წამლის შეყვანის გზები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სამკურნალო საშუალებების ორგანიზმში შეყვანა შეიძლება სხვადასხვა გზით, მათი თვისებებისა და თერაპიული მიზნების გათვალისწინებით. შეყვანის გზა მნიშვნელოვანად განსაზღვრავს წამლის მოქმედების დადგომის სიჩქარეს, მის ხანგრძლივობას და ძალას, ასევე, გვერდითი ეფექტების სპექტრსა და გამოხატულებას. განასხვავებენ წამლების შეყვანის ენტერალურ (კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან) და პარენტერალურ (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით) გზებს. ენტერალურს მიეკუთვნება: პირიდან (ორალურად), ენის ქვეშ (სუბლინგვალურად) და სწორი ნაწლავიდან (რექტალურად) შეყვანა.

ორალურად წამლის შეყვანა წარმოადგენს ავადმყოფისათვის ყველაზე უფრო მოხერხებულ და ბუნებრივ გზას. ამ დროს წამლის შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში, იშვიათად კუჭში, უპირატესად არაიონიზირებული მოლეკულების მარტივი დიფუზიით. ამასთანავე, საერთო სისხლის მიმოქცევაში მოხვედრამდე წამლები გაივლიან ბიოქიმიური თვალსაზრისით ორ აქტიურ ბარიერს – ნაწლავს და ღვიძლს, სადაც მასზე ზემოქმედებას ახდენენ მარილმჟავა, საჭმლის მომნელებელი (ჰიდროლიზური) და ღვიძლის (მიკროსომული) ფერმენტები, და სადაც ხდება წამლების უმრავლესობის დაშლა (ბიოტრანსფორმაცია). კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წამლების შეწოვის სიჩქარე და სისრულე დამოკიდებულია საკვების მიღების დროზე, მის შემადგენლობაზე და რაოდენობაზე. მაგალითად, უზმოზე მჟავიანობა ნაკლებია და ეს აუმჯობესებს ალკალოიდებისა და სუსტი ფუძეების შეწოვას, მაშინ, როდესაც სუსტი მჟავეების ათვისება უკეთესად ხდება ჭამის შემდეგ. ჭამის შემდეგ მიღებულ წამლებს შეუძლიათ ურთიერთქმედება საკვების კომპონენტებთან, რაც გავლენას ახდენს მათ შეწოვაზე. მაგალითად, ჭამის შემდეგ მიღებული კალციუმის ქლორიდი ცხიმოვან მჟავებთან წარმოქმნის კალციუმის უხსნად მარილებს, რომლებიც ზღუდავენ სისხლში მის შეწოვას. საკვებისა და წამლის მიღებას შორის კავშირმა შესაძლოა გავლენა იქონიოს წამლის გვერდითი ეფექტის გამოვლენაზეც. მაგალითად, უზმოზე ნიკოტინის მჟავის მიღებამ შესაძლოა ანგიონევროზული სინდრომი გამოიწვიოს, ხოლო ლინკომიცინისა და ფუზიდინ–ნატრიუმის მიღებამ კი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებები. წამლის შეყვანის ორალური გზის დროს ხშირია პირის ღრუში წამლის გვერდითი მოვლენები (ალერგიული სტომატიტები და გინგივიტები, ენის ლორწოვანი გარსების გაღიზიანება – ,,პენიცილინური გლოსიტი“, ”ენის ტეტრაციკლინისმიერი წყლულები“ და ა. შ.). ზოგჯერ წამლის ამ გზით შეყვანა შეუძლებელია პაციენტის მდგომარეობის გამო (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ავადმყოფის უგონო მდგომარეობა, ყლაპვის აქტის მოშლა და ა. შ.). ზოგიერთი წამალი შიგნით მიღებისას იშლება კუჭის მჟავა გარემოში (პენიცილინები, ინსულინები). ზეთოვანი ხსნარები (მაგალითად, ცხიმში ხსნადი ვიტამინების პრეპარატები) შეიწოვებიან მხოლოდ ემულგირების შემდეგ, რაც საჭიროებს ცხიმოვან და ნაღვლის მჟავებს. ამიტომ ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს მათი შიგნით მიღება ნაკლებად ეფექტურია.

წამლების სწრაფ შეწოვას ენისქვეშა მიდამოდან (სუბლინგვალური შეყვანისას) უზრუნველყოფს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის უხვი ვასკულარიზაცია. ასეთი გზით მიღებისას სამკურნალო პრეპარატი არ იშლება კუჭის წვენით და ღვიძლის ფერმენტებით, მათი მოქმედება სწრაფად დგება (2-3 წუთში). ეს საშუალებას იძლევა სუბლინგვალურად შევიყვანოთ გადაუდებელი, ურგენტული დახმარების ზოგიერთი პრეპარატი (ნიტროგლიცერინი – გულის არეში ტკივილის დროს; კლოფელინი – ჰიპერტონული კრიზების დროს და სხვ.) ან წამლები, რომლებიც იშლებიან კუჭში (ზოგიერთი ჰორმონალური პრეპარატები). ზოგჯერ სწრაფი შეწოვის მიზნით პრეპარატებს ღებულობენ ლოყაზე (ბუკალურად) ან ღრძილზე აპკის სახით (ტრინიტროლონგი).

შეყვანის რექტალურ გზას იყენებენ იშვიათად (ლორწო, სუპოზიტორიუმი) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას, ავადმყოფის უგონო მდგომარეობის დროს. სწორი ნაწლავიდან შეწოვა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე შიგნით მიღებისას. სამკურნალო პრეპარატის დაახლოებით 1/3 საერთო სისხლის მიმოქცევაში ხვდება ღვიძლის გავლის გარეშე, ვინაიდან ქვედა ჰემოროიდული ვენა შედის ქვედა ღრუ ვენის სისტემაში, და არა კარის ვენაში. ამ მეთოდით შეყვანის დროს წამლის მოქმედების სიჩქარე და ძალა უფრო მეტია, ვიდრე პირიდან მიღების დროს.

შეყვანის პარენტერალური გზებია: კანზე და ლორწოვან გარსებზე ინექციები, ინჰალაციები.

გარეგანი მიღებისას (შეზელვა, აბაზანები, გამოვლება) სამკურნალო პრეპარატი შეყვანის ადგილზე წარმოქმნის კომპლექსს ბიოსუბსტრატთან, რაც წარმოადგენს ადგილობრივ მოქმედებას (ანთების საწინააღმდეგო, ანესთეზური, ანტისეპტიკური და ა. შ.), განსხვავებით, რეზორბციულისაგან, რომელიც ვითარდება შეწოვის შემდეგ. ინექციების სახით შეჰყავთ ის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც არ შეიწოვებიან ან იშლებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. შეყვანის ეს გზა გამოიყენება ასევე ექსტერნულ შემთხვევებში, გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად. კანქვეშ შეყვანისას წამალი შეიწოვება კაპილარებიდან და ხვდება საერთო სისხლის მიმოქცევაში. მოქმედების ეფექტი დგება 10-15 წუთის შემდეგ; ამ შემთხვევაში, ორალური შეყვანის გზასთან შედარებით, ეფექტის სიდიდე მეტია, ხოლო ხანგრძლივობა ნაკლები. კიდევ უფრო სწრაფ შეწოვას, და შესაბამისად ეფექტს აქვს ადგილი კუნთებში შეყვანისას. ეს ინექციები ნაკლებ მტკივნეულია ვიდრე კანქვეშა ინექციები. ვენაში შეყვანის დროს წამალი მაშინვე ხვდება სისხლში (შეწოვა, როგორც ფარმაკოკინეტიკის შემადგენელი, არ არსებობს). ამასთან ენდოთელიუმი კონტაქტს ამყარებს პრეპარატის მაღალ კონცენტრაციასთან. ტოქსიკური მოვლენების თავიდან აცილების მიზნით ძლიერმოქმედ პრეპარატებს აზავებენ იზოტონური ხსნარით ან გლუკოზის ხსნარით და შეჰყავთ, როგორც წესი, ნელა. ვენაში ინექციები ხშირად გამოიყენება გადაუდებელი დახმარების დროს. თუკი ვენაში წამლის შეყვანა ვერ ხერხდება (მაგალითად დამწვრობის დროს), სწრაფი ეფექტის მისაღებად შეიძლება მისი მოთავსება ენისქვეშ ან პირის ღრუს ფსკერზე. გარკვეულ ორგანოში მაღალი კონცენტრაციის მისაღწევად (მაგალითად, ციტოსტატიკები, ანტიბიოტიკები) პრეპარატი შეჰყავთ მიმყვან არტერიებში. ასეთ დროს ეფექტი უფრო მაღალია, ვიდრე ვენაში შეყვანისას, ხოლო გვერდითი მოვლენები – ნაკლები. მენინგიტების დროს და სპინალური ანესთეზიისათვის იყენებენ წამლების სუბარაქნოიდულ შეყვანას. გულის გაჩერების დროს გულში შეჰყავთ ადრენალინი. ზოგჯერ წამალი შეჰყავთ ლიმფურ ძარღვებში.

წამლების ინჰალაციას (ბრონქოლიტიკები, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები და ა. შ.) იყენებენ ბრონქებზე ზემოქმედების მიზნით (ადგილობრივი მოქმედება); იმის გამო, რომ წამლების ინტენსიური შეწოვა ხდება ფილტვის ალვეოლებში, სადაც კაპილარების დიდი რაოდენობაა, ამ დროს ადგილი აქვს სწრაფ და ძლიერ რეზორბციულ ეფექტს, ასეთი გზით შეიძლება შევიყვანოთ აქროლადი სითხეები, აირები, ხოლო თხევადი და მყარი ნივთიერებები – აეროზოლების სახით.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

….