ნეიროდერმიტი

ნეიროდერმიტი

ნეიროდერმიტი – ქრონიკული დერმატოზია, რომელიც ხასიათდება ქავილით, პაპულოზური გამონაყარითა და კანის ლიქენიზაციით დაზიანების კერებში. ნეიროდერმიტი კანის გავრცელებული დაავადებაა და საშუალოდ შეადგენს დერმატოზების საერთო რაოდენობის 4%-ს. განარჩევენ დერმატოზების ორ ფორმას – შემოსაზღვრული და დიფუზური. შემოსაზღვრული ნეიროდერმიტით ავადდებიან თითქმის მხოლოდ მოზრდილები, მაშინ როდესაც დიფუზური ნეიროდერმიტი გვხვდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა უხშირესად ბავშვებში.

ნეიროდერმიტი – ეტიოპათოგენეზი. მიზანშეწონილია განვიხილოთ ნეიროგენულ-ალერგიული ნეიროდერმიტი, რადგანაც თავად ორგანიზმის ალერგიზაციის პროცესი მიმდინარეობს ნერვული სისტემის მონაწილეობით.

ხშირად გვხვდება ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევების თანაარსებობა ენდოკრინოლოგიურ პრობლემებთან ერთად ნეიროდერმიტის პათოგენეზში. ინტოქსიკაციური ფაქტორები იწვევენ პროცესის გამწვავებას. გენეტიკური ფაქტორები უტყუარად განაპირობებენ დიფუზური ნეიროდერმიტის განვითარებასა და მიმდინარეობას. არც თუ იშვიათად, ნეიროდერმიტი გვხვდება სხვა ალერგიულ დაავადებებთან ერთად (ბრონქული ასთმა, ვაზომოტორული რინიტი, ჭინჭრის ციება).

ნეიროდერმიტი – კლინიკა. შემოსაზღვრული ნეიროდერმიტი (ნეისერის მქავანა ლიქენური დერმატიტი, დარიეს შემოსაზღვრული მარტივი ქრონიკული პრურიგო).

ლოკალიზაცია – კეფა, კისრის უკანა მხარე, იდაყვისა და მუხლქვეშა ფოსოები, წინამხრები, ბარძაყებისა და წვივების შიგნითა ზედაპირები, უკანა გასავლის მიდამო.

დაზიანების კერებში მიღებულია განვარჩიოთ სამი ზონა:

  1. პერიფერიული  – პიგმენტირებული;
  2. შუალედური – პაპულური;
  3. შიგნითა – ინფილტრაციის ზონა ლიქენიზაციით.

ახალი კერების შემთხვევაში პერიფერიული ზონა არ არსებობს. ზოგჯერ დაავადების კლინიკური სურათიდან გამომდინარე, ინფილტრაციისა და ლიქენიზაციის ზონა შესაძლოა იყოს ერთი. შემოსაზღვრული ნეიროდერმიტის დროს ვხვდებით ერთ-ორ, იშვიათად დაზიანების რამოდენიმე კერას. დაავადებას ახასიათებს მშრალი სახის გამონაყარი, სისველე (ვეზიკულების გარეშე) ვითარდება ერთეულ შემთხვევებში ძლიერი ფხანის შედეგად და მცირე ხნით არსებობს.

შემოსაზღვრული ნეიროდერმიტის ატიპიურ სახესხვაობებს მიეკუთვნება შემდეგი ფორმები:

  1. ერმანის ჰიპერტროფიული ნეიროდერმიტი – იშვიათი ფორმაა, რომელიც ხასიათდება დაზიანებების განლაგებით უპირატესად საზარდულისა და დუნდულების ნაოჭებში, ასევე თეძოებზე კანის მკვეთრად გამოხატული ინფილტრაციითა და ლიქენიზაციით, არც თუ იშვიათად თმიანი წარმონაქმნის მსგავსი ცვლილებებით (კრეიბიხის ნეიროდერმიტი) და ქავილით, რომელიც განსაკუთრებით ძლიერადაა გამოხატული და ატარებს შეტევით ხასიათს;
  2. ვოლფას მახვილწვეტიანი ფოლიკულური ნეიროდერმიტი, რომლის დროსაც პაპულებს აქვთ წვეტიანი ფორმა და განლაგდებიან თმის ფოლიკულების ძირებში;
  3. ხაზოვანი ნეიროდერმიტი, უხშირესად ლოკალიზდება კიდურების გამშლელ ზედაპირებზე დაზიანების კერების ზოლებად განლაგებით, ზოგჯერ აქვს თმიანი  (ტუტონის ვეზიკულური ხაზოვანი ნეიროდერმიტი) ან აქერცვლადი ხასიათი (ვინიოლო-ლუტანის ფსორიაზული ნეიროდერმიტი;
  4. დეპიგმენტირებული ნეიროდერმიტი – ფორმა, რომელსაც თან ახლავს კანის გამოხატული დეპიგმენტაცია დაზიანების კერებში;
  5. კრეიბიხის ნეიროდერმიტი, რომელიც ხასიათდება თმების გროვებით გაცვენით დაზიანების კერებში.

დიფუზური ნეიროდერმიტი (დიფუზური ალერგია ლიქენიზაციით, მარტივი ქრონიკული პრურიგო, კონსტიტუციონალური ნეიროდერმიტი, ბენიე-ბროკის სინდრომი) აღინიშნება შედარებით გავრცელებული პროცესების დროს, ვიდრე შემოსაზღვრული ნეიროდერმიტებისას.

ლოკალიზაცია – სახე (უხშირესად პირის გარშემო და თვალების მიდამოში), კისერი, მკერდი, კიდურები (განსაკუთრებით ნადრეკებში). ხშირად შემოსაზღვრული მოყავისფრი-მოწითალო ინფილტრირებული ელემენტებისა და კანის ლიქნიზაციის გარდა, რომელიც მოიცავს ზედაპირის დიდ უბანს, აღინიშნება ერთეული, წვრილი, სადა, მბრწყინავი კვანძები, განლაგებული უხშირესად ერითემის ფონზე ლიქენური კერების პერიფერიაზე მრავლობითი ექსკორიაციებით. დიფუზური ნეიროდერმიტით დაავადებული პაციენტების კანი გამოირჩევა სიმშრალით, რასაც განაპირობებს საოფლე კირჯვლების დაზიანება.

ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში ნეიროდერმიტი მიმდინარეობს ვეზიკულაციითა და სისველით, ხასიათდება შეუკავებელი ქავილით. გამონაყარის ალაგების შემდეგ რჩება კანის დროებითი პიგმენტაცია. ავადმყოფების უმეტესობას აღენიშნება თეთრი დერმოგრაფიზმი. ზაფხულის პერიოდში პროცესის ინტენსივობა იკლებს. შემოდგომა ზამთრის სეზონზე კი ახასიათებს ტორპიდული მიმდინარეობა ხშირი გამწვავებებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988