რეფლუქსი

რეფლუქსი (ლათ. refluo — უკუმდინარება) – ღრუ ორგანოების შიგთავსის, ნორმასთან შედარებით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა.

რეფლუქსი შეიძლება იყოს, ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესი ან გახდეს დაავადების განვითარების მიზეზი. პათოლოგიური რეფლუქსის განვითარების მიზეზი, არის ღრუ ორგანოების გამყოფი სფინქტერების დისფუნქცია. რეფლუქსის მიზეზით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ, ღრუ ორგანოების შიგთავსს რეფლუქსატი ან რეფლუქტატი ეწოდება.

რეფლუქსის დასახელებაში მოიხსენიება ორი ორგანო (განყოფილება). პირველი – საიდანაც მოდის შიგთავსი და მეორე სად ხვდება რეფლუქსატი. მაგალითად: გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი, დუოდენოგასტრალური, ვეზიკოურეთრალური რეფლუქსი და ა.შ. ზოგჯერ დასახელებაში გვხვდება სამი ან მეტი ორგანო (განყოფილება), რეფლუქსის მიმართულების შესაბამისად: მაგალითად, დუოდენოგასტროეზოფაგეალური. გამონაკლისია –  ფარინგოლარინგეალური რეფლუქსი.

ზოგიერთი „რეფლუქსი“ აღინიშნება, არა როგორც ერთი ორგანოდან (განყოფილება) მეორეში, შიგთავსის გადასროლის აქტი,  არამედ როგორც დაავადება (პათოლოგიური მდგომარეობა), რომლის მიზეზი არის მოცემული რეფლუქსი – ფიზიოლოგიური აქტი. ასეთია მაგალითად, ვეზიკოურეთრალური და ფარინგოლარინგეალური რეფლუქსები.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.