წითელი ქარი

წითელი ქარი
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

წითელი ქარი – მწვავე სტრეპტოკოკური დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის დაზიანებით, მკვეთრად შემოფარგლული ანთებითი კერის წარმოქმნით, ასევე ცხელებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით, ხშირი რეციდივებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

წითელი ქარის გამომწვევია ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება სხვა სტრეპტოკოკური დაავადებების გამომწვევებისაგან. (მაგალითად, ანგინის). ორგანიზმში აღწევს კანის მცირე დაზიანებებიდან. შესაძლებელია ეგზოგენური დაზიანება (დაბინძურებული ინსტრუმენტები, შესახვევი მასალა). ერთი და იმავე ადგილზე წითელი ქარის რეციდივების განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ალერგიულ განწყობასა და კანის სენსიბილიზაციას ჰემოლიზური სტრეპტოკოკისადმი.

სიმპტომები, მიმდინარეობა

წითელი ქარის ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან 5 დღემდეა (ხშირად 3-4 დღე). ადგილობრივი დაზიანების მიხედვით განასხვავებენ ერითემატოზულ, ერითემატოზულ-ბულოზურ, ერითემატოზულ-ჰემორაგიულ და ბულოზურ ფორმებს, სიმძიმის მიხედვით – მსუბუქ, საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმებს, ასევე პირველად, მორეციდივე და განმეორებადს; ადგილობრივი გამოვლინებების ლოკალიზაციის მიხედვით – ლოკალურს, გავრცელებულსა და მეტასტაზურს.
პირველადი წითელი ქარი იწყება, როგორც წესი, მწვავედ, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-40 გრადუსამდე. ვლინდება საერთო სისუსტე, შემცივნება, თავის ტკივილი, მიალგია, მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია კრუნჩხვები, ბოდვები, ტვინის გარსების გაღიზიანების ნიშნები.
დაავადების დაწყებიდან 10-24 საათის შემდეგ წარმოიქმნება ადგილობრივი სიმპტომები: ტკივილი, წვა და დაჭიმულობის შეგრძნება კანის დაზიანებულ უბანზე, დათვალიერებით ჩანს კანის ჰიპერემია და შეშუპება. ერითემა ხშირად თანაზომიერია, კანის დონიდან აწეულია. შეშუპებები განსაკუთრებით გამოხატულია ანთების ლოკალიზაციისას ქუთუთოების, ტუჩების, თითების, სასქესო ორგანოების მიდამოში.
ზოგჯერ ერითემის ფონზე წარმოიქმნება ბუშტუკები, რომლებიც ავსებულია სეროზული ან ჰემორაგიული შემცველობით. განასხვავებენ აგრეთვე ლიმფანგიტსა და რეგიონალური ლიმფური კვანძის ანთებას. ანთების ადგილზე შემდეგში ვლინდება კანის აქერცვლა. ადგილობრივ მოვლენებს ადგილი აქვს 5-15 დღის განმავლობაში; შესაძლებელია ხანგრძლივად შენარჩუნდეს კანის პასტოზურობა და პიგმენტაცია.

რეციდივი

რეციდივი შესაძლებელია წარმოიქმნას გადატანილი დაავადების შემდეგ რამდენიმე დღიდან 2 წლამდე პერიოდში. წითელი ქარის შედარებით გვიანი გამოვლინების დროს (2 წელზე ზევით) ლაპარაკობენ განმეორებით წითელ ქარზე. იგი ლოკალიზებულია უპირატესად კანის ახალ უბანზე. რეციდივს ხელს უწყობს პირველადი წითელი ქარის არასაკმარისი მკურნალობა, ნარჩენი მოვლენები (ლიმფოსტაზი და სხვ.). ხშირი რეციდივების დროს ცხელება და ინტოქსიკაციის სიმპტომები მკვეთრად არ არის გამოხატული.

გართულებები და შედეგები

გართულებები შესაძლებელია იყოს ისეთივე, როგორიც სხვა სტრეპტოკოკური დაავადებების დროს (რევმატიზმი, ნეფრიტი, მიოკარდიტი და სხვ.). მაგრამ ასევე შესაძლებელია სპეციფიკურებიც: კანის წყლულები და ნეკროზები (განგრენოზული წითელი ქარი), აბსცესები და ფლეგმონები (აბსცენდირებული წითელი ქარი), ლიმფის მიმოქცევის მოშლა, რაც იწვევს სპილოვნებას. კლინიკური დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია დიფერენცირება სხვა დაავადებებისაგან რომელთა დროს შესაძლებელია წარმოიქმნას კანის სიწითლე და შეშუპება (ვენების თრომბოზი, ერიზიპილოიდი, ფლეგმონები და აბსცესები, მწვავე დერმატიტები და სხვ.). სისხლის გამოკვლევისას აღინიშნება უმნიშვნელო ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, ედსის მომატება. წითელი ქარის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არ ყალიბდება.

მკურნალობა

განსაკუთრებით ეფექტურია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები. ხშირი რეციდივების დროს ანტიბიოტიკებთან ერთად ინიშნება კორტიკოსტეროიდები პროგნოზი კეთისაიმედოა. ხშირად მორეციდივე წითელი ქარის დროს შესაძლებელია განვითარდეს სპილოვნება, რაც არღვევს შრომისუნარიანობას.

პროფილაქტიკა

ფეხების ტრავმებისა და განაკაწრების თავიდან აცილება, სტრეპტოკოკური დაავადებების მკურნალობა. ხშირი რეციდივების დროს ტარდება წლიური ბიცილინოპროფილაქტიკა. სპეციფიკური პროფილაქტიკა არ არსებობს.

ინფექციური დაავადებები

წითელი ქარილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

⭕️ წითელი ქარი – მწვავე სტრეპტოკოკური დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის დაზიანებით, მკვეთრად შემოფარგლული ანთებითი კერის წარმოქმნით, ასევე ცხელებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით, ხშირი რეციდივებით
🧬 წითელი ქარის გამომწვევია ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელიც ორგანიზმში აღწევს კანის მცირე დაზიანებებიდან
🔎 პირველადი წითელი ქარი იწყება, როგორც წესი, მწვავედ, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით
🌡 სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-40 გრადუსამდე
😰 ვლინდება საერთო სისუსტე, შემცივნება, თავის ტკივილი, მიალგია
🧠 მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია კრუნჩხვები, ბოდვები, ტვინის გარსების გაღიზიანების ნიშნები
💬 დაინტერესდით?
👉 შეიტყვეთ მეტი წითელი ქარის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3MRywZS
#წითელიქარი #წითელიქარისსიმპტომები #წითელიქარისნიშნები #წითელიქარისგამომწვევიმიზეზები #წითელიქარისმკურნალობა #ცელულიტი #ბეტაჰემოლიზურისტრეპტოკოკი #კანისანთება #წითელიქარისპროფილაქტიკა #წითელიქარისრეციდივი #წითელიქარისგართულებები #კანისინფექცია #ინფექციურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.