nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


სისხლძარღვები. პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

სისხლძარღვები - პათოლოგიები, კვლევის მეთოდებისისხლძარღვების განვითარების მანკები; ანევრიზმები,  სიმსივნეები >>>>

ათეროსკლეროზიპათოლოგიები. განვითარების მანკები (ანგიოდისპლაზიები) ვითარება ემბრიონის სისხლძარღვოვანი სისტემის ფორმირების ადრეულ ფაზებში – მუცლადყოფნის პერიოდის 4–დან 6 კვირამდე. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით სისხლძარღვების განვითარების მანკების სიხშირე მერყეობს 1 შემთხვევიდან ყოველ 50 000 1 შემთხვევამდე ყოველ 500 000 ადამიანზე.
კაპილარული დისპლაზიები – წითელი ფერის სისხლძარღვოვანი ლაქები, რომლებიც არ სცილდებიან კანის ზედაპირს და არ აღენიშნებათ ზრდისადმი ტენდენცია. ანგიომებისგან განსხვავდებიან აგებულებით და ბავშვის ასაკთან ერთად ზომებში მომატებით. კაპილარული დისპლაზიების მკურნალობა წარმოადგენს დიდ სიძნელეს კრიოგენული, ქიმიური, რადიაციული, ქირურგიული, ლაზერული ზემოქმედების მიმართ კაპილარების მდგრადობის გამო.
ზედაპირული ვენების განვითარების მანკების კლინიკურ მიმდინარეობაში ყველაზე მნიშვნელოვან სიმპტომს წარმოადგენს მათი ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოზული კვანძის მაღლა კანი შეიძლება განლეული იყოს, მას გააჩნია მოლურჯო ელფერი. ზოგიერთ შემთხვევაში კიდური კარგავს ბუნებრივ მოხაზულობებს. ვარიკოზული ვენების მიდამოში ზოგჯერ პალპირდება ფლებოლიტები. აღნიშნული ვენური დისპლაზიებისთვის დამახასიათებელია ”ღრუბლის” სიმპტომი – კიდურის მოცულობის შემცირება მასზე ზეწოლის შედეგად, მანკიერად განვითარებული სისხლძარღვების მდებარეობის ადგილას, რაც განპირობებულია განაგიერებული ვენებიდან სისხლის უკუდინებით. პათოლოგიური პროცესის პროგრესირება იწვევს კონტრაქტურების განვითარებას, რაც დაკავშირებულია კუნთოვანი ქსოვილის, ზოგჯერ კი ძვლების დაზიანებასთან. ამასთან არ აღინიშნება ვენების და ვენური კვანძების პულსაცია. დიაგნოზის დადგენა ხდება ანგიოგრაფიული გამოკვლევის მონაცემებით, რომლის მეშვეობითაც ხდება გაფართოებული კლაკნილი ვენების და ”ტბების”, ”ლაკუნების” სახით რენტგენოკონტრასტული ნივთიერების დაგროვების გამოვლენა. ზედაპირული ვენების განვითარების მანკების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია, ის მოიცავს მანკიერად განვითარებული სისხლძარღვების და დაზიანებული ქსოვილების მაქსიმალურად ამოკვეთას. დროული მკურნალობის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
შიგნითა და გარეთა საუღლე ვენების ფლებექტაზია (ზოგჯერ ორმხრივი) გამოიხატება ფიზიკური დატვირთვის დროს მკერდ–ლავიწ–დვრილისებრი კუნთის წინ და მის უკან გამობერილობების არსებობით. დატვირთვის შეწყვეტის შემდეგ გამობერილობები ქრებიან. გარეთა საუღლე ვენების ფლებექტაზიების შემთხვევაში ხდება პათოლოგიურად შეცვლილი უბნების ამოკვეთა. შიგნითა საუღლე ვენების ფლებექტაზიების შემთხვევაში ხდება ვენის გაგანიერებული ნაწილის ”შეფუთვა” კაპრონის ბადით ან პოლიურეტანული სპირალით.
ქვემო კიდურების ღრმა ვენების განვითარების მანკების კლინიკურ სურათში ჭარბობს სიმპტომების ტრიადა – ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება მათი პულსაციის გარეშე, კიდურის დაგრძელება და გასქელება, მის კანზე სისხლძარღვოვანი ან პიგმენტური ლაქების არსებობა. ზოგჯერ აღინიშნება შეშუპება, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერჰიდროზი, ჰიპერტრიქოზი, ჰიპერკერატოზი, აგრეთვე ტროფიკული წყლულები. დიაგნოსტიკაში წამყვანი ადგილი უკავია ანგიოგრაფიას, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ღრმა ვენების არარსებობა, ფართო და ლატერალურად განლაგებული ემბრიონალური ვენების არსებობა, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ვენური სისხლის უკუდინება დაზიანებული კიდურიდან. არტერიული სისხლძარღვები, როგორც წესი, უცვლელია.
ქვემო კიდურების ღრმა ვენების განვითარების მანკების მკურნალობა ქირურგიულია და მიმართულია მათში სისხლის მიმოქცევის აღდგენისკენ. აღნიშნული ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილია 3–4 წლის ასაკამდე. გვიან დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში ხდება მხოლოდ ვენური უკმარისობის ჩამოყალიბების პროცესის შეჩერება. ვენების ჰიპოპლაზიის და გარედან მათზე ზეწოლის შემთხვევებში კეთდება ფლებოლიზი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება. მკვეთრად გამოხატული ჰიპოპლაზიის ან აპლაზიის შემთხვევაში მიკროქირურგიული ტექნიკის მეშვეობით ხდება დაზიანებული უბნის ამოკვეთა და მეორე მხრიდან აღებული დიდი კანქვეშა ვენის ტრანსპლანტატით ჩანაცვლება. აგრეთვე შესაძლებელია მოხდეს ზედაპირული ვენის გადანაცვლება ღრმა ვენის შენარჩუნებულ ფრაგმენტში, სარქვლიანი აუტოვენის ფრაგმენტის გადანერგვა. ყველა ზემოთაღნიშნული ქირურგიული ჩარევა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას, პროცესის ლიკვიდაციას ან სტაბილიზაციას. დროული მკურნალობის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
თანდაყოლილი არტერიულ–ვენური დისპლაზიები გამოხატულია ადგილობრივი და ზოგადი სიმპტომებით. ადგილობრივად აღინიშნება კიდურის მოცულობაში ზრდა, მისი დაგრძელება, ტემპერატურის მომატება, არტერიულ პულსაციასთან სინქრონული ვენური პულსაცია, სისტოლურ–დიასტოლური შუილის არსებობა არტერიულ–ვენური კომუნიკაციების პროექციაზე. ხშირად ვითარდება ტროფიკული წყლულები და სისხლდენები. კანზე შესაძლოა აღინიშნებოდეს ჩვეულებრივ ღია ვარდისფერი სისხლძარღვოვანი ლაქები. ზოგადი სიმპტომები დაკავშირებულია თავდაპირველად გულის მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა ნახევრის გადაძაბვასთან – ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა. დიაგნოზი ეფუძნება ანგიოგრაფიული გამოკვლევის შედეგებს: კარგად კონტრასტირებული გაფართოებულ არტერიებთან ერთად ვლინდება ვენების ადრეული კონტრასტირება (კაპილარული ფაზის გარეშე), ვენური სისხლძარღვების გაგანიერება, ზოგჯერ დროში მკვეთრად შემოკლებული კაპილარული ფაზა სისხლის მიმოქცევის ვენური ფაზის ნაადრევი გაჩენით. რეოგრაფიით მრუდი ხასიათდება პულსური ტალღის მკვეთრი აწევით და არტერიული სისხლის მიმოქცევის სიჩქარის გაზრდით, პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებით. მკურნალობისას ხორციელდება ლოკალური არტერიულ–ვენური ფისტულების ამოკვეთა. გამოიყენება მაემბოლიზირებელი ნივთიერებებით (ჰიდროგელი, ჟელეფი) ან სპირალურად არტერიულ–ვენური კომუნიკაციების ენდოვასკულარული ოკლუზია. პროგნოზის დამოკიდებულია ვენურ დინებაში გადასროლილი არტერიული სისხლის მოცულობაზე და გულ–სისხლძარღვთა სისტემის კომპენსატორულ შესაძლებლობებზე.

სისხლძარღვების დაზიანება, არც თუ იშვიათად, ერწყმის ძვლების მოტეხილობებს, ნერვების ტრავმებს, რაც ამძიმებს კლინიკურ სურათს და პროგნოზს. სისხლძარღვების ტრავმების საშიში გამოვლინებები (სისხლდენები, ტრავმული შოკი, ემბოლია, განგრენა და სხ.) განაპირობებენ ისეთი გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას, როგორებიცაა სისხლდენის შეჩერება, შოკის, ადგილობრივი იშემიური ცვლილებების, ჭრილობითი ინფექციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

დაავადებები. აორტის და არტერიების ყველაზე საშიშ დავადებათა რიცხვს მიეკუთვნებიან ანევრიზმები. აღნიშნული საშიშროება მოიცავს ანევრიზმის შესაძლო გასკდომას და მასიური სისხლდენის განვითარებას.

ანევრიზმა

ანევრიზმის ჩამოყალიბებას იწვევს თანდაყოლილი (აორტის კოარქტაცია, მარფანის სინდრომი) და შეძენილი (ათეროსკლეროზი, სიფილისი, რევმატიზმი) დაავადებები, აგრეთვე ტრავმები. ანევრიზმის კლინიკური სურათი დამოკიდებულია მის ლოკალიზაციაზე და ზომაზე. მუცლის აორტის ან პერიფერიული არტერიების ანევრიზმის მიდამოში ისინჯება მოპულსირე სიმსივნური წარმონაქმნი და ვლინდება სპეციფიკური თრთოლვა. აუსკულტაციით ანევრიზმის მიდამოში მოისმინება სისტოლური შუილი.
ხშირად გვხვდება არტერიების ოკლუზიური დაზიანებები, რაც იწვევს სანათურის შევიწროებას ან მის სრულ დახშობას. ოკლუზიური დაავადების წამყვანი მიზეზია ათეროსკლეროზი და არასპეციფიკური აორტოარტერიიტი.

აორტის რკალის ტოტების ოკლუზიური დაზიანების შემთხვევაში ვითარდება თავის ტვინის და ზემო კიდურების იშემია. ავადმყოფები უჩივიან თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ხმაურს ყურებში, მახსოვრობის დაქეითებას, სიარულის დროს შექანებას, გაორებას თვალებში. შესაძლებელია განვითარდეს აზროვნების შენელება, აფაზია, კონვერგენციის სისუსტე, ნისტაგმი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მონო– და ჰემიპარეზები. მკურნალობა ქირურგიულია. მუცლის ღრუს ორგანოების მკვებავი არტერიების დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ქრონიკული აბდომინალური იშემიის სინდრომი, რაც გამოიხატება საკვების მიღების შემდეგ განვითარებული ტკივილებით მუცლის არეში, ნაწლავის ფუნქციის დარღვევით, წონაში დაკლებით. მკურნალობა ქირურგიულია.
თირკმლის არტერიების სტენოზის დროს ირღვევა თირკმლების სისხლმომარაგება, რაც იწვევს ვაზორენალური ჰიპერტენზიის განვითარებას. მკურნალობა ქირურგიულია.
პერიფერიული არტერიების დაავადებებში წამყვენი ადგილი უკავია ქვემო კიდურების მაგისტრალური არტერიების მაობლიტირებელ ათეროსკლეროზს. ვენური სისტემის ყველაზე ხშირი დაავადებებია ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომლის ერთ–ერთ გართულებას წარმოადგენს თრომბოფლებიტი.
სისხლძარღვების ხშირ დაზიანებებს მიეკუთვნებიან თრომბოზი და ემბოლია. თრომბოზი უხშირესად ვითარდება ვენებში. თრომბის მოწყვეტილი ფრაგმენტები (თრომბოემბოლები) წარმოადგენენ ემბოლიის წყაროს. ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია.
თრომბოზის ან ზეწოლის შედეგად ღრუ ვენებში სისხლის დინების დარღვევისას ვითარდება ზემო ან ქვემო ღრუ ვენის სინდრომი. ზემო ღრუ ვენის სინდრომი აღინიშნება გულმკერდის სიმსივნეებით, აორტის აღმავალი ნაწილის ანევრიზმით დაავადებულებში, იშვიათად ღრუ ვენის თრომბოზის დროს. დაავადება გამოხატულია შეშუპებებით, სახის, სხეულის ზედა ნაწილის და ზემო კიდურების ციანოზით. ქვემო ღრუ ვენის თრომბოზი უხშირესად გვხვდება ღრუ ვენის აღმავალი თრომბოზის და სიმსივნით მასზე ზეწოლის დროს. გამოიხატება სხეულის ქვედა ნახევრის და ქვემო კიდურების შეშუპებით და ციანოზით.
სისხლძარღვების კედლების ანთება ვლინდება სხვადასხვა დაავადებების დროს.

სიმსივნეები. განასხვავებენ კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს. კეთილთვისებიანი სიმსივნეები (ანგიომები) შეიძლება განვითარდნენ სისხლძარღვებისგან (ჰემანგიომები) და ლიმფური სადინრებისგან (ლიმფანგიომები). ჰემანგიომები შეადგენენ ყველა კეთილთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 25% და რბილი ქსოვილების ყველა სიმსივნის დაახლოებით 45%.

ჰემანგიომა

მიკროსკოპიული აგებულებით განასხვავებენ კეთილთვისებიან ჰემანგიოენდოთელიომას, კალიპარულ (იუვენილურ), კავერნოზულ და რაცემიულ ჰემანგიომებს, ჰემანგიომატოზს. კეთილთვისებიანი ჰემანგიოენდოთელიომა იშვიათი დაავადებაა და ძირითადად გვხვდება ადრეული ბავშვობის ასაკში. უპირატესად ლოკალიზდება კანში და კანქვეშა ქსოვილში. კაპილარული (იუვენილური) ჰემანგიომა ასევე ხშირად გვხვდება ბავშვებში. ის ძირითადად მდებარეობს კანში, იშვიათად პირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვან გარსში და ღვიძლში. არც თუ იშვიათად გააჩნია ინფილტრაციული ზრდა. კავერნული ჰემანგიომა შედგება სხვადასხვა ზომის და ფორმის, ერთმანეთთან დაკავშირებული სისხლძარღვოვანი ღრუებისგან. ძირითადად ლოკალიზდება ღვიძლში, იშვიათად ღრუბლოვან ძვლებში, კუნთებში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტში. რაცემიული ჰემანგიომა (ვენური, არტერიული, არტერიულ–ვენური) წარმოადგენს მანკიერად განვითარებული სისხლძარღვების კონგლომერატს. გვხვდება თავის და კისრის მიდამოებში. ჰემანგიომატოზი – სისხლძარღვოვანი სისტემის გავრცელებული დისპლაზიური დაზიანება, რომლის დროსაც პროცესში ჩართულია მაგ., მთელი კიდური ან მისი პერიფერიული ნაწილი.
უხშირესად ჰემაგიომების განვითარების წყაროს წარმოადგენენ ჭარბი სისხლძარღვოვანი ჩანასახები, რომლებიც პროლიფერაციას იწყებენ ემბრიონალურ პერიოდში ან დაბადებიდან მოკლე დროში. არსებობს აზრი, რომ კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვან სიმსივნეებს უკავიათ შუალედური მდგომარეობა განვითარების მანკებსა და ბლასტომებს შორის.
ლოკალიზაციიდან გამომდინარე გამოყოფენ მფარავი ქსოვილების (კანი, კანქვეშა ქსოვილი, ლორწოვანი გარსები), საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის (კუნთები და ძვლები) და პარენქიმული ორგანოების (ღვიძლი) ჰემანგიომებს. ყველაზე გავრცელებულია მფარავი ქსოვილების, განსაკუთრებით სახის კანის, ჰემანგიომები. ჩვეულებრივ ეს არის ვარდისფერი ან მეწამული–ლურჯი ფერის უმტკივნეულო ლაქა, რომელიც ოდნავ სცილდება კანის ზედაპირს. თითის დაჭერისას ჰემანგიომა მკვრივდება, ფერმკრთალდება, ხოლო თითის მოცილების შემდეგ კვლავ ივსება სისხლით. ჰემანგიომის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს სწრაფად პროგრესირებადი ზრდა: ბავშვის დაბადების დროს აღმოჩენილი წერტილოვანმა სიმსივნემ რამდენიმე თვეში შესაძლოა მიაღწიოს დიდ ზომებს, რაც იწვევს კოსმეტიკურ დეფექტებს და ფუნქციურ დარღვევებს. ზოგჯერ აღინიშნება გართულებები სიმსივნის დაწყლულების და ინფიცირების, მისგან სისხლდენის, ფლებიტების და თრომბოზების განვითარების სახით. ენის ჰემანგიომამ შესაძლოა მიაღწიოს დიდ ზომებს, რაც აძნელებს ყლაპვას და სუნთქვას.
კანქვეშა ქსოვილის და კუნთების ჰემანგიომები ხშირად ვლინდება კიდურებზე (უპირატესად ქვემო კიდურებზე). სიმსივნის თავზე კანის საფარველი შესაძლებელია უცვლელი იყოს. მსხვილ არტერიულ სადინართან ჰემანგიომის დაკავშირების შემთხვევაში აღინიშნება მისი პულსაცია, სიმსივნის თავზე მოისმინება შუილი. შესაძლოა აღინიშნებოდეს ტკივილი, რაც განპირობებულია გარშემო ქსოვილების ინფილტრაციით, თანდართული ფლებიტით და თრომბოზით. სიმსივნის ხანგრძლივი ზრდის შემთხვევაში ვითარდება კუნთების ატროფია, აღინიშნება კიდურის ფუნქციის დარღვევა.
ძვლების ჰემანგიომები (უპირატესად კავერნული) გვხვდება იშვიათად, ისინი შეადგენენ ძვლის ყველა კეთილთვისებიანი სიმსივნეების 0,5–1%–ს; თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებში და კაცებში, აგრეთვე ნესიმიერ ასაკში. ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაცია – ხერხემალი, თავის ქალას, მენჯის ძვლები, იშვიათად კიდურების გრძელი ლულოვანი ძვლები. არც თუ იშვიათად დაზიანება მრავლობითია. შესაძლებელია ხანგრძლივი უსიმპტომო მიმდინარეობა. შემდგომში სიმსივნის გავრცელების პარალელურად ვითარდება ტკივილები, ძვლის დეფორმავია, პათოლოგიური მოტეხილობები. კლინიკური გამოვლინებები მეტწილად დაკავშირებულია სიმსივნის ლოკალიზაციასთან. უხშირესად ზეწოლის სიმპტომები ფესვისებრი ტკივილების, ზურგის ტვინის დაზიანების გამოვლინებების სახით აღინიშნება ხერხემლის მალების დაზიანების შემთხვევაში.
სისხლძარღვების კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება გლომუსნური სიმსივნეც (გლომანგიომა, ბერე–მასონის სიმსივნე), რომელიც იშვიათად გვხვდება, ჩვეულებრივ ხანშიშესული ასაკის პირებში. სიმსივნე უხშირესად ლოკალიზდება მტევნის და ტერფის თითების ფრჩხილების სარეცლის ზონაში. სიმსივნის ზომები მცირეა – 0,5–2 მმ დიამეტრის. მას გააჩნია მომრგვალო ფორმა, მეწამული–მოლურჯო შეფერილობა. გლომუსური სიმსივნეების დამახასიათებელ კლინიკურ ნიშანს წარმოადგენს ძლიერი ტკივილი, რომელიც ვითარდება სხვადასხვა სახის გარეგანი, მინიმალურიც კი, გაღიზიანების დროსაც.
საფარველის და კუნთების ჰემანგიომების დიაგნოსტიკა სიძნელეს არ წარმოადგენს. მათი ძირითადი ნიშნებია დამახასიათებელი შეფერილობა და ზეწოლის შედეგად შეკუმშვის უნარი. ძვლების ჰემანგიომების დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდს წარმოადგენს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ხერხემლის დაზიანების შემთხვევაში რენტგენოლოგიურად აღინიშნება მალის სხეულის ამობურცვა, ძვლის სტრუქტურა წარმოდგენილია ვერტიკალური მიმართულების უხეში ტრაბეკულებით, რომელთა ფონზეც მოჩანს ცალკეული მომრგვალო ფორმის ნათელი კერები. მსგავსი სახის ცვლილებები შეიძლება აღინიშნებოდეს რკალებში და განივ მორჩებში. პათოლოგიური მოტეხილობის დროს ხერხემლის სტრუქტურა იცვლება სოლისებრი დეფორმაციის გამო. ასეთ შემთხვევებში, თუკი არ აღინიშნება ცვლილებები რკალებში და განივ მორჩებში, ჰემანგიომის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. გრძელი ლულოვანი ძვლების ჰემანგიომის შემთხვევაში აღინიშნება ძვლის კვერთხისებრი დეფორმაცია მისი სტრუქტურის ცვლილებით, რომელიც იძენს ბადისებრ სურათს. მსგავს შემთხვევებში ფასეული დიაგნოსტიკური ღირებულება გააჩნია ანგიოგრაფიას, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ლაკუნები და ღრუები ძვლის დაზიანებულ ნაწილში.
ჰემანგიომების სამკურნალოდ გამოიყენება მასკლეროზირებელი საშუალებების ინექციები, სხივური თერაპია, ოპერაციული და კრიოთერაპიული მეთოდები. მასკლეროზირებელ ნივთიერებებს შორის გავრცელება ჰპოვა 70%–მა ეთილის სპირტმა. სხივური თერაპია გამოიყენება საფარველის და საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის კავერნული და კაპილარული ჰემანგიომების დროს. ძვლის ჰემანგიომის შემთხვევაში სხივურ თერაპიას ატარებენ მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების (ტკივილი, ფუნქციის დარღვევა და სხ.) დროს. დასხივების დოზა, დოზირებული ველების სიდიდე და რაოდენობა დამოკიდებულია ახალწარმონაქმნის ლოკალიზაციაზე და მის ზომებზე.
ჰემანგიომის ამოკვეთა რჩება მკურნალობის ძირითად და ყველაზე რადიკალურ მეთოდად. კრიოთერაპია ყველაზე ეფექტურია კანის მცირე ზომის ჰემანგიომების დროს.
კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნეების შემთხვევაში პროგნოზი დამაკმაყოფილებელია. ახალწარმონაქმნის მოცილება უზრუნველყოფს გამოჯანმრთელებას. კოსმეტიკური და პროგნოზული თვალსაზრისით ყველაზე კარგი შედეგები გააჩნია მცირე ზომის ჰემანგიომის ამოკვეთას ადრეული ბავშვობის ასაკში. პროგნოზი ნაკლებად კეთილსაიმედოა დიდი ზომის ჰემანგიომების შემთხვევაში, როდესაც ისინი განლაგებულნი არიან ძნელად მისადგომ ადგილებში (შინაგანი ორგანოები, მსხვილი სისხლძარღვების ზონები).
სისხლძარღვების ავთვისებიანი სიმსივნეები, კეთილთვისებიან სიმსივნეებთან შედარებით, ძალიან იშვიათად გვხვდება. განასხვავებენ ჰემანგიოპერიციტომას და ჰემანგიოენდოთელიომას. მრავალი ავტორი აღნიშნულ ფორმებს აერთიანებს ანგიოსარკომების ერთ ჯგუფში. ამის საფუძველს წარმოადგენს ახალწარმონაქმნების იშვიათობა და, ზოგჯერ, მათი ჰისტოგენეზის დადგენის შეუძლებლობა. რბილი ქსოვილების სარკომებს შორის ანგიოსარკომებს სიხშირით უკავიათ მეორე ადგილი. დაავადება თანაბრად ვითარდება ორივე სქესის წარმომადგენლებში, 40–50 წლის ასაკში. ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციაა კიდურები (უპირატესად ქვედა). ავადმყოფები ჩვეულებრივ სიმსივნეს სინჯავენ ქსოვილების სიღრმეში. არამკვეთრი კონტურების მქონე სიმსივნურ კვანძს გააჩნია ხორკლიანი ზედაპირი. ზოგჯერ რამდენიმე კვანძის ერთმანეთთან შერწყმის შედეგად ისინი ღებულობენ დიფუზური ინფილტრატის სახეს. რბილი ქსოვილების სარკომების სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ანგიოსარკომები სწრაფად იზრდებიან, გააჩნიათ მიდრეკილება კანში ჩაზრდისკენ, დაწყლულებისკენ, ხშირად მეტასტაზირდებიან რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში. დამახასიათებელია მეტასტაზირება ფილტვებში, შინაგან ორგანოებში, ძვლებში.
დაავადების ადრეულ სტადიებზე ანგიოსარკომების დიაგნოსტიკა გაძნელებულია. გამოხატულ შემთხვევებში დაავადების გამოცნობაში გვეხმარება სიმსივნის ტიპიური მდებარეობა, დაავადების სწრაფი მიმდინარეობა მოკლე ანამნეზით, სიმსივნის მიდრეკილება დაწყლულებისკენ და პუნქტატის აუცილებელი ციტოლოგიური კვლევა. საბოლოო დიაგნოზის დადგენა ხდება მხოლოდ სიმსივნის მორფოლოგიური გამოკვლევის შემდეგ.
დაავადების ადრეულ სტადიებზე ანგიოსარკომების მკურნალობისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას სიმსივნის ფართო ამოკვეთა გარშემო ქსოვილებთან და რეგიონალურ ლიმფურ კვანძებთან ერთად. კიდურების დიდი ზომის სიმსივნეების შემთხვევაში ნაჩვენებია ამპუტაცია (ეგზარტიკულაცია). სხივური მეთოდები უპირატესად გამოიყენება ოპერაციულ ჩარევებთან კომბინაციაში. როგორც მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი, სხივური თერაპია გამოიყენება პალიატიური მიზნით.
ანგიოსარკომა წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე ავთვისებიან სიმსივნეს. აღნიშნული დაავადების შემთხვევაში პროგნოზი არაკეთილსაიმედოა – 5 წლიანი სიცოცხლის გახანგრძლივება აღინიშნება ავადმყოფთა მხოლოდ 9%–ში. აბსოლიტური უმეტესობა იღუპება დიაგნოზის დადგენიდან პირველი 2 წლის განმავლობაში.

ოპერაციები. უხშირესად ოპერაციის ჩვენებებს წარმოადგენს ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სისხლძარღვების ჭრილობა, აორტის და მისი ტოტების (საძილე, ხერხემლის, ჯორჯლის არტერიების, ფაშვის ღეროს), თირკმლის არტერიების და ქვემო კიდურების სისხლძარღვების სეგმენტური სტენოზები და ოკლუზიები. სისხლძარღვებზე ოპერაციებს აგრეთვე ატარებენ არტერიულ–ვენური ფისტულების და ანევრიზმების, პორტული ჰიპერტენზიის, ღრუ ვენების სტენოზების და ოკლუზიების, სისხლძარღვების სიმსივნური დაზიანებების, სხვადასხვა ლოკალიზაციის თრომბოემბოლიების შემთხვევებში. ანგიოქირურგიის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს რეკონსტრუქციული ოპერაციები გულის გვირგვინოვან სისხლძარღვებზე, თავის ტვინის ინტრაკრანიალურ სისხლძარღვებზე და 4 მმ–მდე დიამეტრის სხვა სისხლძარღვებზე. ძალიან ფართო გავრცელება ჰპოვა მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით ჩატარებულმა ოპერაციებმა.
განასხვავებენ ლიგატურულ და აღდგენით (რეკონსტრუქციულ) ოპერაციებს. ყველაზე მარტივ რეკონსტრუქციულ ოპერაციას წარმოადგენს გვერდითი სისხლძარღვოვანი ანასტომოზის ფორმირება ჭრილობების დროს, ემბოლექტომია და ”იდეალური” თრომბექტომია არტერიების მწვავე თრომბოზის დროს, აგრეთვე თრომბენდარტერექტომია – კედლისმიერი თრომბის მოცილება თრომბირებუილი არტერიის შიგნითა გარსის შესაბამის მონაკვეთთან ერთად. არტერიების ოკლუზირებული და მასტენოზირებელი დაზიანებების შემთხვევაში მაგისტრალური სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით, ტარდება არტერიექტომია, სისხლძარღვის რეზექცია და შუნტირება ტრანსპლანტატის ან სინთეზური პროთეზის გამოყენებით. იშვიათად გამოიყენება სისხლძარღვის კედლის გვერდითი პლასტიკა. დიდი გამოყენება ჰპოვა ენდოვასკულარულმა ჩარევებმა, რომელიც მოიცავს სტენოზირებული სისხლძარღვის (აორტის, არტერიის, ვენის) გაგანიერებას სპეციალური ბალონური კათეტერების გამოყენებით.
სისხლძარღვებზე ოპერაციების დროს გამოიყენება სისხლძარღვოვანი ნაკერი. ის შეიძლება იყოს ცირკულარული და გვერდითი. ცირკულარულ, უწყვეტ სისხლძარღვოვან ნაკერს ჩვეულებრივ ადებენ ”ბოლო–ბოლოში” სისხლძარღვების ერთმანეთთან მიერთების შემთხვევაში. იშვიათად გამოიყენება კვანძოვანი ნაკერები. გვერდით სისხლძარღვოვან ნაკერს ადებენ სისხლძარღვის კედელზე მისი დაზიანების ადგილას.
პოსტოპერაციულ პერიოდში აუცილებელია ავადმყოფის მდგომარეობაზე გულდასმით დაკვირვება, რამეთუ შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენები ოპერირებული სისხლძარღვებიდან ან მათი მწვავე თრომბოზი. როგორც წესი, აუცილებელია მიზანმიმართული რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარება და ხანგრძლივი დიპანსერული მეთვალყურეობა.
პერიფერიულ სისხლძარღვებზე სხვადასხვა სახის ჩარევები ხორციელდება არა მარტო ქირურგიულ პრაქტიკაში. ასე მაგალითად, ვენებზე ყველაზე გავრცელებული ჩარევაა ვენეპუნქცია. იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოიშვება სიძნელეები ვენეპუნქციის ჩატარებისას ან როდესაც აუცილებელია კათეტერის ჩადგმა ერთ–ერთ პერიფერიულ ვენაში, მიმართავენ ვენესექციას. ხანგრძლივი ინფუზიური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე გულის კათეტერიზაციის, ანგიოკარდიოგრაფიის პროცესში, გულის ენდოკარდიული ელეტროსტიმულაციის დროს ხდება ცენტრალური ვენების (საუღლე, ლავიწქვეშა, ბარძაყის) ან არტერიების პუნქციური კათეტერიზაცია. ამასთან, როგორც წესი, გამოიყენება სელდინგერის (S. I. Seldinger) მიერ მოწოდებული სისხლძარღვების კათეტერიზაციის მეთოდი. ის მდგომარეობს არტერიების ან ვენების ტრანსდერმულ პუნქციაში სპეციალური თროაკარის მეშვეობით, რომლის გავლითაც სისხლძარღვის სანათურში თავსდება დრეკადი გამტარი, ხოლო მისი მეშვეობით პოლიეთილენის კათეტერი.

გაგრძელება იხ. >>>>



Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka