მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

გამოკვლევის მეთოდები. თირკმლების დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება როგორც ავადმყოფის კვლევის ძირითადი მეთოდები – ანამნეზი, ავადმყოფის დათვალიერება, თირკმლების პალპაცია და აუსკულტაცია, ასევე თირკმლების ფუნქციების და მორფოლოგიის გამოკვლევის სპეციალური მეთოდები, რომელთა შორის სავალდებულოა შარდის ლაბორატორიული ანალიზები. გამოკვლევების ძირითადი მეთოდებიდან სპეციალურ ჩვევას მოითხოვენ თირკმლების არტერიების აუსკულტაცია და თირკმლების პალპაცია.
თირკმლების პალპაცია ტარდება ბიმანუალური მეთოდით.
ავადმყოფის მდებარეობა – მწოლიარე, ოდნავ აწეული თავით. ექიმი იმყოფება ავადმყოფის მარჯვნივ, მარცხენა ხელს ათავსებს ავადმყოფის წელზე (ხელის თითების წვერები უნდა ეხებოდეს m. erector spinae), ხოლო მარჯვენა ხელს – მუცლის წინა კედელზე (თითების წვერები მიმართული უნდა იყოს ნეკნთა რკალისკენ). ავადმყოფს სთავაზობენ მუცლის კუნთების მოდუნებას და სთხოვენ ღრმად ჩასუნთქვას. ჩასუნთქვის პროცესში მარჯვენა ხელი თანდათანობით უნდა ჩავაცუროთ მუცლის სიღრმეში, ხოლო მარცხენა ხელით მოვახდინოთ ზეწოლა წელის მიდამოზე. ჩასუნთქვის დროს ხდება თირკმლის გადანაცვლება ქვემოთ, რის შედეგადაც ხორციელდება მისი პალპაცია და ხდება მისი ფორმის, ზომის, ზედაპირის მდგომარეობის, მტკივნეულობის, სიმკვრივის, მოძრაობის უნარის განსაზღვრა. თუკი ავადმყოფის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, სასურველია თირკმლების პალპაცია ჩატარდეს პაციენტის ვერტიკალურ მდგომარეობაში. ამასთან, პაციენტი, სკამზე მჯდომარე ექიმის მიმართ, უნდა იდგეს სახით ან ნახევრადშებრუნებულ პოზაში. მუცლის პრესის კუნთები მოდუნებული უნდა იყოს, ხოლო სხეული ოდნავ წინ დახრილი. ნორმაში თირკმელს გააჩნია მკვრივი (მაგრამ არა მყარი) კონსისტენცია და გლუვი ზედაპირი.

შარდის გამოკვლევა იწყება მისი საერთო ანალიზით, რომელიც გამოხატავს შარდის ნალექის ძირითად ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებს და მის მაკროსკოპულ შემადგენლობას. გამოკვლევის მიზნით სასურველია დილის, კონცეტრირებული შარდის შუა პორცია. შარდის ნალექის მიკროსკოპია უნდა ჩატარდეს შარდის შეგროვებიდან არაუგვიანეს 2 საათისა, ხოლო შარდის დაბალი ხვედრითი წონის შემთხვევაში (1010–ზე ნაკლები) – უშუალოდ მისი შეგროვების შემდეგ.
ნორმაში ახლადგამოყოფილი შარდი გამჭვირვალე, ჩალისფერი–მოყვითალო ფერის სითხეა. პოლიურიის და თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს, შარდის შეფერილობა უფრო ნაკლები ინტენსივობისაა, ხოლო ცილების მომატებული კატაბოლიზმის შემთხვევაში (ცხელება, ჰიპერთირეოზი, ინფექცია, სიმსივნეები) უფრო მეტად გაჯერებული. შარდის გამუქება შეიძლება იყოს მასში მარილების, ლეიკოციტების, ბაქტერიების მაღალი შემცველობის შედეგი. შარდის რეაქცია ჩვეულებრივ მჟავეა. ტუტე რეაქცია აღინიშნება უხორცო, ხილ–ბოსტნეულით მდიდარი კვებითი რაციონის შემთხვევაში; შარდის pH–ის მყარი მომატება შეიძლება იყოს მილაკოვანი აციდოზის, ბაქტერიული ინფექციის (რომელსაც გააჩნია შარდოვანას ამონიუმამდე დაშლის უნარი) ნიშანი. შარდის მჟავა გარემოში ადვილად წარმოიქმნება კრისტალები ურატების და ოქსალატების მარილებისგან, ხოლო ტუტე გარემოში – ფოსფატური მარილებისგან.
ჯანმრთელ ადამიანებში ხარისხობრივი სინჯებით პროტეინურიის განსაზღვრა ჩვეულებრივ არ ხერხდება; დღე–ღამის განმავლობაში მისი მაჩვენებელი 50 მგ. არ აღემატება. ცილებზე ხარისხობრივი რეაქციები (სინჯები სულფოსალაცილის და აზოტის მჟავებით) დადებითი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც შარდში ცილების რაოდენობა აღემატება 0,033 გ/ლ. თირკმლების დაზიანების სიმძიმის შეფასების და დიაგნოსტიკის მიზნით უფრო ინფორმაციულია სადღეღამისო პროტეინურიის განსაზღვრა, ვიდრე ცილის განსაზღვრა შარდის ერთჯერად ანალიზებში. შარდის ცილების ხარისხობრივი შემადგენლობის ანალიზი ხორციელდება მათი მოლეკულური მასის, იმუნოქიმიური თვისებების მიხედვით. ამ მიზნით გამოიყენება ელექტროფორეზი სახამებლის ან პოლიაკრილამიდურ გელში, გელ–ქრომატოგრაფია, იმუნოელექტროფორეზი. ყველაზე ზუსტია სეფადექსზე გელ–ფილტრაციის მეთოდი.
შარდის ნალექის მიკროსკოპია საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ მასში ერითროციტები, ლეიკოციტები, ცილინდრები, ეპითელიუმის უჯრედები. ჯანმრთელ ადამიანებში, მიკროსკოპის მხედველობის არეში, მისი 40–ჯერადი გადიდების შემდეგ, აღინიშნება 1–2 ერითროციტი და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ლეიკოციტების რაოდენობა არ აღემატება 5–ს მხედველობის არეში; ზოგჯერ ვლინდება ერთეული ჰიალინური ცილინდრები (მაგ. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ), ნორმაში მარცვლოვანი და ცვილისებრი ცილინდრების აღმოჩენა შარდში არ ხდება.
შარდის საერთო ანალიზი იძლევა საორიენტაციო წარმოდგენას ლეიკოციტურიის და ერითროციტურიის ხარისხის შესახებ. მათი რაოდენობის უფრო ზუსტი განსაზღვრა ხორციელდება სტანდარტულ მოცულობაში (ნეჩიპორენკოს მიხედვით 1 მლ. შარდში) ან კონკრეტული დროის განმავლობაში (დღე–ღამის განმავლობაში – კაკოვსკი–ადისის მეთოდი; 1 წუთის განმავლობაში – ამბურჟეს მეთოდი) უჯრედების რაოდენობის განსაზღვრით. ნეჩიპორენკოს მეთოდი, მისი სიმარტივის გამო (ხდება ახალგამოყოფილი შარდის შუალედური პორციის ანალიზი) ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. თუმცა ნეჩიპორენკოს სინჯში გათვალისწინებული არ არის ლეიკოციტურიის დღე–ღამური მაჩვენებლები, რომლებიც შესაძლოა მნიშვნლოვნად მერყეოდნენ.
შარდის ნალექის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა წარმოადგენს საორიენტაციო ტესტს სოკოების გამოვლენის და საშარდე სისტემის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის მიზნით (შარდის ნალექიდან აღებული, ცილ–ნილსენის მიხედვით შეღებილი ნაცხების მიკროსკოპია). თირკმლების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის მიზნით უფრო სარწმუნოა შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა პრეის–შკოლნიკოვის მეთოდით და, განსაკუთრებით, ბიოლოგიური მეთოდი – ავადმყოფის შარდის კანქვეშა ინექცია ზღვის გოჭზე ამ უკანასკნელის დაინფიცირების მიზნით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შარდის დათესვა ბაქტერიურიის ხარისხის რაოდენობრივი შეფასების მიზნით (გოულდის მეთოდი). ბაქტერიურიის დიაგნოსტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც 1 მლ შარდში აღმოჩნდება 105– ზე მეტი რაოდენობის ინფექციის გამომწვევი.
თირკმლების ფუნციური მდგომარეობის გამოკვლევა ძირითადად ეფუძნება კლირენს–ტესტებს და მდგომარეობს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (ენდოგენური კრეატინინის კლირენსი), შარდოვანას კლირენსის, თირკმლისმიერი სისხლმომარაგების ეფექტურობის, აგრეთვე ამინომჟავების, გლუკოზის, ფოსფატების, ნატრიუმის ექსკრეციის, შარდის ოსმოსური განზავების და კონცეტრირების უნარის, ამონიუმის, ტიტრირებული მჟავების, წყალბადის იონების ექსკრეციის სიჩქარის, შარდის აციდიფიკაციის უნარის განსაზღვრაში. გამოკვლევის მინიმალური კომპლექსი მოიცავს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრას, ერთჯერად ანალიზში, ზიმნიცკის სინჯში შარდის შეფერდებითი სიმკვრივის მიხედვით თირკმლების კონცეტრაციული ფუნქციების შეფასებას, აგრეთვე შარდის აციდიფიკაციის მიმართ თირკმლების უნარის გამოკვლევას.
ენდოგენური კრეატინინის კლირენსის მიხედვით გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის განსზღვრის მიზნით, აუცილებელია შარდის შეგროვება 24 საათის განმავლობაში 1 წუთიანი სიზუსტით. ენდოგენური კრეატინინის კლირენსის (C) განსაზღვრა ხდება ფორმულით:
C= U·V/P,
სადაც U და P არის კრეატინინის კონცეტრაცია შესაბამისად შარდში და სისხლის პლაზმაში, ხოლო V – წუთობრივი დიურეზის მაჩვენებელი. უფრო იშვიათად, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის გამოკვლევა ხორციელდება რადიოაქტიური იზოტოპების კლირენსების მეშვეობით, რისთვისაც გამოიყენება ეთილენდიამინტეტრააცეტატი, ნატრიუმის იოთალამატი, ნიშანდებული რადიოაქტიური ქრომი. ფიზიოლოგიურ პირობებში, გორგლოვანი ფილტრაციის სიდიდე მერყეობს ასაკიდან, ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვიდან, კვების ხასიათიდან, დღე–ღამის სხვადასხვა დროს მიღებული წყლის რაოდენობიდან და სხ. გამომდინარე. გორგლოვანი ფილტრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნება დილით და ღამით, ყველაზე მაღალი – დღის განმავლობაში. 40 წლიდან დაწყებული გორგლოვანი ფილტრაცია ქვეითდება დაახლოებით 1%–ით წელიწადში.
თირკმლების კონცეტრაციული ფუნქციის საორიენტაციო შეფასება შესაძლებელია დილის შარდის ხვედრითი წონის მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც ნორმაში შეადგენს არანაკლებ 1018. გასათვალისწინებელია, რომ გამოხატული გლუკოზურიით ავადმყოფებში, შარდში შაქრის ყოველ 1%–ზე აღნიშნული მაჩვენებელი მატულობს 4 ერთეულით, ხოლო პროტეინურიის შემთხვევაში – 1 ერთეულით ყოველ 3გ/ლ ცილაზე. რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაში შარდის ხვედრითი წონა უნდა განისაზღვროს 1–2 დღის შემდეგ. უფრო სარწმუნო მონაცემებს იძლევა დღე–ღამის განმავლობაში შარდის ხვედრითი წონის მერყეობა, კერძოდ ზიმნიცკის სინჯი, რომელიც მდგომარეობს ჩვეულებრივ მოშარდვის პირობებში ყოველ 8 საათში აღებული შარდის პორციების ხვედრითი წონების შეფასებაში. ზიმნიცკის სინჯში შარდის მაქსიმალური ხვედრითი წონის დაქვეითება 1012–მდე ან უფრო ქვევით (ჰიპოსტენურია) ან 1008–1010 ფარგლებში შარდის ხვედრითი წონის მერყეობა (იზოსტენურია ანუ შარდის და პლაზმის უცილო ფილტრატის თანაბარი ხვედრითი წონები) მეტყველებს თირკმლების კონცეტრაციული ფუნქციის გამოხატულ დარღვევაზე. ზიმნიცკის სინჯში შარდის ხვედრითი წონის მერყეობის შეფასების გარდა, ხდება დღისა და ღამის დიურეზების შეფარდების განსაზღვრა. ჯანმრთელ ადამიანებში დღის დიურეზი მნიშვნელოვნად აღემატება ღამისას და შეადგენს სადღეღამისო დიურეზის დაახლოებით 2/3–3/4. თირკმლების ოსმომარეგულირებელი ფუნქციის უფრო ზუსტი შეფასება შესაძლებელია სისხლის შრატის და შარდის ოსმოლარობის განსაზღვრით და კონცეტრაციული კოეფიციენტის (შარდის ოსმოლარობის შეფარდება შრატის ოსმოლარობასთან) და ოსმოლარული კლირენსის გამოთვლით.
მჟავა–ტუტოვანი წონასწორობის რეგულაციისადმი თირკმლის შესაძლებლობის დადგენა ხორციელდება შარდის pH-ის, შარდის ტიტრირებული მჟავიანობის, ბიკარბონატების, ამიაკის ექსკრეციის განსაზღვრით და ამონიუმური კოეფიციენტის (ამიაკის ექსკრეციის შეფარდება წყალბადის იონების საერთო სეკრეციასთან) გამოთვლით.
ცალკეული ნივთიერებების (ამინომჟავები, გლუკოზა, ფოსფატები და სხ.) შარდთან ერთად ექსკრეციის გამოკვლევა საშულებას იძლევა გამოვლინდეს თირკმლების ფუნქციების პარციალური დარღვევები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტუბულოპათიების დიაგნოსტიკის მიზნით.
პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია შარდმჟავას და მჟაუნმჟავას ექსკრეციის რაოდენობრივ შეფსებას. ორივე სახის მჟავა ფილტრაციას განიცდის თირკმლის გორგლებში. სავარაუდოა, რომ შარდმჟავა განიცდის თითქმის სრულ რეაბსორბციას, ხოლო ექსკრეციის გაზრდა (ნორმა 400–600 მგ. დღეღამეში) დაკავშირებულია სეკრეციის გაძლიერებასთან. სეკრეციის დაქვეითება სისხლში შარდმჟავას დონის გაზრდით (ჰიპერურიკემია) შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის შედეგი თირკმლის დაავადებების დროს, აგრეთვე აღინიშნება თიაზიდური ჯგუფის შარდმდენების, ბუტადიონის და ზოგიერთი სხვა პრეპარატის გამოყენების დროს, აციდოზის, დეჰიდრატაციის, გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევებში.

თირკმლების ბიოფსია გამოიყენება დიაგნოზის დაზუსტების და დაავადების პროგნოზის შეფასების მიზნით. უფრო ხშირად კეთდება ტრანსდერმული პუნქციური ბიოფსია სპეციალური ნემსით, იშვიათად – ნახევრადღია ბიოფსია. იმისთვის რომ თირკმლებში არსებული ცვლილებების მორფოლოგიური შეფასება სარწმუნო იყოს, აუცილებელია ბიოპტატში აღებულ იქნას არანაკლებ 5–6 გორგალი. ბიოპტატების გამოკვლევა ხდება სინთლის ოპტიკური მიკროსკოპიით. ნეფრიტის ტიპის და მისი აქტივობის განსაზღვრის მიზნით დამატებით გამოიყენება გამოკვლევის იმუნოჰისტოქიმიური და ელექტრონულ–მიკროსკოპიული მეთოდები. თირკმლების ბიოფსია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც წყდება საკითხი გლუკოკორტიკოიდების, ციტოსტატიკების, ჰეპარინის დიდი დოზებით, პლაზმაფერეზით აქტიური თერაპიის შესახებ. თირკმლის ბიოფსიის აბსოლიტური უკუჩვენებაა სისხლის შედედების დარღვევა, ერთადერთი ფუნქციონირებადი თირკმელი, თირკმლების შეჭმუხვნა, უკონტაქტო ავადმყოფი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია. თირკმლის ბიოფსიის შედარებითი უკუჩვენებებია თირკმლების პოლიკისტოზი, მიელომური დაავადება, თირკმლების სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ხელს უწყობს სისხლდენების განვითარებას (დიაბეტური გლომერულოსკლეროზი, კვანძოვანი პერიარტერიიტი).

თირკმლების დაავადებათა სემიოტიკა მოიცავს როგორც არასპეციფიკურ სიმპტომებს (მაგ., წელის არეში ტკივილები, ნიქტურია), ასევე თირკმლების გარკვეული დაავადებებისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ სიმპტომებს, სინდრომებს და სიმპტომოკომპლექსებს, რომლებიც ნეფროლოგიურ პრაქტიკაში აღინიშნება როგორც სინდრომები. გამოყოფენ ე.წ. შარდის და ჰიპერტენზიულ სინდრომებს, ნეფროზულ სინდრომს, მწვავე ნეფრიტულ სინდრომს, მილაკოვანი დისფუნქციის სინდრომებს, აგრეთვე თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის სინდრომებს. ზოგიერთი სინდრომი (ნეფროზული, ჰიპერტენზიული) გამოირჩევა მკაფიო კლინიკური სურათით და დაავადების მრავალფეროვანი გამოვლინებებით, სხვა სინდრომების დიაგნოსტირების მიზნით აუცილებელია გამოკვლევის სპეციალური მეთოდების გამოყენება. შარდის და ჰიპერტენზიული სინდრომები შეიძლება იყოს თირკმლების როგორც ორმხრივი, ასევე ცალმხრივი დაზიანების შედეგი. შარდის სინდრომი მოიცავს პროტეინურიას, ჰემატურიას, ლეიკოციტურიას და ცილინდრურიას.
მწვავე ნეფრიტული სინდრომი გამოიხატება მკვეთრი შეშუპებების განვითარებით ან გაძლიერებით, რასაც თან ახლავს სახის ტიპიური სიფერმკრთალე და შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია (ჩვეულებრივ დიასტოლური), ოლიგურია, პროტეინურია, ჰემატურია, არც თუ იშვიათად, თირკმლების ფუნქციების დარღვევა. საკმაოდ ხშირად მწვავე ნეფრიტულ სინდრომს ემატება მისთვის დამახასათებელი გართულებები – თირკმლისმიერი ეკლამფსია, გულის მწვავე (მარცხენაპარკუჭოვანი) უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. მწვავე ნეფრიტული სინდრომის განვითარება ტიპიურია მწვავე გლომერულონეფრიტის საწყისი სტადიისთვის.
მილაკოვანი დისფუნქციის სინდრომები უხშირესად აღინიშნება თანდაყოლილი ტუბულოპათიებით დაავადებულ ბავშვებში, იშვიათად მოზრდილებში, როგორც გვიან აღმოჩენილი გენეტიკური ან შეძენილი დეფექტი, ინტერსტიციის დაზიანებით მიმდინარე თირკმლების ან არათირკმლისმიერი დაავადებების (სიმსივნეები, აუტოიმუნური დაავადებები) დროს.

თირკმელი

ყველაზე ხშირად ვლინდება თირკმლისმიერი ტუბულარული აციდოზის სინდრომი, რომელიც ხასიათდება ჰიპერქლორემიული აციდოზის შერწყმით მომატებულ ბიკარბონატურიასთან, შარდის მაღალ pH-თან და შარდთან ერთად ამონიუმის და ტიტრირებული მჟავების ექსკრეციის მნიშნელოვან დაქვეითებასთან. ტუბულარული დისფუნქცია აგრეთვე შესაძლოა გამოვლინდეს თირკმლისმიერი გლუკოზურიის, ფოსფატ–დიაბეტის (ჰიპოფოსფატემიური რაქიტი), თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის, ფანკონის სინდრომის სახით. თირკმლისმიერი ჰიპერტენზიული სინდრომი ვითარდება თირკმლის პრაქტიკულად ყველა პარენქიმული დაავადების დროს, აგრეთვე მისი სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში (რენოვასკულარული არტერიული ჰიპერტენზია). თირკმლების დაავადებების დროს არტერიული წნევის მომატება შეიძლება განპირობებული იყოს ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავებით, რასაც თან ახლავს მოცულობით–დამოკიდებული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბება, აგრეთვე პრესორული ანგიოტენზინ–ალდოსტერონის სისტემის აქტივაციით და თირკმლების დეპრესორული ფუნქციის დაქვეითებით, რომლის უზრუნველყოფაც ხორციელდება პროსტაგლანდინების და კალიკრეინ–კინინური სისტემის საბოლოო პროდუქტების – ბრადიკინინის და კალიდინის სინთეზით. თირკმლების დაავადებების დროს ჰიპერტენზიული სინდრომის კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია არტერიული წნევის მომატების ხარისხზე, გულის და სისხლძარღვების დაზიანებაზე. დამახასიათებელი ჩივილებია: თავის ტკივილი, მხედველობის გაუარესება, ტკივილები გულის არეში, ქოშინი. ე.წ. ავთვისებიანი თირკმლისმიერი ჰიპერტენზიის სინდრომი გამოიხატება დიასტოლური არტერიული წნევის მნიშვნელოვანი და მყარი მატებით, გამოხატული რეტინოპათიით (ჰემორაგიების კერებით, მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპებით, მხედველობის დაქვეითებით სრულ სიბრმავემდეც კი), ენცეფალოპათიით, გულის უკმარისობით.
თირკმლების ზოგიერთი დაავადების მნიშვნელოვანი სიმპტომია შეშუპება, რომელიც, ნეფროზული სინდრომის შემთხვევაში, განპირობებულია ჰიპოპროტეინემიით და პლაზმის ონკოზური წნევის დაქვეითებით, ხოლო მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში – სისხლძარღვთა განვლადობის მომატებით. შეშუპების ხარისხი მერყეობს სახის კანის პასტოზურობიდან ანასარკის განვითარებამდეც კი, რასაც თან ახლავს ასციტი, ჰიდროთორაქსი და ჰიდროპერიკარდიტი. ნატრიუმისა და წყლის უმნიშვნელო ხარისხით შეკავება შეიძლება არ გამომჟღავნდეს ხილული შეშუპების განვითარებით; ასეთ შემთხვევაში მისი დიაგნოსტირება ხდება დიურეზის დაქვეითების ფონზე ავადმყოფის სხეულის მასის მომატებით.

პათოლოგია. თირკმლების დაავადებების თანამედროვე კლასიფიკაციაში გამოყოფენ პათოლოგიის შემდეგ ძირითად ფორმებს: 1) თირკმლების რაოდენობის, განლაგების და აგებულების თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების მანკები); 2) გენეტიკური ნეფროპათიები; 3) თირკმლების ინფექციები, ინვაზიები; 4) თირკმლების იმუნოანთებითი დაავადებები (ნეფრიტები): ა) პირველადი, ბ) მეორადი, რომლებიც ვითარდებიან სისტემური წითელი მგლურას, კვანძოვანი პერიარტერიიტის, ვეგენერის გრანულომატოზის, გუდპასჩერის დაავადების, სისტემური სკლეროდერმიის, ჰემორაგიული ვასკულიტის და ა.შ. დროს; 5) ეგზოგენური ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების (მათ შორის პროფესიული) ზემოქმედებით განპირობებული ნეფროპათიები; 6) თირკმლების დაზიანებები მეტაბოლიტური და ელექტროლიტური დარღვევების დროს; 7) თირკმლების ამილოიდოზი; 8) ნეფროლითიაზი; 9) თირკმლების სიმსივნეები; 10) თირკმლების სხვა დაავადებები. ეს უკანასკნელი ჯგუფი მოიცავს ნეფროფტოზს, თირკმლების მეორად დაზიანებებს მათი განლაგების ანომალიების და შარდის დინების დარღვევების (ობსტრუქციული უროპათიები) დროს, კერძოდ ჰიდრონეფროზს, თირკმლებში განვითარებული ვენური შეგუბების დროს და ა.შ. მათ შორის ყველაზე ხშირია (განსაკუთრებით ქალებში) ნეფროპტოზი (დაშვებული, ცდომილი თირკმელი) – თირკმლის (უხშირესად მარჯვენას) პათოლოგიური მოძრაობა, რომელიც აღემატება ერთ მალას ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში სხეულის მდებარეობის შეცვლის დროს.
თირკმლის პათოლოგიური მოძრაობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მნიშვნელოვანი ჰემო– და უროდინამიკური დარღვევები, კერძოდ ვენური ჰიპერტენზია ცდომილ თირკმელში, შარდსაწვეთის მოკეცვა შარდის დინების შეფერხებით, რაც შეიძლება გახდეს პიელონეფრიტის, ჰიდრონეფროზის, ფორნიკულური სისხლდენების, ნეფროლითიაზის განვითარების მიზეზი.
გაურთულებელი ნეფროპტოზის ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ატარებს თირკმლის კოლიკის ხასიათს. ტკივილი ჩვეულებრივ ვითარდება ავადმყოფის ვერტიკალურ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვის პირობებში, მისი ინტენსიობა კლებულობს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლისას, ზოგჯერ თან სდევს შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება. აღნიშნული სიმპტომების გარდა შესაძლებელია აღინიშნებოდეს ნაწლავების ფუნქციების დარღვევა, ფსიქიკური მოშლილობები. პალპაციით, ჩვეულებრივ, ისინჯება მოძრავი თირკმელი, განსაკუთრებით ავადმყოფის ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას. შარდში ვლინდება ცილები, ერითროციტები, ლეიკოციტები, ცილინდრები. ავადმყოფის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩატარებული ექსკრეტორული უროგრაფიის დროს მოჩანს თირკმლის მომატებული მოძრაობის უნარი და კონტრასტული ნივთიერების პასაჟის დარღვევა. არტერიული ჰიპერტენზიით გართულებული ნეფროპტოზის შემთხვევაში, კეთდება აორტო– და ვენოგრაფია ვერტიკალურ მდგომარეობაში. ორმხრივი ნეფროპტოზი შეიძლება იყოს სპლანქნოპტოზის ერთ–ერთი გამოვლინება, რომლის დიაგნოსტიკისთვისაც აუცილებელია კუჭის რენტგენოსკოპია.
ნეფროპტოზის კონსერვატიული მკურნალობა მდგომარეობს ინდივიდუალურად დამზადებული ბანდაჟის ტარებაში, რომლის ჩაცმაც ხდება დილით, მჯდომარე მდგომარეობაში და ჩასუნთქვის დროს. მუცლის წინა კედლის კუნთების გამაგრების მიზნით რეკომენდებულია ვარჯიშების სპეციალური კოპლექსი, ცურვა. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია ტკივილის დროს, რომელსაც თან ახლავს შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითება, აგრეთვე ნეფროპტოზის გართულებების შემთხვევაში. ოპერაციის მიზანია ურო– და ჰემოდინამიკის ნორმალიზაცია, რაც მიიღწევა თირკმლების ფიქსაციით მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში (ნეფროპექსია).

გაგრძელება იხ. >>>>

 

Comments are closed.

nostalgia

vaka