ფლებოტომური ცხელება

ფლებოტომური ცხელება, ფლებოტომური ცხელება – ეტიოლოგია, ფლებოტომური ცხელება – კლინიკური სურათი, ფლებოტომური ცხელება – დიაგნოსტიკა და მკურნალობა >>>

 1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

 ფლებოტომური ცხელება – (flebotomus febris; სინ.: მოსკიტური ცხელება, პაპატაჩის ცხელება, ზაფხულის ცხელება, სამდღიანი ცხელება, ჯარისკაცის დაავადება)  ვირუსული დაავადება, რომელიც გადაეცემა Phlebotomus გვარის მოსკიტების კბენით; ხასიათდება კეთილთვისებიანი მიმდინარეობით, ხანმოკლე ცხელებით, თავის და თვალის კაკლების, კანჭის ტყუპი კუნთების, წელის მიდამოს ძლიერი ტკივილით, სკლერის ინექციით, კონიუნქტივის ჰიპერემიითა და სხვ. ინფექციის  წყაროა დაავადებული ადამიანი ინკუბაციის ბოლო 1 – 2 დღისა და დაავადების პირველი ორი დღის მანძილზე. ადამიანის დასნებოვნება ვირუსით ხდება კანის გავლით ინფიცირებული მოსკიტის კბენის შემდეგ. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 4 – 5 დღეა; დაავადება იწყება უეცრად, შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით 39 – 400 . ავადმყოფებს აწუხებთ თავის ძლიერი ტკივილი, განსაკუთრებით შუბლისა და საფეთქლის მიდამოში, დამტვრეულობა, კუნთების ტკივილი, ტკივილი თვალის კაკლების მოძრაობის დროს, რომელიც ძლიერდება ქუთუთოების აწევისას; შესაძლოა აღინიშნებოდეს მუცელში ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კონიუნქტივის ჰიპერემია, სკლერის სისხლძარღვთა ინიექცია, რომელიც უფრო ინტენსიურია თვალის გარეთა კუთხეებში (პიკის სიმპტომი); ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ფერის ნადებით; ტუჩებზე აღინიშნება ჰერპესული გამონაყარი. მოსკიტის ნაკბენის ადგილზე ხშირად ჩნდება პაპულები დიამეტრით 2 – 3 მმ, რომლებიც 4 – 5 დღის შემდეგ ქრებიან. აღინიშნება თვბრუსხვევა, უძილობა, გონების დაკარგვა, ზოგჯერ აგზნება და კრუჩხვები. ცხელების პერიოდი გრძელდება 2 – 4 დღე. რეკონვალესცენციის პერიოდი გრძელდება 10 დღემდე.

 2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ფლებოტომური ცხელება (სინონიმი: მოსკიტური ცხელება, პაპატაჩის ცხელება, სამდღიანი ცხელება) – ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ხანმოკლე ცხელებით, კონიუნქტივიტით, ძლიერი თავის, თვალებისა და კუნთების ტკივილით. ფლებოტომური ცხელება ფართოდაა გავრცელებული სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში. გვხვდება სპორადული შემთხვევები შუა აზიის ქვეყნებსა და კავკასიაში.

ფლებოტომური ცხელება – ეტიოლოგია

ფლებოტომური ცხელების გამომწვევია არბოვირუსები. ინფექციის გამომწვევის წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი ინკუბაციური პერიოდის ბოლო ორი დღისა და დაავადების პირველი ორი დღის განმავლობაში. ინფექციის გამომწვევის რეზერვუარი და გადამტანია Phlebotomus-ის გვარის  მდედრი კოღო, რომელიც კბენისას ნერწყვის მეშვეობით გადასცემს ვირუსს.

ფლებოტომური ცხელება მკვეთრი სეზონურობით გამოირჩევა, რაც დაკავშირებულია მოსკიტების აქტიურობასთან და გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ხშირია ავადობა  ენდემურ რაიონებში ჩასულ პირებში, ადგილობრივებიდან კი ბავშვებში. ფლებოტომური ცხელების გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი ვითარდება დაახლოებით 80%-ში.

ფლებოტომური ცხელება – კლინიკური სურათი

ფლებოტომური ცხელების ინკუბაციური პერიოდია 3-9 დღემდე. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით და სხეულის ტემპერატურის მომატებით 39-400‑მდე. აღინიშნება მკვეთრი თავის ტკივილი, ტკივილი ნერვული ღეროების გასწვრივ, კუნთებსა და სახსრებში, განსაკუთრებით ქვემო კიდურებში, წელისა და ზურგის მიდამოში. შესაძლებელია ღებინება, გულისრევა. ფლებოტომური ცხელების დროს ავადმყოფი გამოირჩევა დამახასიათებელი გარეგნობით: ჰიპერემიული, შეშუპებული სახე და კისერი, მბრწყინავი თვალები, ინიცირებული სკლერის სისხლძარღვები, განსაკუთრებით გარეთა კუთხეში სამკუთხედის მსგავსად (პიკის სიმპტომი). არცთუ იშვიათია ჰერპესული გამონაყარი ტუჩებსა და ცხვირის ფრთებზე. ჰიპერემიულია ენა და სასა, ნაქი და სასის რკალები შეშუპებული, ვითარდება ენანთემა. კანზე ზოგჯერ აღინიშნება  წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები და როზეოლური ტიპის გამონაყარი. ტემპერატურა რჩება მაღალი 2-3 დღის განმავლობაში. დაავადების დაწყებისას აღინიშნება ტაქიკარდია, რასაც ენაცვლება გამოხატული ბრადიკარდია. ხშირია ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიური დაზიანება, რაც ვლინდება ბოდვით, აღგზნებით, ძილის დარღვევებით, მენინგიზმის ნიშნებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ჰემორაგიული მოვლენები. ტემპერატურის დაქვეითების შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაში აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი, შრომისუნარიანობის დაკარგვა.

ფლებოტომური ცხელება – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ფლებოტომური ცხელების დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათს, ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებს.

ფლებოტომური ცხელების დროს აუცილებელია ავადმყოფის იზოლირება. ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი, დიეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ინიშნება აცეტილსალიცილის მჟავა ან ანალგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.

პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა მოიცავს მოსკიტების განადგურებას ფლებოტომური ცხელების კერებში. აუცილებელია ასეთ ადგილებში დამცავი ბადეებისა და რეპელენტების გამოყენება.  სპეციფიური პროფილაქტიკა ტარდება ვირუსის შტამისაგან დამზადებული ვაქცინით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები