ადენოფლეგმონა

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ადენოფლეგმონა – ლიმფური კვანძების ირგვლივი უჯრედისის ჩირქოვანი ანთება; წარმოადგენს მწვავე ლიმფადენიტის გართულებას.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ადენოფლეგმონა – ეტიოლოგია

ადენოფლეგმონა ვითარდება აბსცედირებული ლიმფური კვანძისაგან. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს დაზიანებული კბილები, ასევე შეიძლება განვითარდეს ტრავმული დაზიანების, ასეპტიკის წესების დარღვევის შედეგად. დაახლოებით ბავშვთა ერთ მესამედში სახის არეში ფლეგმონის არსებობისას დიაგნოსტირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, მწვავე ბრონქიტი, პნევმონია, მწვავე ოტიტი, ექსუდაციური დიათეზი და ა.შ.

ადენოფლეგმონა ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში – ორი თვიდან ზევით. ადენოფლეგმონის ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა კისრის, ყბისქვეშა, ნიკაპისქვეშა და ყურის მიდამო. დაშლის პროდუქტებისა და ტოქსინების ინტენსიური შეწოვის  შედეგად ბავშვის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება.

ადენოფლეგმონა – კლინიკური სურათი

ადენოფლეგმონისათვის დამახასიათებელია ადინამიურობა, მკვეთრი სისუსტე, ოფლიანობა. აღინიშნება სწრაფად მზარდი ინტოქსიკაციის  ნიშნები და გამოხატული ადგილობრივი ცვლილებები: შეშუპება ერთ ან რამდენიმე ანატომიურ უბანში ცენტრში მკვეთრი ჰიპერემიით. შეშუპებული უბანი მტკივნეულია, მკვრივი კონსტიტენციის, ფლუქტუაციის ნიშნებით. შეინიშნება კანსა და ლორწოვან გარსებზე მრავლობითი წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები, რომლებიც მიდრეკილია შეერთებისაკენ.

ადენოფლეგმონა – დიაგნოსტიკა

ადენოფლეგმონის დიაგნოზის დასმისას აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ოსტეოფლეგმონასთან (ოსტეომიელიტის დროს განვითარებულ ფლეგმონასთან), პერიადენიტთნ, ანთებით ინფილტრატთან. სიძნელეს წარმოადგენს ადენოფლეგმონის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიებზე, როდესაც ერთი ნოზოლოგიური ფორმა (მაგალითად,პერიადენიტი) არანამკურნალებ შემთხვევაში გადადის მეორეში. მთავარი ასეთ შემთხვევაში არის ანთების ხასიათის განსაზღვრა, ჩირქოვანია თუ არა. უკიდურესად  მნიშვნელოვანია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ოსტეოფლეგმონასთან, რადგანაც განსხვავდება ფლეგმონის სხვადასხვა ფორმის დროს ქირურგიული მიდგომა.

ადენოფლეგმონა –  მკურნალობა

ადენოფლეგმონის მკურნალობა ეყრდნობა გადაუდებელი დახმარების პრინციპებს. ბავშვების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილია ჩატარდეს ზოგადი გაუტკივარებით. თუ ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაზიანებული კბილი, ნაჩვენებია ან მისი მოცილება ან არხის გახსნა.

რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევას,  განსხვავებულია მიდგომა  ადენოფლეგმონისა და ოსტეოფლეგმონის დროს. ადენოფლეგმონის დროს ხშირ  შემთხვევაში  კანის გაკვეთა საკმარისია, ჩირქოვანი შიგთავსი კი გამოიდევნება ზეწოლით, ამასთან არ საჭიროებს რევიზიას, ოსტეოფლეგმონის შემთხვევაში  კი განაკვეთი ძვლისაზრდელამდეც კი ტარდება, ამასთან საჭიროა რევიზია და დრენირება. ქირურგიულ ჩარევასთან ერთად  ტარდება ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული და ჩვენების მიხედვით – დეზინტოქსიკაციური თერაპია. მკურნალობა ხორციელდება  სტაციონარის პირობებში.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.