ნაწლავთა ინვაგინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაწლავთა ინვაგინაცია – (ქირურგ.) ნაწლავთა გაუვალობის ისეთი ფორმა, როდესაც ნაწლავის ერთი მარყუჟი ინერგება მეორეში. უხშირესად აღინიშნება წვრილი ნაწლავის შეჭრა მსხვილ ნაწლავში, იშვიათად – წვრილის მსხვილში და მსხვილის წვრილში. ინვაგინაციის მიზეზებს წარმოადგენენ: ნაწლავის ორგანული ნაწილის ინერვაციის დარღვევა, რაც იწვევს მისი პერისტალტიკის მოშლილობას; ნაწლავთა ხანგრძლივი სპაზმი ორგანულ უბნებზე; ნაწლავის კედლის ანთებითი ცვლილებები; ნაწლავშიდა სიმსივნეები ან უცხო სხეულები. სიმპტომები, მკურნალობა. დაავადება ჩვეულებრივ იწყება მწვავედ და მიმდინარეობს მძაფრად, რასაც თან სდევს ძლიერი, შეტევითი ტკივილები მუცლის არეში. ტკივილების შეტევები იცვლება ხანმოკლე შუალედებით, რომლის დროსაც ავადმყოფი ტკივილებს არ უჩივის. შეტევის დროს, ზოგჯერ აღინიშნება ღებინება. ამავე დროს მუცლის პალპაციისას, ვლინდება მუცლის წინა კედლის ზომიერი დაჭიმულობა საკმაოდ მნიშვნელოვან ფართობზე. ნათელი პერიოდის დროს მუცლის პალპაციისას შესაძლებელია მოისინჯოს ძეხვის ფორმის წარმონაქმნი (ინვაგინატი). თითით რექტალური გამოკვლევისას აღინიშნება სისხლის და ლორწოს უმნიშვნელო რაოდენობა. ვლინდება აირების და განავლის შეკავება (ისევე როგორც ნაწლავთა გაუვალობის სხვა ფორმების დროს). მკურნალობა. სასწრაფო ოპერაცია. 2.   (ლათ. In შიგნით + vagina გარსი) ნაწლავის გაუვალობის სახე, რომელიც წარმოიქმნება ნაწლავის ერთი სიგმენტის ან ნაწილის ჩაჭედვით ნაწლავის მეორე ნაწილში ან სეგმენტში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა