მკერდუკანა ჯირკვალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მკერდუკანა ჯირკვალი – თიმუსი, ლიმფოეპითელიუმური ხასიათის, წილაკოვანი შენების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, მდებარეობს წინა შუასაყარში, მკერდის ტარის უკან და შედგება მარჯვ. და მარცხ. ასიმეტრიული წილებისაგან. მკერდუკანა ჯირკვალის ზემო ნაპირი მდებარეობს საუღლე ნაჭდევის დონეზე; გარედან ჯირკვალი დაფარულია კაფსულით, რომლის მორჩები ჯირკვალს წილაკებად ყოფს. მკერდუკანა ჯირკვალი შედგება 2 შრისაგან – მუქი ქერქისა და შედარებით ბაცი ტვინოვანი ნივთიერებისაგან. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ქერქი უკუგანვითარებას განიცდის, ტვინოვან ნივთიერებაში კი ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული. მკერდუკანა ჯირკვალის ფუნქცია ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გარკვეული; ის არეგულირებს ზრდის პროცესს, კირის რაოდენობას ძვლებში, მონაწილეობს ორგანიზმის დამცველი რეაქციებისა და იმუნიტეტის გამომუშავებაში, კერძოდ, მასში გამომუშავდება T – ლიმფოციტები, რომლებიც უჯრედულ იმუნიტეტს განაგებენ, ხოლო მკერდუკანა ჯირკვალის გავლენით სხვა ლიმფოიდურ ორგანოებში ვითარდება ჰუმორალური იმუნიტეტისათვის აუცილებელი B – ლიმფოციტები. მკერდუკანა ჯირკვალს სისხლით ამარაგებს გულმკერდის შიგნითა არტერიისა და ფარისებრი ქვემო არტერიის ტოტები. მისი ინერვაცია ხდება სიმპათიკური წველების, ცთომილი ნერვებისა და შუასაძგიდის ნერვების ტოტებით. მკერდუკანა ჯირკვალი ინტენსიურად ვითარდება ჩანასახოვან პერიოდში და სიცოცხლის პირველი 4 წლის მანძილზე, შემდეგ მისი განვითარება ფერხდება, ხოლო 12 წლის ასაკიდან იწყება მისი ინვოლუცია, თუმცა პარენქიმული ელემენტები სრულ ატროფიას არ განიცდიან და ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილით გარემოცული მისი ნაწილი ღრმა სიბერემდე რჩება. ვ. აბაშიძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა