მიტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიტოზი – 1 . (ბერძნ. mitos – ძაფი), კარიოკინეზი (კარიო… და ბერძნ. kinesis – მოძრაობა), უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა, უჯრედის გაყოფის რთული და სრულყოფილი პროცესი, რის შედეგადაც მემკვიდრეობითი მასალა ზუსტად თანაბრად ნაწილდება შვილეულ უჯრედებში და უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა უჯრედის გენეტიკურ იდენტურობას. მიტოზით ხდება გენეტიკური მასალის გაორმაგება, ქრომოსომების გასწვრივი გაორება და მათი ყოველი წყვილიდან თითო ცალის თითოეულ შვილეულ უჯრედში გადაცემა, რაც უზრუნველყოფს ყველა უჯრედში ქრომოსომების ორმაგი რაოდენობის, ე. წ. დიპლოიდურობის (2n) შენარჩუნებას. მიტოზი აღმოაჩინეს XIX ს. 70 – იან წლებში. მისი არსი გამოარკვიეს და დაწვრილებით შეისწავლეს ე. სტრასბურგერმა (მცენარეულ უჯრედში) და ვ. ფლემინგმა (ცხოველურ უჯრედში). სახელწოდება ”მიტოზი ” ეკუთვნის ვ. ფლემინგს, ”კარიოკინეზი” – ვ. შლაიხერს. მიტოზის დეტალების სრულად შესწავლა მხოლოდ ჩვენს დროში გახდა შესაძლებელი. მიტოზისთვის მზადება იწყება წინა გაყოფისთანავე, როცა ახალი უჯრედი ინტერმიტოზულ მდგომარეობაშია (ინტერფაზა). ამიტომაც ინტერფაზა და თვით მიტოზი შეადგენს ერთიან პროცესს – ე. წ. მიტოზურ ციკლს. ინტერფაზის დასაწყისში, პოსტმიტოზურ სტადიაში (g1), უჯრედი უმთავრესად მხოლოდ იზრდება (თუმცა მომდევნო მიტოზისთვის მზადება აქაც აღინიშნება ცენტრიოლების გაორებით). შემდგომ სინთეზურ სტადიაში (S), ბირთვში ორმაგდება დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) მოლეკულა და ხდება ცილების სინთეზი. ბოლოს, პრემიტოზულ სტადიაში (G2), გროვდება მიტოზისთვის საჭირო ენერგია და ხდება სპეციფ. ცილების სინთეზი მიტოზური აპარატისათვის (იხ. ქვემოთ). საკუთრივ მიტოზს შეადგენს 4 ფაზა: პროფაზაში თითოეული ქრომოსომა სპირალურად იხვევა, მოკლდება, მსხვილდება და მკაფიოდ შესამჩნევი ხდება; ირღვევა და ქრება ბირთვის გარსი (კარიოლემა); ციტოპლაზმაში წარმოიქმნება ე. წ. მიტოზური აპარატი: ცენტრიოლები განეწყობა უჯრედის მოპირდაპირე პოლუსებთან, მათ შორის წარმოიქმნება სპეც. კუმშვადი ძაფები რ – ებიც ე. წ. მიტოზურ თითისტარს ქმნიან. მეტაფაზაში ქრომოსომები განლაგდება უჯრედის ეკვატორულ სიბრტყეში და თითოეულ მათგანს ემაგრება მიტოზური თითისტარის ძაფი; ყოველ ქრომოსომას უკვე ემჩნევა ორმაგობა (2 ქრომატიდისაგან შედგენილობა). ანაფაზაში ყოველი ქრომოსომის ნახევარი (ქრომატიდი) სცილდება მეორეს და დამოუკიდებელ ქრომოსომად იქცევა; ისინი შორდებიან უჯრედის ეკვატორულ სიბრტყეს და მიემართებიან მოპირისპირე პოლუსებისაკენ, რის გამოც უჯრედის თითოეულ ნახევარში აღმოჩნდება ზუსტად იდენტური მემკვიდრეობითი ნივთიერება, წარმოდგენილი ქრომოსომების დიპლოიდური კომპლექტით (2n). ანაფაზის ბოლოს ქრომოსომები დესპირალიზაციას იწყებს, გრძელდება, წვრილდება და ნაკლებად შესამჩნევი ხდება. ტელოფაზაში საბოლოოდ დესპირალიზებული ქრომოსომები უჯრედის ორსავე ნახევარში წარმოქმის თითო გორგალს, რომელთაც უჩნდებათ გარსი და თითოეული მათგანი იქცევა ბირთვად; ქრება მიტოზური აპარატი; უჯრედის ეკვატორთან ჩნდება შევიწროება (ცხოველურ უჯრედში) ან ტიხარი (მცენარეულ უჯრედში), რაც უჯრედის მთელი სხეულის გაყოფას (ციტოტომიას) განაპირობებს. მიტოზის დროს 2 ახალ უჯრედში ორგანოიდები მეტ – ნაკლებად თანაბრად ნაწილდება. სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად უჯრედში მიტოზის დროს მნიშვნელოვანი ფიზ. – ქიმ. და ბიოქიმ. ცვლილებები აღინიშნება. სხვადასხვა ორგანიზმის უჯრედებში მიტოზის ხანგრძლივობა სხვადასხვაა (საშ. 30 – 60 წთ – ცხოველურ და 2 – 3 სთ მცენარეულ უჯრედში). განსხვავებულია მიტოზის ცალკეული ფაზების ხანგრძლივობაც (ხანგრძლივია პროფაზა და ტელოფაზა, ხანმოკლე – მეტაფაზა და ანაფაზა). ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში მიტოზს ერთდროულად სხვადასხვა რაოდენობის უჯრედები განიცდის. მიტოზური უჯრედების ფარდობით რაოდენობას (უჯრედების საერთო რაოდენობის მიმართ) მიტოზურ აქტიურობას უწოდებენ. მიტოზურ აქტივობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა პირობა, მათ შორის დღე – ღამური რიტმი, რაც მიტოზური აქტიურობის რიტმული ცვლილებით ვლინდება: მაგ., მიტოზური აქტიურობის მაქსიმუმი დღისით აქტ. ცხოველებს ღამე აღენიშნებათ, ღამით აქტიურებს – დილით. მიტოზის ნორმალური მიმდინარეობა განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით და რეგულირდება ნერვულ – ჰუმორული მექანიზმებით. მიტოზის რეგულაციის მოშლას მოჰყვება უჯრედების უწესრიგო გამრავლება. მიტოზის პათოლ. ცვლილებები ვლინდება ქრომოსომების დეფექტებით, მიტოზური აპარატის დაზიანებით ან ციტოტომიის დარღვევით, რაც სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. მიტოზის ტიპურ ფორმასთან ერთად არსებობს მისი სპეც. სახეცვლილებები, როგორიცაა მეიოზი, ენდომიტოზი და სხვ. [“1”] 2. მიტოზი – ცოცხალი უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა, რთული პროცესი, რომლის შედეგადაც მისი გენეტიკური მასალა თანაბრად ნაწილდება ორ შვილეულ უჯრედებს შორის. ამ დროს უზრუნველყოფილია დედა და შვილეული უჯრედების გენეტიკური იდენტურობა (იგივეა, რაც კაროკინეზი)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა