სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციის პრინციპები

ლალი დათეშიძე, სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციის პრინციპები.  (პარაგრაფი წიგნიდან ,,ფარმაცია”) >>>>

საბოლოოო რედაქცია მზადდება

კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები
ნებისმიერი კლასიფიკაციის მიზანია, ჯგუფისათვის დამახასიათებელი საერთო ნიშნის მიხედ-ვით, განალაგოს ობიექტები ჯგუფებად, ქვეჯგუფებად და ა.შ. კლასიფიკაციის პრაგმატული დანიშნულებაა:
– იოლი გახდეს ამა თუ იმ ელემენტის, ჩვენს შემთხვევაში პრეპარატის ძიება ჯგუფების მიხედვით;
– ჯგუფის საერთო თვისებები აღიწერება ერთად, რითაც მარტივდება თითოეული ობიექტის აღწერა, აღარ ხდება ჯგუფისათვის დამახასიათებელი საერთო ნიშნების თითოეული ობიექტის აღწერისას გამეორება;
კლასიფიკაციის კარგად მოწესრიგებული სისტემები, ყველასათვისაა ცნობილი, ბოტანიკიდან და ზოოლოგიიდან.

კლასიფიკაციების პრობლემები
თითქმის ყველა კლასიფიკაციის ძირითადი პრობლემაა: ერთი და იგივე ელემენტი კლასიფიკაციისას ერთდროულად რამდენიმე ჯგუფში ხვდება, რადგან მას რამდენიმე , სხვადასხვა ჯგუფისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს (კლასიფიკაციის არაცალსახობის პრობლემა). შესაბამისად, რთულდება მათი თვისებების ჯგუფური აღწერა. კლასიფიკაციის არაცალსახობის პრობლემა განსაკუთრებით აქტულურია პრეპარატების კლასიფიცირებისას არ ხერხდება პრეპარატების კლასიფიცირება მხოლოდ ერთი ნიშნით. ამიტომ ჩნდება შერეული, მრავალი ნიშნით კლასიფიკაციები . მაგალითად, ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური.
კლასიფიკაციის პრობლემა აქტუალურია სამურნალო პრეპარატების აღწერისას.დღეს არსებულ კლასიფიკაციების მიხედვით, საკმაოდ რთულია დავადგინოთ რომელ ჯგუფს ეკუთვნის ესა-თუ ის პრეპარატი.ამავე დროს, ექიმსა თუ ფარმაცევტს, ესაჭიროება ძიებებისა და კლასიფიკაციის ოპერატიული მექანიზემები.

სამკურნალო პრეპარატების კლასიფიკაციისადმი ტრადიციული მიდგომები
სამკურნალო საშუალებების ცალსახა კლასიფიკაციის პრინციპი არ არსებობს. სამკურნალო საშუალებების დღემდე არსებული კლასიფიკაციების ვარიანტების უმრავლესობის საფუძველს წარმოადგენს მათი აგებულების ე.წ. სისტემური პრინციპი, (იგულისხმება ორგანიზმის სისტემები). რომლის მიხედვითაც სამკურნალო საშუალებები იყოფა ჯგუფებად, იმის მიხედვით, თუ როგორია ორგანიზმის ცალკეული სისტემის ფუნქციებზე მათი გავლენის დომინანტი (უპირატესი) მიმართულებები. აღნიშნული პრინციპის მიხედვით, სამკურნალო საშუალებები შეიძლება დაიყოს უპირატესად ც.ნ.ს. ფუნქციებზე, აფერენტულ და ეფერენტულ ინერვაციაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სუნთქვის ორგანოთა ფუნქციებზე, საჭმნის მომნელებელ ტრაქტზე და ა.შ. მოქმედ საშუალებებად. სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციის აღნიშნული პრინციპი, ხშირ შემთხვევაში, შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო მეცნიერებაში ჩამოყალიბებულ სისტემურ მიდგომას ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის პრობლემების მიმართ.
სისტემური პრინციპით გამოყოფილი თითოეული ჯგუფის ფარგლებში, სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაცია, უმეტესად, ხდება მათი ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფექტის (მაგ: საძილე, ანალგეზიური, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენები, საფაღარათე და სხ. საშუალებები) ან ფარმაკოთერაპიული პრინციპის (მაგ: ეპილეფსიის, პარკინსონის საწინააღმდეგო, ანტიარითმიული და ა.შ.) მიხედვით.
ეფერენტულ ინერვაციაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების კლასიფიცირება, ძირითადად, ხდება სპეციფიური რეცეპტორული სისტემების დონეზე მათი ლოკალიზაციის და მოქმედების ხასიათის მიხედვით: ქოლინომიმეტური, ქოლონომაბლოკირებელი, ადრენომიმეტური და ადრენომაბლოკირებელი საშუალებები. სამკურნალო საშუალებების აღნიშნული ჯგუფის უფრო დაწვრილებითი სისტემატიზაცია ხდება ქოლინო- და ადრენორეცეპტორების ცალკეულ ტიპებზე მათი ზემოქმედების მიმართულების გათვალისწინებით (მაგ: მ-ქოლინომიმეტური, მ-ქოლინომაბლოკირებელი, მ- და ნ-ქოლინომიმეტური, ალფა-ადრენომიმეტური, ბეტა-ადრენომიმეტური, ალფა-ადრენომაბლოკირებელი, ბეტა-ადრენომაბლოკირებელი და სხ. საშუალებები).
ზოგიერთ შემთხვევაში, სამკურნალო საშუალებების სისტემატიზაცია ხდება ორგანული ლოკალიზაციის (მაგ: საგულე გლიკოზიდები, საშვილოსნოს საშუალებები და ა.შ.) ან მოქმედების მექანიზმის (მაგ: ანტიქოლინესთერაზული საშუალებები, მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორები და სხ.) საფუძველზე, აგრეთვე, ბოიგენური თვისებების მქონე ნივთიერებების განსაზღვრულ კლასებთან სამკურნალო საშუალებების მიკუთვნების (მაგ: ვიტამინები, ჰორმონალური და ფერმენტული პრეპარატები), სამკურნალო საშუალებებში ბიოლოგიურად აქტიური ელემენტების შემცველობის (მაგ: ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, იოდის და ა.შ. პრეპარატები), ასევე რიგი სხვა ნიშან-თვისებების მიხედვით.
ზემოთაღნიშნული ნიშნების მიხედვით გამოყოფილ ქვეჯგუფებში, სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაცია ძირითადად ხდება: 1) პრეპარატის ქიმიური აგებულების (მაგ: ალიფატური რიგის საძილე საშუალებები, ბარბიტურის მჟავის წარმოებულები, ბენზოდიაზეპინის, პირიდინის და სხვა ჰეტეროციკლური ნართების წარმოებულები); 2) მოქმედების მექანიზმის (მაგ: მადეპოლარიზირებელი და არამადეპოლარიზირებელი მოქმედების კურარეს მსგავსი საშუალებები); 3) მოქმედების პრინციპის (მაგ: პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები); 4) მიღების წყაროების (მაგ: სათითურას, სტროფანტას, შროშანას, ადონისის პრეპარატები) მიხედვით.
ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული სამკურნალო საშუალებების კლასიფიცირება ტრადიციულად  ხდება: 1) მათი მოქმედების სპექტრის (მაგ: ანტიტუბერკულოზური, ანტილეპროზული, ანტისპიროქეტული, ანტიპროტოზოული); 2) მიღების გზების (მაგ: ანტიბიოტიკები); 3) ქიმიური აგებულების (მაგ: სულფანილამიდური პრეპარატები, 8-ოქსიქინოლინის, ნიტროფურანის წარმოებულები); 4) გამოყენების თავისებურებების (მაგ: ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი საშუალებები) მიხედვით.
მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევებში, სამკურნალო საშუალებების ზოგიერთი ჯგუფის აღსანიშნავად, მათი კლასიფიკაციის არსებულ ვარიანტებში, დღემდე გამოიყენება ისტორიულად ჩამოყალიბებული დასახელებები, რომლებიც სრულად არ შეესაბამება თანამედროვე წარმოდგენებს, აღნიშნული დასახელების პრეპარატების მოქმედების ლოკალიზაციის, მექანიზმის და ხასიათის შესახებ (მაგ: ანტისეპტიკური, მადესენსიბილიზირებელი საშუალებები).
სამკურნალო საშუალებების მოქმედება და გამოყენება. სამკურნალო საშუალებების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება განაპირობებს მრავალი დაავადების განვითარების თავიდან აცილებას. ამ მიზნით გამოიყენება ვიტამინები, მადეზინფიცირებელი, ქიმიოთერაპიული და ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალებები.

პრეპარატთა კლასიფიკაციები და კომპიუტერული ტექნოლოგიები
სამკურნალო პრეპარატების კლასიფიკაციის მიდგომები კარდინალურად იცვალება კომპიუტე-რული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ.
ადრე არსებობდა პრობლემა- კლასიფიკაცია იმგვარი უნდა ყოფილიყო, რომ ერთის მხრივ, გაადვილებულიყო პრეპარატის ძიება, მეორეს მხრივ- დაზოგილიყო აღწერის მოცულობა. ამგვარად
თავის დროზე გაჩნდა სხვადასხვა კლასიფიკაციები. მათ შორის აკადემიკოსების მაშკოვსკისა და ხარკევიჩის კლასიფიკაციები. ყველა ამ კლასიფიკაციის ძირითადი პრობლემაა- რთულია მათი
სარგებლობა. კიდევ უფრო რთულია სხვადასხვა კლასიფიკაციებს შორის ცალსახობის დამყარება. რთულია კონკრეტული პრეპარატების ძიება მათი გამოყენებით.
კლასიფიკაციის ამოცანისადმი მიდგომებს კარდინაკურად ცვლიან კომპიუტერული ტექნოლოგი ები. პრაქტიკულად აღარ არსებობს პრობლემათა ჯგუფი, რომელსაც კლასიფიკაციის არაცალსახობა იწვევდა. (ანუ, როცა ერთი და იგივე ობიექტი კლასიფიკაციის რამდენიმე ჯგუფში ხვდებოდა). პირიქით დღეს უკვე ცდილობენ, ობიექტი, თუკი მას რამდენიმე ჯგუფის დამახასიათებელი ნიშანი აქვს , ყველა ჯგუფში შეიტანონ, რათა მისი ყველა თვისება და დამახასიათებელი ნიშანი იქნეს წარმოჩენილი. განსაკუთრებით, მაშინ, როცა კლასიფიკაცია კომერციულ მიზნებსაც ემსახურება.

სამკურნალო საშუალებათა თანამედროვე კლასიფიკაციები
დღეს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ასეულ ათასობით პრეპარატია.სპეციალურ ლიტერატურაშიც კი გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორებიცაა სამკურნალო საშუალებების “მოზღვავება” ან “სამკურნალო ჯუნგლები”. ბუნებრივია, რომ შექმნილი სიტუაცია საკმაოდ ართულებს სამკურნალო საშუალებების და მათი რაციონალური გამოყენების შესწავლას. დგება სამკურნალო საშუალებების ისეთი კლასიფიკაციის შემუშავების აუცილებლობა, რომელიც დაეხმარება ექიმს გაერკვიოს პრეპარატების ამ უზარმაზარ რაოდენობაში და შეარჩიოს ავადმყოფისთვის ოპტიმალური საშუალება.
სამკურნალო საშუალებების კლასიფიცირება დღეს უმეტესად  ხდება შემდეგი პრინციპებით:
1. თერაპიული გამოყენების მიხედვით
მაგალითად სიმსივნეების სამკურნალო, არტერიული წნევის დამწევი, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები
2. ფარმაკოლოგიური მოქმედების ანუ გამოწვეული ეფექტის მიხედვით
(ვაზოდილატატორები _ სისხლძარღვთა გამაფართოებელი, სპაზმოლიტიკები _ სისხლძარღვთა სპაზმის მომხსნელი, ანალგეტიკები _ ტკივილისმიერი გაღიზიანების შემამცირებელი).
3. ქიმიური აგებულების მიხედვით.
მსგავსი ქიმიური აგებულების მქონე სამკურნალო პრეპარატების ჯგუფები. ასეთებია ყველა სალიცილატი, რომელიც მიიღება აცეტილსალიცილის მჟავას ფუძეზე _ ასპირინი, სალიცილამიდი, მეთილსალიცილატი და სხ.
4. ნოზოლოგიური პრინციპის მიხედვით
განსხვავებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება მკაცრად განსაზღვრული დაავადების მკურნალობის მიზნით (მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტის, ბრონქული ასთმის და სხ. სამკურნალო საშუალებები)

პრეპარატთა კომერციული კლასიფიკატორების პრობლემები
პრეპარატთა კლასიფიკატორების ცალკე ჯგუფს ქმნის კომერციული კლასიფიკატორები. ამ ტიპის კლასიფიკატორთა ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს პრეპარატი სავაჭრო დასახელების მიხედვით. ამგვარი კლასიფიკატორები ყოველთვის არ იძლევიან “კომერციულად არამომგებიანი” ძიებებისა მოსახერხებელ მექანიზმებს.

პრეპარატთა კლასიფიკაცია ქართულ ელექტრონულ სამედიცინო ენციკლოპედიაში (ლალი დათეშიძის პროექტი)
პრაქტიკამ აჩვენა, რომ არც ერთი კლასიფიკაცია გამოყენების თვალსაზრისით უნივერსალური არაა. ექიმისა თუ ფარმაცევტის კონკრეტილი მიზნიდან გამომდინარე, ერთ შემთხვევაში მისთვის კლასიფიკაციის ერთი პრინციპია მოსახერხებელი, მეორე შემთხვევაში–მეორე და ა.შ.
რამდენადაც არ არსებობს პრეპარატების კლასიფიკაციის უნუვერსალური მექანიზმი, წინამდებარე ენციკლოპედიისათვის აუცილებელი გახდა პრეპარატთა მრავალი კლასიფიკატრის აგება და საძიებო სისტემის შექმნა. დღეისათვის ენციკლოპედია თანხლებულია 20–ზე მეტი საძიებო მანქანით, რომელთა საფუძველს სხვადასხვა კლასიფიკატორები წარმოადგენენ.
ენციკლოპედიაში გამოყენებული კლასიფიკატორები და შესაბამისად საძიებო სისტემები, რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ:
დასახელებების კლასიფიკატორები
ამ ჯგუფში გაერთიანებული კლასიფიკატორებში – კლასიფიკაცია ხდება ანბანურად. ფაქტიურად კლასიფიკაციის ამოცანა გადაგვარებული წრივ კლასიფიკაციად.ამ ტიპის კლასიფიკატორთ საილუსტრაციოდ გამოდგება:
1. ქართული სავაჭრო დასახელებებით კლასიფიკაცია
2. ინგლისური სავაჭრო დასახელებებით კლასიფიკაცია
3. ჯენერიული დასახელებებით კლასიფიკაცია
4. მწარმოებელთა მიხედვით კლასიფიკატორი

თერაპიული კლასიფიკატორები

კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე უფრო მოსახერხებელია ნოზოლოგიებით საძიებლები.ამ ტიპის კლასიფიკატორებში პრეპარატები კლასიფიცირებულია კონკრეტული ნოზოლოგიის ან ნოზოლოგიური ჯგუფების მიხედვით.უნივერსალური ვარიანტია– თუკი ნოზოლოგიური საძიებელი დაეფუძნება დაავადებატა საერთაშორისო კლასიფიკატოს.

1. პრეპარატების დაავადებათა მეათე საერთაშორისო კლასიფიკატორით
2. სადემოსტრაციო–სამუშაო ექსელ–ფაილი იხილეთ >>>
3. სპეციალური გვერდების ერთიანი სარჩევი იხილეთ>>>

ფარმაცევტული ჯგუფებით საძიებელი

კლინიკურ–ფარმაცევტული ჯგუფებით კლასიფიკაცია
ანატომიურ–ქიმიურ–თერაპიული კლასიფიკაცია

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები