მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ლაპარასკოპიული გამოკვლევაგამოკვლევის მეთოდები. ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დიაგნოსტიკაში ანამნეზის, ტკივილის ხასიათის, ლოკალიზაციის და ირადიაციის შესწავლის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოკვლევის ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ და ინსტრუმენტულ მეთოდებს.
დუოდენალური ზონდირება საშუალებას იძლევა შეფასდეს ნაღვლის ბუშტის ტონუსი და მოტორულ–ევაკუაციური ფუნქცია, დადგინდეს ბუშტში არსებული მიკროფლორის ხასიათი, სიმსივნური უჯრედების, პარაზიტების არსებობა, ნაღვლის ქიმიური შემადგენლობა და ფიზიკური თვისებები. 
კლინიკური სურათიდან და სავარაუდო დიაგნოზიდან გამომდინარე გამოიყენება შესაბამისი რენტგენოლოგიური მეთოდები – მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, გამოკვლევები რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების გამოყენებით (ქოლეცისტოგრაფია, ქოლეგრაფია, ცელიაკო– და ჰეპატოგრაფია), აგრეთვე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კონტრასტული გამოკვლევა. რენტგენოსკონტრასტული მეთოდების საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს ნაღვლის ბუშტის სხვადასხვა ვარიანტები და განვითარების მანკები, აგრეთვე მისი უჩვეულო მდებარეობა, ნაკეცების და ჭიმების არსებობა.
ქოლეცისტოგრაფია საშუალებას იძლევა შეფასდეს ნაღვლის ბუშტის კენჭების ზომა, მათი ფორმა, რაოდენობა, განლაგება; თუკი კენჭები შეიცავენ კალციუმის მარილებს მათი აღმოჩენა შესაძლებელია მიმოხილვითი რენტგენოგიური გამოკვლევის დროსაც. ქოლეცისტიტის დროს დგინდება ნაღვლის ბუშტის ზომების გადიდება ან შემცირება, მისი დეფორმაცია, აგრეთვე ბუშტის ბლოკირება (გამოთიშული ნაღვლის ბუშტი). ეს უკანასკნელი პათოლოგია შესაძლებელია განპირობებული იყოს კენჭით, ნაწიბურებით და სხ. ნაღვლის ბუშტის სადინრის ობტურაციით. არაკალკულოზური ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის დროს სერიული ქოლეცისტოგრაფიის საშუალებით ვლინდება ნაღვლის ბუშტის მოტორული და კონცეტრაციული ფუნქციების დარღვევა. ნაღვლის შიგნითა ფისტულის აღმოჩენა ხდება ზოგიერთი რენტგენოლოგიური ნიშნის მიხედვით: ნაღვლის ბუშტში ან სანაღვლე სადინრებში აირების არსებობა, კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან რენტგენოკონტრასტული ნივთიერების მოხვედრა ნაღვლის ბუშტში ან სანაღვლე სადინრებში და სხ. ფისტულოგრაფიის მეშვეობით ნაღვლის გარე ფისტულის შემთხვევაში შესაძლებელია აღმოვაჩინოთ მისი წყარო, მიმართულება, შევაფასოთ სანაღვლე სადინრების მდგომარეობა. ქოლესტეროზის დროს ნაღვლის ბუშტის ჩრდილის ფონზე ვლინდება ავსების მცირე ზომის, ცდომილი დეფექტები, რომლების განლაგებულნი არიან კედლის გაყოლებაზე. ნაღვლის ბუშტის კიბოს დიაგნოსტირება ხორციელდება ქოლეცისტოგრაფიის დროს ავსების დეფექტის არსებობით; მოგვიანებით სტადიებში ცელიაკო– ან ჰეპატოგრაფიის საშუალებით აღინიშნება დამატებითი, ე.წ. სიმსივნური სისხლძარღვები, რომლებიც გამოდიან ნაღვლის ბუშტის არტერიიდან, ამ უკანასკნელის გაგანიერება, ერთ–ერთი არტერიული ტოტის ამპუტაცია.
რადიოიზოტოპური გამოკვლევა (რადიოქოლეცისტოგრაფია) ხორციელდება სკანირების და დინამიკური სცინტიგრაფიის მეშვეობით. რადიოფარმაცევტული პრეპარატის ინტრავენური შეყვანის შემდეგ ის გამოიყოფა ნაღველთან ერთად და გროვდება ნაღვლის ბუშტში. რადიონუკლიდის გამოსხივების რეგისტრაცია საშუალებას იძლევა შეფასდეს ნაღვლის ბუშტის ტოპოგრაფია, ფორმა და ზომა. ნაღვლის ბუშტის სადინრის გაუვალობის შემთხვევაში რადიოფარმაცევტული პრეპარატი არ ხვდება ნაღვლის ბუშტში – გამოთიშული ნაღვლის ბუშტი. დინამიკური სცინტიგრაფია საშუალებას იძლევა დინამიკაში ინახოს ნაღვლის ბუშტში ნაღვლის მოხვედრის და მისგან გამოყოფის პროცესი, რასაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია ნაღვლის ბუშტის დისკინეზიების დიაგნოსტიკაში.
ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოგრაფია) წარმოადგენს მეტად ინფორმაციულ მეთოდს ნაღვლის ბუშტის დაავადებების დიაგნოსტიკაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა მეთოდები არაეფექტურები არიან ან მათი გამოყენება უკუნაჩვენებია (გამოთიშული ნაღვლის ბუშტი, მექანიკური სიყვითლე, მომატებული მგრძნობელობა იოდის პრეპარატების მიმართ). ექოგრაფია ყველაზე ინფორმაციულია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს. მისი საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს ნაღვლის ბუშტის ზომებში მომატება მექანიკური სიყვითლის დროს, რაც განპირობებულია კენჭით ან პანკრეატოდუოდენალური ზონის სიმსივნით ნაღვლის საერთო სადინრის ობტურაციით, ნაღვლის ბუშტის ღრუს შემცირება პარენქიმული სიყვითლის დროს, მისი ფორმის ცვლილება ანთებითი პროცესის შემთხვევაში.
ლაპარასკოპია საშუალებას იძლევა ვიზუალურად შეფასდეს ნაღვლის ბუშტის კედლის მდგომარეობა, დადგინდეს მწვავე ან ქრონიკული ანთების ნიშნები (ჰიპერემია, ბზინვარების დაკარგვა, სისხლძარღვების გაგანიერება, შეხორცებითი პროცესი ნაღვლის ბუშტის გარშემო), აგრეთვე ღვიძლის პარენქიმის ცვლილება ბუშტის სიახლოვეს (მოთეთრო ელფერი, ჭიმების, ფიბროზის კერების არსებობა). ნაღვლის ბუშტის დაჭიმულობა და ზომებში მომატება მეტყველებს ბუშტის სადინრის ბლოკადაზე. ბუშტის ზომების მნიშვნელოვნად გადიდება მექანიკური სიყვითლის არსებობის ფონზე (კურვუაზიეს სიმპტომი) დამახასიათებელია პანკრეასის თავის სიმსივნისთვის. ლაპარასკოპიული კონტროლის ქვეშ შესაძლებელია გაკეთდეს ტრანსჰეპატური ან ტრანსცელიაკური ქოლანგიოგრაფია, ნაღვლის ბუშტის დამიზნებითი ბიოფსია და მისი დრენირება.

პათოლოგიები. ნაღვლის ბუშტის პათოლოგიური მდგომარეობებისთვის და დაავადებებისთვის დამახასიათებელია ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, იშვიათად ეპიგასტრიუმის არეში ირადიაციით მარჯვენა ბეჭში, ლავიწში, მხრის სახსარში, ზოგჯერ მკერდის ძვლის უკან, გულის მიდამოში – ქოლეცისტოკარდიალური სინდრომი. ტკივილი ჩნდება ან ძლიერდება ცხიმიანი ან ცხარე საკვების, შემწვარი კერძების, კვერცხის, გაზიანი სასმელების, ღვინოს, ლუდის მიღების, ფიზიკური დატვირთვის, სიმძიმეების აწევის (განსაკუთრებით მარჯვენა ხელით), მგზავრობის დროს რყევის, ნერვულ–ფსიქიკური გადაძაბვის შემდეგ. ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ტკივილი შესაძლებელია აღმოცენდეს ხილული მიზეზის გარეშე, ზოგჯერ ღამის საათებში. ნაღვლის ბუშტის კიბოს შემთხვევაში აღინიშნება მუდმივი ხასიათის ყრუ ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში.

ნაღვლის ბუშტის კენჭები

შეტევითი ხასიათის ტკივილები, რომელსაც თან სდევს შემცივნება და სხეულის ტემპერატურის მომატება, მიანიშნებს მორეციდივე კალკულოზურ ქოლეცისტიტზე, ხოლო პერიტონეული სიმპტომების გაჩენა მეტყველებს დესტრუქციული, ანთებითი პროცესის არსებობაზე ნაღვლის ბუშტში. ტიპიური ალგიური სინდრომი, რასაც თან სდევს ვეგეტაციური კრიზი (ცივი ოფლი, კანის სიფერმკრთალე, კიდურების დაბუჟება, თავის ტკივილი და სხ.), არც თუ იშვიათად, აღინიშნება ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის დროს. ხშირად ნაღვლის ბუშტის დაავადებები მიმდინარეობენ დისპეფსიური სიმპტომების თანხლებით – გულისრევა, ბოყინი, პირის სიმწარე და სხ.
ავადმყოფის დათვალიერებისას ყურადღება ექცევა სიმსუქნეს (თან სდევს კალკულოზურ ქოლეცისტირტს), სიგამხდრეს (შესაძლებელია თან სდევდეს ავთვისებიან სიმსივნეს), სიყვითლის არსებობას, მუცლის წინა კედლის გამოწევას ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში (განპირობებულია მისი ზომების მომატებით), სუნთქვის აქტში მუცლის მონაწილეობას.
ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთების დროს მარჯვენა ფერდქვეშა არის პალპაცია მკვეთრად მტკივნეულია; ტკივილები ძლიერდება შესუნთქვის დროს (კერის სიმპტომი) და ავადმყოფის მჯდომიარე მდგომარებაში (მერფის სიმპტომი), აღინიშნება გამოხატული მტკივნეულობა მარჯვენა ნეკნთა რკალზე ხელის მსუბუქად მირტყმის დროს (ორტნერის სიმპტომი), აგრეთვე მარჯვნივ VIII-X მალებზე (ბოასას სიმპტომი), მკერდ–ლავიწ–დვრილისებრი კუნთის ფეხებს შორის დიაფრაგმულ ნერვზე (მიუსეს სიმპტომი) ზეწოლისას. პარიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები ვლინდება პერიტონიტის განვითარების შემთხვევაში. ნაღვლის ბუშტის წყალმანკის დროს პალპაციით ისინჯება გადიდებული, დაჭიმული და მკვეთრად მტკივნეული ნაღვლის ბუშტი.
ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, მისი გასინჯვა არ ხერხდება, მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს პალპაცია და სხვადასხვა მტკივნეული წერტილები უმტკივნეულოა, ქოლეცისტიტის სიმპტომები არ ვლინდება; შესაძლებელია აღინიშნებოდეს კანის ჰიპერესთეზიის (ზახარკინ–გედის) ზონები მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში და მარჯვენა ბეჭის ქვეშ. გადიდებული, პალპაციით უმტკივნეულო ნაღვლის ბუშტი, რასაც თან სდევს სიყვითლე (კურვუაზიეს სიმპტომი) მეტყველებს პანკრეასის თავის ან თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის (ფატერის დვრილი) სიმსივნეზე.

განვითარების მანკები. განასხვავებენ აპლაზიას (აგენეზიას) – ნაღვლის ბუშტის არარსებობას; ჰიპოპლაზიას – ნაღვლის ბუშტის ზომების შემცირებას; ატრეზიას – ნაღვლის ბუშტის ღრუს არარსებობას, რომელსაც გააჩნია ფიბროზული ჭიმის სახე; ნაღვლის ბუშტის გაორებას (ბუშტის სადინრები ერთმანეთს ერწყმიან ან მიემართებიან დამოუკიდებლად); ნაღვლის ბუშტის დივერტიკულებს, რომლებიც იშვიათად წარმოიქმნებიან კუნთოვანი გარსის თანდაყოლილი დეფექტების დროს; ნაღვლის ბუშტის დისტონიას, რომლის დროსაც ის შესაძლებელია განლაგებული იყოს ღვიძლის მარცხენა წილის ან უკანა ზედაპირის, მრგვალი იოგის მიდამოში, ღვიძლის შიგნით.
ნაღვლის ბუშტის განვითარების ანომალიები შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდნენ, თუმცა უხშირესად აღინიშნება ქრონიკული ქოლეცისტიტის ან ნაღველკენჭოვანი დაავადების კლინიკური სურათი. დიაგნოზის დადგენა ხდება ნაღვლის ბუშტის რენტგენოკონტრასტული და რადიოიზოტოპური გამოკვლევების საფუძველზე. გამოხატული კლინიკური გამოვლინებების დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

დაზიანებები. ნაღვლის ბუშტის იზოლირებული დაზიანებები იშვიათად გვხვდება. მათ ყოფენ ღია (ცივი იარაღით მიყენებული და ცეცხლნასროლი ჭრილობები) და დახურულ (ბუშტის გასკდომა და მოგლეჯა) დაზიანებებად. დახურული დაზიანების შემთხვევაში ტკივილი მუცლის არეში შესაძლოა მალევე გაქრეს, თუმცა შემდეგ სწრაფად ხდება მისი განახლება – ვითარდება პერიტონიტის კლინიკური სურათი. დიაგნოსტიკურად გაურკვეველ შემთხვევებში გამოიყენება ლაპაროცენტეზი ან ლაპარასკოპია. ოპერაციამდე ნაღვლის ბუშტის ღია დაზიანებების დიაგნოსტირება ხდება ჭრილობიდან ნაღველის გამოსვლის და ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში მისი ლოკალიზაციის მიხედვით. ნაღვლის ბუშტის დაზიანებების მკურნალობა ოპერაციულია. ბუშტის კედლის მცირე ზომის გასკდომის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაკერვა. ნაღვლის ბუშტის მნიშვნელოვანი ზომის ჭრილობების დროს, აგრეთვე ღვიძლის ზედაპირიდან ბუშტის სრულად მოცილების შემთხვევაში ნაჩვენებია ქოლეცისტექტომია.

დაავადებები. გამოყოფენ დისკინეზიებს, ქოლესტეროზს, ქოლეცისტიტს, ნაღველკენჭოვან დაავადებას, პარაზიტულ დაავადებებს.
ნაღვლის ბუშტის დისკინეზია ვლინდება მისი მოტორულ–ევაკუაციური ფუნქციის დარღვევით; არც თუ იშვიათად აღნიშნული პათოლოგია ერწყმის სანაღვლე სადინრების დისკინეზიას, კერძოდ ოდის სფინქტერის ფუნქციის დარღვევას. ნაღვლის ბუშტის დისკინეზიისთვის დამახასიათებელია ტკივილების გაჩენის კავშირი ნერვულ–ფსიქიკურ გადაძაბვასთან. ნაღვლის ბუშტის ჰიპოკინეზიის და ჰიპოტონიის დროს ტკივილები ხშირად ატარებენ ყრუ და გახანგრძლივებუილ ხასიათს, ჰიპერტონიის და ჰიპერკინეზიის შემთხვევაში ჭარბობს ხანმოკლე, შეტევითი ხასიათის ტკივილები. პალპაციით აღინიშნება ზომიერი მტკივნეულობა მარჯვენა ნეკნქვეშა და ფერდქვეშა მიდამოში. დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური მონაცემების, რენტგენოლოგიური და რადიოიზოტოპური გამოკვლევების შედეგების საფუძველზე, რომლებიც მეტყველებენ ნაღვლის ბუშტის მოტორულ–ევაკუაციური ფუნქციის დარღვევაზე. მკურნალობა კონსერვატიულია.
ნაღვლის ბუშტის პარაზიტული დაავადებები ვითარდება ლამბლიოზის, ოპისტორქოზის, ფასციოლოზის, ასკარიდოზის, კლონოქოზის, სტრონგილოიდოზის და სხ. გამომწვევების ინვაზიის შედეგად. ნაღვლის ბუშტში მათი აღმოჩენა იწვევს მისი ფუნქციის დარღვევას ან ბუშტის კედლის ანთებით ცვლილებებს, აგრეთვე, არც თუ იშვიათად, სანაღვლე გზების დაზიანებას, რაც გამოიხატება ქოლანგიტის, ღვიძლის ბილიარული ციროზის ნიშნებით. ნაღვლის ბუშტის პარაზიტული დაზიანების სიმპტომები არასპეციფიკურია – ზომიერი ტკივილები მარჯვენა ნეკნქვეშა არეში, დისპეფსიური დარღვევები, ნაწლავების დისფუნქცია, ცხელება, შემცივნება, კანის ქავილი, ალერგიული რეაქციები, ეოზინოფილია და სხ. დიაგნოზის დადგენა ხდება დუოდენალურ შიგთავსში ან განავალში პარაზიტების აღმოჩენის საფუძველზე. მკურნალობა კონსერვატიულია; ნაღვლის ბუშტის გამოხატული ანთებითი ცვლილებების დროს კეთდება ქოლეცისტექტომია.
ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები იყოფა კეთილთვისებიან – პაპილომა, ფიბრომა, მიომა, ადენომა, მიქსომა და სხ. და ავთვისებიან – კიბო, სარკომა – სიმსივნეებად. კეთილთვისებიანი სიმსივნეები (ჩვეულებრივ პაპილომები) გვხვდებიან იშვიათად, უპირატესად ლოკალიზებულნი არიან ნაღვლის ბუშტის ძირის მიდამოში და კლინიკურად არ ვლინდებიან. დიაგნოზის დადგენა ხდება ქოლეცისტოგრაფიის ან ექოგრაფიის მონაცემების საფუძველზე. მკურნალობა ოპერაციულია (ქოლეცისტექტომია).
ნაღვლის ბუშტის კიბოს აღმოჩენა ძირითადად ხდება 50 წელს გადაცილებულ პირებში (უპირატესად ქალებში) კალკულოზური ქოლეცისტიტის ფონზე. ჰისტოლოგიური შენების მიხედვით უხშირესად გვხვდება ადენოკარცინომა, შემდეგ სკირი, ლორწოვანი, სოლიდური, ბრტყელუჯრედოვანი და დაბალდიფერენცირებული კიბო. დამახასიათებელია ადრეული ლიმფოგენური მეტასტაზირება, უპირველეს ყოვლისა ღვიძლის კარის ლიმფურ კვანძებში, რაც იწვევს ობტურაციული სიყვითლის და ასციტის განვითარებას (კარის ვენაზე ზეწოლის გამო).
საწყის სტადიაში დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ნაღველკენჭოვანი დაავადებით ავადმყოფებში კიბოს განვითარებისას, დასაწყისში ჭარბობს პირველი მათგანის სიმპტომები. გამოხატული, მუდმივი ხასიათის ტკივილები და მკვრივი, ხორკლიანი სიმსივნის არსებობა, რომელიც პალპაციით ისინჯება მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში, ობტურაციული სიყვითლე, წონაში დაკლება, საერთო სისუსტე, ჰიპოქრომული ანემია, ედს–ის მომატება, ასციტი – შორსწასული სიმსივნური დაზიანების ნიშნებია.
დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია ქოლეცისტოგრაფიის, ექოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების, აგრეთვე დუოდენალური ზონდირებისას სიმსივნური უჯრედების აღმოჩენის საფუძველზე. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევისას მეზობელი ორგანოებზე ზეწოლის, მათი ცდომის ან დეფორმაციის აღმოჩენა წარმოადგენს ნაღვლის ბუშტის სიმსივნის არსებობის მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს. ღვიძლში მისი ჩაზრდის ან მეტასტაზირების გამოვლენა ხდება რადიოიზოტოპური, ულტრაბგერითი გამოკვლევებით, ცელიაკო– ან ჰეპატოგრაფიით, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ლაპარასკოპიით. მკურნალობა ოპერაციულია. რადიკალური ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ დაავადების ადრეული ფორმების შემთხვევაში. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა; ოპერირებული ავადმყოფების სიცოცხლის 5–წლიანი ხანგრძლივობა არ აღემატება 1%–ს. ნაღვლის ბუშტის კიბოს პროფილაქტიკას წარმოადგენს დროული ქოლეცისტექტომია ქრონიკული ქოლეცისტიტის და ნაღველკენჭოვანი დაავადების შემთხვევაში.

ოპერაციები. ნაღვლის ბუშტზე ოპერაციული ჩარევები თავისი ხასიათის, ტექნიკის და ჩვენებების მიხედვით მრავალფეროვანია. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ქოლეცისტოტომია (ნაღვლის ბუშტის სანათურის გახსნა), ქოლეცისტოლითოტომია (ნაღვლის ბუშტის გახსნა, კენჭების მოცილება და ბუშტის კედლის ყრუდ დახურვა); ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის მოცილება); ქოლეცისტოსტომია (ნაღვლის ბუშტის გარეგანი ფისტულის ფორმირება); შესართავის ფორმირება ნაღვლის ბუშტსა და კუჭს შორის (ქოლეცისტოგასტროსტომია), ნაღვლის ბუშტსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის (ქოლეცისტოდუოდენოსტომია), ნაღვლის ბუშტსა და წვრილ ნაწლავს შორის (ქოლეცისტოენტეროსტომია). ყველაზე ხშირად გამოყენებად ოპერაციას წარმოადგენს ქოლეცისტექტომია.

ლაპარასკოპია

მას შესაძლებელია თან ახლდეს ოპერაციული ჩარევა სანაღვლე სადინრებზე, აგრეთვე შეიძლება შერწყმული იყოს მუცლის ღრუს სხვა ორგანოების ოპერაციებთან. ქოლეცისტექტომიის შემდგომ, ჩვეულებრივ, ავადმყოფების გაწერა ხდება მე–8–10 დღეს. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ავადმყოფები, გართულებების არარსებობის და მათი თანხმობის შემთხვევაში, ეწერებიან ოპერაციიდან მე–4–5 დღეს სახლის ან პოლიკლინიკის პირობებში აუცილებელი მეთვალყურეობის პირობით, სადაც ხდება კიდეც ნაკერების მოხსნა მე–10–12 დღეს. პოლიკლინიკური ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პაციენტებში ყველაზე ხშირ პოსქოლეცისტექტომიურ გართულებას წარმოადგენს ოპერაციული ჭრილობის არეში ანთებითი ინფილტრატის ჩამოყალიბება ან ჭრილობის დაჩირქება. amokveta+ამასთან, აღინიშნება მკვეთრი მტკივნეულობა ჭრილობის მიდამოში, სხეულის მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე და სხ. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს მხოლოდ ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც ხდება ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, ისევე როგორც ქოლეცისტექტომიის შემდეგ წარმოქმნილი სხვა გართულებების (სიყვითლე, ჭრილობიდან ნაღვლის გამოდინება) დროს.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.

 

 

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka