nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

დასაწყისი იხ. >>>>

პათოლოგიები. ნაწლავების პათოლოგიის ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნებიან კუჭის მოქმედების დარღვევები. დიარეა ვითარდება ნაწლავების გაძლიერებული სეკრეციის ან შემწოვი ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში. პათოლოგიის ზოგიერთი ფორმის დროს დიარეის მიზეზს წარმოადგენს ნაწლავების მომატებული მოტორული აქტივობა. წვრილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევისთვის დამახასიათებელია კუჭის მოქმედების ზომიერი გახშირება (არა უმეტეს 3–4–ჯერ დღეში), ფეკალიების მოცულობის გაზრდა, განავალში მოუნელებელი საკვების ნარჩენების არსებობა და ცხიმის შემცველობის გაზრდა (სტეატორეა). მსხვილი ნაწლავის დაავადებების დროს კუჭის მოქმედება ძალიან გახშირებულია, თუმცა მცირე მოცულობის განავლოვანი მასებით, განავალში შესაძლებელია შეგვხვდეს სისხლი, თუმცა სტეტორეა და გადაუმუშავებელი საკვების ხილული ნარჩენები არ გვხვდება. შეკრულობის განვითარება განპირობებულია მოტორიკის გაძლიერებით (არაპულსური პერისტალტიკური და ანტიპერისტალტიკური შეკუმშვები) ან ნაწლავების მამოძრავებელი აქტივობის შესუსტებით შემდომი კოპროსტაზით. მყარი შეკრულობა აღინიშნება ქრონიკული დაავადებების დროს განვითარებული ნაწლავების ატონიის დროს, რასაც თან ახლავს კუნთოვანი გარსის დაზიანება ან რეგულაციის ნეიროჰუმორული მექანიზმების დარღვევა. მწვავე ინფექციური პროცესების, ინტოქსიკაციების, ნეროლოგიური დარღვევების დროს შეკრულობა შეიძლება განვითარდეს ნაწლავების პარეზის ნიადაგზე (ნაწლავების პერისტალტიკის მწვავედ განვითარებული დარღვევა).
ტკივილები ნაწლავების არეში ხშირად დაკავშირებულია წვრილ ან მსხვილ ნაწლავში წნევის მომატებასთან რაც შესაძლებელია განპირობეული იყოს სპაზმებით, ნაწლავების გლუვი მუსკულატურის კრუნჩხვითი შეკუმშვებით, აირების დაგროვებით, აგრეთვე ნაწლავების სისხლმომარაგების მოშლით, მასში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს ნერვული რეცეპტორების გაღიზიანებით. მლივი ნაწლავის დაავადებების დროს ტკივილი უხშირესად ლოკალიზებულია ჭიპის მიდამოში, ილეიტების დროს – მარჯვენა თეძოს არეში, მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნახევრის დაავადებების დროს – მუცლის ქვედა ნაწილებში, ხშირად მარცხნივ, ხოლო მარჯვენა ნაწილის დაზიანებისას – მარჯვენა თეძოს მიდამოში და მუცლის მარჯვენა, გვერდით ნაწილებში. ტკივილების ხასიათი, ჩვეულებრივ, განსახვავებულია. ისინი შესაძლებელია ატარებდნენ მუდმივ ან პერიოდულ ხასიათს. მეტეორიზმის დროს ტკივილები უხშირესად მონოტონური და ხანგრძლივია, ძლიერდებიან დღის ბოლოს, მათი ინტენსივობა კლებულობს კუჭის მოქმედების, აირების დაცლის შემდეგ. ზოგჯერ ავამდყოფები უჩივიან ძლიერ, შეტევითი ხასიათის ტკივილებს, რომელიც ვითარდება უეცრად, მუცლის სხვადასხვა მიდამოში (ნაწლავური კოლიკა). ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ფიზიკური დატვირთვის, რყევის, დეფეკაციის, ოყნის გაკეთების შემდეგ; ასეთი სახის ტკივილები დამახასიათებელია მეზენტერიალური ლიმფადენიტისთვის, პერიპროცესისთვის. მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების დაზიანებისთვის დამახასიათებელია ტენეზმები – მტკივნეული დეფეკაციის სურვილი განავლის მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოყოფით.
წვრილი ნაწლავის დაზიანების ძირითად კლინიკურ სიმპტომებს წარმოადგენენ ნაწლავების ფუნქციების დარღვევისთვის დამახასიათებელი სინდრომები. საჭმლის გადამუშავების უკმარისობის სინდრომი – კლინიკური სიმპტომოკომპლექსი, რომელიც განპირობებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების, უხშირესად ლაქტაზას, იშვიათად სხვა დისაქარიდაზების, დეფიციტის (თანდაყოლილი ან შეძენილი) შედეგად საჭმლის მონელების დარღვევით; კლინიკურად გამოიხატება დიარეით, გულისრევით, ღებინებით, პოლიფეკალიით და სხვა დისპეფსიური დარღვევებით, რომლებიც ვითარდებიან რძის პროდუქტების ან სხვა დისაქარიდების შემცველი საკვების ნივთიერებების გამოყენების შედეგად.
შეწოვის უკმარისობის სინდრომი (თანდაყოლილი ან შეძენილი) გამოიხატება მრავალფეროვანი სიმპტომეტიკით, რაც განპირობებულია ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.
ექსუდაციური ენტეროპათიის სინდრომი (პირველადი ან მეორადი), რომელიც ვითარდება ნაწლავის კედლის განვლადობის გაზრდის, სისხლიდან ნაწლავების სანათურში ცილების გადმოსვლის, განავალთან ერთა მათი დაკარგვის შედეგად, ხასიათდება ჰიპოპროტეინემიით, შეშუპებების განვითარებით, ასციტით, პლევრის ღრუში გამოდენის გაჩენით, შინაგანი ორგანოების დისტროფიული ცვლილებებით.
ხშირად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სინდრომი ერთდროულად ვლინდება; ასეთ შემთხვევაში საუბრობენ ენტერალურ უკმარისობაზე.

განვითარების მანკები. ყველაზე ხშირად გვხვდებას თანდაყოლილი ატრეზიები და სტენოზები, ნაწლავის რომელიმე ნაწილის გაორება, გაგანიერება ან დაგრძელება, ნაწლავური ბრუნვის პროცესის დარღვევა, მეკელეს დივერტიკული.
ნაწლავების ატრეზია გვხვდება 1300–1500 ახალშობილიდან 1 შემთხვევაში; 80–95%–ში ატრეზია ლოკალიზებულია წვრილ ნაწლავში, 10–20% შეადგენს მრავლობით ატრეზიებს. არც თუ იშვიათად, ატრეზიას თან ახლავს ნაწლავის ბრუნვის პროცესის დარღვევა. ატრეზიის განვითარება უკავშირდება ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდის დაავადებებს (ჩანასახოვანი პერიტონიტი, ჩანასახოვანი სტრანგულაცია), ენდო– და ეგზოგენური ფაქტორების ზემოქმედებას (ორსულობის პერიოდში ზოგიერთი პრეპარატის მიღება, ინფექციის გამომწვევის მაგ., ლისტერიოზის მიერ პლაცენტური ბარიერის გადალახვა) და სხ.; ზოგიერთ შემთვევაში დადასტურებულია მანკის მემკვიდრეობითი ბუნება. განასხვავებენ სრულ, აპკისებურ ატრეზიას და ატრეზიას ფიბროზული ზონარის სახით. ატრეზიის დროს ნაწლავის მომტანი მარყუჟი დაგრძელებულია 3–4 სმ–მდე; ნაწლავის ატრეზირებული სეგმენტის კედელი განლეულია; აღინიშნება ვენური შეგუბება, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივად იშემიის, ნეკროზის და პერფორაციის (არც თუ იშვიათად ჩანასახოვანის) განვითარებას; ნაწლავის წამღები მარყუჟი განუვითარებელია, მისი სანათურის დიამეტრი არ აღემატება 4–6 მმ.
კლინიკურად ატრეზია ვლინდება სიცოცხლის პირველივე დღებიდან და გამოიხატება ნაწლავთა სრული გაუვალობის სიმპტომებით (მაღალი გაუვალობა – მანკის თრომეტგოჯა ნაწლავში ან მლივი ნაწლავის დასაწყის მარყუჟებში ლოკალიზაციისას, დაბალი გაუვალობა – ნაწლავების ქვეშმდებარე ნაწილების ატრეზიის შემთხვევაში). ნაწლავთა თანდაყოლილი გაუვალობის სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ატრეზიის დროს მეკონიკუმი არ არის. რექტალური გამოკვლევისას აღინიშნება ლორწო, ზოგჯერ ნაცრისფერი საცობების სახით.
დოაგნოზის დაზუსტების მიზნით კეთდება მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, ხოლო საეჭვო შემთხვევებში – კუჭ–ნაწლავის გამოკვლევა რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების გამოყენებით. მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. ნაჩვენებია ნაწლავის ატრეზირებული სეგმენტის მოცილება და ანასტომოზის ფორმირება. 20 სმ–ზე მეტი თეძოს ნაწლავის რეზექციას, არც თუ იშვიათად, თან სდევს ”მოკლე მარყუჟის” სინდრომის ჩამოყალიბება, რაც გამოიხატება დიარეით, განავალში ცხიმის შემცველობის მომატებით, ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენით. ამიტომაც სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვებს უნდა შეეზღუდოთ ცხიმები. შემდგომში ცხიმების რეზორბცია განიცდის ნორმალიზებას. მსხვილი ნაწლავის ატრეზიის შემთხვევაში არჩევის მეთოდს წარმოადგენს ეტაპობრივი ოპერაციული მკურნალობა. თავდაპირველად კეთდება კოლოსტომია, ხოლო ერთი წლის შემდეგ ფორმირდება ნაწლავური ანასტომოზი.
ნაწლავების სტენოზი 50%–ზე მეტ შემთხვევაში ლოკალიზებულია თორმეტგოჯა ნაწლავში. ყველაზე ხშირად გვხვდება სტენოზის აპკისებური ფორმა. ატრეზიისგან განსხვავებით, სტენოზის დროს ნაწლავთა გამავლობა ნაწილობრივ შენარჩუნებულია, ამიტომაც კლინიკური სიმპტომატიკა ნაკლებადაა გამოხატული და ყოველთვის არ ვლინდება ბავშვის დაბადებისთანავე. მეკონიუმი არის, თუმცა ზოგჯერ ძალიან მცირე რაოდენობით. დაავადება შესაძლებელია ქრონიკულად მიმდინარეობდეს: სხვადასხვა ხანგრძლივობის რეციდივის პერიოდები ენაცვლება ნაწლავთა გაუვალობის სიმპტომების გამწვავების პერიოდებს, რაც ხშირად აღინიშნება ინტერკურენტული ინფექციის დართვის შემთხვევებში. ბავშვები ჩამორჩებიან ფიზიკურ განვითარებაში. მანკის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნაწლავების რენტგენოკონტრასტულ გამოკვლევას. მკურნალობა ოპერაციულია. ახალშობილებში არჩევის მეთოდს წარმოადგენს აპკის გაკვეთა, მოზრდილი ასაკის ბავშვებში სტენოზის ლოკალიზაციიდან გამომდინარე ხორციელდება შემოვლითი ანასტომოზის ფორმირება ან ნაწლავის რეზექცია ანასტომოზის (ბოლო–ბოლოში) შემდგომი ფორმირებით.
ნაწლავების გაორება ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდის ადრეულ სტადიაზე. 50%–ზე მეტ შემთხვევაში გაორება მოდი წვრილ ნაწლავზე, უპირატესად თეძოს ნაწლავზე. ხშირად აღინიშნება ნაწლავის კისტური ფორმის გაორება – ენტეროგენული კისტები (დუპლიკაცია, დუბლიკატურა), რომლებიც შესაძლებელია იყვნენ იზოლირებულნი ან ნაწლავის სანათურთან დაკავშირებულნი; აგრეთვე გვხვდება ნაწლავის დივერტიკულური და ტუბულარული გაორება. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ამა თუ სეგმენტის (მაგ., თორმეტგოჯა ნაწლავის ან სწორი ნაწლავის) სრული გაორება. ნაწლავის გაორება შესაძლებელია გამოვლინდეს ნაწლავთა გაუვალობის კლინიკური ნიშნებით, რაც ვითარდება შიგთავსის მქონე ენტეროგენული კისტის მიერ ნაწლავის სანათურზე ზეწოლის, ხოლო კისტური გაორების შემთხვევაში ნაწლავის მარყუჟის შემოგრეხის ან მიმდებარე ნაწლავის კედელში სისხლმომარაგების დარღვევის გამო განვითარებული ინტესტინალური სისხლდენის შედეგად. გაურთულებელი ენტეროგენული კისტების აღმოჩენა შესაძლებელია მოხდეს შემთხვევით.
დიაგნოზის დადგენა ხდება ნაწლავების რენტგენოლოგიური გამოკვლევის (დიდი ენტეროგენული კისტის რენტგენოლოგიური სიმპტომი შეიძლება იყოს ნაწლავთა მარყუჟების გაშლა), აგრეთვე ენდოსკოპიის მონაცემების საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევებში ნაჩვენებია ლაპარასკოპია. მკურნალობა ოპერაციულია გაორების ფორმიდან გამომდინარე გამოიყენება ნაწლავის სეგმენტური რეზექცია, ნაწლავის მარყუჟის რეზექცია, სადაც ლოკალიზებულია ენტეროგენული კისტა ან მთლიანად გაორებული სეგმენტის რეზექცია.
მთელი განივი კოლინჯის ან მისი ნაწილის გაგანიერება (თანდაყოლილი მეგაკოლონი) შესაძლებელია იყოს პირველადი ან მეორადი. მეორადი გაგანიერება დაკავშირებულია სხვა თანდაყოლილ პათოლოგიასთან (ანორექტალური განვითარების მანკები, პრესაკრალური სიმსივნეები და კისტები, ზურგის ტვინის თიაქარი). გაგანიერებას, როგორც წესი, ერწყმის მსხვილი ნაწლავის რომელიმე ნაწილის დაგრძელება (მეგადოლიქოკოლონი), უხშირესად სიგმური კოლინჯის (მეგადოლიქოსიგმა) და თან სდევს მსხვილი ნაწლავის კედლის გასქელება, კუჭის მოქმედების ქრონიკული შეკავების კლინიკური ნიშნები.
მსხვილი ნაწლავის დაგრძელებებს (დოლიქოკოლონი) შორის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია სიგმური კოლინჯის დაგრძელებას (დოლიქოსიგმა). აღნიშნული მანკის სიხშირე შეადგენს დაახლოებით 15%, რაც გაპირობებულია მსხვილი ნაწლავის ბავშვის ასაკისთვის დამახასიათებელი სიგრძეში ზრდით. ზოგიერთი ავტორი ვარაუდობს, რომ დოლიქოსიგმის მიზეზს წარმოადგენს სიგმური ნაწლავის ქსოვილების, ჰირშსპუნგის დაავადებისთვის დამახასიათებელი ჰისტომორფოლოგიური ცვლილებების ანალოგიური ცვლილებები. უხშირესად, დოქილოსიგმა კლინიკურად არ ვლინდება და განიხილება როგორც ნორმის ვარიანტი, ზოგიერთ შემთხვევაში სიგმური ნაწლავის გადახრის გამო აღინიშნება კოლიკის მსგავსი ტკივილები მუცლის მარცხენა ნახევარში, ირადიაციით ჭიპის ან ეპიგასტრიუმის მიდამოში, შესაძლებელია გამოვლინდეს მყარი შეკრულობა, რაც განპირობებულია სიგმური კოლინჯის ატონიით ან სპაზმით. დიაგნოზის დადგენა ხდება მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, რომელიც უტარდებათ ყველა ბავშვს ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობების ფონზე. მკურნალობა იწყება კონსერვატიული ღონისძიებებით. სპაზმური შეკრულობების დროს რაციონიდან ამოღებული უნდა იქნას დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი საკვები, ინიშნება ატროპინი, საფაღარათო, სედაციური საშუალებები, ფიზიოთერაპიული პროცედურები (პარაფინის აპლიკაციები, ელექტროფორეზი ატროპინით, დიათერმია, უმს მუცლის წინა კედლის მიდამოში, თბილი აბაზანები). გამოხატული ალგიური სინდრომის შემთხვევაში გამოიყენება ელექტროფორეზი ნოვოკაინის 3%–იანი ხსნარით მუცლის არეში (დაახლოებით 15 სეანსი ერთი კურსის განმავლობაში). გამწმენდი ოყნები უკუნაჩვენებია. ატონიური შეკრულობების შემთხვევაში რეკომენდირებულია უჯრედისით და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები. დიდი დოზებით ინიშნება B ჯგუფის ვიტამინები, მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალებები (მარილოვანო საფაღარათოების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის), ვაზელინის ზეთი შიგნით მისაღებად, ელექტროსტიმულაცია. ნაჩვენებია სამკურნალო ფიზკულტურა და მუცლის წინა კედლის მასაჟი. კონსერვატიული ღონისძიებების არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას – სიგმური ნაწლავის შეცვლილი მონაკვეთის რეზექცია.
ნაწლავების დაუმთავრებელი მობრუნება აღინიშნება ემბრიონული განვითარების ერთ–ერთ ეტაპზე ნაწლავის შუა მონაკვეთის (მლივი ნაწლავიდან განივი კოლინჯის შუა ნაწილამდე) ტრიალის (ბრუნვის) დარღვევის შედეგად. ამასთან თორმეტგოჯა ნაწლავი ეშვება ჯორჯლის ზედა არტერიის მარჯვენა კიდის გასწვრივ, წვრილი ნაწლავი მდებარეობს მუცლის ღრუს მარჯვენა, ხოლო მსხვილი ნაწლავი – მარცხენა ნაწილში; წვრილ და მსხვილ ნაწლავებს გააჩნიათ საერთო ჯორჯალი. დაუსრულებელი ბრუნვა გამოიხატება სხვადასხვა სიმპტომებით კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, რომელთა უმეტესობა იწვევს ნაწლავთა თანდაყოლილი გაუვალობის ჩამოყალიბებას. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან თორმეტგოჯა ნაწლავზე ზეწოლა პარიტონეუმის ჭიმებით, რომლებიც მიემართებიან მუცლის ღრუს მარჯვენა ნახევრიდან მარცხნივ განლაგებული ბრმა ნაწლავის გუმბათთან, ან თვითონ ბრმა ნაწლავის გუმბათით თორმეტგოჯა ნაწლავზე ზეწოლა; თორმეტგოჯა ნაწლავის ჰიპერფიქსაცია (როგორც წესი მლივ ნაწლავში მისი გადასვლის ადგილას) ჭარბი პერიტონეუმის და ჯორჯლის ნაოჭებით და ჭიმებით; შუამდებარე ნაწლავის თანდაყოლილი შემობრუნება საერთო ჯორჯლის გარშემო (როგორც წესი საათის ისრის მიმართულებით); ერთდროულად თორმეტგოჯა ნაწლავზე ზეწოლა და შუა ნაწლავის შემობრუნება (ლადას სინდრომი); შიგნითა თიაქრები – ჭეშმარიტი (წარმოადგენენ მუცლის ღრუს დამატებით აბგებს ან ჯიბეებს, სადაც მოთავსებულია მარყუჟის მნიშვნელოვანი ნაწილი) და ცრუ (წარმოიქმნება ჯორჯლის თანდაყოლილ ნაპრალისებურ დეფექტში ნაწლავის მარყუჟის ჩაჭედვის შედეგად) და სხ.
უხშირესად ნაწლავთა დაუსრულებელი შემობრუნება ბავშვის დაბადებისთანავე გამოიხატება ნაწლავთა მწვავე გაუვალობის სიმპტომებით (მაღალი ან დაბალი მანკის ფორმიდან და მისი ლოკალიზაციიდან გამომდინარე), რაც დამოკიდებულია მისი ჩამოყალიბების ვადებზე (მუცლადყოფნის პერიოდში თუ დაბადების შემდეგ). ლადას სინდრომის დროს სიცოცხლის პირველი 4–5 დღის განმავლობაში ნაწლავთა გაუვალობა, როგორც წესი, ნაწილობრივია, ხოლო შემდეგ გადადის სრულ გაუვალობაში (ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება, ამოქაფება იცვლება მომწვანო ელფერის შეუჩერებელი ღებინებით, აღინიშნება კუჭის მოქმედების შეფერხება, ვითარდება გაუწყლოვნების და ინტოქსიკაციის სიმპტომები). საერთო ჯორჯლის გარშემო შუა ნაწლავის შემობრუნების შემთხვევაში, უკვე 2–3 შემობრუნების შემდეგ, ახალშობილებში სწრაფად ვითარდება სისხლმომარაგების მძიმე სახის დარღვევები, რაც ხშირად იწვევს ნაწლავის დაზიანებული ნაწილის ტოტალურ ნეკროზს.

ნაწლავის ობსტრუქცია

ზოგიერთ შემთხვევაში პერიტონეუმის ჭიმებით, ბრმა ნაწლავის გუმბათით თორმეტგოჯა ნაწლავზე ზეწოლის ან მისი ჰიპერფიქსაციის შემთხვევაში გაუვალობამ შესაძლებელია მიიღოს ქრონიკული ხასიათი. ავადმყოფთა ნაწილში ნაწლავთა დაუსრულებელი შემობრუნება გამოიხატება ნაწლავთა მორეციდივე მწვავე გაუვალობით, რასაც შესაძლებელია დაჭირდეს ოპერაციული ჩარევა ნებისმიერ ასაკში. დაუსრულებელი შემობრუნების ზოგიერთი ფორმა (ნაწლავთა ბრუნვის არარსებობა) შესაძლებელია უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და შემთხვევით მოხდეს მათი აღმოჩენა.
დიაგნოზის დადგენა ხდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა ოპერაციულია. ნაწლავთა გაუვალობის მიზეზიდან გამომდინარე ხორციელდება შემობრუნებული ნაწლავის გაშლა, პერიტონეუმის ჭიმების გათიშვა, რომლებიც ახდენენ ზეწოლას თორმეტგოჯა ნაწლავზე; იკერება ჯორჯლის დეფექტი ან შიგნითა თიაქრის კარი, გართულებების შემთხვევაში კეთდება ნაწლავის რეზექცია. დროული ჩარევის პირობებში პროგნოზი უხშირესად კეთილსაიმედოა.

დაზიანებები შეიძლება იყოს მუცლის ბლაგვი ტრავმის (დარტყმის, სიმაღლიდან ვარდნის) ან შემავალი ჭრილობების (ცეცხლნასროლი, ცივი იარაღით მიყენებული) შედეგი. ისინი ყალიბდებიან ნაწლავებში მოხვედრილი უცხო სხეულით მათი ტრავმირების შედეგად, თორაკოაბდომინალური ტრავმის დროს. ბლაგვი ტრავმის დროს დაზიანების ხარისხი მრავალფეროვანია (დაბეჟილობა, ერთეული ან მრავლობითი გახეთქვა ნაწლავის სრული მოგლეჯამდეც კი). ღია დაზიანებებს ხშირად თან ახლავს ჭრილობის არხში (დიდი ზომის შემთხვევაში) ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამოვარდნა, მუცლის ღრუში ნაწლავის შიგთავსის ჩაღვრა, განიერი ტრავმის შემთხვევაში – ნაწლავების მარყუჟების და მათი შიგთავსის გარეთ გამოვარდნა.
ტრავმის მიღების მომენტში მუცლის არეში ვითარდება მკვეთრი ტკივილი, აღინიშნება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა, მტკივნეულობა, ღვიძლის მოყრუება გამქრალია (თავისუფალ მუცლის ღრუში ჰაერის მოხვედრის გამო). ვლინდება მუცლის შებერილობა, ენის სიმშრალე; პულსი გახშირებულია, ყალიბდება პერიტონიტის კლინიკური სურათი. ღია დაზიანებებისთვის დამახასიათებელია შოკის, სისხლდენის, პერიტონიტის სიმპტომები.
ღია დაზიანებების შემთხვევაში დიაგნოზის დასმა სიძნელეს არ წარმოადგეს. დახურული დაზიანებების დროს იგი ეფუძნება ანამნეზურ მონაცემებს, კლინიკურ გამოვლინებებს, გამოკვლევის შედეგებს. ნაწლავთა გახეთქვა რენტგენოლოგიურად ხასიათდება მუცლის ღრუში თავისუფალი ჰაერის არსებობით (ნაწლავის რეტროპერიტონეალურად გახეთქვის შემთხვევაში თავისუფალი ჰაერი ვლინდება აღნიშნულ სივრცეში), სითხის დაგროვებით მუცლის გვერდით ნაწილებში და მცირე მენჯის ღრუში, ნაწლავთა პარალიზური გაუვალობის ნიშნებით). ლაპაროცენტეზი და ლაპარასკოპია საშუალებას იძლევიან დაზუსტდეს დაზიანების ლოკალიზაცია.
ნაწლავთა ნებისმიერი დაზიანებისას, რომელსაც თან ახლავს მწვავე მუცლის სიმპტომები, ნაჩვენებია სასწრაფო ლაპარატომია, რომელიც კეთდება ენდოტრაქეული ნარკოზის ქვეშ. დაზარალებულებს უტარდებათ მუცლის ღრუს ორგანოების რევიზია, ხდება სისხლდენების შეჩერება, დგინდება დაზიანებული ნაწლავის ადგილმდებარეობა. ერთდროულად ტარდება რეანიმაციული ღონისძიებების კომპლექსი. ნაწლავთა დაბეჟილობის დადგენის (ჰემატომით ან მის გარეშე) ან სეროზული გარსის გახევის შემთხვევაში მკურნალობა კონსერვატიულია. პირველ დღე–ღამის განმავლობაში ავადმყოფს ენიშნება ცივი საფენები მუცელზე და მოსვენება, შემდგომში რეკომენდირებულია აქტივაცია თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან აცილების მიზნით. ამავე მიზნით შეყავთ ჰეპარინი მცირე დოზებით. ინიშნება ანტიბიოტიკები. ნაწლავთა გასკდომის, აგრეთვე შემავალი ჭრილობების დროს ოპერაციის მოცულობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. ერთეული გასკდომების შემთვევაში ნაწლავის დეფექტი იკერება ორ რიგად. ერთმანეთთან ახლოს მყოფი მრავლობითი დაზიანებების არსებობის შემთხვევაში, ნაწლავის სრული გახეთქვის, მისი კედლის დაჩეჩქვის, ჭრილობის დროს, რასაც თან სდევს ჯორჯლის სისხლძარღვების დაზიანება, კეთდება ნაწლავის რეზექცია ბოლო–ბოლოში ანასტომოზის ან ნაწლავის დროებითი ფისტულის – ენტეროსტომის ან კოლოსტომის ფორმირებით. მუცლის ღრუ საგულდაგულოდ ირეცხება ანტიბიოტიკებით და ანტისეპტიკური ხსნარებით, თავისუფლდება სისხლის კოლტებისგან, გამონადენისგან, უცხო სხეულებისგან, რის შემდეგაც მუცლის კედელი იკერება ყრუდ, ხოლო მუცლის ღრუში რჩება დრენაჟები და მიკროირიგატორები ანტისეპტიკური ხსნარების და ანტიბიოტიკების მუდმივად შეყვანის მიზნით. პროგნოზი დამოკიდებულია ოპერაციული ჩარევის დროულობაზე.

გაგრძელება იხ. >>>>

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka