თორმეტგოჯა ნაწლავი

ლალი დათეშიძე

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

12-გოჯა ნაწლავიგამოკვლევის მეთოდები მოიცავს ანამნეზის შეგროვებას, დათვალიერებას და პალპაციას. ტკივილების ხასიათის დადგენა, მათი აღმოცენების დრო, ხანგრძლივობა, ირადიაცია, მუცლის ფორმის ცვლილებები, შებერილობა, აგრეთვე პალპაციის დროს მტკივნეულობა და თორმეტგოჯა ნაწლავის საპროექციო მიდამოში კანის მომატებული მრძნობელობის გამოვლენა საშუალებას იძლევა დიდი სარწმუნოების დონის  მოვახდინოთ ისეთი დაავადების დიაგნოსტირება, როგორებიცაა წყლულოვანი დაავადება, დუოდენიტი და სხვა. დიდი მნიშვნელობა გააჩნია რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც კეთდება პირდაპირ, გვერდით და ირიბ პროექციებში. თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის მკვეთრი დეფორმაციის ან სხვა ცვლილებების დროს, რომელიც საშუალებას არ იძლევა დავადგინოთ ორგანოს პათოლოგიური ცვლილება, ნაჩვენებია რელაქსაციური დუოდენოგრაფია. ფასეულ დიაგნოსტიკურ მეთოდს წარმოადგენს ენდოსკოპიური გამოკვლევა. დაზიანების ხასიათის დაზუსტების მიზნით აღნიშნულ გამოკვლევას ემატება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოფსია. მიღებული მასალის შემდგომი ჰისტოლოგიური და ჰისტოქიმიური გამოკვლევით. თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების დიაგნოსტიკაში, განსაკუთრებით თანმხლები პათოლოგიების (სანაღვლე გზების და პანკრეასის დაავადებები, პროტოზოული დაავადებები, მაგ; ლამბლიოზი) გამოვლინების მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება დუოდენალურ ზონდირებას.

პათოლოგია. თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს ყველაზე ხშირ სიმპტომს წარმოადგენს ტკივილი, რომელიც უპირატესად ლოკალიზებულია ფერდქვეშა მიდამოში და არც თუ იშვიათად ვრცელდება მთელ ეპიგასტრიუმზე. გარდა ამისა, აღინიშნება გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, იშვიათად პირის სიმწარე ან სიმშრალე, კუჭის მოქმედების დარღვევა. იქიდან გამომდინარე, რომ თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებს ხშირად თან სდევს დუოდენოგასტრალური ზონის სხვა ორგანოების პათოლოგიური ცვლილებები, ავადმყოფთა ნაწილში წინა პლანზე გამოდის თანმხლები დაავადებების (მაგ; გასტრიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის) სიმპტომები.
განვითარების მანკები მოიცავს თორმეტგოჯა ნაწლავის ატრეზიას, სტენოზს, გაორებას, თანდაყოლილ გაგანიერებას (პირველადი მეგადუოდენუმი), აგრეთვე დივერტიკულებას. თორმეტგოჯა ნაწლავის ატრეზია და სტენოზი კლინიკურად ძირითადად ვლინდება ნაწლავის მაღალი გაუვალობის სიმპტომებით (მრავალჯერადი ღებინება, ბოყინი, სლოკინი) და შესაძლებელია გამოიწვიონ  ნაწლავის გაგანიერება დაბრკოლების ადგილის მაღლა (მეორადი მეგადუოდენუმი).
თორმეტგოჯა ნაწლავის გაორება, რომელიც უხშირესად აღინიშნება ნაწლავის ზედა და დაღმავალ ნაწილებში, გვხვდება სამის ფორმის სახით – კისტოზური, დივერტიკულური და მილისებრი. აღნიშნული პათოლოგია ვლინდება ნაწლავის ნაწილობრივი გაუვალობის სიმპტომებით (ამოქაფება, ღებინება), სხეულის წონის დაქვეითებით, გაუწყლოვნებით. პანკრეასის ან ნაღვლის საერთო სადინრის ზეწოლის შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს პანკრეატიტის სიმპტომები, სიყვითლე. გაორებული თორმეტგოჯა ნაწლავის პალპაციისას იგი მოგვაგონებს მუცლის ღრუს სიმსივნურ წარმონაქმნს. ბავშვებში ხშირად ვითარდება გასტროდუოდენალური სისხლდენები.
თორმეტგოჯა ნაწლავის თანდაყოლილი გაორება გვხვდება ძალიან იშვიათად. აღნიშნულ მანკს საფუძვლად უდევს სხვადასხვა დონეზე თორმეტგოჯა ნაწლავის ინერვაციის დარღვევები. გაგანიერებას ჩვეულებრივ თან სდევს ორგანოს ჰიპერტროფია. კლინიკურად მანკი ვლინდება ამოქაფებით, ღებინებით (ამონაღები მასები შეიცავენ ნაღვლის მინარევს, დიდი რაოდენობით ლორწოს), წონაში დაკლებით, გაუწყლოვნების სიმპტომებით. ავადმყოფებს აღენიშნებათ მუცლის შებერილობა, ’’შხეფის ხმიანობა’’, რაც განპირობებულია შიგთავსის დაგროვებით კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში.
განვითარების მანკების დიაგნოზი ეფუძნება კლინიკური სურათის მონაცემებს. ძირითად დიაგნოსტიკურ მეთოდს წარმოადგენს რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური გამოკვლევა. მკურნალობა ოპერაციულია – კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის ანასტომოზის ფორმირება (თორმეტგოჯა ნაწლავის ატრეზიის, სტენოზის, გაგანიერების დროს), დუბლიკატურის მოცილება ან თორმეტგოჯა ნაწლავს ან წვრილ ნაწლავსა და დუპლიკატურას შორის ანასტომოზის ფორმირება (ორგანოს გაორების შემთხვევაში ). პროგნოზი კეთილსაიმედოა.
თორმეტგოჯა ნაწლავის თანდაყოლილი დივერტიკულები – ნაწლავის კედლის ტომრისებური გამობერილობები, რომლებიც ყალიბდება კუნთოვანი ქსოვილის თანდაყოლილი განუვითარებლობის ადგილებში. თორმეტგოჯა ნაწლავის დივერტიკულები შესაძლებელია ჩამოყალიბდნენ როგორც დუოდენიტის, ქოლეცისტიტის (შეძენილი დივერტიკულები) შედეგი. უხშირესად დივერტიკულები მიმდინარეობენ უსიმპტომოდ და მათი აღმოჩენა ხდება სხვა მიზეზის გამო ჩატარებული რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს. ჩვეულებრივ აღნიშული პათოლოგიის სიმპტომატიკა განპირობებულია დივერტიკულის ანთებით – დივერტიკულიტით, რომელიც ვითარდება  მასში ნაწლავური შიგთავსის დაგროვების შედეგად.
უცხო სხეულები უხშირესად ვლინდებიან თორმეტგოჯა ნაწლავის დაღმავალი ტოტის ჰორიზონტალურ ნაწილში გადასვლის ადგილას. სიმპტომატიკა ღარიბია, ხოლო უცხო სხეულები, მათ შორის ბასრი და დიდი ზომის, რომლებიც შემოიგარსებიან საკვები მასებით, სრულიად უპრობლემოდ გამოდიან ბუნებრივი გზებით. უცხო სხეულის ფიქსაციის ან ნაწლავის კედლის დაზიანების შემთხვევაში აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, ზოგჯერ სისხლდენა კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. თორმეტგოჯა ნაწლავის კედლის პერფორაციის შემთხვევაში ვითარდება პერიტონიტი.
აღნიშნული პათოლოგიის დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი ენიჭება რენტგენოლოგიურ და ენდოსკოპიურ გამოკვლევას. ბუნებრივი გზით უცხო სხეულის გამოსვლას ხელს უწყობს უჯრედისით მდიდარი საკვები, აგრეთვე ლორწოვანი ფაფები. ოპერაციული ან ინვაზიური ჩარევის ჩვენებას წარმოადგენს უცხო სხეულის ფიქსაცია, მისი დაყოვნება თორმეტგოჯა ნაწლავში 3 დღეზე მეტ ხანს, მუცლის არეში ტკივილის მომატება, ნაწლავური გაუვალობის ან პერიტონიტის ნიშნების არსებობა. უხშირესად უცხო სხეულების მოცილება ხორციელდება ენდოსკოპის მეშვეობით, ზოგჯერ მიმართავენ ლაპარატომიას.
თორმეტგოჯა ნაწლავის დაზიანებები (ღია და დახურული) წარმოადგენენ მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობების (ცეცხლნასროლი ან ცივი იარაღით მიყენებული), ბლაგვი სხეულით ტრამვის შედეგს და უხშირესად შერწყმულნი არიან მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დაზიანებებთან. პერიტონიუმშიდა დაზიანებების შემთხვევაში თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში, რაც იწვევს პერიტონიტის განვითარებას. პერკუტორულად დაზარალებულებს აღენიშნებათ ღვიძლის მოყრუების გაქრობა, რაც განპირობებულია მუცლის ღრუში ჰაერის არსებობით და მისი დაგროვებით მუცლის ზედა ნაწილებში. რენტგენოლოგიურად ვლინდება თავისუფალი აირი მუცლის ღრუში. რეტროპერიტონეული დაზიანებისას თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსი იღვრება რეტროპერიტონეალურ სივრცეში, რაც იწვევს აღნიშნული მიდამოს ფლეგმონის ჩამოყალიბებას, შემდგომში კი პერიტონიტის განვითარებას. ჭრილობის მიღებიდან უახლოეს პერიოდში ავადმყოფი უჩივის ტკივილს მარჯვნივ, წელის მიდამოში, რომელიც ძლიერდება პალპაციის და მასზე ზეწოლის დროს (პასტერნაცკის ცრუ სიმპტომი), რომელიც განიცდის ირადიაციას მარჯვნივ, საზარდულის მიდამოში და მარჯვენა ბარძაყში; შესაძლებელია აღინიშნებოდეს კუნთების რიგიდობა და კანქვეშა ქსოვილის პასტოზურობა წელის მიდამოში. დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოვლინდეს საკონტრასტო ნივთიერების ჩაღვრა რეტროპერიტონეალურ სივრცეში; გულმკერდის და მუცლის ღრუს  მიმოხილვით რენტგენოგრამებზე მოჩანს კანქვეშა ქსოვილის ემფიზემა.
მკურნალობა ოპერაციულია. პერიტონეუმის დაზიანებისას (რომლის დადგენაც სიძნელეს არ წარმოადგენს) ხორციელდება თორმეტგოჯა ნაწლავის დეფექტის კიდეების ეკონომიური ამოკვეთა და ორ რიგად  ნაკერების დადება, ხოლო რეტროპერიტონეალური დაზიანების შემთხვევაში (რომლის დიაგნოსტიკაც შედარებით გართულებულია) ხდება პარიესული პერიტონეუმის უკანა ფურცლის გაკვეთა და თორმეტგოჯა ნაწლავის უკანა კედლის მობილიზაცია, ხოლო დეფექტის აღმოჩენის შემდეგ ხორციელდება ჭრილობის კედლების ამოკვეთა და ორ რიგად გაკერვა. თორმეტგოჯა ნაწლავის სრული გასკდომის შემთხვევაში ხდება ნაწლავის კედლების ამოკვეთა და ’’ბოლო–ბოლოში’’ ან ’’გვერდი–გვერდში’’ ანასტომოზის ფორმირება. ცხვირიდან თორმეტგოჯა ნაწლავში შეყავთ წვრილი ზონდი, რომლის საშუალებითაც 3–5 დღის განმავლობაში ხდება ნაწლავური შიგთავსის ასპირაცია. გარდა ამისა, ხორციელდება რეტროპერიტონეალური სივრცის დრენირება. თორმეტგოჯა ნაწლავის დაზიანების დროს პროგნოზი სერიოზულია და დამოკიდებულია ოპერაციული ჩარევის ვადებზე.
თორმეტგოჯა ნაწლავის ფისტულები  შეიძლება იყოს შიგნითა და გარეთა. შიგნითა ფისტულები ყალიბდება თორმეტგოჯა ნაწლავის კედელში არსებული პათოლოგიური პროცესის შედეგად სხვა ორგანოზე მისი შემდგომი გავრცელებით ან სხვა ორგანოდან თორმეტგოჯა ნაწლავზე პროცესის გავრცელების შედეგად. უხშირესად თორმეტგოჯა ნაწლავის ღრუ უკავშირდება ნაღვლის ბუშტის ღრუს ან ნაღვლის საერთო სადინარს, იშვიათად მსხვილი ან წვრილი ნაწლავის ღრუებს. შიგნითა ფისტულები  კლინიკურად ვლინდება ტკივილებით მუცლის შესაბამის ნაწილში, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნებით. სანაღვლე გზებთან თორმეტგოჯა ნაწლავის დაკავშირების შემთხვევაში აღინიშნება აღმავალი ქოლანგიტის ნიშნები (სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება, სიყვითლე, ლეიკოციტოზი და სხ.) კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვა ნაწილებთან დაკავშირების დროს – კოლიტის სიმპტომები.
გარეთა ფისტულების ჩამოყალიბება ჩვეულებრივ ხდება მუცლის ღრუს ჭრილობების, ოპერაციული ჩარევების დროს. მათ განვითარებას თან სდევს ნაღვლის, პანკრეასის ფერმენტების, დუოდენალური შიგთავსის დაკარგვა, რაც განაპირობებს ავადმყოფის სწრაფ განლევას, ნივთიერებათა ცვლის ყველა სახის დარღვევას, ანემიის და მძიმე დერმატიტის განვითარებას.
დიაგნოზის დადგენა ხდება თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭის, ნაწლავების, სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე. გარეთა ფისტულების არსებობის შემთხვევაში ნაჩვენებია ფისტულოგრაფია. მკურნალობა როგორც წესი, ოპერაციულია .
ფუნქციონალური დარღვევები (დისკინეზიები) ყველაზე ხშირად წარმოდგენილნი არიან დუოდენოსტაზით, რომელიც უხშირესად თან ახლავს სხვა დაავადებებს, მაგ, წყლულოვან დაავადებას, პანკრეატიტს, დუოდენიტს. ეპიგასტრიუმის და მარჯვენა ფერდქვეშა არეში აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება და პერიოდული ყრუ ხასიათის ტკივილები, რომლებიც წარმოიქმნება ჭამის შემდეგ, აგრერთვე ვლინდება ბოყინი, გულისრევა, პერიოდულად ამოქაფება და ღებინება, რომელიც ავადმყოფს შვებას ჰგვრის.

12-გოჯა ნაწლავი

დიაგნოსტიკისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა გააჩნია რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. თორმეტგოჯა ნაწლავის ნებისმიერ ნაწილში საკონტრასტო ნივთიერების 35–40 წმ–ზე მეტად შეფერხება ფასდება როგორც დუოდენოსტაზის გამოვლინება. იშვიათად ფუნქციონალური მოტორული დარღვევები ვლინდება პერისტალტიკის გაძლიერებით და ნაწლავის შიგთავსის ევაკუაციის დაჩქარებით, რაც გამოიხატება საერთო სისუსტით, ძილიანობით, ოფლიანობით, გულის ფრიალით და დემპინგ– სინდრომის სხვა ნიშნებით.
თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები შესაძლებელია ატარებდნენ ანთებით ან არაანთებით ხასიათს. ყველაზე ხშირ ანთებით დაავადებას წარმოადგენს დუოდენიტი. იშვიათად გვხვდება თორმეტგოჯა ნაწლავის ტუბერკულოზი, რომელიც შეადგენს ნაწლავის ტუბერკულოზის ყველა შემთხვევის 3–4%, აგრეთვე აქტინომიკოზი, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება სხვა ორგანოებიდან თორმეტგოჯა ნაწლავზე პროცესის გავრცელების შედეგად. თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიაში ერთ–ერთი მთავარი ადგილი უკავია წყლულოვან დაავადებას.
სიმსივნეები  იშვიათად გვხვდება. ისინი შესაძლებელია იყვნენ როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი სიმსივნეები (ადენომა, ფიბროადენომა, მიომა, პაპილომა, ლიპომა, ნეიროფიბრომა, შვანომა) შეიძლება იყოს ერთეული და მრავლობითი. ისინი ხანგრძლივი  დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობენ, ხოლო დიდი ზომების მიღწევის შემთხვევაში კლინიკურად, ჩვეულებრივ, ვლინდებიან ნაწლავური გაუვალობის ან (სიმსივნის დაშლის შემთხვევაში) გასტროდუოდენალური სისხლდენის კლინიკური ნიშნებით. თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის მიდამოში სიმსივნის ლოკალიზაციის დროს ერთ–ერთ პირველ კლინიკური სიმპტომი შესაძლოა იყოს სიყვითლე. დიდი ზომის სიმსივნე შეიძლება პალპატორულადაც გაისინჯოს. ძირითად დიაგნოსტიკურ მეთოდებს წარმოადგენენ რელაქსაციური დუოდენოგრაფია და დუოდენოსკოპია დამიზნებითი ბიოფსიით. მკურნალობა ოპერაციულია – სიმსივნის ამოკვეთა, თორმეტგოჯა ნაწლავის რეზექცია ან დუოდენექტომია. მცირე ზომის პოლიპური წარმონაქმნების  მოცილება ხორციელდება დუოდენოსკოპიის მეშვეობით. პროგნოზი როგორც წესი, კეთილსაიმედოა.

დუოდენოსკოპია ავთვისებიანი სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება კიბო, იშვიათად – სარკომა. თორმეტგოჯა ნაწლავის კიბო უხშირესად ლოკალიზებულია ნაწლავის დაღმავალ ნაწილში. მიკროსკოპულად მას გააჩნია პოლიპის შესახედაობა ან მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს; ზოგჯერ ვლინდება ინფილტრაციული ფორმა ცირკულარული ზრდისადმი ტენდეციით. ჰისტოლოგიურად აღნიშნული სიმსივნე წარმოადგენს ადენოკარცინომას ან ცილინდრულუჯრედოვან სიმსივნეს, მეტასტაზირდება შედარებით გვიან, ძირითადად რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ღვიძლის კარში, პანკრეასში. შესაძლებელია მოხდეს პანკრეასში, განივ კოლინჯში მისი ჩაზრდა. ავადმყოფებს აღენიშნებათ ტკივილები ეპიგასტრიუმის მიდამოში, რომელიც ვითარდება საკვების მიღებიდან 4–5 საათის შემდეგ, ირადირებს მარჯვენა ნეკნქვეშა სივრცეში, აგრეთვე ვლინდება გულისრევა, ღებინება (ზოგჯერ სისხლის მინარევით), რომელსაც მოაქვს შვება, გასტროდუოდენალური სისხლდენის ნიშნები (კუპრისფერი განავალი, არტერიული წნევის დაქვეითება) დაავადებისათვის დამახასიათებელია წონაში პროგრესირებადი დაკლება, ანემია, ანორექსია, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ე.წ. კუჭ–ნაწლავის დისკომფორტი. თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის ინფილტრაციის შემთხვევაში ერთ–ერთ ყველაზე ტიპიურ სიმპტომს წარმოადგენს სიყვითლე.
დაავადების დიაგნოსტიკაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება რელაქსაციურ დუოდენოგრაფიას (ავსების დეფექტი, სანათურის ცირკულარული შევიწროება და ნაწლავის სუპრასტენოზური გაგანიერება, სიმსივნის დაწყლულების შემთხვევაში – ბარიუმის დეპო). სიმსივნის ადრეული აღმოჩენა შესაძლებელია დუოდენოსკოპიის და დამიზნებითი ბიოფსიის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში კეთდება დუოდენალური შიგთავსის ციტოლოგიური გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პანკრეასის თავის კიბოსთან. მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის მოცულობა დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე და გავრცელებაზე; თორმეტგოჯა ნაწლავის რეზექცია, დუოდენექტომია, პალიატიური ოპერაციები გასტროენტეროსტომია ქოლეცისტოენტეროსტომიასთან   ერთად. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

ოპერაციები. თორმეტგოჯა ნაწლავზე ოპერაციები კეთდება მისი რევიზიის (მაგ; მუცლის ტრავმის და პერიტონიტის მოვლენების დროს) აგრეთვე სამკურნალო მიზნით სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს (წყლული, დივერტიკული, გასტროინტესტინალური სისხლდენები, უცხო სხეულები, გაუვალობა, დაზიანებები, განვითარების მანკები, სიმსივნეები).
დუოდენოტომია – თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურის გახსნა გამოიყენება ნაწლავის შიგნითა ზედაპირის და ღრუს დათვალიერების მიზნით. ის აგრეთვე წარმოადგენს სხვა ოპერაციების შემადგენელ ნაწილს. დუოდენოტომია კეთდება განივი (მუცლის წინა კედელზე) და სიგრძივი მიმართულებით. ამასთან ორივე შემთხვევაში ნაწლავის გაკერვა ხდება განივი მიმართულებით მისი სანათურის შევიწროების თავიდან აცილების მიზნით.
პაპილექტომია – თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის გაკვეთა; კეთდება კეთილთვისებიანი სიმსივნეების (მაგ; პაპილომების), აგრეთვე აღნიშნული მიდამოს ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული სტადიების დროს. დუოდენოტომიის შემდგომ ხდება დიდი დვრილის მიდამოში თორმეტგოჯა ნაწლავის  ლორწოვანი გარსის გაკვეთა და მობილიზება. დუოდენოტომიური ხვრელის გზით ხორციელდება დიდი დვრილის გამოტანა მასში ჩამავალი ნაღვლის საერთო სადინარით და პანკრეასის სადინარით, ხდება სადინარების გამოცალკავება, მათი გადაკვეთა და მიკერება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსთან.
პაპილოტომია – თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის შესართავის გაკვეთა; ხორციელდება მასში ჩაჭედილი კენჭების მოცილების მიზნით. დუოდენოტომიის შემდეგ ხდება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაკვეთა დიდი დვრილის შესართავის მიდამოში, რის შემდეგაც ხორციელდება ჩაჭედილი კენჭის მოცილება. გაკვეთილი ლორწოვანი გარსის კიდეები ეკერება თორმეტგოჯა ნაწლავის კედელს შესათავის მიდამოში.
სფინქტეროტომია– ოდის სფინქტერის გაკვეთა. ნაჩვენებია სფინქტერის ნაწიბუროვანი ცვლილებების, მისი კუნთების სკლეროზის, მასში კენჭის ჩაჭედვის დროს. დუოდენოტომიის შემდეგ ხდება თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის უბნის გაკვეთა სამკუთხედის ფორმით (შესართავის ფუძეში) და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიკერება ნაღვლის საერთო სადინრის ლორწოვან გარსთან.
დუოდენექტომია – თორმეტგოჯა ნაწლავის მოცილება; ჩვეულებრივ წარმოადგენს პანკრეატოდუოდენოქტომიის ერთ–ერთ ეტაპს, რომელიც კეთდება კიბოს, აგრეთვე თორმეტგოჯა ნაწლავის კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს. ოპერაციის პროცესში ხორციელდება ბუშტ–წვრილი ნაწლავის ანასტომოზის ფორმირება, პანკრეასის სადინრის იმპლანტაცია წვრილი ნაწლავის მარყუჟში. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გამავლობის აღდგენა ხორციელდება გასტროენტეროანასტომოზის ფორმირების გზით.
მრავალი ოპერაცია დაკავშირებულია ანასტომოზების ფორმირებასთან თორმეტგოჯა ნაწლავსა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოებს შორის. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან გასტროდუოდენოსტომია – ანასტომოზი კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს  შორის (გამოიყენება მაგ; წყლულოვანი დაავადების დროს) ჰეპატიკოდუოდენოსტომია – ანასტომოზი ღვიძლის საერთო სადინარსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის (კეთდება ნაწიბუროვანი შევიწროების, ნაღვლის საერთო სადინრის დაზიანების ან კიბოს დროს). ჰეპატოდუოდენოტომია – ანასტომოზი ღვიძლშიდა სანაღვლე სადინარსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის (გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი ჰეპატიკოდუოდენოსტომია შეუძლებელია), ქოლედოქოდუოდენოსტომია – ანასტომოზი ნაღვლის ბუშტსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის (გამოიყენება ნაღვლის საერთო სადინრის გაუვალობის დროს, მაგ; ტრავმის, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების არსებობის და სხ. შედეგად.
თორმეტგოჯა ნაწლავზე ყველა ოპერაცია კეთდება ზოგადი გაუტკივარებით. ოპერაციული მიდგომისთვის გამოიყენება ზედა–შუა ლაპარატომია.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.