მუტაციები – 1. (mutationes ლათ.mutatio – გადასხვაფერება, ცვლილება) უჯრედების მემკვიდრეობითი მასალის ცვლილება. არჩევენ მუტაციების რამდენიმე სახეს: კარიოტიპის ცვლილებას, ქრომოსომულ აბერაციებსა და გენურ მუტაციებს. კარიოტიპის ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს ბირთვში ქრომოსომების რიცხვის ტიპური დიპლოიდურიდან გადახრასთან (ჰაპლოიდურობა, პოლიპლოიდურობა, ანეუპლოიდურობა). ქრომოსომულ აბერაციებს თან სდევს ქრომოსომების შეუქცევადი სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც სინათლის მიკროსკოპში ჩანს. ამ სახის მუტაციები იყოფა ე.წ.უკმარობად (ანუ დელეციებად), დუპლიკაციებად, ინვერსიებად, ტრანსლოკაციებად და ქრომოსომების გაგლეჯად, რომელთა შესახებ დაწვრილებით იხ. შესაბამისი ტერმინების ახსნა. იხ.აგრეთვე აბერაციები ქრომოსომული. გენური ანუ წერტილოვანი მუტაციები ქრომოსომების გარკვეული წერტილების სუბმიკროსკოპული ცვლილებებია, რომელთაც თან სდევს მათში ლოკალიზებული გენების ფაქიზი ცვლილებები. როგორც ჩანს, გენური მუტაციები დაკავშირებულია დნმ – ის მოლეკულაში აზოტური ფუძეების მონაცვლეობის რიგის დარღვევასთან. სომატური უჯრედული მუტაციები წარმოიქმნება როგორც ბუნებრივ, ისე ექსპერიმენტულ პირობებში, განსაკუთრებით ხშირად კი რადიაციისა და სხვა მუტაგენური ფაქტორების გავლენით. ისინი უჯრედების მემკვიდრეობითი ცვლილებების წყაროა და დნმ – სა და ქრომოსომების რეპროდუქციის საფუძველზე შემდგომი მიტოზების დროს უჯრედიდან უჯრედს გადაეცემა. ტერმინი შემოიღო დე ფრიზმა (1901). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. გენეტიკური ინფორმაციის უეცარი ცვლილება, გამოწვეული ქიმიური ნივთიერებით (ფარმაკოლოგიური პრეპარატებით), რადიოაქტიული ფაქტორებით და სხვ.
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
.