სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენები _ სამკურნალო დოზებით გამოყენებული სამკურნალო საშუალებების არასასურველი (არახელსაყრელი) ეფექტები.
სამკურნალო საშუალებების მოქმედებას, რომლის მეშვეობითაც მიიღწევა ფარმაკოთერაპიული ეფექტი, ეწოდება ძირითადი ანუ მთავარი. მას შეიძლება თან ახლდეს კანონზომიერი ან მოულოდნელად წარმოქმნილი დამატებითი ეფექტები, რომლებიც თავისი ხასიათით შეიძლება იყოს ინდიფერენტული, ზოგჯერ თერაპიულად სასარგებლოც კი ან არასასურველი, ხოლო რიგ შემთხვევებში ჯანმრთელობისთვის საშიში, რასაც ეწოდება გვერდითი მოვლენები. თანმხლები ეფექტების ხასიათის შეფასება უნდა მოხდეს კონკრეტული კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ასე მაგალითად, პრემედიკაციის მიზნით, ანესთეზიოლოგიაში ატროპინის გამოყენების დროს, მისი უნარი, შეამციროს სანერწყვე და ბრონქული ჯირკვლების სეკრეცია, შეფასებულია როგორც სასურველი ეფექტი, ხოლო აღნიშნული პრეპარატის სპაზმოლიტიკის სახით გამოყენებისას იგივე ეფექტები შეფასებულია როგორც არასასურველი. სამკურნალო საშუალებების ცალკეულ ეფექტებს, კლინიკური სიტუაციის მიუხედავად, ყოველთვის გააჩნიათ არასასურველი ხასიათი, მაგ. ღებინება საგულე გლიკოზიდების გამოყენების დროს, სალიცილატების, გლუკოკორტიკოიდების ულცეროგენული ეფექტი და ა.შ.
სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების კლასიფიცირებისთვის სარგებლობენ სხვადასხვა კრიტერიუმებით (დაზიანებების ლოკალიზაცია, მათი მიმდინარეობის სიმძიმე და ხასიათი და სხ.).
სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ მძიმე (მაგ., ანაფილაქსიური შოკი, მხედველობის ნერვების ატროფია, აგრანულოციტოზი, ჰიპოპლაზიური ანემია, კარდიოპათია, კომა, კრუნჩხვები, კუჭის წყლული, ენცეფალოპათია, ფსიქოზები და ა.შ.) და მსუბუქ (მაგ., ანორექსია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, საერთო სისუსტე და ა.შ.) ფორმებს.
მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით გვერდითი მოვლენები იყოფა: ა) აშკარა ანუ თვალსაჩინო (მაგ., კანზე გამონაყარი, დიარეა და ა.შ.) და ფარულ (მაგ., ლეიკოპენია); ბ) მწვავე (მაგ., მწვავე ჰეპატიტი) და ქრონიკულ (მაგ., ქრონიკული დერმატიტი); გ) პრეპარატის შეყვანისთანავე განვითარებულ (მაგ., ანაფილაქსიური შოკი) და ხანგრძლივი ლატენტური პერიოდის მქონე (მაგ., ღვიძლის ციროზი, მხედველობის ნერვის ატროფია) ფორმებად.
ზოგი სამკურნალო საშუალება, თერაპიული დოზებით გამოყენების შემთხვევაში ყოველთვის ავლენს გვერდითი მოვლენებს (მაგ. ციტოსტატიკური საშუალებები) ზოგი კი _ მხოლოდ ორგანიზმის მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს. სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების შეფასების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ფსიქოგენური ფაქტორის როლი, რამეთუ პლაცებოს გამოყენების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია აღინიშნებოდეს გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების რეალიზება შესაძლოა მოხდეს პირდაპირ (მაგ., ღვიძლის უჯრედებზე პრეპარატების ციტოსტატიკური მოქმედება და ა.შ.) ან ირიბად (მაგ., ტვინის იშემია მედიკამენტური კოლაფსის დროს და ა.შ.).
პათოგენეტიკური ნიშნების მიხედვით სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტები იყოფა: 1. გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამკურნალო საშუალებების სპეციფიკური აქტივობის გამოვლინებასთან: ა) სხვადასხვა ორგანოების და ქსოვილების ერთი ტიპის რეცეპტორებზე მოქმედების შედეგად; ბ) ორგანოების და ქსოვილების სხვადასხვა ტიპის რეცეპტორებზე მოქმედების შედეგად. 2. ციტოტოქსიკური ბუნების გვერდითი ეფექტები: ა) ზოგადუჯრედული ხასიათის ციტოტოქსიკური მოქმედება; ბ) შერჩევითი ციტოტოქსიკური მოქმედება. 3. ფერმენტული ბუნების გვერდითი ეფექტები, რომლებიც გაპირობებულნი არიან: ა) სამკურნალო საშუალებების მიერ მეტაბოლიზირებული ფერმენტების ინდუქციით; ბ) სამკურნალო საშუალებების სპეციფიკური ეფექტების რეალიზაციაში მონაწილე ფერმენტების აქტივობის ბლოკადით ან სინთეზის ცვლილებებით. 4. ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები. 5. ორგანიზმის საპროფიტული მიკროფლორის ცვლილებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები: ა) სუპერინფექციები; ბ) დისბაქტერიოზი; გ) ვიტამინური უკმარისობა. 6. ინფექციური და პარაზიტული დაავადებების გამომწვევების მასიურ დაღუპვასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები. 7. ორგანიზმში ან ცალკეულ ორგანოებში და ქსოვილებში სამკურნალო ნივთიერებების დაგროვებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები. 8. გენეტიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები: ა) ფერმენტოპათიები; ბ) გენეტიკურად განპირობებული ორგანული პათოლოგია, რომელსაც თან სდევს სამკურნალო საშუალებების მიმართ რეაქციების ცვლილება. 9. ალერგიული ბუნების გვერდითი ეფექტები: ა) დაუყოვნებელი ტიპის რეაქციები; ბ) შენელებული ტიპის რეაქციები. 10. ფსევდოალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქცია). 11. ფოტოსენსიბილიზაცია. 12. მედიკამენტური დამოკიდებულება. 13. კანცეროგენული, მუტაგენური, ტერატოგენული, ემბრიოტოქსიკური მოქმედება. 14. რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა. 15. ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება. 16. სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები.
სამკურნალო საშუალებების სპეციფიკური აქტივობის გამოვლინებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, ძირითადად, ვითარდება იმის გამო, რომ გამოყენებული პრეპარატების მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები ლოკალიზებულნი არიან მრავალ ორგანოში და ქსოვილში. სხვადასხვა ორგანული ლოკალიზაციის მქონე რეცეპტორების ტიპიურ მაგალითს წარმოადგენენ ქოლინო- და ადრენორეცეპტორები. ამასთან დაკავშირებით, სამკურნალო საშუალებების გამოყენების დროს დაზიანებული ორგანოს ფუნქციების სასურველ ცვლილებებთან ერთად (თერაპიული თვალსაზრისით), სხვა ორგანოების მხრიდან შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა თანმხლები ფარმაკოდინამიკური ეფექტები. ასე მაგალითად, სპაზმოლიტიკების სახით მ-ქოლინობლოკატორების (ატროპინი, სკოპოლამინი და სხ.) დანიშვნის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი მუსკულატურის ტონუსის შემცირების (თერაპიულად მისაღები), გარდა აგრეთვე ვლინდება გულის (ტაქიკარდია), თვალის (აკომოდაციის დამბლა, თვალშიდა წნევის მომატება) და სხ. ფუნქციების დარღვევები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი ხასიათით, წარმოადგენენ გვერდით მოვლენებს. რიგ შემთხვევებში, გვერდითი ეფექტები ვლინდება იმასთან დაკავშირებით, რომ სამკურნალო საშუალებებს არ გააჩნიათ რეცეპტორების განსაზღვრულ ტიპებზე შერჩევითი ზემოქმედების უნარი. მაგ., პროპრანოლოლს გააჩნია ანტიარითმული და ანტიანგინალური ეფექტი გულის β1-ადრენორეცეპტორების ბლოკირების ხარჯზე და, ამავე დროს, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი ბრონქების β2-ადრენორეცეპტორების ბლოკირების გამო.
თანმხლები ფარმაკოდინამიკური ეფექტები, მიუხედავად იმისა რომ კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაში არასასურველნი არიან, არ შეიძლება ჩაითვალონ გვერდით ეფექტებად მანამ, სანამ არ მიაღწევენ გამოხატულების ისეთ ხარისხს, როდესაც პრეპარატის შემდგომი გამოყენება არამიზანშეწონილია ან საშიშია ავადმყოფისთვის. მაგ., საგულე გლიკოზიდების დადებითი ინოტროპული ეფექტი ყოველთვის ვლინდება მიოკარდიუმის აგზნებადობის მომატების პარალელურად. თუკი აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობა საკმაოდ ენერგიულად ტარდება, აგზნებადობის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიარითმიის _ საგულე გლიკოზიდების საშიში გვერდითი მოვლენის _ განვითარება. არასასურველი, მაგრამ უცილობლად თანმხლები ფარმაკოდინამიკური ეფექტები (უსაფრთხოც კი), ზოგჯერ წარმოადგენენ სამკურნალო საშუალებების გამოყენების შეზღუდვის მიზეზს. ასე მაგალითად, სალურეტიკების ზეგავლენით ნატრიუმის ექსკრეციის გაზრდა სასარგებლოა ჰიპერტონული დაავადების მკურნალობისთვის, ხოლო ამავე დროს განვითარებული ჰიპოკალემიის კორექცია შესაძლებელია შესაბამისი დიეტის და კალიუმის პრეპარატებით მაკორეგირებელი სამკურნალო თერაპიის დანიშვნით, თუმცა სალურეტიკების საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში გამოყენების დროს განვითარებული ელექტროლიტური დარღვევების კორექცია საკმაოდ რთულია.
ზოგიერთი პრეპარატის (მაგ., ციტოსტატიკების) მიღების შედეგად განვითარებულ, ციტოსტატიკური ბუნების გვერდით ეფექტებს გააჩნიათ ზოგადუჯრედული ხასიათი და ვლინდებიან მრავალი ქსოვილის დაზიანების ნიშნებით. ამასთან ერთად, ციტოტოქსიკურ გვერდით ეფექტებს შესაძლოა გააჩნდეთ შერჩევითი ხასიათი (მაგ., ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად სმენის და ვესტიბულური აპარატის დაზიანება, ხინგამინით ხაგრძლივი მკურნალობის დროს კატარაქტის განვითარება, მონოაცეტილჰიდრაზინის _ იზონიაზიდის ბიოტრანსფორმაციის პროდუქტის _ ჰეპატოტოქსიკური მოქმედება და სხ.).
ძალიან კარგადაა შესწავლილი ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი, თიოლის ფერმენტების მაბლოკირებელი სამკურნალო საშუალებების (დარიშხანის, სტიბიუმის, ვერცხლისწყლის და სხ, ორგანული ნაერთები), მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების, ანტიქოლინესთერაზული საშუალებების გვერდითი ეფექტები. ასეთი სახის გვერდითი ეფექტების სიმძიმის ხარისხი დოზის პროპორციულია და კანონზომიერად ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალებები (სალურეტიკები, სტეროიდული ჰორმონები) თერაპიული დოზებით გამოყენებისას იწვევენ ელექტროლიტური ბალანსის და მოცირკულირე სითხის მოცულობის ცვლილებებს, რაც განპირობებულია მათი ფარმაკოდინამიკით. სხვა პრეპარატებისთვის (მაგ., ჰიპოტენზიური საშუალებები) კი დამახასიათებელია მოცირკულირე სითხის მოცულობის მეორადი, კომპენსატორული მატება.
ანტიბაქტერიული საშუალებების მეორადი, გვერდითი ეფექტების განვითარება შეიძლება განპირობებული იყოს მათი გავლენით ინფექციის გამომწვევზე და ვლინდებიან პათოგენური მიკროორგანიზმების მასიური დაღუპვის შედეგად გამონთავისუფლებული პროდუქტებით ინტოქსიკაციების სახით, მაგ. იარიშ-ჰერგსჰეიმერ-ლუკაშევიჩის რეაქცია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით სიფილისის მკურნალობის დროს (იხ. იარიშ-ჰერგსჰეიმერ-ლუკაშევიჩის რეაქცია). გარდა ამისა, ანტიბაქტერიული საშუალებების მეორად, გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება დისბაქტერიოზი, სუპერინფექცია და ვიტამინური ბალანსის დარღვევა (იხ. ვიტამინური უკმარისობა), რომლებიც ძირითადად ვლინდებიან ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს.
სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების უმეტესობა გაცილებით ხშირად ვლინდება და მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის პირებში ორგანიზმის ასაკობრივი თავისებურებების გამო, აგრეთვე ავადმყოფებში, იმ ორგანოს პათოლოგიით, რომელიც მონაწილეობს სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმის და ექსკრეციის პროცესში. ასე მაგალითად, ბავშვებს სიცოცხლის პირველ წლებში და მოხუცებს გააჩნიათ სამკურნალო საშუალებების ელიმინაციის არასრულყოფილი ფიზიოლოგიური მექანიზმები, შემცირებულია პრეპარატების პლაზმის ცილებთან შეკავშირების უნარი, აგრეთვე შესაძლოა აღინიშნებოდეს ეფექტორული ორგანოების ბიოქიმიური სისტემების მგრძნობელობის ცვლილება. სამკურნალო საშუალებაზე არატიპიური, ინდივიდუალური და დოზის არაადექვატური რეაქცია შეიძლება განპირობებული იყოს ორსულობით, ჰიპოტროფიის მდგომარეობით, ჰიპოალბუმინემიით. მაგ., ჰიპოალბუმინემიის დროს მომატებულია მჟავე თვისებების მქონე სამკურნალო საშუალებებით ინტოქსიკაციის რისკი, რომლებიც ნორმაში ცილებთან ერთად წარმოქმნიან ფარმაკოლოგიურად ინერტულ კომპლექსებს. ასეთ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნებიან დიფენინი, სტეროიდული ჰორმონები, კლოფიბრატი, ხანგრძლივად მოქმედი სულფანილამიდები, კუმარინული წარმოების ანტიკოაგულანტები და სხ. ღვიძლის დაავადებების დროს, უფრო ხშირად გვერდითი მოვლენები აღინიშნება ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში (დიფენინი, ლიდოკაინი, პროპრანოლოლი, ბუტადიონი, მორფინი, ბარბიტურატები, პერ ოს მისაღები ანტიკოაგულანტები, მრავალი დიურეტიკი, ჭვავის რქის ალკალოიდები და სხ.). გარდა ამისა, ღვიძლის დაავადებების დროს მატულობს ცნს-ის მგრძნობელობა მორფინის, პარალდეჰიდის, ამინაზინის, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების დამთრგუნველი ეფექტების მიმართ. ღვიძლის გამოხატული პათოლოგიის დროს ვითარდება ჰიპოკალემია, რის ფონზეც, მატულობს ტაქიარითმიების განვითარების რისკი საგულე გლიკოზიდების გამოყენებისას.
თირკმლების პათოლოგიამ, ასევე შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს იმ პრეპარატების ფარმაკოკინეტიკა, რომლებისთვისაც თირკმლისმიერი ექსკრეცია წარმოადგენს ელიმინაციის ძირითად გზას. ასეთ საშუალებებს მიეკუთვნებიან დიგოქსინი, ნიტროფურანის წარმოებულები, ამინოგლიკოზიდური შენების ანტიბიოტიკები, ეტაკრინის მჟავა, ფუროსემიდი, ცეფალოსპორინები და სხ. თირკმლის პათოლოგიით ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ აღნიშნულ პრეპარატებს, აღენიშნებათ სისხლში მათი კონცეტრაციის მატება და აგრეთვე, შესაძლებელია ამ პრეპარატების ძირითადი და გვერდითი ეფექტების გაძლიერება. ურემიის დროს მატულობს ცნს-ის მგრძნობელობა ბარბიტურატების და ნარკოტიკული ანალგეტიკების მიმართ, იზრდება მიოკარდიუმის აგზნებადობა, რის გამოც კარდიოტონურმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ ტაქიარითმიების განვითარება.
სამკურნალო საშუალებებზე ინდივიდუალური, დოზის არადექვატური და ხარისხობრივად მოულოდნელი რეაქციის განვითარება შეიძლება გენეტიკურად იყოს განპირობებული. პრეპარატების მოქმედებაზე მსგავსი არატიპიური რეაქციების განვითარების მეზეზების დადგენა, მათი პათოგენეტიკური მექანიზმების შესწავლა წარმოადგენს ფარმაკოგენეტიკის შესწავლის საგანს. დადასტურებულია, რომ სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმის სიჩქარე, აგრეთვე ცალკეული მეტაბოლიტების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა, ჯანმრთელ პირებშიც კი, მნიშვნელოვნად მერყეობს. მეტაბოლიზმის ასეთი ვარიაბელობა კლინიკურად მნიშვნელოვანია იმ პრეპარატებისთვის, რომელთა მეტაბოლიზმის პირველი საფეხური მოიცავს ჟანგვის, ჰიდროლიზის ან აცეტილირების პროცესებს. ჟანგვა წარმოადგენს მრავალი სამკურნალო საშუალების, კერძოდ დიფენინის, ბუტადიონის, დიკუმარინის და სხ., ბიოტრანსფორმაციის ძირითად გზას. აღნიშნული პრეპარატების ჟანგვის სიჩქარე ინდივიდუალურია და გენეტიკურადაა განპირობებული. თუკი ერთ-ერთი ამ პრეპარატთაგანი ნელა მეტაბოლიზირდება მოცემული ავადმყოფის ორგანიზმში, მაშინ სხვა ნივთიერებებიც, რომელთა მეტაბოლიზმის პროცესშიც ჟანგვა წარმოადგენს ბიოტრანსფორმაციის ძირითად გზას, ასევე ნელა ინაქტივირდებიან. სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმის სიჩქარის დაქვეითება, მათი ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გახდეს ინტოქსიკაციის მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში პრეპარატების კონცეტრაციის მატების პარალელურად უფრო მეტად მცირდება მათი მეტაბოლიზმის ინტენსივობა.

გაგრძელება იხ. >>>>

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..