მკურნალობა უცხოეთში


ემა ტუხიაშვილი. წამლის ფასი საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის…
“ეკოპალიტრა”

09:00 / 08-09-2009 აღებულია საიტიდან (შემოკლებით):
http://www.ambebi.ge/meditsina/9949-tsamlis-fasi-sashishia-thqveni-janmrthelobisthvis.html

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლები კიდევ გაძვირდა. ამას ყველაზე უკეთ მომხმარებელი ამჩნევს, როდესაც თითქმის ყოველ ჯერზე მედიკამენტებში სულ უფრო მეტის გადახდა უწევს. წამლების სიძვირე მოსახლეობის ჯიბეს მძიმე ტვირთად აწვება. მხოლოდ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, სააფთიაქო ქსელში წამლები თითქმის 100%-ით გაძვირდა, მათ შორის, იმპორტირებულიცა და ადგილობრივი წარმოებისაც. ამ თემას “ეკოპალიტრა” არაერთხელ მიბრუნებია, თუმცა ფარმაცევტული კომპანიების არგუმენტები ყოველთვის ერთი და იგივე და ერთმანეთის მსგავსია: ლარის კურსი დოლარის მიმართ დაეცა და პროდუქცია მომწოდებლებმა გაგვიძვირესო.

თინა ტურძილაძე (“ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის” ექსპერტი): – წამლის ფასი დამოკიდებულია მის თვითღირებულებაზე, კვლევების, სახელმწიფო ადმინისტრირების, დისტრიბუციისა და პრომოუშენის ხარჯებზე, დარიცხულ მოგებაზე. წამლებზე ფასწარმოქმნის ქართული პრინციპის საფუძვლიანი ანალიზი, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ე.წ. “ქართული ფასწარმოქმნის სტრუქტურა” მახინჯია და უარყოფითად მოქმედებს არა მარტო მყიდველზე (მოსახლეობაზე) არამედ გამყიდველზეც (ფარმაცევტულ კომპანიებზე) და თავად გასაყიდ პროდუქტზეც (წამალზე).

- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მედიკამენტების ფასები მუდმივად იზრდება. რამდენად შეესაბამება ეს საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილებებს და თუ არ შეესაბამება, რატომ არის განსხვავება?

- სხვადასხვა ქვეყნებში წამლების ფასების დინამიკას სახელმწიფოს პოლიტიკა, მოქმედი ფასრეგულაცია განაპირობებს. მაგალითად იქ, სადაც სახელმწიფო მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისების ღირებულებას ანაზღაურებს, ცხადია, პოლიტიკაც ორიენტირებულია ხარჯების შემცირებისკენ და წამლის ფასებიც სტაბილურია.

საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად უარს ამბობს ჯანდაცვის სერვისებისა და, მათ შორის, წამლების უფასოდ მიწოდებაზე. უარს ამბობს წამლების ხარჯების შეკავებაზეც. სამწუხაროდ, პრობლემა მარტო წამლების კატასტროფული ფასი არ არის, უფრო სერიოზული პრობლემაა წამლების მოჭარბებული, არარაციონალური დანიშვნა. ამ ორი არაობიექტური ციფრის ნამრავლი ქმნის ხარჯს, რასაც ძირითადად პაციენტები ფარავენ, დონორი ორგანიზაციების კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის გაღატაკების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პიროვნებისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა. ეს ჯანდაცვის ძვირად ღირებულ სერვისებთანაა დაკავშირებული.

- არსებობს შეხედულება, რომ ერთი და იგივე მედიკამენტი ჩვენთან გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე რეგიონის ქვეყნებში – თურქეთში, უკრაინაში..

- ფასები განსხვავებულია ძირითადად ორი მიზეზით. ერთია სახელმწიფო პოლიტიკა, მეორე – მწარმოებელი კომპანიის მარკეტინგული პოლიტიკა. როცა სახელმწიფოს ფასების მიმართ პოლიტიკა არ აქვს, ესეც პოლიტიკაა და ესეც მიზეზია.

- წამლის სააგენტო 2007 წელს გაუქმდა, მისი ფუნქციები კი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს გადაეცა. რამდენად აძვირებს სახელმწიფო რეგულირება მედიკამენტების ფასს? ხომ არ არის რეგისტრაციის, განბაჟებისა და სხვა დაბეგვრა შეუსაბამო?

- მაგალითად, აშშ-ში სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ძალიან დიდ დანახარჯებს უკავშირდება, რაც პირდაპირ აისახება წამლების ფასებზე. ძალიან ძვირია ევროპული რეგულაციაც. ინგლისში წამლის რეგისტრაცია ღირს 74667 ფუნტი სტერლინგი, წარმოების ლიცენზია – 2236, კლინიკური კვლევის სერტიფიცირება – 15940, წარმოების ინსპექტირება ზონის მიხედვით – 8000-დან 14000-მდე და სხვ. რეგულირება აძვირებს წამალს, მაგრამ ქართული ლეგალური რეგულაცია ფასის ზრდაზე ნაკლებად აისახება. მისი ღირებულება უფრო სიმბოლურია, მეტწილად ადმინისტრაციულ ხარჯებსაც ვერ ფარავს. რეგულაციის ხარისხიც ღირებულების შესაფერისია.

- ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ფასების ზრდას ფარმაცევტული კომპანიები იმპორტირებული ნედლეულის გაძვირებით ხსნიან. თქვენი ინფორმაციით, რამდენად მართებულია ამგვარი ახსნა?

- ეს არ არის სიმართლე. წამლის ფასი მარტო ინგრედიენტების ფასისა და წარმოების სხვა ხარჯების ჯამი არ არის. აშშ-ში ახალი წამლის შექმნასა და ბაზარზე მის დაშვებას დაახლოებით 10 წელი და 1 მილიარდი დოლარი სჭირდება, პლუს სარეკლამო ხარჯები. ასეთი მაღალი ზღუდეები საქართველოში არ არის, აქ წამალს შეუძლია ბაზარზე 3 თვეში გავიდეს, საფუძვლიანი კვლევების გარეშე, დანახარჯები კვლევასა და რეგისტრაციაზე კი სულ 4000 ლარი ჰქონდეს. ქართული წამალი თვითღირებულებით ბევრად იაფია ევროპულ და ამერიკულ წამლებზე, ამიტომაცაა, რომ მათი “ფასწარმოქმნის სტრუქტურა” ბევრ კითხვას ბადებს.

- მონოპოლიების თემა ახალი არ არის, თუმც კი წამყვანი კომპანიები ამას უარობენ…

- საქართველოს ბაზარი მონოპოლიზებულია. მეტიც, მონოპოლისტებმა, საკუთარ სადისტრიბუციო და სააფთიაქო ქსელის პარალელურად, განახორციელეს დივერსიფიცირება ფარმაცევტულ მრეწველობაში, ჰოსპიტალურ სექტორში, დაწყებულია აქტივობა სადაზღვევო სექტორში, შექმნილი აქვთ არა მარტო საკუთარი, არამედ ფრანშიზული ქსელებიც – “36,6″, “წითელი A” და სხვა. ეს ტრესტია, კარტელი, თუ რამე ქართული გამოგონება, ეკონომისტებმა განსაზღვრონ, თუმცა ამ კომპანიების მონოპოლისტობა ცხადია. ასეთ ბაზარზე თითოეული მოთამაშის გადაწყვეტილება და მოქმედება მნიშვნელოვან ეფექტს ახდენს, კომპანიები იძულებული არიან, ერთმანეთის შესაძლო რეაქციები გაითვალისწინონ. ეს კი, როგორც წესი, ფარული გარიგებით სრულდება. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ჩვენს ბაზარზე წამლის ფასები, რომლებიც სავსებით თავისუფალია სახელმწიფო რეგულაციისგან და, იმავდროულად, თითქმის იდენტურია მთელ ბაზარზე.

ქართულ ჯანდაცვაში კრიზისია – იგი არც სოციალურად სამართლიანია, არც ხარისხიანი და არც უსაფრთხო. ეს დიდწილად ფარმაცევტული სექტორითაა განპირობებული.

Comments are closed.

nostalgia

vaka