ორსულობა და სამკურნალო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

1. სამკურნალო ნივთიერებების მოქმედების მექანიზმი ნაყოფზე და ახალშობილზე

ამჟამად დაგროვილია მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ადასტურებს, რომ მრავალმა სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს არასასურველი გავლენა განვითარებად ნაყოფზე და ახალშობილზე. პრეპარატების დანიშვნიდან გამომდინარე, პოტენციურ სარგებელთან რისკის ხარისხის შეფარდება წარმოადგენს ფარმაკოთერაპიის ძირითად პრობლემას ორსულობის დროს.
პრეპარატების უმეტესობა საკმაოდ სწრაფად აღწევს ნაყოფში. გესტაციური პერიოდის ბოლოს ნაყოფის ორგანიზმში იწყებენ ფუნქციონირებას ძირითადი ბიოლოგიური სისტემები და სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ მათთვის დამახასიათებელი ფარმაკოლოგიური ეფექტი. განასხვავებენ ნაყოფზე სამკურნალო საშუალებების მოქმედების სამ პათოლოგიურ ვარიანტს:
1. ემბრიოტოქსიკური
2. ტერატოგენული
3. ფეტოტოქსიკური
ემბრიოტოქსიკური მოქმედება მოიცავს ფალოპის მილების სანათურში ან საშვილოსნოს ღრუში არსებული ბლასტოციტებზე და ზიგოტაზე სამკურნალო ნივთიერებების უარყოფით გავლენას. უხშირესად, აღნიშნული გავლენის შედეგს წარმოადგენს განვითარების უხეში მანკების ფორმირება, რაც იწვევს ორსულობის შეწყვეტას. ი. ი. ივანოვი და ო. ს. სევოსტიანოვი აღნიშნავენ, რომ პრეპარატების ტერატოგენული (teratos – მახინჯი, გონჯი) მოქმედება წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს, რამეთუ იწვევს თანდაყოლილი ანომალიების განვითარებას ნაყოფში. ფეტოტოქსიკური მოქმედება გამოიხატება ნაყოფის ბუნებრივი ხვრელების დახურვით, ჰიდროგენეზის, ჰიდროცეფალიის და ორგანოების სპეციფიკური დაზიანებების განვითარებით. დადგენილია, რომ ორსულობის დროს არსებობს ცვლის რიგი თავისებურებები, როგორც დედის, ასევე ნაყოფის მხრიდან, რომლებსაც გააჩნიათ პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე გავლენის მოხდენის უნარი. ორსულებისთვის დამახასიათებელია ”ფიზიოლოგიური ჰიპერვოლემია”, რომელიც მაქსიმუმს აღწევს 29–32–ე კვირაზე. პრეპარატების კონცეტრაცია მოცულობის ერთეულში მცირდება და ასევე ქვეითდება სასარგებლო ეფექტი, ხოლო მიღებული პრეპარატების გაზრდილი დოზები ზრდიან ნაყოფის პათოლოგიების განვითარების რისკს. გ. ფ. სულთანოვი, აგრეთვე ო. ი. კარპოვი და ა. ა. ზაიცევი მიუთითებენ, რომ ორსულობის დროს აღინიშნება პრეპარატების შეწოვის შენელება. ნაწლავების მოტორიკის დაქვეითების გამო ვლინდება იმ ნივთიერებების ბიოშეღწევადობის დაქვეითება, რომლებიც ინაქტივირდებიან კუჭ–ნაწლავის ტრაქტში. ამავე დროს, იზრდება ინჰალაციური გზით შეყვანილი სამკურნალო ნივთიერებების ადსორბცია, რისი მიზეზიც არის ნაყოფში შესუნთქული ჰაერის მოცულობის და ფილტვისმიერი სისხლის მიმოქცევის ცვლილება. ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების (ჰიდროლაზების) წარმოქმნის გაძლიერება იწვევს ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმის დაჩქარებას. ორსულობის დროს, თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევის და გლომერულური ფილტრაციის გაძლიერების გამო, მატულობს სამკურნალო ნივთიერებების გამოყოფა, მშობიარობის დროს ქვეითდება დედის თირკმლის ყველა ფუნქციური მაჩვენებელი, კლებულობს ნივთიერებების ტრანსპლაცენტური უკუნაკადი, რაც იწვევს მათ დაგროვებას ბავშვის სხეულში.
რიგი ავტორების მონაცემებით, არსებობს დედიდან ნაყოფზე სამკურნალო პრეპარატების ტრანსპლაცენტური შეღწევის შემდეგი მექანიზმები:
1. მარტივი დიფუზია
2. გაადვილებული დიფუზია
3. აქტიური ტრანსპორტი
4. შეღწევა მემბრანული ფორების გავლით
5. პინოციტოზი
მარტივი დიფუზია – პრეპარატების გადატანის ყველაზე ზოგადი გზა, რომელიც მიმდინარეობს ენერგიის დახარჯვის გარეშე. ის დამოკიდებულია ორსულის და ნაყოფის სისხლში არსებული ნივთიერებების კონცეტრაციის გრადიენტზე, გადატანის ზედაპირის ფართობზე, მემბრანის სისქეზე, აგრეთვე პრეპარატების ფიზიკურ–ქიმიურ მახასიათებლებზე (მოლეკულური მასა, ლიპიდებში ხსნადობის უნარი, იონიზაციის ხარისხზე). აქტიური ტრანსპორტი ხორციელდება ენერგიის დახარჯვის ხარჯზე, დამოკიდებული არ არის კონცეტრაციის გრადიენტზე და ემორჩილება კონკურენტული ინჰიბირების კანონებს. ს. ი. იგნატოვმა დაადგინა, რომ აღნიშნული გზით პლაცენტურ ბარიერს გადის ფტორურაცილი. პრეპარატების დიაპლაცენტური პასაჟი ხორციელდება ქორიალურ მემბრანაში არსებული ფორების მეშვეობით. მათი დიამეტრი შედგენს 1 ნმ–ს, რაც შეესაბამება ფორების დიამეტრს ნაწლავურ ტრაქტში და ჰემატოენცეფალურ ბარიერში. პინოციტოზი – უპირატესად ცილოვანი სტრუქტურის სამკურნალო პრეპარატების გადატანის ერთ–ერთი შესაძლო გზა, სინტიციის მიკროხაოებით დედის პლაზმის წვეთების შეწოვა მასში შემავალ ნივთიერებებთან ერთად.

2. სამკურნალო საშუალებები და ნაყოფი

არსებობს მრავალი პრეპარატი, რომელიც პოტენციურად საშიშია ტერატოგენეზის თვალსაზრისით, და მათი მოქმედება შეიძლება გამოვლინდეს განსაზღვრული ხელშემწყობი ფაქტორების არსებობის პირობებში. სამკურნალო საშუალებებმა ნაყოფზე გავლენა შეიძლება მოახდინონ ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, თუმცა ყველაზე მეტი სარწმუნო მონაცემები მიღებულია ორგანოგენეზის (18–55–ე დღე) და ნაყოფის ზრდის და განვითარების (56–ე დღეზე მეტი) პერიოდებში მათი მოქმედების შესწავლისას. ამასთან დაკავშირებით, ორსული ქალებისთვის (მშობიარობის პერიოდში) პრეპარატების დანიშვნის დროს აუცილებელია ძალიან სერიოზულად მივუდგეთ ორსულობის პერიოდში დანიშნული პრეპარატის სარგებლიანობის და რისკის შეფარდების შეფასებას. აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვანია ორსულებისთვის ტერატოგენული თვისებების მქონე პრეპარატების აკრძალვა.
ამჟამად, ადამიანებზე ან ცხოველებზე მიღებული მონაცემების საფუძველზე, როგორც ო. ს. სევასტიანოვა აღნიშნავს, რიგ ქვეყნებში (აშშ, ავსტრალია), ნაყოფისთვის შესაძლო რისკის ხარისხის მიხედვით, პრეპარატების კლასიფიცირება ხორციელდება A კატეგორიიდან (უსაფრთხო) D კატეგორიამდე (უკუჩვენება ორსულობის დროს). აგრეთვე გამოყოფენ X კატეგორიას, სადაც შედიან პრეპარატები, რომლებიც აბსოლიტურად უკუნაჩვენებია ორსული ქალებისთვის. ვ. ა. ტაბოლინი და ო. ს. სევასტიანოვა ამტკიცებენ, რომ X კატეგორიაში შემავალ პრეპარატებს არ გააჩნიათ სათანადო თერაპიული ეფექტი და მათი გამოყენების რისკი აღემატება შესაძლო სარგებლიანობას.
A- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიღებულ იქნა დიდი რაოდენობით ორსულების და მშობიარობამდელი ქალების მიერ თანდაყოლილი ანომალიების განვითარების სიხშირეზე ან ნაყოფზე დამაზიანებელი მოქმედებაზე მათი გავლენის რაიმე სახის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში.
B- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიღებულ იქნა განსაზღვრული რაოდენობის ორსულების და მშობიარობამდელი ქალების მიერ თანდაყოლილი ანომალიების განვითარების სიხშირეზე ან ნაყოფზე დამაზიანებელი მოქმედებაზე მათი გავლენის რაიმე სახის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში.
C- სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც ცხოველებზე კვლევებში გამოამჟღავნეს ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური მოქმედება. არსებობს ეჭვი, რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ შექცევადი დამაზიანებელი მოქმედება ნაყოფზე და ახალშობილზე, თუმცა არ იწვევენ თანდაყოლილი ანომალიების განვითარებას. ადამიანებზე საკონტროლო გამოკვლევები ჩატარებული არ ყოფილა.
D- პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ (ან სავარაუდოდ იწვევენ) თანდაყოლილი ანომალიები ან ნაყოფის შეუქცევადი დაზიანებები.
X- სამკურნალო საშუალებები, რომელთაც გააჩნიათ თანდაყოლილი ანომალიების ან ნაყოფის მყარი დაზიანებების განვითარების მაღალი რისკი, რამეთუ არსებობს დადასტურებული მონაცენები მათი ტერატოგენობის ან ემბრიოტოქსიკური მოქმედების შესახებ ცხოველებში და ადამიანში. ბრ. ბრატანოვი და ი. ვ. მარკოვა აღნიშნულ ჯგუფს მიაკუთვნებენ შემდეგ პრეპარატებს:
– ანდროგენები, წარმოადგენენ დიდ საშიშროებას მდედრობითი სქესის ნაყოფში ჰერმაფროდიტიზმის განვითარების კუთხით, ასევე შესაძლებელია განვითარდეს თანდაყოლილი ანომალიები (კიდურების დამოკლება, ტრაქეის, საყლაპავის ანომალიები, გულ–სისხლძრღვთა სისტემის დეფქტები).
– დიეთილსტილბესტროლი იწვევს სერიოზულ ცვლილებებს. მდედრობითი სქესის ახალშობილებს (რომელთა დედაც ორსულობის პერიოდში ღებულობდა აღნიშნულ პრეპარატს) უვითარდებათ სახეშეცვლილი საშვილოსნო და საშო. განსაკუთრებით ხშირია აღნიშნული ცვლილებები, როდესაც პრეპარატის მიღება ხდება ორსულობის მერვედან მეთექვსმეტე კვირამდე. მოცემული ნივთიერება უარყოფითად მოქმედებს მამრობითი სქესის ნაყოფზეც, კერძოდ, ის იწვევს წინამდებარე ჯირკვლის სადინრების გაფართოებას, მისი კედლის ჰიპერტროფიას და ეპითელიუმის მეტაპლაზიას. ასევე იქნა აღმოჩენილი სათესლე დანამატების კისტები.
– ერგოტამინი (მიეკუთვნება ჭვავის რქის პრეპარატების ჯგუფს) ზრდის სპონტანური აბორტების და ცნს–ის გაღიზიანების სიმპტომების განვითარების რისკს (როგორც იქნა აღნიშნული ნ. პ. შაბალოვის მიერ).
– პროგესტინებმა, გოგონებში შეიძლება გამოიწვიონ ფსევდოჰერმაფროდიტიზმი განვითარება, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ბიჭებში, აგრეთვე გავა–წელის შეზრდა ორივე სქესის ნაყოფებში.
– ქინინი იწვევს გამოხატულ ცვლილებებს ცნს–ში (თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების, ნათხემის, ოთხბორცვის და სხ. განუვითარებლობა), თანდაყოლილი გლაუკომის ჩამოყალიბებას, შარდ–სასქესო სისტემის ანომალიებს, ნაყოფის სიკვდილს.
თუკი ორსულობის პერიოდში აუცილებელია ამა–თუ იმ პრეპარატის დანიშვნა, მკვეთრად უნდა განისაზღვროს აღნიშნული სამკურნალო საშუალებების მკურნალობის შედეგი.
ო. ს. სევოსტიანოვი აღნიშნავს, რომ ორსულთა ადრეული ტოქსიკოზის ყველაზე ხშირი გამოვლინებები – გულისრევა და ღებინება, რაც აღინიშნება ორსულთა 80%–ში პირველ ტრიმესტრში, ხოლო ზოგჯერ შენარჩუნებულია მეორეშიც და მესამეშიც – ყოველთვის არ საჭიროებს მედიკამენტურ ჩარევას. ამ დროს, პირველ რიგში რეკომენდირებულია დიეტა. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება პირიდოქსინი (10მგ.) და დიციკლომინი (10 მგ.) 2–3–ჯერ დღეში შიგნით მისაღებად. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ფენოთიაზინის რიგის პრეპარატები (ანიმაზინი, პრომეტაზინი, მეკლოზინი), თუმცა მათ შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის განვითარების მანკების ფორმირება.
ვ. ა. ტაბოლინის მონაცემებით, მიოტროპულ ჰიპოტენზიურ საშუალებებს (დიბაზოლი, მაგნიუმის სულფატი), როგორც წესი, არ გააჩნიათ უარყოფითი გავლენა ნაყოფზე, გამონაკლისს წარმოადგენს მაგნიუმის სულფატი, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ნაყოფის ორგანიზმში და გამოიწვიოს ცნს–ის დათრგუნვა.
რეზერპინი და რაუნატინი განაპირობებენ ნაყოფის განვითარების შეფერხებას. ხვდება რა ნაყოფის ორგანიზმში, რეზერპინი თავის მეტაბოლიზმისთვის იყენებს მონოამინოოქსიდაზას (მაო–ს), რაც იწვევს ჰისტამინის ინაქტივაციის შეჩერებას (რომელიც აგრეთვე იჟანგება მაო–ს მეშვეობით) და რანორეის, ბრონქორეის განვითარებას.
α–ადრენორეცეპტორების ანტაგონისტი მეთილდოფა (დოპეგიტი, ალდომეტი) მოქმედებს ცნს–ის რეცეპტორებზე. ნაყოფს აგრეთვე შეუძლია პრეპარატის აკუმულირება, რასაც შეიძლება თან სდევდეს ცნს–ის აგზნებადობის დაქვეითება. ი. ვ. მარკოვა სახიფათო გართულებად მიიჩნევს აუტოიმუნურ ჰემოლიზურ ანემიას, ღვიძლის დაზიანებას (ხანგრძლივი გამოყენებისას).
β–ადრენობლოკატორები აქვეითებენ თირკმლისმიერ სისხლმომარაგებას და გორგლოვან ფილტრაციას. თრგუნავენ რა ადრენომიმეტიკების დამამუხრუჭებელ გავლენას საშვილოსნოს მუსკულატურაზე, მათ შეიძლება განაპირობონ ნაადრევი მშობიარობები და ნაყოფის მოცილებები. როგორც ა. პ. კირუშჩენკოვი და მ. ლ. ტერახოვსკი აღნიშნავენ, მოცემული პრეპარატების გამოყენებას, ხშირად, თან სდევს ნაყოფის განვითარების შეფერხება.
ორსულობის დროს, გულის მოქმედების მკვეთრის დარღვევის გამო, უკუნაჩვენებია კალციუმის ანტაგონისტების დანიშვნა.
ორსულობის ადრეულ პეიოდში აცეტილსალიცილის მჟავას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საზიანო მოქმედება ნაყოფზე. სალიცილატების გვერდითი მოვლენებია:
– ემბრიოტოქსიკური მოქმედება, ნაყოფის რეზორბცია.
–ტერატოგენული მოქმედება, რაც გამოიხატება დაბადების შემდეგ გამოვლენილი გულ–სისხლძრღვთა სისტემის ანომალიებით, დიაფრაგმული თიაქრებით.
– ნაყოფის ზრდაზე ზეგავლენა, რაც იწვევს თანდაყოლილი ჰიპერტროფიის განვითარებას.
ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, აგრეთვე, გააჩნიათ ტერატოგენული მოქმედება. ექსპერიმენტში, მექსილიზინი და ციკლიზინი ნაყოფში იწვევენ სინდაქტილიის განვითარებას, ანალური ხვრელის ატრეზიას, ფილტვების, შარდის ბუშტის, თირკმლების ჰიპოპლაზიას, ჰიდროცეფალიას, ნაყოფის რეზორბციას ორსულობის ადრეულ პერიოდში. ფ. ი. კომაროვის, ბ. ფ. კოროვკინის, ვ. ვ. მენშიკოვის გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ანომალიების სიხშირე შეადგენს 5%–ს კონტროლში 1,5–1,6%–ის წინააღმდეგ. ჰისტამინი სწრაფად გადის პლაცენტურ ბარიერში, უზრუნველყოფს ნორმალურ პირობებს ჩანასახის იმპლანტაციისთვის და განვითარებისთვის, ხელს უწყობს ენდომეტრიუმის სტრომის უჯრედების გარდაქმნას დეციდუალურ ქსოვილში, არეგულირებს ცვლით პროცესებს. ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შესაძლოა დაარღვიონ აღნიშნული პროცესები. როგორც მითითებულია მოკლე სამედიცინო ენციკლოპედიაში, მშობიარობამდე დედის მიერ დიმედროლის მიღებამ, ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს ტრემორი და დიარეა დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
ანტიკოაგულანტებიდან ორსულობის პერიოდში, შიშის გარეშე, შეიძლება მხოლოდ ჰეპარინის დანიშვნა.
ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატებიდან, ნაყოფში განსაკუთრებით ადვილად ხვდება სულფანილამიდური საშუალებები (დოზის 87%), შემდეგ ამპიცილინი, კარბენცილინი, ფურადონინი, გენტამიცინი, სტრეპტომიცინი, ტეტრაციკლინი (50%) (მაცურა ს. 1997). ნაყოფში მოხვედრილი ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება გამოყოფილ იქნენ მისი (ნაყოფის) თირკმლების მიერ ნაყოფის გარშემო სითხეში, საიდანაც კვლავ ხვდებიან ნაყოფში, რის გამოც მუდმივად შენარჩუნებულია მათი კონცეტრაცია ამ უკანასკნელის სისხლში და ქსოვილებში. ნ. პ. შაბლოვმა და ი. ვ. მარკოვამ დაადგინეს, რომ ნაყოფისთვის ყველაზე მეტად უსაფრთხო პრეპარატებს წარმოადგენენ პენიცილინი, ამპიცილინი, ცეფალოსპორინები. პენიცილინი ადვილად გადის პლაცენტურ ბარიერს და სწრაფად ხვდება ნაყოფის ორგანოებში და ქსოვილებში. მისთვის პლაცენტის გამავლობა ორსულობის ბოლოს უფრო მაღალია, ვიდრე დასაწყისში. ეს საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ პენიცილინი ნაყოფის შიდა ჩანასახოვანი ინფექციების მკურნალობის მიზნით. ორსულობის ბოლოს ამპიცილინის გამოყენების შემთხვევაში ახალშობილებს შეიძლება გაუძლიერდეთ სიყვითლე. ტეტრაციკლინები წარმოქმნიან კომპლექსურ ნაერთებს კალციუმთან, რომლებიც გროვდებიან ძვლოვან ქსოვილში, კბილების ჩანასახებში და არღვევენ მათ განვითარებას. გარდა ამისა, ისინი იწვევენ ცხიმოვან ჰეპატოზს, არღვევენ ცილის სინთეზს. ამინოგლიკოზიდურმა ანტიბიოტიკებმა (სტრეპტომიცინი, კანამიცინი) შეიძლება დაარღვიონ სმენის და ვესტიბულური ნერვების ფუნქციები ნაყოფში, რაც იწვევს სმენის დაქვეითებას. ერითრომიცინმა, ნაყოფის ღვიძლში დაგროვების ხარჯზე, შეიძლება გაზარდოს ჰიპერბილირუბინემიის განვითარების რისკი.
ინფექციის საწინააღმდეგო სინთეზური საშუალებებიდან ორსულებისთვის უკუნაჩვენებია სულფანილამიდური პრეპარატები, რამეთუ მაღალია ჰიპერბილირუბინემიის განვითარების საშიშროება შემდგომი ბილირუბინული ენცეფალოპათიით, როგორც ნაყოფში ასევე ახალშობილში. აბსოლიტურად უკუნაჩვენებია ბისეპტოლი და ტრიმეტოპრიმომის შემცველი სხვა პრეპარატები. აღნიშნული ნივთიერება ამუხრუჭებს რა ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავას წარმოქმნას, არღვევს ფოლიუმის მჟავას გამოყენებას, შესაბამისად ირღვევა ნუკლეინის მჟავების და ცილების სინთეზი განვითარებად ქსოვილებში.
ნიტროფურანის პრეპარატები (ფურადონინი, ფურანგინი, ფურაზოლიდონი) ადვილად გადიან პლაცენტურ ბარიერს და გროვდებიან ნაყოფის გარშემო სითხეში. მათ შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფში ჰემოლიზის განვითარება. ვ. ა. ტაბოლინმა ჩამოაყალიბა, რომ მათი გამოყენება ორსულობის ბოლოს არასასურველია.

4. სამკურნალო საშუალებები და დედის რძით კვება

ო. ი. კარპოვმა, ა. ა. ზაიცევმა დაადგინეს, რომ ნაყოფზე სამკურნალო საშუალებების გავლენას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატის ბავშვის ორგანიზმში დედის რძესთან ერთად მოხვედრის შემთხვევაშიც. მრავალი სამკურნალო საშუალება, მეტ–ნაკლებად, აღწევს დედის რძეში. ამიტომაც, ექიმის დანიშნულების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მეძუძურმა დედებმა მიიღონ სამკურნალო პრეპარატები. აღნიშნული აკრძალვა განსაკუთრებით ეხება ანტიბიოტიკებს და სულფანილამიდებს, რამეთუ მათ გააჩნიათ დედის რძეში მოხვედრის უნარი და, შესაბამისად, ბავშვის ორგანიზმზე არასასურველი ზემოქმედების მოხდენის უნარი: შეიძლება დაზიანდეს ღვიძლი და თირკმლები, დაირღვეს ნაწლავების მიკროფლორის ბალანსი და სქესობრივი განვითარების პროცესი.
სამკურნალო საშუალებების დედის რძეში მოხვედრა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე (Gardner d, 1987): პრეპარატების დედის რძეში მოხვედრას ხელს უწყობენ ნივთიერებების მაღალი დოზები, მათი ხშირი შეყვანა ორგანიზმში, განსაკუთრებით პარენტერალური გზით; იზღუდება – დედის ორგანიზმიდან ნივთიერების სწრაფი ელიმინაცია, მისი შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან.
აღმოჩენილია, რომ დედის რძეში ნივთიერება შეიძლება მოხვდეს მხოლოდ თავისუფალ მდგომარეობაში, როდესაც არ არის შეკავშირებული პლაზმის ცილებთან. შემთხვევათა დიდ უმეტესობაში, შეღწევა ხორციელდება პასიური დიფუზიის გზით. ასეთი შეღწევის უნარი გააჩნიათ არაიონიზირებულ, ნაკლებად პოლარულ მოლეკულებს, რომლებიც ხასიათდებიან ლიპიდებში კარგი ხსნადობით.
ა. პ. ვიქტოროვი, ა. პ. რიბაკი აღნიშნავენ, რომ სარძევე ჯირკვლის მიერ დედის რძეში აქტიურად სეკრეტირდება სამკურნალო ნივთიერებების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა, მაგალითად ლითიუმი, ამიდოპირინი. რძეში, აგრეთვე აღმოჩენილია სიბაზონის, ლევომიცეტინის, იზონიაზიდის მეტაბოლიტები, რომელთა უმეტესობა, სავარაუდოდ, მასში აღწევენ სისხლის პლაზმიდან, თუმცა ზოგიერთების წარმოქმნა შეიძლება მოხდეს უშუალოდ ჯირკვალში. იონიზირებული მოლეკულებმა და/ან მცირე ზომის მოლეკულებმა 200–ზე ნაკლები მოლეკულური მასით შეიძლება შეაღწიონ ბაზალური მემბრანის წყლით სავსე ფორებში. ნივთიერებების არაიონიზირებული ფრაქციამ, რომელიც დაკავშირებული არ არის დედის რძესთან, შეიძლება განიცადოს უკურეაბსორბცია სისხლში (სულფანილამიდური პრეპარატები).
დედის რძეში ნაკლებად იცვლება უმეტესობა მინერალური ნივთიერებების კონცეტრაცია მათი დამატებითი დანიშვნის (საკვების გარდა) დროს. ეს ეხება რკინასაც და ფტორსაც. ლითიუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან გამონაკლისს.
ბავშვის კუჭ–ნაწლავის ტრაქტში მოხვედრილი ნივთიერებები ყოველთვის სრულად არ შეიწოვებიან. მნიშვნელობა აქვს ნივთიერების ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებს და ნაწლავების ფუნქციურ მდგომარეობას. ამიტომაც დედის რძეში მაღალი კონცეტრაციებით არსებული ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, ნაკლებად შეიწოვებიან (ლორწოვანი გარსის ნორმალური მდგომარეობის დროს, მისი ანთების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს აღნიშნული პრეპარატების შეწოვის გაძლიერება). ამის საპირისპიროდ, დედის რძეში არსებული ზოგიერთი ნივთიერების უმნიშვნელო რაოდენობამაც კი, ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, არც თუ იშვიათად, ძალიან საშიში.
მეძუძური დედებისთვის უკუნაჩვენებია შემდეგი პრეპარატები: ლევომიცეტინი, ტეტრაციკლინები, მეტრონიდაზოლი, ნალიდიქსოლის მჟავა, იოდი, რეზერპინი, ლითიუმის პრეპარატები. არასასურველია მეძუძურ დედებს დაენიშნოთ ბრომიდები (ბავშვს შეიძლება განუვითარდეს გამონაყარი, სისუსტე), ფენილინი (ჰემორაგიები), მეპროტანი (ცნს–ის დათრგუნვა, ჩონჩხის კუნთების ტონუსის დაქვეითება), ჭვავის რქის ალკალოიდები – ერგოტამინი (ღებინება, დიარეა, კრუნჩხვები), ბუტამიდი, ქლორპროპამიდი (ჰიპოგლიკემია, სიყვითლე, ოლიგურია), ამანტადინი (შარდის შეკავება, ღებინება, გამონაყარი).
დანარჩენი ნივთიერებების დანიშვნა რეკომენდირებულია სიფრთხილით, კონტროლირებადი უნდა იყოს გართულებების გამოვლინება (დედა გაფრთხილებული უნდა იქნას მათ შესახებ) და პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს პრეპარატის მოხსნა. სხვა შემთხვევაში, ნივთიერების ბავშვის ორგანიზმში ხელმეორედ მოხვედრის შედეგად, შეიძლება მოხდეს მისი კუმულაცია და განვითარდეს მძიმე გართულება.
მიუხედავად ამისა, არსებობს რიგი ნივთიერებები, რომელთა დანიშვნა შესაძლებელია მოხდეს მეძუძური დედებისთვის, რამეთუ ისინი ან ნაკლებად აღწევენ რძეში, ან ცუდად შეიწოვებიან ბავშვის კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან, ან კიდევ იწვევენ უმნიშვნელო ეფექტებს.

გაგრძელება იხ. >>>>