თრომბოჰემორაგიული სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თრომბოჰემორაგიული სინდრომი – დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი – ხასიათდება მიკროცირკულატორულ ქსელში თრომბოზის და სისხლჩაქცევათა ან სისხლდენის შერწყმით, რაც ვითარდება სისხლის შედედების ფაქტორთა სრული მოხმარების შედეგად. მიმდინარეობს როგორც მწვავედ, ისე ქვემწვავედ ან ქრონიკულად, შეიძლება იყოს ლოკალიზებული ან დისემინირებული, კომპენსირებული და დეკომპენსირებული. პათოგენეზური საფუძველია თრომბოპლასტური სუბსტანციების დიდი ოდენობით გამოთავისუფლება და სისხლმიმოქცევაში გადასვლა: სისხლში ამ დროს ჩნდება ქსოვილოვანი თრომბოპლასტინი. გვხვდება ვრცელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, განსაკუთრებით თრომბოპლასტინით მდიდარ ორგანოებზე (საშვილოსნო, ფილტვები, კუჭუკანა და წინამდებარე ჯირკვალი), მექანიკური ტრავმის, სიდამწვრის, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის შედეგად. სინონიმი: დსშ – სინდრომი. [“3”] თრომბოჰემორაგიული სინდრომი – (სინ.: დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც უკავშირდება სისხლმიმოქცევაში შედედების ენდოგენური ან ეგზოგენური აქტივატორების გადასვლას და თრომბოციტების აგრეგაციას; შედეგად სისხლში წარმოიქმნება ფიბრინის მრავლობითი შენადედები, რომლებიც ახდენენ სისხლძარღვების თრომბირებას, რაც იწვევს მრავლობითი თრომბოზებისა და ჰემორაგიების ერთდროულ, ან თანამიმდევრობით წარმოქმნას. ვითარდება ორგანოების მძიმე დისფუნქცია და დისტროფია, ზოგადი მეტაბოლური დარღვევები, სისხლის პლაზმაში ქვეითდება სისხლის შედედების რიგი ფაქტორების და მათი ფიზიოლოგიური ინჰიბიტორების, ასევე სხვა პროტეოლიზური სისტემების კომპონენტების შემცველობა, აღინიშნება ცილოვანი დაშლის პროდუქტებით ინტოქსიკაცია. სინდრომი განსაკუთრებით ხშირად აღინიშნება ვრცელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, განსაკუთრებით თრომბოპლასტინით მდიდარ ორგანოებზე (საშვილოსნო, ფილტვები, კუჭუკანა ჯირკვალი, წინამდებარე ჯირკვალი), ასევე მექანიკური ტრავმის, დამწვრობის, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის შედეგად.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა