ნეფროპტოზი

ნეფროპტოზი

ნეფროპტოზი, ნეფროპტოზი – ეტიოლოგია, ნეფროპტოზი – კლინიკური სურათი და მიმდინარეობა, ნეფროპტოზი – დიაგნოსტირება, ნეფროპტოზი – მკურნალობა >>>

 1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ნეფროპტოზი – თირკმლების ქვემოთ დაწევა მათი მოძრაობის გაზრდის გამო. დაავადება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს იმ იოგოვანი აპარატის და ფასციების არასრულფასოვან განვითარებასთან, რომლებიც მონაწილეობენ თირკმლების ფიქსაციაში. ამავდროულად, შესაძლებელია მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დაწევაც (ვისცეროფტოზი) მუცლის პრესის კუნთების სუსტად განვითარების გამო. ნეფროფტოზი ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ზოგჯერ იგი იწვევს უმნიშვნელო მტკივნეულ შეგრძნებას მუცლის ღრუს მიდამოში, განსაკუთრებით ნევრასთენიით დაავადებულ პირებში. თუმცა ზოგიერთ ავადმყოფში ნეფროფტოზი იწვევს შარდის გამოყოფის დარღვევას, განსაკუთრებით ვერტიკალურ მდგომარეობაში სწრაფი გადასვლის დროს. ასეთ შემთხვევებში ამასთან ერთად ვითარდება მწვავე ტკივილი წელის მიდამოში, გულისრევით, ღებინებით, შარდის გამოყოფის შემცირებით. სხეულის მდგომარეობის შეცვლამ შეიძლება უკუგანავითაროს ეს სიმპტომები. იშვიათ შემთხვევებში თირკმლის დაწევას მივყავართ თირკმლისმიერი ჰიპერტონიის განვითარებამდე, ამ ორგანოს სისხლმომარაგების დარღვევის გამო. ამასთან ერთად, შარდში შეიძლება იყოს ცილები, ერითროციტები, ზოგჯერ ამას ემატება საშარდე გზების მეორადი ინფექცია. 2.  მოძრავი, ცდომილი თირკმელი, დარღვეული ჰემო – და უროდინამიკით; წარმოადგენს თირკმლის საფიქსაციო აპარატის სისუსტის შედეგს.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ნეფროპტოზი (თირკმლის დაწევა,  თირკმლის მდებარეობის შეცვლა, თირკმლის ცთომა) პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც თირკმელი სცილდება მის ფიზიოლოგიურ საზღვრებს

ნეფროპტოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

ნეფროპტოზის მიზეზი ბევრი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს, მათ შორისაა თირკმლის საფიქსაციო აპარატის დაჭიმვა და დასუსტება, სხეულის წონის კვეთრი დაკლება, როდესაც ხდება თირკმლის ირგვლივი ცხიმოვანი ქსოვილის  განლევა. ნეფროპტოზის რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ნამშობიარები ქალები. ნეფროპტოზი შეიძლება განვითარდეს ტრავმის დროს, განსაკუთრებით კი სიმაღლიდან ვარდნისას, თუ მოხდა თირკმლის საფიქსაციო აპარატის დაზიანება.

განასხვავებენ ნეფროპტოზის სამ ხარისხს, რომელსაც შედარებითი მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც  კლინიკური გამოვლინება ყოველთვის არ შეესაბამება თირკმლის ცთომის ხარისხს.  ნეფროპტოზის სხვადასხვა სტადიისათვის საერთო დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს თირკმლის. ასევე მისი სისხლძარღვებისა და შარდსაწვეთის მდებარეობის ცვლილება. თირკმლის ცთომისას ხდება მისი როტაცია  გასწვრივი ღერძის გარშემო, რაც  განაპირობებს სისხლძარღვების  დაჭიმვასა და შემოხვევას, მათი დიამეტრის შემცირებას. ანგიოგრამაზე, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩატარებისას დგინდება, რომ თირკმლის არტერია 1.5-2 ჯერ გრძელდება, მისი დიამეტრი კი 40-50%-ით მცირდება. ამავდროულად მცირდება თირკმლის არტერიის აორტიდან გამოსვლის კუთხე. ანალოგიური ცვლილებები აღინიშება თირკმლის ვენის მხრივაც. სისხლის   მიდინების შემცირება თირკმელში და ვენური სტაზი ავადმყოფის ვერტიკალურ მდგომარეობაში განაპირობებს თირკმლის ქსოვილის ჰიპოქსიას, მისი ფუნქციის დარღვევასა და ჰიპერტენზიული ნივთიერებების ჰიპერპროდუქციას. სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების სიგრძისა და დიამეტრის მუდმივი ცვლილებები იწვევს რა სისხლისა და ლიმფური დინების დარღვევას, ქმნის ხელსაყრელ პირობებს თირკმლის პარენქიმაში ინფექციის შეჭრისათვის, თირკმლის პარენქიმაში სკლეროზული პროცესების წარმოქმნისა და უროსტაზის განვითარებისათვის. კლინიკური გამოკვლევები ამტკიცებენ, რომ რაც მეტია თირკმლის დაწევის ხარისხი, მით უფრო მკვეთრადაა გამოხატული ჰემო– და უროდინამიკის დარღვევები,  რაც ძირითად ფაქტორს წარმოადგენს პიელონეფრიტისა და თირკმლისმიერი ჰიპერტონიის  განვითარებისათვის.

ნეფროპტოზის დროს მოშლილია თირკმლის საფიქსაციო აპარატი,  ცხიმოვანი და ბოჭკოვანი კაფსულის ტრავმატიზაცია ასეპტიური ანთებითი პროცესის განვითარებასა და თირკმელსა და მიმდებარე ქსოვილების შეზრდას იწვევს, ამას კი თან ახლავს შარდსაწვეთის გადაგრეხა და შარდის პასაჟის დარღვევა.

ნეფროპტოზი – კლინიკური სურათი და მიმდინარეობა

ნეფროპტოზის კლინიკური პირველი გამოვლინებაა წელის მიდამოში დაწეული თირკმლის მხარეს  უსიამოვნო შეგრძნება: უხშირესად, მარჯვნივ – 75%-ში, 10%-ში – მარცხნივ და 15%-ში – ორივე მხარეს. ყველაზე ხშირი სიმტომია გაბული, ყრუ ტკივილი, იშვიათად კი კოლიკის სახის. დაავადების დასაწყისში ტკივილები ნაკლებადაა გამოხატული, აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვისას, სიმძიმეების აწევისას, ინტენსიური ხველის დროს ან სამუშაო დღის დასასრულს, ნელდება ზურგზე ან  მტკივან მხარეს  წოლისას, უმეტეს შემთხვევაში მალევე ქრება, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მატულობს ინტენსივობა, ხდება მუდმივი. ტკივილის ლოკალიზაცია ერთობ განსხვავებულია, შეიძლება აღინიშნებოდეს თირკმლის მიდამოში, მუცელში,  ბეჭებქვეშ, ეს ხდება იმის გამო, რომ მოძრავი თირკმელი ახდენს ზეწოლას სხვა ორგანოებზე. ტკივილი ზოგჯერ გადაეცემა

საზარდულის მიდამოში, სასქესო ორგანოების არეში. ზოგჯერ შეტევას თან ახლავს ღებინება და გულისრევა. პაციენტი ფერმკრთალია, ასხამს ცივი ოფლი, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

ტკივილი ნეფროპტოზის ერთადერთი სიმპტომი არაა. პაციენტთა დიდ ნაწილში ვლინდება მადის დაკარგვა, ღებინება, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, შეკრულობა ან პირიქით ფაღარათი. შემდგომში შესაძლებელია ნერვული  სისტემის ფუნქციური დარღვევები, მომატებული გაღიზიანებადობის, ნევრასთენიის სახით. ასეთ ავადმყოფებში ხშირია თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, უძილობა. ნეფროპტოზს შეიძლება დაერთოს გართულებები. შარდის პასაჟის დარღვევის გამო ვითარდება თირკმლის მენჯ-ფიალოვანი სისტემაში შარდის შეგუბება, შედეგად თირკმლის მენჯი ფართოვდება, რაც დროთა განმავლობაში განაპირობებს ჰიდრონეფროზულ ტრანსფორმაციას. შარდის შეგუბება ასევე იწვევს პიელონეფრიტს – თირკმლის მენჯ-ფიალოვანი სისტემის ანთებას. ეს არის ნეფროპტოზის ყველაზე ადრეული გართულება.

თირკმლის არტერიის დაჭიმვის გამო ირღვევა რა თირკმლის სისხლმომარგება, იწყება ჰიპერტენზიული ნივთიერებების გამომუშავება თირკმლის მიერ, რაც იწვევს არტერიული წნევის მატებასა და ჰიპერტენზიულ კრიზის განვითარებასაც კი. თირკმლისმიერი ჰიპერტონიისას განსაკუთრებით დიასტოლური ციფრების მატება აღინიშნება, შესაძლებელია წნევის ციფრების მატება 280/160 მმ ვწყ.სვ-მდე.

იშვიათად ნეფროპტოზი რთულდება შარდკენჭოვანი დაავადებით და ჰემატურიით.

ნეფროპტოზი – დიაგნოსტირება

ნეფროპტოზის დიაგნოზის დასმა ხდება ჩივილების, ავადმყოფის დათვალიერების, თირკმლის პალპაციის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე. ყრუ, პერიოდულად შეტევისებრი ტკივილი რომელიმე თირკმლის მიდამოში, რომელიც ძლიერდება დატვირთვისას, ჰემატურიის არსებობა, სხეულის ტემპერატურის მატება მიუთითებს ნეფროპტოზის გართულებაზე.

პალპატორულად შესაძლებელია განისაზღვროს განისაზღვროს თირკმლის დაწევის ხარისხი, კონსისტენცია და მტკივნეულობა.

ნეფროპტოზის დიაგნოზის დასმაში გვეხმარება არტერიული წნევის მაჩვენებლები. ნეფროპტოზის დროს არტერიული წნევა განსხვავდება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში 15-30 მმ ვწყ სვ – ით, იმატებს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

შარდის ანალიზში შესაძლოა აღინიშნებოდეს მცირე რაოდენობით ცილები, ლეიკოციტები და ერითროციტებიც კი. შედარებით ინფორმატიულია თირკმლის გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები –  საშარდე სისტემის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, ექსკრეტორული უროგრაფია – რენტგენოლოგიური გამოკვლევა კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით. ანგიოგრაფია საშუალებას იძლევა შეფასდეს თირკმლის არტერია, ვენოგრაფია  კი – ვენური უკუდინება. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ორგანოს გამოკვლევა (რენტგენოგრაფია, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია) მუცლის ღრუს ორგანოების დაწევის გამოსარიცხად.

ნეფროპტოზი – მკურნალობა

ნეფროპტოზის ადრეულ სტადიებზე, როდესაც ჯერ კიდევ არაა განვითარებული გართულებები, მკურნალობა კონსერვატიულია, რაც მოიცავს სპეციალური ბანდაჟის ტარებას, მუცლის პრესის გასამაგრებელი სამკურნალო ვარჯიშების შესრულებას. თუ ნეფროპტოზი ვითარდება გახდომის შედეგად, აუცილებელია წონის აღდგენა სწორი კვების შედეგად.

ნეფროპტოზის გვიან სტადიებზე, როდესაც თირკმელი მცირე მენჯის ღრუში მდებარეობს და არ ბრუნდება წელის არეში დამოუკიდებლად, მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას, რასაც ეწოდება ნეფროპექსია, ხდება თირკმლის ფიზიოლოგიურ ადგილას დაბრუნება და დამაგრება, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ორი კვირის განამვლობაში საჭიროა წოლითი რეჟიმის დაცვა. ნეფროპექსია უკუნაჩვენებია ასიმპტომური ნეფროპტოზის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები