ფარმაცევტული ინფრასტრუქტურა და კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე

 ფარმაცევტული ინფრასტრუქტურა და კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე

ლალი დათეშიძე, პარაგრაფი წიგნიდან ,,ფარმაცია”

სამედიცინო, მათ შორის-ფარმაცევტული წარმოება და მომსახურებები, ვითარდება საბაზრო ეკონომიკის კანონების შესაბამისად. ეს ბუნებრივია. თუკი წარმოებისა და მომსახურებების ეს სფეროები თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს არ დაექვემდებარება, იგი შეწყვეტს განვითარებას. ამავე დროს, ეს სფეროები დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან და შესაბამისად, ყველა ქვეყანაში არსებობს დარგის განვითარების მარეგულირებელი კანონმდებლობები. ეს კანონმდებლობები სხვადასხვა ქვეყანში სხვადასხვაა: მიმართულია ხარისხის კონტროლის, მოხმარების და მომსახურების რეგულირებისაკენ.

ამგვარი კანონების შექმნის დროს, კანონმდებლები ცდილობენ ერთის მხრივ, დაიცვან მოსახლეობის ინტერესები, მეორეს მხრივ- მინიმალურად შეზღუდონ მეწარმეთა და ბიზნესმენთა ინტერესები. ამ ინტერესების ზედმეტად შეზღუდვა გამოიწვევს დარგიდან ინვესტიციების გადინებას და დარგი შეწყვეტს განვითარებას და/ან მომსახურებებისა და სამედიცინო პროდუქციის კატასტროფულ ზრდას.
სამკურნალო და ფარმაცევტულ მომსახურებათა ბაზრის ზოგადი კანონების ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი მედიკოსისათვის.

ინტერესთა ჯგუფები ფარმაცევტულ და სამკურნალო მომსახურებათა ბაზარზე
ამ ბაზარზე ინტერესთა რამდენიმე ჯგუფი არსებობს. ხშირად ყველა მათგანს აერთიანებენ სახელით “ფარმაცევტული ფირმა”. ეს ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს გაურკვევლობას. ქვემოთ, ჩვენ შევეცადეთ აგრეგირებულად მოგვეცა ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეთა (ინტერესთა ჯგუფების) სქემა.
ზოგადად აქ იკვეთება სამი ჯგუფი:

farmacevtuli_infrastruqtura+

განვიხილოთ თითოეული
უნდა განვასხვაოთ ორი ტიპის მწარმოებლები:
1. მწარმოებლები, რომლებიც ქმნიან და აწარმოებენ ახალ პრეპარატებს (ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი. იხ. წინა პარაგრაფი)
2. მწარმოებლები, რომლების აწარმოებენ ჯენერიკებს

jeneriki1ამ ორი ტიპის საწარმოთა მარკეტინგის სტრატეგია განსხვავდება ერთმანეთისაგან:

ფირმები, რომლებიც ქმნიან ახალ პრეპარატებს, ფირმა გიგანტებია.ერთი პრეპარატის შექმნის ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტია. ბუნებრივია ამგვარ ხარჯების გაწევა მხოლოდ გიგანტ-ფირმებს შეუძლიათ.
ახალი პრეპარატი (აქტიური ნივთიერება), რომელიც გიგანტმა შექმნა გარკვეული დროის მანძილზე, (20 წელი?) განმავლობაში არის მისი ექსკლუზიური საკუთრება, ანუ სხვას ამ ნივთიერებისა და პრეპარატის გამოშვების უფლება არა აქვს სპეციალური ლიცენზიის გარეშე. 20 წლის შემდეგ, გამოშვების უფლება, სხვა სავაჭრო დასახელებით შეუძლია სხვა საწარმეობსაც.
ფირმა გიგანტები აწარმოებენ ორი ტიპის პრეპარატებს:
1. ორიგინალურ დაპატენტებულ პრეპარატებს, რომლეიც გამოშვების უფლება მხოლოდ მათ აქვთ.
2. პრეპარატებს, რომელთა წარმოებაზეც ექსკლუზიური უფლება გაუვიდათ.
ამ ჯგუფებისათვის, საბაზრო სტრატეგია განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ორიგინალური პრეპარატებისათვის ფირმა ცდილობს დაამტკიცოს ახალი, ორიგინალური პრეპარატის ეფექტურობა, ამოიღოს გიგანტური დანახარჯები და მიიღოს მოგება. შესაბამისად, საბაზრო-სარეკლამო სტრატეგია განსაკუთრებით აქტიურია (პიარ-ტექნოლოგები ამგვარ სტრატეგიას აგრესიულს უწოდებენ). სპეციალისტთა დიდი ნაწილი, ახალ პრეპარატებს სიფრთხილით უნიშნავს, რადგანაც შეიძლება მათი ყველა თვისება ჯერ კიდევ არ იყოს გამოვლენილი.თავისთავად, ის რომ პრეპარატი ახალია, არ ნიშნავს რომ იგი ძველზე უკეთესია.
პრეპარატებისათვის, რომლებზეც ექსკლუზიური უფლება გაუვიდათ- ფირმა გიგანტები ცდილობენ შეინარჩუნონ ბაზარი. მათ შენართუნებული აქვთ პრეპარატის სავაჭრო დასახელება, რომელსაც სამედიცინო სამყარო იცნობს და მიჩვეულია. მათი კონკურენტების როლში გამოდის სხვა საწარმოები, რომლებიც ცდილობენ იგივე პრეპარატი გაიტანონ ბაზარზე სხვა სავაჭრო დასახელებით. ახალი კონკურენტები ცდილობენ კონკურენციას ფასებით. ახალი პრეპარატები,
თუკი მწარმოებელი ფირმა საერთაშორისო სტანდარტებისაა ზუსტად იგივე ქიმიურ ფორმულას უნდა შეიცავდნენ, რაც ორიგინალია.
კონკურენცია “გიგანტებსა” და ჯენერიკების მწარმოებელთა (სხვადასხვა სავაჭრო დასახელებათა) შორის საკმაოდ თვალნათლივია. ძირითადი არგუმენტი, რომლითაც ყოფილი
ექსკლუზიური მფლობელი ცდილობს ბაზარზე წამოაყენოს არის: მას აქვს გამოცდილი ტექნოლოგიები, აქვს სახელი და იმიჯი.
კონკურენტების ძირითადი საბაზრო ნიშაა – დაბალი ფასები.
ამ კონკურენციაში თავისი პოზიცია უნდა ქონდეს ექიმსა და ფარმეცევტს, რათა სწორი არჩევანი გააკეთოს.
ამ სტატიის ავტორის პოზიცია ასეთია:
არგუმენტი, რომ ყოფილი ექსკლუზიორები ფლობენ წარმოების სრულყოფილ ტექნოლოგიებს ცხადია სწორია, მაგრამ არგუმენტი, რომ ამ ტექნოლოგიების ტირაჟირება შეუძლებელია გადამეტებულად მიგვაჩნია.
საბაზრო ეკონომიკამ თვით შექმნა ჯენერიკების წარმოების ხელშემწყობი უზარმაზარი ინფრაქსტრუქტურა: საქარხნო ტექნოლოგიების მწარმოებელი ფირმები უშვებენ საერთაშორისო სტანდარტების საწარმოო ხაზებს, სხვადასხვა სტანდარტებით რეგულირდება წარმოებისა და მართვის ინფრასტრუქტურა და მისი ცალკეული ნაწილები. თუკი ქვეყანში არსებობს საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტული წარმოება, მას ხელეწიფება გამოუშვას სრულად კონკურენტული და ამავე დროს შედარებით იაფი პრეპარატი. ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია “ავერსი-რაციონალი” თბილისში.
ინფრასტრუქტურა, რომელიც კონკურენტუნარიანი და საერთაშორისო სტანდარტების ჯენერიკების წარმეობასა და თანხლებას უზრუნველყოფს რამდენიმე ძირითადი ელემენტისგან შედგება.
ინგრედიენტების მწარმოებელი ქარხნები. ისინი პრინციპში ცალკე ვითარდებიან და საკმაოდ წარმატებით. მათი განვითარება დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. მათი რაოდენობა შედარებით ცოტაა.

ფარმაცევტული ინფრასტრუქტურა

დაფასოება-შეფუთვის საწარმოები. დაფასოება-შეფუთვა მარტივი პროცედურა არაა და მოითხოვს არა მარტო საერთაშორისო დონის ქარხანას, არამედ- მართვის საერთაშორისო სტანდარტებსაც.
განვითარება მხარდაჭერილია ერთის მხრივ საწარმოო ხაზებისა და ქარნების მწარმოებელი ინფრასტრუქტურით. მეორეს მხრივ, მათი მართვის ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით.

საბითუმო რეალიზაცია.  ბუნებრივია, პრესტიჟული ქარნები პროდუქციას საცალოდ არ ყიდიან. პროდუქცია ბითუმად იყიდება.ბითუმად (დიდი პარტიების რეალიზატორებს) დისტრიბუტორებსაც უწოდებენ.
ფირმები ცდილობენ დისტრიბუტორებად სოლიდური ფირმები შეაღციონ, რომელთაც უკვე აქვთ თავიანთ რეგიონებში ბრენდი და სასურველია ფლობდნენ საცალო ქსელს. თავის მხრივ, დისტრიბუტორები ცდილობენ, ბაზარზე შემოიტანონ ბრებდირებული პროდუქცია, რომელზეც რეალური საბაზრო მოთხოვნილებაა.
საცალო რეალიზაცია. პრეპარატების საცალო რეალიზაციას აფთიაქები აწარმოებენ. ფარმაცევტული პროდუქციით საცალო ვაჭრობა პრინციპულად განსხვავდება სხვა საქონლით ვაჭრობისაგან – იგი ფარმაცევტული მომსახურების მხოლოდ ერთი ელემენტია. ფარმაცევტული მომსახურება კი, სამედიცინო მომსახურებათა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა.
სამედიცინო წარმომადგენლის ინსტიტუტი. მწარმოებელი ფირმები ავითარებენ ე.წ. სამედიცინო წარმომადგენლის ინსტიტუტებს. ეს არის დისტრიბუტორთან, ან მასთან კოორდინირებით შექმნილი სპეციალური სტრუქტურა, რომლის მიზანია პრეპარატების ბაზარზე წინ წაწევა (რეკლამა, პრომოცია, პიარი და ა.შ.). მათ შეიძლება გაფართოებული ფუნქციებიც ჰქონდეთ (მაგალითად: საავტორო უფლებების დაცვის კონტროლი)
სამედიცინო წარმომადგენლობები ცხოვრებაში ატარებენ ფირმის მარკეტინგულ სტრატეგიას, ახორციელებენ რეკლამას. მათი ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობის ობიქტია ექიმები. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ექიმები თავიანთი პრეპარატების უპირატესობებში და ამით, ხელი შეუწყონ პრეპარატების რეალიზაციას.
სამედიცინო წარმომადგენლის ინსტიტუტი ფირმისათვის მნიშვნელოვანი მარკეტინგული ინსტიტუტია.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.