წამლის გამოყოფა ორგანიზმიდან

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

შეუცვლელი სამკურნალო ნივთიერების ან მისი მეტაბოლიტების ორგანიზმიდან გამოყოფა ხორციელდება ყველა ექსკრეტორული ორგანოებით (თირკმელებით, ნაწლავებით, ფილტვებით, სარძევე, სანერწყვე, საოფლე ჯირკვლებით და სხვ.). ორგანიზმიდან წამლების გამოყოფის ძირითადი ორგანო თირკმელებია. თირკმელებით წამლების გამოყოფა ხდება ფილტრაციის გზით და აქტიური ან პასიური ტრანსპორტის დახმარებით. ლიპოიდებში ხსნადი ნივთიერებები ადვილად იფილტრებიან გორგლებში, მაგრამ მილაკებში ისინი კვლავ პასიურად შეიწოვებიან.ლიპოიდებში სუსტად ხსნადი პრეპარატები უფრო სწრაფად გამოიყოფა შარდით, ვინაიდან ისინი ცუდად რეაბსორბირდებიან თირკმლის მილაკებში. შარდის მჟავა რეაქცია ხელს უწყობს ტუტე ნაერთების გამოყოფას და აფერხებს მჟავა ნაერთების ექსკრეციას. ამიტომ მჟავური ბუნების წამლებით მოწამვლის დროს (მაგალითად, ბარბიტურატებით) იყენებენ ნატრიუმის ჰიდროკარბონატს, ან სხვა ტუტე ნაერთებს, ხოლო ალკალოიდებით ინტოქსიკაციის დროს, რომლებსაც ტუტე ხასიათი აქვთ, იყენებენ ამონიუმის ქლორიდს. ორგანიზმიდან წამლის გამოყოფის დაჩქარება შეიძლება ძლიერმოქმედი შარდმდენი საშუალებების დანიშვნით, მაგალითად, ოსმოსური დიურეტიკების ან ფუროსემიდის, ორგანიზმში სითხის დიდი რაოდენობით შეყვანის ფონზე (ფორსირებული დიურეზი). ორგანიზმიდან ფუძეებისა და მჟავების გამოყოფა ხდება აქტიური ტრანსპორტის გზით. ეს პროცესი მიმდინარეობს ენერგიის ხარჯვით და გარკვეული ფერმენტული სისტემების -გადამტანების დახმარებით. რომელიმე ნივთიერების გადამტანზე კონკურენციის შექმნის გზით შესაძლოა შევანელოთ წამლის გამოყოფა (მაგალითად, ეტამიდი და პენიცილინი სეკრეტირდება ერთი და იმავე ფერმენტული სისტემის დახმარებით, ამიტომ ეტამიდი ანელებს პენიცილინის გამოყოფას).
პრეპარატები, რომლებიც ცუდად შეიწოვებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გამოიყოფიან ნაწლავებით და გამოიყენებიან გასტრიტების, ენტერიტებისა და კოლიტების დროს (მაგალითად, შემკვრელი ნივთიერებები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, რომლებიც გამოიყენება ნაწლავური ინფექციების დროს). გარდა ამისა, ღვიძლის უჯრედებიდან წამლები და მათი მეტაბოლიტები ხვდებიან ნაღველში და მასთან ერთად გადადიან ნაწლავში, საიდანაც ან ხელმეორედ შეიწოვებიან, აღწევენ ღვიძლში, ხოლო შემდეგ ნაღველთან ერთად ნაწლავში (ნაწლავურ-ღვიძლის ცირკულაცია), ან გამოიყოფიან ორგანიზმიდან განვალთან ერთად. გამორიცხული არ არის რიგი წამლების და მათი მეტაბოლიტების პირდაპირი სეკრეცია ნაწლავის კედლით.
ფილტვების გზით გამოიყოფა აქროლადი ნივთიერებები და აირები (ეთერი, აზოტის ზეჟანგი, ქაფური და ა. შ.). მათი გამოყოფის დასაჩქარებლად აუცილებელია ფილტვის ვენტილაციის გაზრდა.
სამკურნალო პრეპარატების ნაწილი გამოიყოფა რძით, განსაკუთრებით სუსტი ფუძეები და არაელექტროლიტები, რაც გასათვალისწინებელია მეძუძურთა მკურნალობისას.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალება ნაწილობრივ გამოიყოფა პირის ღრუს ლორწოვანის ჯირკვლებით და ახდენს ადგილობრივ (მაგალითად, გამაღიზიანებელ) მოქმედებას გამომყოფ გზაზე. კერძოდ, მძიმე მეტალები (ვერცხლისწყალი, რკინა, ბისმუტი, ტყვია) გამოიყოფიან რა სანერწყვე ჯირკვლებით, იწვევენ პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანებას, სტომატიტებსა და გინგივიტებს. გარდა ამისა, ისინი იწვევენ ღრძილების ნაპირებთან, განსაკუთრებით კარიესული კბილების მიდამოში, მუქი არშიის წარმოქმნას. ამ არშიის წარმოქმნა განპირობებულია მძიმე მეტალების პირის ღრუს გოგირდწყალბადთან ურთიერთქმედებით და პრაქტიკულად უხსნადი სულფიდების წარმოქმნით. ამგვარად, ასეთი არშია წარმოადგენს მძიმე მეტალებით მოწამლვის სადიაგნოსტიკო ნიშანს.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების დიფენინისა და ნატრიუმის ვალპროატის ხანგრძლივი გამოყენებისას ღრძილების ლორწოვანი გარსების გაღიზიანება შესაძლოა ჰიპერტროფული გინგივიტის (”დიფენინური გინგივიტის”) მიზეზიც კი გახდეს.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.