სისხლის მიმოქცევის წრეები

სისხლის მიმოქცევის წრეები – ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემის ნაწილი, ე. ი. იმ სისხლძარღვების ერთობლიობა, რ – ებიც შეადგენენ სისხლის გზას გულის ერთი ნაწილიდან მეორემდე და გაივლიან მთელ სხეულს ან მის რომელიმე ნაწილს. ცხოველთა უმრავლესობას ერთადერთი დიდი სისხლის მიმოქცევის წრე აქვს: სისხლი გამოდის გულის ერთი ბოლოდან აორტით, არტერიებით ნაწილდება სხეულში და ვენებით უბრუნდება გულს (ადამიანისა და ხმელეთის ხერხემლიანების სისხლის მიმოქცევის წრეები იწყება მარცხ. პარკუჭიდან და ბოლოვდება მარჯვ. წინაგულში).

ფილტვებით მსუნთქავ ხერხემლიან ცხოველებსა და ადამიანს (აგრეთვე ორგვარადმსუნთქავ თევზებს, რომლებიც დროდადრო საცურავ ბუშტს ფილტვებად იყენებენ) აქვთ აგრეთვე მეორე  –  მცირე სისხლის მიმოქცევის წრე. მას შეადგენს გულის მარჯვ. პარკუჭიდან (ამფიბიებში  –  ერთიანი პარკუჭის მარჯვ. ნახევრიდან) გამომავალი ფილტვის არტერია, რომელსაც ფილტვებში ნახშირორჟანგით მდიდარი (ვენური) სისხლი მიაქვს, და ფილტვის ვენა რომელსაც ჟანგბადით გამდიდრებული (არტერიული) სისხლი მიაქვს მარცხ. წინაგულში. ერთმანეთისაგან სრულად გამიჯნული დიდი და მცირე სისხლის მიმოქცევის წრეები აქვთ მხოლოდ ფრინველებს, ძუძუმწოვრებსა და ადამიანს. ლ. ნათაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი