სამკურნალო ნივთიერებების განაწილება ორგანიზმში

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სამკურნალო ნივთიერებები ორგანიზმში არათანაბრად ნაწილდება. განაწილების ხასიათი დამოკიდებულია წამლის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, ქსოვილების ვასკულარიზაციაზე, პათოლოგიური პროცესების არსებობაზე და ა. შ. სისხლში სამკურნალო ნითიერებები ურთიერთქმედებენ პლაზმის ცილებთან. განსაკუთრებით სწრაფად დგება ეფექტი იმ პრეპარატების გამოყენების დროს, რომლებიც სისხლის პლაზმის ცილებთან არ ურთიერთქმედებენ ან წარმოქმნიან არამდგრად კომპლექსებს; ეს იმის გამო ხდება, რომ პლაზმის ცილებთან დაუკავშირებელი წამლის თავისუფალი ფრაქცია იოლად აღწევს ქსოვილებში, გროვდება საკმაო კონცენტრაციით და იძლევა ეფექტს. თუკი კავშირი ცილებთან მყარია, კომპლექსი ,,წამალი + ცილა“ ვერ აღწევს ქსოვილოვან ბარიერებს, წამლის კონცენტრაცია ქსოვილში (უჯრედში) იქნება დაბალი და ეფექტი არ გამოვლინდება. ამიტომ ეფექტის დადგომის სიჩქარე და სიდიდე დამოკიდებულია პლაზმის ცილებთან წამლების კავშირის სიმტკიცეზე და სისრულეზე. მაგალითად, ყველა საგულე გლიკოზიდი აუმჯობესებს მიოკარდის კუმშვად უნარს, თუმცა მხოლოდ სტროფანტინი და მაისის შროშანის გლიკოზიდები უკავშირდებიან სისხლის პლაზმის ცილებს ნაკლებად და გამოიყენებიან გულის მწვავე უკმარისობის დროს. დიგიტოქსინი წარმოადგენს სათითურას გლიკოზიდს; იგი მჭიდროდ უკავშირდება სისხლის ცილებს. მიოკარდიუმში დიფუნდირებს მხოლოდ მისი თავისუფალი ფრაქცია და შედეგად ეფექტის დადგომის სიჩქარე ძალიან დაბალია. ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ გულის ქრონიკული უკმარისობის დროს.
სისხლის ცილებთან პრეპარატების შეკავშირება ქვეითდება სისხლდენის, ფართო დამწვრობების, ცილოვანი შიმშილის, ნეფროზების, ღვიძლის დაავადებების და ა. შ. დროს. ამგვარ პირობებში მათი აქტივობა და ტოქსიკურობა შესაძლოა გაიზარდოს.

ამა თუ იმ ქსოვილში სამკურნალო ნივთიერების განაწილებისა და დაგროვების პროცესი დაკავშირებულია მის სისხლმომარაგებასთან და ჰემოდინამიკის საერთო მდგომარეობასთან. შოკის, გულის შეგუბებითი უკმარისობისას ორგანოების უმრავლესობის პერფუზია ქვეითდება.
სხვადასხვა ქსოვილოვან ბარიერებში წამლების შეღწევა დამოკიდებულია მათ ლიპოფილობაზე და გარკვეული ქსოვილებისადმი მსგავსებაზე. მაღალი ლიპოფილურობის პრეპარატებს შეუძლიათ წყლოვანი ფაზიდან გადავიდნენ ცხიმოვან დეპოში და შექმნან მათში პრეპარატის რეზერვი. სამკურნალო პრეპარატი ცხიმოვანი დეპოდან სისხლში ნელა გადასვლით ახდენს ხანგრძლივ ზემოქმედებას.
ზოგიერთ წამლებს შეუძლიათ შერჩევითად (სელექციურად) დაგროვდნენ გარკვეულ ორგანოებში და ქსოვილებში. მაგალითად, იოდის პრეპარატის შეყვანისას იგი დიდი რაოდენობით ხვდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში, რადგანაც იოდი გამოიყენება მისი ჰორმონის – თიროქსინის სინთეზში. დარიშხანი მნიშვნელოვანი რაოდენობით გროვდება ფრჩხილებსა და კბილებში, წარმოქმნის რა მყარ კომპლექსებს კერატინთან. ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები უკავშირდებიან კალციუმს და კბილების გაკირვის პერიოდში შესაძლოა ჩალაგდნენ კბილის მაგარ ქსოვილებში და გამოიწვიონ მინანქრის ჰიპოპლაზია (,,ტეტრაციკლინის კბილები“).
წამლების განაწილებაზე გავლენას ახდენს ქსოვილოვანი ბარიერების განვლადობა. მაგალითად, ტეტრაციკლინებს უჭირთ ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა და გავლენას არ ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხოლო ლევომიცეტინი – გადალახავს და შეუძლია გამოიწვიოს აგზნება, უძილობა, ჰალუცინაციები. პათოლოგიის დროს მემბრანების განვლადობა შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, მწვავე ანთების დროს იგი იზრდება, ხოლო ქრონიკული ანთებითი პროცესის დროს ფიბროზული კაფსულის წარმოქმნამ შეიძლება გაართულოს სამკურნალო პრეპარატების შეღწევა ანთებით კერაში (ფიბროზი ტუბერკულოზის დროს)
სამკურნალო ნივთიერებების განაწილების თავისებურებები და მათდამი ქსოვილთა სხვადასხვაგვარი მგრძნობელობა განსაზღვრავს პრეპარატების არა მხოლოდ სამიზნე, არამედ გვერდით მოქმედებასაც.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.