ზოგჯერ მიკროცირკულაციური სისტემის აღნიშნულ ნაწილს უწოდებენ პრეკაპილარულ სფინქტერს. არტერიოლების და პრეკაპილარები არეგულირებენ კაპილარების სისხლით ავსებას, რის გამოც მათ ეწოდებათ ”რეგიონული სისხლის მიმოქცევის ონკანები”.
კაპილარები – ყველაზე თხელკედლიანი სისხლძარღვები; ისინი წარმოადგენენ პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ძირითად ერთეულებს. გაივლის რა კაპილარს, სისხლი კარგავს ჟანგბადს და ქსოვილებიდან იღებს ნახშირორჟანგს. ვენულების საშუალებით სისხლი მიემართება ვენებისკენ, თავდაპირველად შემკრებ, ხოლო შემდეგ წამღებ და მაგისტრალურ ვენებში. მაგისტრალური ვენების გარდა გამოყოფენ წნულისებრ (მაგ., კუჭის კედელში), არკადულ (მაგ., ნაწლავის ჯორჯლის ვენები), სპირალურ (კერძოდ საშვილოსნოს ლორწოვან გარსში), ხაოსებრ (თავის ტვინის პარკუჭების სისხლძარღვოვან წნულებში), უკუნთო (დიპლოური, ჰემოროიდალური, სონუსოიდალური) და სხ. ვენებს. ვენის კედელს არ გააჩნია გამოხატული შრეობრიობა, გარსებს შორის საზღვრები სუსტადაა გამოხატული. შუა გარსი ღარიბია კუნთოვანი უჯრედებით. მხოლოდ კარის ვენას გააჩნია მასიური კუნთოვანი გარსი, ამიტომაც მას უწოდებენ ” არტერიულ ვენას”. მთლიანობაში ვენის კედელი უფრო თხელია, არ გამოირჩევა დრეკადობით და ადვილად იჭიმება. ვენებში სისხლის მიმოქცევის სიჩქარე და წნევა გაცილებით ნაკლებია ვიდრე არტერიებში.
ბევრი ვენის სანათურში წარმოდგენილია სარქვლები – შიგნითა გარსის ნაოჭები, რომლებიც ფორმით მოგვაგონებენ მერცხლის ბუდეს. ჩვეულებრივ სარქვლის აფრები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპირო მხარეს. სარქვლებით განსაკუთრებით მდიდარია ქვედა კიდურების ვენები. სისხლის ნაკადის გაყოფა სარქვლებშორის სეგმენტებად უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას გულისკენ და ხელს უშლის მის რეფლუქსს.

 
გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.