რკინადეფიციტური ანემია – 1. ავადმყოფური მდგომარეობა, განპირობებული ჰემოგლობინის სინთეზის დარღვევით ორგანიზმში რკინის დეფიციტის გამო. მიზეზები: ორგანიზმში რკინის არასაკმარისი შესვლა საკვებთან, მისი არასაკმარისი ათვისება, ორგანიზმის გაძლიერებული მოთხოვნილება რკინაზე.
კლინიკური სურათი – ნებისმიერი ანემიისათვის დამახასიათებელი ნიშნები – თავბრუსხვევა, გულისწასვლა, ხმაური ყურებში, ქოშინი, გაძლიერებული გულისცემა, ასევე რკინის დეფიციტის ქსოვილოვანი გამოვლინებები: კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, თმების დაცვენა, ნახეთქები და წყლულები პირის კუთხეებში, გემოვნების გაუკუღმართება – ცარცის ჭამისადმი ლტოლვა.
პერიფერიულ სისხლში ვლინდება ჰემოგლობინისა და ფერადობის მაჩვენებლის დაქვეითება, ერითროციტების ფორმისა და ზომების ცვლილება; სისხლის შრატში ქვეითდება რკინის შემცველობა.
მკურნალობა მიმართულია ანემიის მიზეზების აღსაკვეთად; ჰემოგლობინის დონის აღსადგენად იყენებენ რკინის პრეპარატებს.
2. ანემია, რომელიც განპირობებულია რკინის დეფიციტით ორგანიზმში.
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი