წამალთა მოქმედების თავისებურებანი მათი კომბინირების შემთხვევაში

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

კლინიცისტურ პრატიკაში, ხშირად, ერთდროულად რამდენიმე პრეპარატი გამოიყენება. რამდენიმე წამლის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტი, რომელიც ძალით, ხანგრძლივობით და მოქმედების ხასიათიდაც კი განსხვავებულია მათი ცალკე გამოყენებისას. ეს უკვე წამალთა ურთიერთქმედების შედეგია. არჩევენ ფიზიკურ-ქიმიურ, ქიმიურ, ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებას.

ფიზიკურ-ქიმიური ურთიერთქმედების მაგალითია გააქტივებული ნახშირის უნარი თავის ზედაპირზე მოახდინოს სხვადასხვა ნივთიერებებისა და ტოქსინების ადსორბირება, შეამციროს მათი შეწოვა. გააქტივებული ნახშირის ეს თვისება გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტით ორგანიზმში ტოქსიური ნივთიერებების მოხვედრით გამოწვეული მოწამლვის სამკურნალოდ.

წამალთა შორის ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ახალი ნივთიერებები, რომლებსაც სხვა ბიოლოგიური აქტივობა გააჩნიათ. მაგალითად, ტეტრაციკლინების კალციუმის პრეპარატებთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება უხსნადი კომპლექსები, რომლებიც ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავიდან და როგორც ტეტრაციკლინების, ასევე კალციუმის რეზორბციულ მოქმედებას ადგილი აღარ ექნება. პრეპარატები, რომლებსაც ტუტე რეაცია აქვთ, ნეიტრალდებიან მჟავა არეში, ამ დროს ისინი კარგავენ თერაპიულ აქტივობას. მაგალითად, ტუტე რეაქციის მქონე ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატის შეყვანა არ შეიძლება მჟავა რეაქციის მქონე ნოვოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნართან.

წამალთა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება შესაძლებელია შეყვანისა და გამოყოფის გზებზე, განაწილების და ბიოტრანსფორმაციის პროცესში. შეწოვა შესაძლოა შეცვალოს პრეპარატებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის pH-ზე, მის მოტორიკაზე და მემბრანულ სატრანსპორტო სისტემებზე. მაგალითად, ანტაციდების გამოყენება ამცირებს შეწოვას, შესაბამისად სუსტი მჟავების (აცეტილსალიცილის მჟავას, სულფანილამიდების) მოქმედებას. დიფენინი, აბლოკირებს რა კუჭ-ნაწლავის სატრანსპორტო სისტემებს, ამუხრუჭებს ფოლიუმის მჟავის შეწოვას. თუ წამალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ნელა შეიწოვება, მაშინ პერისტალტიკის ამაჩქარებელი პრეპარატების გამოყენება შეამცირებს, ხოლო შემანელებელი – გაზრდის მათ რეზორბციას და კონცენტრაციას სისხლში.

შეწოვის შემდეგ წამალი შეიძლება დაუკავშირდეს სისხლის პლაზმის ცილებს. თუ ერთდროულად რამდენიმე პრეპარატი შეჰყავთ, ცილასთან შეკავშირების ადგილას შესაძლო მათი კონკურენცია, რის შედეგადაც ერთ-ერთი პრეპარატის თავისუფალი (აქტიური) ფრაქციის კონცენტრაცია სისხლში იზრდება და შესაბამისად იზრდება მისი ეფექტი. მაგალითდ, აცეტილსალიცილისმჟავას და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას უკანასკნელის თავისუფალი ფრაქციის კონცენტრაცია იზრდება და სისხლის შედედება დასაშვებ ზღვარს ქვემოთ ჩამოდის.

წამლების კომბინაციაში გამოყენებამ შესაძლოა შეცვალოს მათი მეტაბოლიზმი. მაგალითად, ფენობარბიტალი, რიფამპიცინი ზრდიან ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობას, რაც აჩქარებს მასთან ერთად მიღებული პრეპარატების მეტაბოლიზმს. ალკოჰოლიზმის დროს ეთილის სპირტი პირიქით, ამცირებს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობას, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატების მოქმედებას და ტოქსიურობას.

სამკურნალო საშუალებები შეიძლება ურთიერთქმედებდნენ გამოყოფის გზებზეც. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს შარდის pH-ის ცვლილებასთან. ამის მაგალითია შარდის pH-ის შემამცირებელი საშუალებებთან სულფანილამიდების გამოყენება, რის შედეგადაც ხდება გამოლექვა და თირკმელებში კენჭების წარმოქმნა. პირიქით, pH -ის გაზრდით შესაძლებელია თირკმლის მლაკების შესაძლო დაზიანების თავიდან აცილება.

სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება განპირობებულია განსაზღვრულ რეცეპტორებზე მათი გავლენით, რაც მათი კომბინირებისას ეფექტი შეცვლას იწვევს. თუ წამალთა ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებას საფუძვლად უდევს მათი გავლენა ერთი და იგივე რეცეპტორზე, მაშინ ადგილი აქვს პირდაპირ ურთიერთქმედებას. სხვა დანარჩენი შემთხვევა ირიბი ურთიერთქმედებაა.

წამალთა ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სინერგიზმი, რაც ნიშნავს, რომ კომბინირებისას მიღებული ეფექტი აღემატება ცალკე გამოყენებით გამოწვეულ ეფექტს. ეს კომბინაციაში შემავალი საშუალებების დოზებისა და მათი ტოქსიურობის შემცირების საშუალებას იძლევა. სინერგიზმი შეიძლება იყოს ჯამური ან პოტენცირებული. ერთსა და იმავე რეცეპტორზე მოქმედ წამალთა ერთდროული გამოყენებისას საბოლოო ეფექტი შესაძლოა თითოეული ცალკე გამოსაყენებელი პრეპარატის ეფექტების ჯამის ტოლი იყოს. ასეთი შემთხვევა ჯამური ანუ ადიციური სინერგიზმია. მაგალითდ, თავისა და კბილის ტკივილის დროს იყენებენ წამლებს, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას (აცეტილსალიცილის მჟავა, პარაცეტამოლი, პროპიფენაზონი და ა.შ).

სხვადასხვა რეცეპტორებზე მოქმედი წამლების ერთდროული მიღებისას შესაძლოა მოხდეს პოტენცირება – ერთი პრეპარატის მიერ მეორის მოქმედების გაძლიერება. მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალებების (ნეიროლეპტიკების, ტრანკვილიზატორების) გამოყენება ნარკოზის ჩატარებისას საანესთეზიო საშულებების დოზის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

წამალთა ერთდროული მიღებისას შესაძლოა მოხდეს ანტაგონიზმი – ერთ-ერთი მათგანის (ან ყველას) მოქმედება მცირდება ან სრულიად ითრგუნება. ურთიერთქმედების ეს სახე ფართოდ გამოიყენება სამკურნალო პრეპარატებით მოწამლვის სამკურნალოდ ან გვერდითი მოქმედებების კორექციისათვის. ანტაგონიზმი შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი, ცალმხრივი ან ორმხრივი.

პირდაპირი ანტაგონიზმის დროს სამკურნალო პრეპარატები ახდენენ საპირისპირო მოქმედებას ერთსა და იმავე რეცეპტორებზე და ხსნიან ერთმანეთის მოქმედებას. მაგალითდ, ადრენომიმეტიკებით მოწამლვისას გამოიყენება ადრენობლოკატორები. პრეპარატებით მოწამლვისას, რომლებსაც პირდაპირი ანტაგონისტი არ გააჩნიათ, ან უკანასკნელნი არ იძლევიან საკმაო ძლიერ ეფექტს, შეიძლება ირიბი ანტაგონიზმის მოვლენის გამოყენება. მაგალითად, გულის მწვავე უკმარისობა, რომელიც ვითარდება ანტიქოლინესთერაზული საშუალებებით მოწამლვისას ენდოგენური აცეტილქოლინის სტაბილიზაციის გამო, მოიხსნება ნორადრენალინის ინტრავენური შეყვანით.

წამალთა ერთდროული გამოყენებისას ეფექტების ნაწილი შესაძლოა გაძლიერდეს, ნაწილი კი – შესუსტდეს. ურთიერთქმედების ამ სახეს სინერგო-ანტაგონიზმს უწოდებენ. მაგალითდ, მ-ქოლინობლოკატორების ფონზე მცირდება ანტიქოლინესთერაზული საშუალებების მოქმედება მ-ქოლინორეცეპტორებზე, ხოლო ნ-ქოლინორეცეპტორებზე მოქმედება ძლიერდება.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.