ჰიდროთორაქსი

ჰიდროთორაქსი – პლევრის ღრუში სითხის დაგროვება, რომელიც განპირობებულია გულის უკმარისობით ან თირკმლის პათოლოგიებით. კლინიკურად ადგილი აქვს გულის უკმარისობის გამოხატულ სიმპტომებს (იხ) შეგუბებით სისხლის მიმოქცევას მცირ ან დიდ წრეში, ნეფროზული სინდრომის გამოვლინებას (იხ). პერკუტორულად ადგილი აქვს სითხის დაგროვების ადგილზე ხმიანობის მოყრუებას. სითხის დაგროვება ჩვეულებრივ ორმხრივია, თუმცა მისი დონე მარჯვნივ მცირედით მაღალია. აუსკულტაციით სუნთქვა აღნიშნულ უბანში შესუსტებულია ან საერთოდ არ ტარდება. პლევრის ღრუს პუნქციის შედეგად ვღებულობთ მოყვითალო ფერის სითხეს, სადაც ცილის შემცველობა 3% – ზე ნაკლებია. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ფილტვების ქვედა წილების დაჩრდილვა, ამასთან ერთად მისი ლოკალიზაცია იცვლება მდებარეობის შეცვლის პარალელურად.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი