პლევრა

ლალი დათეშიძე

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

პნევმოთორაქსიპათოლოგია. ყველაზე გავრცელებული პათოლოგიებია ინფექციური ან არაინფექციური გენეზის პლევრის ანთებითი პროცესები, რომელთაც თან სდევთ პლევრის ღრუში ანთებითი გამონაჟონის – ექსუდატის, მათ შორის ჩირქოვანი ექსუდატის (პლევრის ემპიემა), დაგროვება. პლევრის ღრუში შესაძლებელია დაგროვდეს არაანთებითი ხასიათის გამონაჟონი – ტრანსუდატი. პლევრის მთლიანობის დარღვევის დროს პლევრის ღრუში შესაძლებელია ფიქსირდებოდეს აირი, სისხლი. ზოგჯერ (ძირითადად გულმკერდის ლიმფური სადინრის დაზიანების დროს) პლევრის ღრუში გროვდება ლიმფა – ქილოთორაქსი. >>>
განვითარების მანკები. პლევრის თანდაყოლილი კისტები იშვიათად გვხვდება, უხშირესად მათი კედლები შედგება ეპითელური უჯრედებისგან (ეპითელური კისტები), იშვიათად, მათ შემადგენლობაში, ხდება ხრტილოვანი უჯრედების აღმოჩენა, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს კისტის ბრონქულ წარმომავლობაზე. კლინიკური სიმპტომატიკა ჩვეულებრივ არ აღინიშნება. დიაგნოზის დადგენა ხორციელდება რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პლევრის პარაზიტულ კისტებთან. მკურნალობა ოპერაციულია. პროგნოზი კეთილსაიმედო.
პლევრის საზღვრების ცვლილებები დამატებითი ნაოჭების წარმოქმნით, ჩვეულებრივ შეესაბამება ფილტვების წილოვანი და სეგმენტური დაყოფის ანომალიებს და დამოუკიდებელი კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
დაზიანებები. პლევრის დახურული დაზიანებები უხშირესად ვითარდება გულმკერდის კონტუზიის ან მასზე ზეწოლის დროს. პარიესული, ზოგჯერ კი ვისცერული პლევრის გასკდომა წარმოადგენს ნეკნების ღია დაზიანებების შედეგს და ვლინდება სხვადასხვა ხარისხის ჰემოთორაქსით, რომელიც უხშირესად გაიწოვება, თუმცა შესაძლებელია დაჩირქდეს კიდეც. აუსკულტაციურად დასაწყისში სისხლის დაგროვების უბანში მოისმინება შესუსტებული სუნთქვა, მოგვიანებით კი პლევრის ხახუნის ხმიანობა. მკურნალობა კონსერვატიულია მასიური ან/და ჩირქოვანი ჰემოთორაქსის შემთხვევების გარდა. პროგნოზი უხშირესად კეთილსაიმედოა. ვისცერული პლევრის გახეთქვა, რომელსაც თან სდევს პლევრის ღრუში ჰაერის შესვლა, შეიძლება აღინიშნებოდეს ფილტვებში მიმდინარე ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის დროს, მაგ., ბულოზური ემფიზმის (სპონტანური პნევმოთორაქსი) შემთხვევაში.
პლევრის ღია დაზიანებები გამოიხატება პნევმოთორაქსით; გულმკერდის შემხები და ბრმა დაზიანებებისას, პროცესში პარიესული პლევრის ჩართვის პარალელურად ვითარდება პლევრიტი, რომელსაც თან სდევს პლევრის ღრუში სითხის დაგროვება. ნეკნების და ნეკნთაშუა სისხლძარღვების დაზიანებებით მიმდინარე პარიესული პლევრის დაზიანებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰემოთორაქსი, სუნთქვის და გულ–სისხლძარღვთა უკმარისობა, ტკივილისმიერი შოკი. შესაძლებელია წარმოიქმნას ექსტრაპლევრული ჰემატომები, რომელთა დიფერენცირებაც აუცილებელია ჰემოთორაქსთან. დიაგნოზის დაზუსტება ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით და პლევრის დიაგნოსტიკური პუნქციის საშუალებით. მკურნალობა ტარდება ქირურგიულ სტაციონარში. პლევრის ღრუდან ჰაერის და სისხლის ევაკუაციის მიზნით გამოიყენება პლევრის პუნქცია, დრენირება. პლევრის ღრუში მიმდინარე სისხლდენის და/ან პლევრის დეფექტის სპონტანურად დახურვის შეუძლებლობის შემთხვევებში კეთდება ოპერაცია (პლევრის ღრუს გახსნა, ლიგატურების და ნაკერების დადება) პლევრის ღრუს შემდგომი დრენირებით. პროგნოზი დამოკიდებულია ტრავმის ხასიათზე, სამკურნალო ღონისძიებების დროულ ჩატარებაზე და მათ ეფექტურობაზე.

პნევმოთორაქსი

პლევრის პარაზიტული დაზიანებები უხშირესად მეორადი ხასიათისაა; ისინი ვლინდებიან ამებიაზის, ექინოკოკოზის, პარაგონიმოზის დროს. ამებიაზზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია მარჯვენა პლევრის ღრუში გაურკვეველი მიზეზით სითხის დაგროვების შემთხვევაში. ამებიაზით დაავადებულებში მარჯვენა პლევრის ღრუში სითხე შესაძლოა გაჩნდეს ღვიძლის აბსცესის დროს დიაფრაგმის და დიაფრაგმული პლევრის რეაქციის (პერიფოკალური გამონაჟონი) ან დიაფრაგმაში აბსცესის გახსნის შედეგად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პლევრის ღრუს შიგთავსი წარმოადგენს სისხლს ღვიძლის ქსოვილის დაშლილი ნაწილაკებით. პლევრის გამონაჟონის წარმოქმნის შემთხვევაში წარმოიქმნება ტკივილი გულმკერდის არეში ირადიაციით მხარში ან ბეჭის ზედა ნაწილში, დაზიანების მხარეს, აღინიშნება ქოშინი. რენტგენოგრამაზე ვლინდება ზომიერი რაოდენობით პლევრული გამონაჟონი, დიაფრაგმის თაღის მაღლა დგომა, არც თუ იშვიათად დისკოიდური ატელექტაზი ფილტვის ქვემო წილის ბაზალურ სეგმენტებში. ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ ღვიძლის აბსცესი. ამებიაზის დადასტურების მიზნით კეთდება იმუნოფლუროსცენციიის და ჰემაგლუტინაციის რეაქციები. მკურნალობის მიზნით პარენტერალურად ხდება მეტრონიდაზოლის ან ემეტინის ჰიდროქლორიდის შეწყვანა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ექინოკოკოზის შემთხვევაში იშვიათია პლევრის პირველადი დაზიანება, კისტების განვითარებით. უხშირესად ადგილი აქვს პლევრის ღრუში ღვიძლის ან ფილტვების ჰიდატიური კისტების გახსნის შედეგად პლევრის მეორად მოთესვას. პლევრის ღრუში კისტის გახსნას თან სდევს მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში, არც თუ იშვიათად აღინიშნება ხველა ჭარბი ნახველით, რომელიც შეიცავს კისტის გარსებს, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ჰიდროპნევმოთორაქსიც. ექინოკოკოზის დიაგნოზის დადასტურება ხდება პლევრის ღრუში ან პლევრის ბიოპტატში სკოლექსების აღმოჩენით, აგრეთვე ლატექს–აგლუტინაციის, არაპირდაპირი ჰემაგლუტინაციის დადებითი რეაქციების დახმარებით. მკურნალობა ოპერაციულია. პროგნოზი დამოკიდებულია პროცესის გავრცელებაზე და თანდართულ გართულებებზე.
პლევრის პარაგონიმოზი ვითარდება პლევრის ღრუში დაავადების გამომწვევის მოხვედრის შედეგად; დაავადება ხასიათდება პლევრული ექსუდატის წარმოქმნით გლუკოზის დაბალი შემცველობით და ლაქტატდეჰიდროგენაზას მაღალი აქტივობით. საბოლოო დიაგნოზის დადგენა ხდება პლევრულ გამონაჟონში, ნახველში, განავალში პარაზიტის კვერცხების აღმოჩენის შემდეგ. მკურნალობის მიზნით გამოიყენება პრაზიკვანტელი. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ნაწიბუროვან–სკლეროზული, დისტროფიული და ფიბროზული ცვლილებები. პლევრის ანთებამ, ტრავმამ (მათ შორის ოპერაციულმაც) შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბუროვან–სკლეროზული ცვლილებების – პლევრის შეხორცებების განვითარება. პლევრის გავრცელებული ნაწიბუროვან–სკლეროზული ცვლილებების განვითარება (ფიბროთორაქსი) იწვევს ფილტვების სუნთქვითი ექსკურსიის შეზღუდვას, ფილტვისმიერი ვენტილაციის და სისხლმომარაგების დაქვეითებას. ფიბროზული ქსოვილის ორგანიზაციის მეშვეობით წარმოქმნილ შემაერთებელქსოვილოვან, მასიურ ნაწიბუროვან დაშრევებებს (შვარტებს) შესაძლებელია თან სდევდეს ფილტვის შეჭმუხვნა (პლევროპნევმოციროზი); ამასთან აღინიშნება გულმკერდის დეფორმაცია, ჩასუნთქვის დროს მისი ერთი ნახევრის უმოძრაობა ან ჩავარდნა, სუნთქვის გამოხატული უკმარისობა, ყალიბდება ფილტვისმიერი გული. მკურნალობის ერთადერთი მეთოდია ფილტვის დეკორტიკაცია.
პლევრის დისტროფიულ ცვლილებებს მიეკუთვნებიან პლევრული ფოლაქები (ჰიალინიზირებული ფიბროზული ქსოვილის დაშრევება) და პლევრის კალციფიკაცია (ჩაკირვა). პლევრული ფოლაქები შესაძლებელია აღინიშნებოდეს ასბესტოზის დროს, შესაძლებელია მოხდეს მათი კალციფიკაცია (ასბესტთან მუშაობის დაწყებიდან 40 წლის შემდეგ პლევრული ფოლაქების ჩაკირვა ვლინდება დაახლოებით ავამდოყფთა 1/3–ში). პლევრის შემოფარგლული კალციფიკაცია შესაძლებელია აგრეთვე გამოვლინდეს ტალკით, ქარსით, ბაკელიტით, კირით, კალით და კვარცით გამოწვეული პნევმოკონიოზების დროს. პლევრის დიფუზური კალციფიკაციის (ე.წ. პანცირული ფილტვი) მიზეზი შეიძლება გახდეს ხანგრძლივი ანთებითი პროცესი ჰემოთორაქსის, პლევრის ემპიემის ან ტუბერკულოზური შესქელებული ვისცერალური პლევრის შიგნითა ზედაპირზე. პლევრის გამოხატული ნაწიბუროვან–სკლეროზული და დისტროფიული ცვლილებების დროს, ფილტვის ქსოვილის გავრცელებული ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს პლევრის დაზიანებული უბნების მოცილება ოპერაციული გზით. დროული მკურნალობის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
პლევრის სიმსივნეები იშვიათად გვხვდება; ისინი შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. სიმსივნურმა პროცესმა შესაძლებელია დააზიანოს პარიესული და ვისცერული პლევრის ყველა ნაწილი, თუმცა უხშირესად ზიანდება უკანა–ლატერალური ნაწილები. სიმსივნე, როგორც წესი, მეზოთელიურია, თუმცა შეიძლება იყოს შემაერთებელქოვილოვანი, აგრეთვე შესაძლებელია შედგებოდეს სისხლძარღვების და ლიმფური სადინრების ენდოთელიუმისგან. ზოგჯერ, სიმსივნეები შეიძლება ჩამოყალიბდეს სუბპლევრული შემაერთებელი ქსოვილიდან; ასეთი სიმსივნეები უკვე ადრეულ სტადიებზე აზიანებენ პლევრას და პლევრის პირველადი სიმსივნეებისგან მათი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
პლევრის კეთილთვისებიანი სიმსივნეები წარმოდგენილნი არიან ფიბროზული ტიპის მეზოთელიომით, ფიბრომით, ანგიომით, ლიპომით, ლეიომიომით, ლიმფანგიოენდოთელიომით და სხ. ისინი იზრდებიან მკვეთრად შემოფარგლული კვანძების სახით, ზოგჯერ ფეხზე არიან განლაგებულნი და, შესაბამისად, გააჩნიათ საკმაოდ კარგი მოძრაობის უნარი. პლევრის კეთილთვისებიანი სიმსივნეების კლინიკური გამოვლინებები საკმაოდ ღარიბია; ისინი ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნე აღწევს დიდ ზომებს, გადანაცვლებულია გულმკერდის და შუასაყრის ორგანოები, რაც იწვევს ტკივილს, ქოშინს, შეზღუდვის შეგრძნებას გულმკერდის არეში. როგორც წესი, პლევრის კეთილთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტირება ხორციელდება რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეშვეობით. მათ რენტგენოლოგიურ ნიშანს წარმოადგენს ნახევრად მრგვალი ან ოვალური ფორმის, ინტენსიური, ერთგვაროვანი ჩრდილი, რომელიც ფართო ფუძით ესაზღვრება ნეკნის კიდეს ან, იშვიათად, შუასაყრის ან დიაფრაგმის ჩრდილს; ჩრდილი ჩვეულებრივ მკაფიო მოხაზულობისაა; ნეკნთა კიდეებთან წარმოქმნილი კუთხეები – ყრუ.
თუკი სიმსივნე წარმოქმნილია პარიესული პლევრისგან, სუნთქვის აქტის დროს ხდება მისი ადგილმდებარეობის ცვლილება ნეკნებთან ერთად. ვისცერული პლევრისგან წარმოქმნილი სიმსივნე სუნთქვის დროს მოძრაობს ფილტვის ქსოვილთან ერთად. თუკი სიმსივნის მიდამოში პლევრის ფურცლები შეხორცებულია, სუნთქვის დროს ახალწარმონაქმნი მოძრაობს ნეკნებთან ერთად. პლევრის კეთილთვისებიანი სიმსივნეეების ნელი ზრდის გამო, რენტგენოლოგიური გამოკვლევით მათი ზომები დინამიკაში უმნიშვნელოდ მატულობს. პლევრის ღრუში ექსუდატი იშვიათად ჩნდება, თუმცა მისი არსებობა არ გამორიცხავს ახალწარმონაქმნის კეთილთვისებიან ხასიათს. ნეკნების სტრუქტურა, რომელთაც ესაზღვრება კეთილთვისებიანი სიმსივნე, ჩვეულებრივ უცვლელია. აღნიშნული სიმსივნეები შესაძლებელია წარმოიქმნან პლევრის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა შედარებით უფრო ხშირად მათი აღმოჩენა შესაძლებელია ლეტერალურ ნაწილებში. ყველაზე რთულია გულის ჩრდილის უკან ლოკალიზებული სიმსივნის დიაგნოსტირება.
პლევრის კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის დაზუსტება შესაძლებელია თორაკოსკოპიის დროს ბიოფსიასთან ერთად, აგრეთვე ახალწარმონაქმნის პუნქციის და მიღებული მასალის ციტოლოგიური გამოკვლევის შედეგად. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პლევრის კეთილთვისებიანი სიმსივნის პუნქციური ბიოფსიის დროს ასეთი სახის სიმსივნეების მაღალი სიმკვრივის გამო უჯრედული სუბსტრატის მიღება ყოველთვის ადვილი არ არის. უპირველეს ყოვლისა, პლევრის კეთილთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება საჭიროა პლევრის და ფილტვების ავთვისებიან სიმსივნეებთან, ძირითადად, ფილტვის პერიფერიულ კიბოსთან, აგრეთვე შემოფარგლულ პლევრიტთან.
პლევრის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მათი მალიგნიზაციის თავიდან აცილების, აგრეთვე გულმკერდის ღრუს ორგანოებზე ზეწოლის და მათი ფუნქციის დარღვევის გამო, საჭიროებენ ოპერაციულ ჩარევას.
პლევრის ავთვისებიანი სიმსივნეები იყოფიან პირველადად და მეორადად (მეტასტაზური). პლევრაში ყველაზე ხშირად მეტასტაზირებას განიცდის ფილტვის ჯირკვლოვანი და არადიფერენცირებული კიბო, საკვერცხეების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების კიბო. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, აღინიშნება პლევრის მრავლობითი დაზიანება. ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლელები გვეხმარება დაზუსტდეს დიაგნოზი და გაადვილდეს პირველადი კერის პოვნა.
პლევრის პირველადი სიმსივნეების ზრდის მიხედვით იყოფიან დიფუზურ და ლოკალიზებულ სიმსივნეებად (უხშირესად გვხვდება დიფუზური). ჰისტოლოგიურად აღნიშნული სიმსივნეები წარმოადგენენ მეზოთელიომას. პლევრის ავთვისებიანი სიმსივნეები თანაბარი სიხშირით გვხვდება როგორც კაცებში, ასევე ქალებში, ნებისმიერ ასაკში და გამოირჩევიან სწრაფი პროგრესირებით.
დაავადების ადრეულ სტადიებზე, როდესაც შესაძლებელია ჩატარდეს რადიკალური ოპერაციული მკურნალობა, კლინიკური სურათი ძალიან ღარიბია, ამიტომაც აღნიშნულ სტადიებზე პლევრის სიმსივნეების აღმოჩენა უხშირესად შემთხვევით ხდება. ჩვეულებრივ პირველ კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენენ ტკივილები გულმკერდის არეში სუნთქვის დროს და ტემპერატურის მომატება. დაავადების მოგვიანებით სტადიებზე კლინიკა დამოკიდებულია პირველადი კერის ლოკალიზაციაზე, რომელიც შესაძლებელია მდებარეობდეს მედიასტინურ, დიაფრაგმულ, ნეკნების პლევრაში, მათ შორის ფილტვის მწვერვალის მიდამოში. როგორც წესი, პლევრის ღრუში აღინიშნება ატიპიური უჯრედების შემცველი ჰემორაგიული ან სეროზულ–ჰემორაგიული ექსუდატის სწრაფი დაგროვება.
პლევრის ექსუდატის ევაკუაციის შემდეგ ის კვლავ გროვდება. ექსუდატით პლევრის ღრუს ამოვსების გამო დაზიანების მხარეს გულმკერდი გამობურცულია. ნეკნთაშუა სივრცეებში და ღრმად გულმკერდის ქსოვილებში სიმსივნის დიფუზური გავრცელების შედეგად აღინიშნება მისი რიგიდობა, სუნთქვის დროს ნეკნთაშუა სივრცეების ჩავარდნა. შესაძლებელია მოხდეს სიმსივნის ჩაზრდა ფილტვის ქსოვილში, შუასაყარში, დიაფრაგმაში. ყველაზე ხშირად და ნაადრევად მეტასტაზები ვლინდება ფილტვის ფესვის და შუასაყრის ლიმფურ კვანძებში. შუასაყრის ლიმფურ კვანძებში სიმსივნის მეტასტაზირების შემთხვევაში ვითარდება ე.წ. მედიასტინური სინდრომი: სისავსის და ზეწოლის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, გამჭოლი ტკივილები, შუასაყრის ორგანოების კომპრესიის შედეგად მათი ფუნქციების დარღვევის ნიშნები. შორეული მეტასტაზები იშვიათად გვხვდება. პლევრის ავთვისებიან სიმსივნეს შესაძლოა თან სდევდეს გრძელი ლულოვანი ძვლების ჰიპეროსტოზი.
რენტგენოლოგიურად აღინიშნება პლევრის მასიური ფირფიტოვანი ან არათანაბარი ბორცვოვანი შესქელება; შემდგომში, ფილტვის ველის პერიფერიაზე ხშირად ვლინდება მრავლობითი კვანძები. იქიდან გამომდინარე, რომ უხშირესად, დიდი რაოდენობით ექსუდატის დაგროვების გამო, პლევრის ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენა ვერ ხერხდება, რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ატარებენ პლევრის წინასწარი პუნქციის შემდეგ. პლევრის ავთვისებიანი სიმსივნის დროს პლევრული ექსუდატის დამახასიათებელ რენტგენოლოგიურ ნიშანს წარმოადგენს შუასაყრის ჩრდილის ცდომის არარსებობა ან მისი უმნიშვნელო ცდომა ჯანმრთელ მხარეს. ეს აიხსნება პლევრული და პერიკარდიული შეხორცებების განვითარებით, აგრეთვე ფილტვის ქსოვილში სიმსივნის ჩაზრდით, რაც იწვევს მის შეჭმუხვნას. რენტგენოგრამაზე ნეკნების დესტრუქციის აღმოჩენა აადვილებს დიაგნოსტიკას.
იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკურ–რენტგენოლოგიური ნიშნებით პლევრის ავთვისებიანი სიმსივნე შესაძლოა ჰგავდეს შუასაყრის და დიაფრაგმის სიმსივნეებს, ფილტვის პერიფერიულ კიბოს (პანკოსტის სიმსივნე), გახანგრძლივებულ ექსუდაციურ პლევრიტს, მათ შორის ტუბერკულოზურ, შემოფარგლულ პლევრიტს, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია, რეტგენოლოგიური გამოკვლევა ხელოვნური პნევმოთორაქსის პირობებში, სიმსივნის ტრანსთორაკალური პუნქცია მიღებული მასალის შემდგომი ციტოლოგიური კვლევით, პლევრული ექსუდატის ციტოლოგიური გამოკვლევა. მართებული დიაგნოზის დასმას შესაძლოა ხელი შეუწყოს თორაკოსკოპიამ. განსაკუთრებულად რთულ შემთხვევებში დაავადების დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ თორაკოტომიას.
პლევრის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ოპერაციულია; აღნიშნული მკურნალობა ძირითადად ეფექტურია ლოკალიზებული სიმსივნის შემთხვევაში. დიფუზური სიმსივნის და გულმკერდის ღრუზე და დიაფრაგმაზე მისი მნიშვნელოვნად გავრცელების შემთხვევაში კეთდება პლევროპნევმონექტომია გულმკერდის კედლის რეზექციით. უხშირესად მრავლობითი დაზიანებების გამო რადიკალური ოპერაციული მკურნალობა შეუძლებელია, ასეთ შემთხვევბში ინიშნება მხოლოდ ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. თუკი შესაძლებელია რადიკალური ოპერაციის გაკეთება, მკურნალობის ეფექტი, როგორც წესი, ხანმოკლეა, შორეული შედეგები არადამაკმაყოფილებელია. ოპერაციული მკურნალობის უკუჩვენების დროს (ავადმყოფის მძიმე ზოგადი მდგომარეობა, სიმსივნის გავრცელებული მეტასტაზირება და ა.შ.) ექსუდატის ასპირაციის შემდეგ პლევრის ღრუში შეყავთ თიოფოსფამიდი. ზოგჯერ ეს ხელს უშლის ექსუდატის დაგროვებას. სხვა შემთხვევებში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
პლევრის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევებში პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, რასაც, დაავადებასთან ერთად, ხელს უწყობს ექიმთან ავადმყოფის გვიან მიმართვა და პათოლოგიურ კერაში დაავადების შედეგისთვის არაკეთილსასურველი ანატომიური ურთიერთდამოკიდებულება.

ოპერაციები. ფილტვის დეკორტიკაცია – ფილტვის ზედაპირიდან ნაწიბუროვანი ნადებების მოცილება, რომლებიც ხელს უშლიან მის სრულად გაშლას – კეთდება პლევრის ქრონიკული, იშვიათად ქვემწვავე ემპიემის, ხანგრძლივად არსებული პნევმოთორაქსის დროს, რასაც თან სდევს კოლაბირებული ფილტვის რიგიდობა. ოპერაციის ზონაში ნაწიბუროვან ქსოვილთან ერთად ხდება ვისცერული პლევრის მოცილება, რის გამოც უაღრესად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას სათანადო აეროსტაზი და პლევრის ღრუს ადექვატური დრენირება.
პნევმოლიზი – შეხორცებებიდან ფილტვის განთავისუფლება ოპერაციული გზით – როგორც წესი, წარმოადგენს ფილტვებზე და გულმკერდის სხვა ორგანოებზე ჩასატარებელი ოპერაციების ერთ–ერთ ეტაპს.
პლევრექტომია – ჩირქოვანი ღრუს კედლების წარმომქმნელი პარიესული და ვისცერული პლევრის ფურცლების ამოკვეთა – ტარდება სხვადასხვა ეტიოლოგიის (მათ შორის ტუბერკულოზური) პლევრის ქრონიკული ემპიემის დროს.


გაგრძელება იხ. >>>>