ადნექსიტი

ადნექსიტიადნექსიტი – საშვილოსნოს დანამატების (საკვერცხეებისა და საშვილოსნოს მილების) ანთება. საშვილოსნოს დანამატების ანთებას (ადნექსიტი) ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია ქალის სასქესო აპარატის ანთებით დაავადებებში. ადნექსიტი შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრეპტოკოკებით, ენტეროკოკებით, სტაფილოკოკებით, გონოკოკებით, სოკოებით, ვირუსებით, ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით, ეშერიხიით, ქლამიდიებითა და სხვა მიკროორგანიზმებით. ტუბერკულოზური ჩხირი, გონოკოკები, როგორც წესი, იწვევენ დანამატების ორმხრივ ანთებით პროცესს, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და ნაწლავური ჩხირები – ცალმხრივს.

ხშირად ადნექსიტის მიზეზია მიკრობული ასოციაციები (როგორც წესი, E. coli და staphylococcus). როგორც წესი, ადნექსიტის პათოგენები მდგრადია მრავალი ანტიბიოტიკების მიმართ. ადნექსიტი შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოში სხვადასხვა ნივთიერებების (მაგ. იოდი, სპირტი) შეყვანისას – ორსულობის შეწყვეტით მიზნით.

საშვილოსნოს დანამატებში მიკრობები შესაძლებელია მოხვდნენ საშოდან და საშვილოსნოდან აბორტის, განსაკუთრებით კი კრიმინალური აბორტის დროს (საავადმყოფოს გარე), მშობიარობის, სქესობრივი კავშირის დროს, ასევე სისხლდენისა და ლიმფური გზით სხვა ორგანოებიდან და ქსოვილებიდან, მაგ. ტუბერკულოზისას, ანგინის, შინაგანი ორგანოების ანთებითი პროცესების დროს.

ადნექსიტის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: გაციება, გადაღლა, ნერვულ – ფსიქიკური დაძაბულობა; განსაკუთრებულ როლს ასრულებს პირადი ჰიგიენის დაუცველობა.

მწვავე ადნექსიტი ხასიათდება ძლიერი ტკივილებით მუცლის ქვედა ნაწილსა და მენჯის არეში; ტკივილები ძლიერდება დეფეკაციისას, მოშარდვისას, ფიზიკური დაძაბულობისას; სხეულის ტემპერატურა შეიძლება ავიდეს 390C –მდე. მძიმე შემთხვევებში აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერვა, საერთო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. ამგვარი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა. არასწორი მკურნალობისას პროცესი შესაძლებელია გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში.

ქრონიკული ადნექსიტის დროს გამწვავება ვითარდება გაციებისას, გადაღლისას, მენსტრუაციის დროს, ოპერაციული ჩარევის შემდეგ. ამ დროს ძლიერდება ტკივილები, მატულობს ტემპერატურა. მენსტრუაცია ხდება უხვი, ხანგრძლივი და ზოგჯერ ძლიერ მტკივნეული. ანთებითი პროცესის შედეგად წარმოიქმნება სპაიკები, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს მილების გამტარობის დარღვევას, რამაც შემდგომში შესაძლებელია გამოიწვიოს საშვილოსნოსგარე ორსულობა და უნაყოფობა.

ქრონიკული ადნექსიტი საჭიროებს სპეციალისტის კვალიფიციურ მკურნალობას.

♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა