საკვების გავლენა სამკურნალო საშუალებებზე

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტში მიმდინარე პროცესები

საკვების მიღებიდან 4 საათის შემდეგ ან მომდევნო ჭამამდე 30 წთ–ით ადრე (აღნიშნულ პერიოდს უწოდებენ ”უზმოს”) კუჭი ცარიელია, მასში კუჭის წვენის რაოდენობა მინიმალურია (რამდენიმე სუფრის კოვზი). აღნიშნულ პერიოდში კუჭის წვენი (საჭმლის მონელების პროცესში კუჭის ჯირკვლების მიერ გამომუშავებული პროდუქტი) შეიცავს მცირე რაოდენობით მარილმჟავას. საუზმის, სადილის ან ვახშმის მოახლოების პარალელურად, კუჭის წვენის რაოდენობა და მასში მარილმჟავას შემცველობა მატულობს, ხოლო საკვების პირველ პორციებთან ერთად მისი გამოყოფა განსაკუთრებით ძლიერდება. კუჭში საკვების ჩასვლის პარალელურად, თანდათანობით ქვეითდება კუჭის წვენის მჟავიანობა, საკვებით მისი ნეიტრალიზაციის გამო (განსაკუთრებით კვერცხის ან რძის მიღების შემთხვევაში). თუმცა ჭამიდან 1–2 საათის შემდეგ ის კვლავ მატულობს, რამეთუ ამ დროისთვის კუჭის უკვე განთავისუფლებულია საკვებისგან, ხოლო კუჭის წვენის გამოყოფა გრძელდება. ასეთი სახის მეორადი მჟავიანობა განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება ცხიმიანი შემწვარი ხორცის ან შავი პურის მიღების შემთხვევაში. ყველას, ვისთვისაც ნაცნობია გულძმარვა, შეუძლიათ ამის დადასტურება. გარდა ამისა, ცხიმიანი საკვების გამოყენებისას ფერხდება მისი კუჭიდან გადასვლა, ხოლო ზოგჯერ შესაძლებელია მოხდეს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული პანკრეასის წვენის გადასროლა ნაწლავებიდან კუჭში (ე.წ. რეფლუქსი).
კუჭის წვენთან შერეული საკვები გადადის წვრილი ნაწლავის საწყისს ნაწილში – თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც ასევე ხდება ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღველის და კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული პანკრეასის წვენის გადმოსვლა. პანკრეასის წვენში საჭმლის გადამამუშავებელი ფერმენტების, ხოლო ნაღველში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობის შედეგად იწყება საკვების მონელების აქტიური პროცესი. პანკრეასის წვენისგან განსხვავებით, ნაღველი მუდმივად გამოიყოფა, მათ შორის საკვების მიღებებს შორის შუალედებშიც. ნაღველის ჭარბი რაოდენობა ხვდება ნაღვლის ბუშტში, სადაც იქმნება რეზერვი ორგანიზმის საჭიროებისამებრ.
თუკი არ არსებობს ინსტრუქციის მითითებები ან ექიმის დანიშნულება, სამკურნალო საშუალებების მიღება უმჯობესია უზმოზე, ჭამამდე 30 წთ–ით ადრე, რამეთუ საკვებთან და საჭმლის მომნელებელ წვენებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეწოვის მექანიზმის დარღვევა და პრეპარატების თვისებების ცვლილება.
უზმოზე მიიღება:
– მცენარეული ნედლეულისგან დამზადებული ყველა სახის ნაყენი, ნახარში ან მსგავსი პრეპარარატები. ისინი შეიცავენ მოქმედი ნივთიერებების ჯამს, კუჭის წვენის ზეგავლენით ხდება ზოგიერთი მათგანის მონელება და არააქტიურ ფორმაში ტრანსფორმირება. გარდა ამისა, საკვების გავლენით შესაძლებელია მოხდეს ასეთი პრეპარატების ცალკეული კომპონენტების დარღვევა და, როგორც შედეგი, არასათანადო და შეცვლილი მოქმედება;
– კალციუმის ყველა პრეპარატი, თუმცა ზოგიერთ მათგანს (მაგალითად კალციუმის ქლორიდი) გააჩნია გამოხატული გამაღიზიანებელი მოქმედება. ეს განპირობებულია იმით, რომ კალციუმი, უერთდება რა ცხიმოვან და სხვა მჟავებს, წარმოქმნის უხსნად ნაერთებს. სწორედ ამიტომაც, ისეთი პრეპარატების, ჭამის დროს ან მის შემდეგ მიღება, როგორებიცაა კალციუმის გლიცეროფოსფატი, კალციუმის ქლორიდი, კალციუმის გლუკონატი და მათი მსგავსი სამკურნალო საშუალებები, როგორც მინიმუმ, უსარგებლოა. იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ გამაღიზიანებელი მოქმედება, აღნიშნულ პრეპარატებს უნდა მივაყოლოთ რძე, კისელი ან ბრინჯის ნახარში.
– სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ შეიწოვებიან საკვებთან ერთად, გარკვეული მიზეზების გამო, ახდენენ არასასურველ გავლენას საჭმლის მონელებაზე ან ადუნებენ გლუვ მუსკულატურას. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ სამკურნალო საშუალება, რომელიც თრგუნავს ან ასუსტებს გლუვი მუსკულატურის სპაზმებს (სპაზმოლიტიკი) – დროტავერინი (ყველასათვის ცნობილი, როგორც ნო–შპა) და სხვები.
– ტეტრაციკლინი, რამეთუ ის ადვილად იხსნება მჟავებში. თუმცა მისი მიღებისას არ შეიძლება რძის დაყოლება (ისევე როგორც დოქსიციკლინის, მეტაციკლინის და სხვა ტეტრაციკლინური ანტიბიოტიკების მიღებისას), რამეთუ ის უკავშირდება კალციუმს, რომელიც ძალიან დიდი კონცეტრაციითაა აღნიშნულ პროდუქტში.
ჭამის დროს ან მისი დამთავრებისთანავე ხდება ყველა პოლივიტამინური პრეპარატის მიღება.
ჭამის შემდეგ უმჯობესია ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც აღიზიანებენ კუჭის ლორწოვან გარსს: ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა, სტეროიდები, მეტრონიდაზოლი, რეზერპინი და სხვა.
განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ კუჭზე ან საჭმლის მომნელებელ პროცესზე. ასე მაგალითად, კუჭის წვენის მჟავიანობის დამაქვეითებელი საშუალებების (ანტაციდები), აგრეთვე პრეპარატების, რომლებიც ასუსტებენ საკვების გამაღიზიანებელ ზემოქმედებას დაავადებულ კუჭზე და აბლოკირებენ კუჭის წვენის ჭარბ გამოყოფას, მიღება ხდება ჭამამდე 30 წთ–ით ადრე. საკვების მიღებამდე 10–15 წუთით ადრე რეკომენდირებულია იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას (მწარეები) და ნაღველმდენი პრეპარატების. კუჭის წვენის შემცვლელების მიღება ხდება ჭამის დროს, ხოლო ნაღვლის შემცვლელები (მაგალითად ალოქოლი) მიიღება ჭამის ბოლოს ან მის დამთავრებისთანავე. იმ სამკურნალო საშუალებების, რომლებიც შეიცავენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და ხელს უწყობენ საკვების მონელებას (მაგალითად მეზიმ–ფორტე) გამოყენება, ჩვეულებრივ, ხდება უშუალოდ ჭამის წინ, ჭამის დროს ან მის დამთავრებისთანავე. ციმეტიდინის ტიპის საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ მარილმჟავას გამოყოფას კუჭის წვენში, მიიღებიან ჭამის შემდეგ მოკლე პერიოდში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საჭმლის მონელებას აბლოკირებენ უკვე პირველივე სტადიაზე.

საკვების შემადგენლობის გავლენა სამკურნალო საშუალებებზე

პრეპარატების შეწოვაზე გავლენას ახდენს არა მარტო საკვები მასების არსებობა კუჭში და ნაწლავებში. საკვების შემადგენლობამაც, ასევე, შეიძლება შეცვალოს აღნიშნული პროცესი. მაგალითად, ცხიმებით მდიდარი რაციონის დროს იზრდება A ვიტამინის კონცეტრაცია სისხლის პლაზმაში (მატულობს ნაწლავებში შეწოვის სიჩქარე და სრულფასოვნება). რძე აძლიერებს D ვიტამინის შეწოვას, რომლის ჭარბი რაოდენობა, პირველ რიგში, საშიშია ცნს–თვის. ცილებით მდიდარი საკვების მიღება ან მარინადების, მჟავების და მარილოვანი პროდუქტების გამოყენება აუარესებს ანტიტუბერკულოზური პრეპარატის, იზონიაზიდის შეწოვას, ხოლო არაცილოვანი საკვები პირიქით – აუმჯობესებს მას.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები