საფეთქლის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. საფეთქლის ძვალი

საფექლის ძვალისაფეთქლის ძვალი – os temporale (წყვილი) მონაწილეობს ქალას ფუძისა და ქალასარქველის გვერდითი კედლის წარმოქმნაში. მასში მოთავსებულია სმენისა და წონასწორობის ორგანო. საფეთქლის ძვალი ენაწევრება ქვედა ყბას და წარმოადგენს საღეჭი აპარატის საყრდენს. ძვლის გარეთა ზედაპირზე არის გარეთა სასმენი ხვრელი – porus acusticus externus, რომლის გარშემოც განლაგებულია საფეთქლის ძვლის 3 შემადგენელი ნაწილი: – ზემოდან ქიცვის ნაწილი – pars squamosa, შიგნიდან და უკან – კლდოვანი ნაწილი (პირამიდა) – pars petrosa, წინ და ქვევით – დაფის ნაწილი – pars tympanica.
ქიცვის ნაწილი – pars squamosa, სადა ზედაპირიანი ფირფიტაა, რომელიც ვერტიკალურად დგას ქალაში. ქიცვის გარეთა საფეთქლის ზედაპირი – facies temporalis, ხორკლიანი და მცირედ გამობურცულია. მის უკანა ნაწილში ვერტიკალური მიმართულებით მდებარეობს საფეთქლის შუა არტერიის ღარი – sulcus arteriae temporalis mediae (მასში გაივლის თანამოსახელე არტერია). ქიცვის უკანა ქვედა ნაწილში აღინიშნება რკალისებრი ხაზი, რომელიც გრძელდება თხემის ძვლის საფეთქლის ქვედა ხაზში. ქიცვის ნაწილიდან, გარეთა სასმენი ხვრელის ზემოთ და წინ, გამოდის ჰორიზონტალურად მიმართული ყვრიმალის მორჩი – processus zygomaticus. მორჩი იწყება ფართო ფუძით, რომელიც თანდათან ვიწროვდება. მორჩს აქვს გარეთა და შიგნითა ზედაპირი და ორი კიდე – ზედა შედარებით გრძელი, და ქვედა – მოკლე. ყვრიმალის მორჩის წინა ბოლო დაკბილულია, უერთდება ყვრიმალის ძვლის საფეთქლის მორჩს – processus temporalis და წარმოქმნის ყვრიმალის რკალს – arcus zygomaticus. ყვრიმალის მორჩის ფუძის ქვედა ზედაპირზე მდებარეობს ქვედა ყბის ფოსო – fossa mandibularis, რომელშიც თავსდება მასთან შენაწევრებული ქვედა ყბის თავი. ფოსო წინიდან შემოსაზღვრულია სასახსრე ბორცვით – tuberculum articulare. ქიცვის ნაწილის გარეთა ზედაპირი მონაწილეობს საფეთქლის ფოსოს – fossa temporalis, წარმოქმნაში (აქედან იწყება საფეთქლის კუნთი – m. temporalis). ქიცვის შიგნითა სატვინე ზედაპირი – facies cerebralis, მცირედ ჩაზნექილია. მასზე აღინიშნება თითისებრი ჩანაჭდევები – impressiones digitatae, სატვინე შემაღლებები და არტერიული ღარები – sulcus arteriosus (მასში მოთავსებულია შუა მენინგეალური არტერია – a. meningea media). საფეთქლის ძვლის ქიცვის ნაწილს აქვს ორი თავისუფალი კიდე – სოლისებრი და თხემისეული. სოლისებრი კიდე – margo sphenoidalis, ფართო, დაკბილულია, უერთდება სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის ქიცვისეულ კიდეს და წარმოქმნის სოლისებრ-ქიცვის ნაკერს – sutura sphenosquamosa. თხემისეული კიდე – margo parietalis, წაწვეტებული, შედარებით გრძელია და უერთდება თხემის ძვლის ქიცვისეულ კიდეს.
საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილი (პირამიდა) – pars petrosa შედგება უკანა ლატერალური და წინა მედიალური ნაწილებისაგან. საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის უკანა ლატერალური ნაწილს წარმოადგენს დვრილისებრი მორჩი – processus masloideus, რომელიც მოთავსებულია გარეთა სასმენი ხვრელის უკან; მასზე განარჩევენ გარეთა და შიგნითა ზედაპირებს. გარეთა ზედაპირი გამობურცული, ხორკლიანია და წარმოადგენს კუნთების მიმაგრების ადგილს. ქვემოთ დვრილისებრი მორჩი გადადის კონუსისებრი ფორმის გამონაშვერში, რომელიც ადვილად ისინჯება კანიდან. შიგნითა მხრიდან მორჩი  მოსაზღვრულია ღრმა დვრილისები ნაჭდევით – incisura mastoidea (აქედან იწყება ორმუცელა კუნთის უკანა მუცელი – venter posterior m. digastrieus). ნაჭდევის პარალელურად და უკან მდებარეობს კეფის არტერიის ღარი – sulcus arteriae occipitalis (თანამოსახელე არტერიისათვის). დვრილისებრი მორჩის ფუძესთან, მის გარეთა ზედაპირზე, მოთავსებულია დვრილისებრი ხვრელი – foramen mastoideum. დვრილისებრი ხვრელის შიგნითა სატვინე ზედაპირზე  გაივლის ფართო, S-სებრი ფორმის სიგმოიდური სინუსის ღარი – sulcus sinus sigmoidei, რომელიც გადადის თხემის ძვლის თანამოსახელე ღარში და შემდგომ კეფის ძვლის განივი სინუსის ღარში. ქვევით სიგმოიდური სინუსის ღარი გრძელდება კეფის ძვლის თანამოსახელე ღარში. დვრილისებრი მორჩი უკნიდან მოსაზღვრულია კეფისეული კიდით – margo occipitalis, რომელიც კეფის ძვლის დვრილისებრ მორჩთან შეერთების შედეგად წარმოქმნის კეფა-დვრილისებრ ნაკერს – sutura occipitomastoidea. ამ ნაკერში მდებარეობს დვრილისებრი ხვრელი – foramen mastoideum (ზოგჯერ რამდენიმე), მასში გაივლის დვრილისებრი გამოსაშვები ვენები – vv. emissariae mastoideae, რომლებიც აერთებენ თავის ვენებს სიგმოიდურ ვენურ სინუსთან და კეფის არტერიის დვრილისებრ ტოტთან – ramus mastoideus a. occipitalis. დვრილისებრი მორჩი ზევიდან მოსაზღვრულია თხემისეული კიდით, რომელიც საფეთქლის ძვლის ქიცვის თანამოსახელე კიდესთან წარმოქმნის თხემის ნაჭდევს – incisura parietalis; მასში შედის თხემის ძვლის დვრილისებრი კუთხე, წარმოქმნის თხემ-დვრილისებრ ნაკერს – sutura parietomastoidea. დვრილისებრი მორჩის გარეთა ზედაპირის ქიცვის გარეთა ზედაპირზე გადასვლის ადგილზე შეიმჩნევა ქიცვ-დვრილისებრი ნაკერი – sutura squamosomasoidea, რომელიც განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ბავშვის ქალაზე. დვრილისებრი მორჩის განაკვეთზე ჩანს წვრილი ღრუები, ე. წ. დვრილისებრი უჯრედები – cellulae mastoideae; მუდმივ ღრუს წარმოადგენს დვრილისებრი მღვიმე – antrum mastoideum, რომელიც მოთავსებულია მორჩის ცენტრალურ ნაწილში; მასში იხსნება დვრილისებრი უჯრედები და უერთდება დაფის ღრუს – შუა ყურს. დვრილისები უჯრედები და დვრილისებრი მღვიმე ამოფენილია ლორწოვანი გარსით. კლდოვანი ნაწილის წინა მედიალური ნაწილს აქვს პირამიდის ფორმა, რომლის ფუძე მიმართულია გარეთ და უკან; პირამიდის მწვერვალი – apex partis petrosae – შიგნით და წინ. კლდოვან ნაწილში განარჩევენ სამ ზედაპირს: წინას, უკანას და ქვედას, და სამ კიდეს: ზედას, უკანას და წინას. პირამიდის წინა ზედაპირი – facies anterior partis pertosae, მიმართულია ქალას ღრუსაკენ, სადა და ფართოა და გადადის ქიცვის ნაწილის სატვინე ზედაპირში, რომლისგანაც იგი ზოგჯერ გამოყოფილია კლდოვან-ქიცვის ნაპრალით – fissura petrosquamosa. წინა ზედაპირზე, შუაში მოთავსებულია რკალოვანი შემაღლება – eminentia arcuata, რომლის ქვეშ მდებარეობს ლაბირინთის წინა ნახევარრკალოვანი არხი. შემაღლებასა და კლდოვან-ქიცვის ნაპრალს შორის მდებარეობს დაფის სარქველი – legmen tympani; მის ქვეშ მდებარეობს დაფის ღრუ – cavum tympani. წინა ზედაპირზე კლდოვანი ნაწილის მწვერვალთან ახლოს აღინიშნება სამწვერა ჩანაჭდევი – impressio trigemini, სამწვერა ნერვის კვანძისათვის. ჩანაჭდევის ლატერალურად მდებარეობს დიდი კლდოვანი ნერვის არხის ნაპრალი – hiatus canalis nervi pelrosi majoris; მისგან მედიალურად მიემართება დიდი კლდოვანი ნერვის ღარი – sulcus nervi petrosimajoris. აღნიშნული ხვრელის წინ და ლატერალურად მდებარეობს მცირე კლდოვანი ნერვის არხის ნაპრალი – hiatus canalis nervi petrosi minoris, რომლისგანაც მიემართება მცირე კლდოვანი ნერვის ღარი – sulcus nervi petrosi minoris. პირამიდის უკანა ზედაპირი – facies posterior partis petrosae, ისევე როგორც წინა ზედაპირი, მიქცეულია ქალას ღრუსაკენ, მიემართება ზემოთ და უკან და გადადის დვრილისებ მორჩში. მის შუა ნაწილში მდებარეობს შიგნითა სასმენი ხვრელი – porus acusticus internus, რომელიც გადის შიგნითა სასმენ მილში – meatus acusticus internus (მასში მდებარეობს სახის, შუამდებარე, კარიბჭე-ლოკოკინას ნერვები, ასევე ლაბირინთის არტერია და ვენა – a. et v. labirinthi). შიგნითა სასმენი ხვრელიდან ზემოთ და ლატერალურად მოთავსებულია რკალქვეშა ფოსო – fossa subarcuata (კარგად აქვთ გამოხატული ბავშვებს); მასში შედის ტვინის მაგარი გარსის მორჩი. ასევე ლატერალურად მდებარეობს კარიბჭის წყალსადენის გარეთა ნაჩვრეტი – apertura externa aquaeductus vestibuli (მისი გავლით შიგნითა ყურის ღრუდან გამოდის ენდოლიმფის სადინარი). პირამიდის ქვედა ზედაპირი – facies inferior partis petrosae, ხორკლიანი და უსწორმასწოროა, მდებარეობს ქალას ფუძის ქვედა ზედაპირზე. მასზე აღინიშნება საუღლე ფოსო – fossa jugularis (ზედა საუღლე ვენის ბოლქვისათვის). ამ ფოსოს ფსკერზე მდებარეობს პატარა ღარი, რომელშიც გაივლის ცდომილი ნერვის ყურის ტოტი. ღარს მივყევართ დვრილისებრი არხის ხვრელში – canaliculus mastoideus, რომელიც იხსნება დაფ-დვრილისებრ ნაპრალში – fissura tympanomastoidea. საუღლე ფოსოს უკანა კიდე მოსაზღვრულია საუღლე ნაჭდევით – incisura jugularis, რომელსაც შიგასაუღლე მორჩი – processus intrajugularis, ყოფს ორ ნაწილად: წინა მედიალურ და უკანა ლატერალურ ნაწილებად. საუღელ ფოსოს წინ მდებარეობს მრგვალი ფორმის ხვრელი; იგი მიემართება საძილე არხში – canalis caroticus, რომელიც იხსნება ხვრელით კლდოვანი ნაწილის მწვერვალზე. საუღლე ფოსოსა და საძილე არხის გარეთა ხვრელს შორის მდებარეობს მცირე ზომის კლდოვანი ფოსუკი – fossula petrosa (ენა-ხახის ნერვის ქვედა კვანძისათვის). ფოსუკის სიღრმეში მდებარეობს ხვრელი, რომელიც იხსნება დაფის მილაკში – canaliculus tympanicus (მასში გაივლის დაფის ნერვი და დაფის ქვედა არტერია). დაფის მილაკი მიემართება შუა ყურში – auris media, ანუ დაფის ღრუში, cavum tympani. საუღლე ფოსოს ლატერალურად გამოდის ქვემოთ და რამდენადმე წინ მიმართული, სადგისისებრი მორჩი – processus styloideus, რომლისგანაც დასაბამს იღებს კუნთები და იოგები. მორჩის ფუძის წინ და გარეთ მოთავსებულია დაფის ნაწილის კლდოვანი გამონაშვერი – სადგისისებრი მორჩის ბუდე – vagina processus slyloidei. მორჩის ფუძის უკან არის სადგის-დვრილისებრი ხვრელი – foramen stylomastoideum, რომელიც წარმოადგენს სახის არხის – canalis facialis, გამოსასვლელ ხვრელს. პირამიდის ზედა კიდე – margo superior partis petrosae, განაცალკევებს მის წინა და უკანა ზედაპირებს. კიდის გასწვრივ გადის ზედა  კლდოვანი სინუსის ღარი – sulcus sinus petrosi superioris (ზედა კლდოვანი სინუსისა და ნათხემის კარვის მიმაგრების ადგილი). ეს ღარი უკან გადადის საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის სიგმოიდური სინუსის ღარში. პირამიდის უკანა კიდე – margo posterior partis petrosae, განაცალკევებს მის ზედა და ქვედა ზედაპირებს. მის გასწვრივ, სატვინე ზედაპირზე, გადის ქვედა კლდოვანი სინუსის ღარი – sulcus sinus petrosi inferioris (მდებარეობს ქვედა კლდოვანი ვენური სინუსი). უკანა კიდის შუაში, საუღლე ნაჭდევთან ახლოს, აღინიშნება სამკუთხა ფორმის ძაბრისებრი ჩაღრმავება, რომელშიც მოთავსებულია ლოკოკინას მილაკის გარეთა ნაჩვრეტი – apertura externa canaliculi cochleae. კლდოვანი ნაწილის წინა კიდე, ზედა და უკანა კიდეებთან შედარებით მოკლეა. იგი საფეთქლის ძვლის ქიცვის ნაწილისაგან გამოცალკევებულია ქიცვ-კლდოვანი ნაპრალით – fisswa petrosquamatosa. მასზე მდებარეობს კუნთ-ლულის არხის – canalis musculolubarius  ხვრელი, რომელიც გადის დაფის ღრუში.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.