სამკურნალო საშუალებათა გვერდითი მოქმედება სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

თანამედროვე მაღალეფექტური სამკურნალო საშუალებები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. თუმცა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა წამლებისაგან გამოწვეულ გართულებათა რიცხვი. ამის მიზეზია ის, რომ სამედიცინო პრაქტიკაში ზოგჯერ სწრაფად ინერგება წამალი, რომელიც ყოველთვის დასაბუთებული არ არის, ასევე, პოლითერაპიის ფართოდ გამოყენება, ანუ ერთდროულად დიდი რაოდენობით წამლების დანიშვნა, და თვითმკურნალობა.
წამლის გვერდითი მოქმედება შეიძლება გამოვლინდეს როგორც დოზის გადამეტებისას, ასევე თერაპიულ დოზებში მისი გამოყენებისას.
არსებობს დოზის აბსოლუტური გადამეტება (როცა ძალიან დიდი დოზის მიღება ხდება) და შეფარდებითი (როცა დოზა თერაპიულია, ხოლო სისხლსა და უჯრედებში კონცენტრაცია ძალიან მაღალია, რაც დაკავშირებულია მოცემული ავადმყოფისათვის პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის თავისებურებასთან). დოზის გადამეტებისას შეიმჩნევა წამლის ძირითადი და ტოქსიური ეფექტების მნიშვნელოვანი გაძლიერება. მაგალითდ, სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებების დოზის გადამეტებისას ადგილი აქვს კოლაფსს, აღმგზნები საშუალებების შემთხვევაში – კრუნჩხვებს, საძილეების შემთხვევაში – ნარკოზს და ა.შ.
ცალკეულ პაციენტებში მოსალოდნელია გართულებები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დოზის გადამეტებასთან, და როგორც წესი, აღსანიშნავია ხანგრძლივი გამოყენებისას. გვერდითი მოქმედება შეიძლება იყოს პირველადი, ანუ დაკავშირებული იყოს განსაზღვრულ ორგანოებსა და ქსოვილებზე პირდაპირ მოქმედებასთან, ან მეორადი (ირიბი), არ იყოს განპირობებული მოცემულ ორგანოებსა და ქსოვილებზე პრეპარატის პირდაპირი მოქმედებით. მაგალითად, არანარკოტიკული ანალგეტიკები პირდაპირ გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე და იწვევენ გულისრევას, ღებინებას, კუჭის ლორწოვან გარსზე ეროზიის წარმოქმნას. ამიტომ მათ უნიშნავენ ჭამის შემდეგ. ეს არანარკოტიკული ანალგეტიკების პირველადი გვერდითი მოქმედებაა. ეს პრეპარატები გავლენას ახდენენ თირკმელების ფერმენტებზე და შედეგად იწვევენ ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავებას. შეშუპება – ეს ნარკოტიკული ანალგეტიკების მეორადი ანუ ირიბი მოქმედებაა.
წამლების გვერდითი მოქმედება შეიძლება გამოვლინდეს ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა, სისხლმბადი ორგანოების და ა.შ. ფუნქციის დარღვევით.
ქიმიური ნივთიერებებისადმი მაღალმგრძნობიარეა ნერვული უჯრედები, ამიტომ პრეპარატებმა, რომლებიც გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს, შესაძლოა გამოიწვიონ შრომისუნარიანობის დარღვევა, თვის ტკივილი, თავბრუსხვევა, შეკავება და ა.შ. სამკურნალო პრეპარატების ზოგიერთი ჯგუფი უფრო სპეციფიურ გართულებებს იძლევა. კერძოდ, ნეიროლეპტიკების ხანგრძლივად გამოყენებისას ვითარდება პარკინსონიზმი, ტრანკვილიზატორების – სიარულის დარღვევა (ატაქსია) და დეპრესია, აღმგზნების – უძილობა და ა.შ. სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედება ზოგჯერ იწვევს ნერვული ბოჭკოებისა და უჯრედების დისტროფიულ ცვლილებებს და დაღუპვასაც კი. მაგალითად, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გამოიწვიონ სმენის ნერვისა და ვესტიბულური აპარატის დაზიანება, 8-ოქსიქინოლინის წარმოებულებმა – მხედველობითი ნერვის ნევრიტი და ა.შ.
ღვიძლი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისხლძარღვებსა და სისხლის მიმოქცევის საერთო სისტემას შორის ბარიერს. ენტერალური (განსაკუთრებით) და ნებისმიერი სხვა გზით შეყვანისას სამკურნალო ნივთიერებათა უმეტესობა აქ გროვდება და განიცდის ბიოტრანსფორმაციას. ამ დროს შეიძლება დაზიანდეს ღვიძლი, განსაკუთრებით თუ პრეპარატი კონცენტრირდება და ხანგრძლივად ნარჩუნდება ჰეპატოციტებში, რაც ჰეპატოტოქსიურობის გამოვლენის საფუძველი ხდება. მაღალი ჰეპატოტოქსიურობა ახასიათბს ეთილის სპირტს, ჰალოგენშემცველ პრეპარატებს (ფთოროტანი, ამინაზინი, ქლორალჰიდრატი და ა.შ.), დარიშხანის, ვერცხლისწყლის პრეპარატებს, ზოგიერთ ანტიბიოტიკებს და სხვ. გლიკოგენით და ვიტამინებით მდიდარი ღვიძლი უფრო მდგრადია ქიმიური აგენტებისადმი.
გამომყოფ ორგანო თირკმელებში წამლის კონცენტრირება ნეფროტოქსიურობის გამოვლენის საფუძველია. ნეფროტოქსიური მოქმედებით ხასიათდებიან ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, ბუტადიონი, სულფანილამიდური პრეპარატები, სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები და ა.შ. მიჩნეულია, რომ ნეფროლოგიური დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ალერგიული პროცესის წარმოშობასთან.
შიგნით მისაღები სამკურნალო პრეპარატების უმეტესობა გავლენას ახდენს პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე. ამ დროს ისინი აღიზიანებენ ლორწოვან გარსს, ასტიმულირებენ მარილმჟავას სეკრეციას, ამუხრუჭებენ დამცავი ლორწოს გამომუშავებას, აყოვნებენ კუჭის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ფიზიოლოგიურ რეგენერაციას – ყველაფერი ეს კი ულცეროგენული (წყლულის წარმოქმნა ლორწოვან გარსებზე) ეფექტის საფუძველია. ულცეროგენობა ახასიათებთ გლუკოკორტიკოიდებს, არანარკოტიკული ანალგეტიკებს, რეზერპინს, ტეტრაციკლინს, კოფეინს და სხვ.
წამლებით მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა სისხლწარმოქმნის დათრგუნვა – ჰემოტოქსიური მოქმედება. მაგალითდ, ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ანემია; ლევომიცეტინი, ბუტადიონი, ამიდოპირინი, სულფანილამიდები და სხვები იწვევენ ლეიკოპენიას აგრანულოციტოზამდეც კი, რაც ხშირად ვლინდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვან-ნეკროზული დაზიანებით.
განსაკუთრებით სიფრთხილეს მოითხოვს ორსულთა ფარმაკოთერაპია, რადგანაც მრავალი სამკურნალო პრეპარატი ადვილად გადის პლაცენტურ ბარიერს (რომლის ფორიანობა განსაკუთრებით მაღალია ორსულობის პირველ 8 კვირას) და ახდენს ტოქსიურ (მათ შორის ტერატოგენულ მოქმედებას ნაყოფზე. ტერატოგენული ეფექტი (ტერას, ტერატოს – ბერძნ. სიმახინჯე), ანუ ანომალიური განვითარების გამომწვევი, შეიძლება გააჩნდეს პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ცილის სინთეზზე, ნეირომედიატორების ცვლაზე, სისხლის შედედებაზე და ა.შ. ტერატოგენული მოქმედება ახასიათებს გლუკოკორტიკოიდებს, სალიცილატებს, ტეტრაციკლინებს, სინთეზურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებს, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს. სადღეისოდ, სამკურნალო პრეპარატებს კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვამდე ამოწმებენ ტერატოგენულ მოქმედებაზე.
საყურადღებოა, წამლების კარცენოგენული მოქმედების შესწავლა. ასეთი აქტივობა გააჩნია ბენზოლს, ფენოლს. კუპრის მალამოებს, მომწველ საშუალებებს. სიმსივნეების ზრდისა და მეტასტაზირების უნარი გააჩნია სასქესო ჰორმონებს და ცილის სინთეზის სტიმულატორებს.
წამლებით მკურნალობის ყველაზე ხშირ გართულებას მიეკუთვნება ალერგიული რეაქციები. მათ საფუძვლად უდევს იმუნოლოგიური მექანიზმები. ორგანიზმში პირველად შეყვანისას წამლის ან უფრო ხშირად მის ცილასთან კომპლექსის საპასუხოდ წარმოიქმნება ანტისხეულები. ორგანიზმში განმეორებით წამლის შეყვანისას ადგილი აქვს წამალი-ანტიგენის რეაქციას წარმოქმნილ ანტისხეულებთან, პოხიერი უჯრედის მემბრანა განიცდის დეგრანულაციას და სისხლში გადმოისროლება ალერგიის მედიატორები, ვითარდება კანზე გამონაყარი, კვინკვეს შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსიური რეაქცია (დაუყოვნებელი ტიპის რეაქცია) ან ორგანოებში (ღვიძლში – ჰეპატიტი, თირკმელებში – გლომერულონეფრიტი, მიოკარდში – მიოკარდიტი და ა.შ.) ნეკროზული კეროვანი გამონაყარი (შენელებული ტიპის რეაქცია). ასეთი გართულებები შეიძლება გამოიწვიონ ანტიბიოტიკებმა, სულფანილამიდურმა პრეპარატებმა, არანარკოტიკულმა ანალგეტიკებმა, ვიტამინურმა პრეპარატებმა, ამინაზინმა, ადგილობრივმა საანესთზიო საშუალებებმა.
ალერგიული გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ანამნეზის გულმოდგინე შესწავლა. ანამნეზში ალერგიული დაავადებებისადმი წინასწარგანწყობის არსებობისას არ ინიშნება გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატები. საოჯახო ანამნეზის გულმოდგინედ შეგროვებამ შესაძლოა გამოავლინოს პაციენტში იდიოსინკრაზია – პრეპარატების პირველადი აუტანლობა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა. ყველაზე გავრცელებულია იოდიოსინკრაზია შემდეგ პრეპარატებზე: იოდი, ქინინი, სულფანილამიდები და ა.შ.
ფსიქოტროპული პრეპარატების ფართოდ გამოყენებამ შექმნა ძალზე სერიოზული – წამლისმიერი დამოკიდებულების ანუ ნარკომანიის პრობლემა. წამლისმიერი დამოკიდებულება ვითარდება ნარკოტიკული ანალგეტიკების, კოკაინის, საძილეების, ეთილის სპირტის, ტრანკვილიზატორების, ზოგიერთი აღმგზნები საშუალებების, მცენარეული წარმოშობის პრეპარატების – ჰაშიშის, მარიხუანას, ოპიუმის და სხვათა მიმართ.
ქიმიოთერაპიული საშუალებების გაჩენამ შექმნა გართულებათა კიდევ ახალი ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატების ანტიმიკრობულ აქტივობასთან. ანტიბიოტიკების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიდი რაოდენობით დაავადების გამომწვევთა დაღუპვა და დაშლა და სისხლში ენდოტოქსინის მოხვედრა. ეს კი იწვევს გამწვავების ანუ ბაქტერიოლიზის რეაქციას. დაავადების ყველა სიმპტომი მკვეთრად მწვავდება, რაც მოითხოვს ანტიტოქსიურ თერაპიას, ანტიჰისტამინურ პრეპარატებსა და გლუკოკორტიკოიდებს.
ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული პრეპარატები, განსაკუთრებით ანტიბიოტიკები, თრგუნავენ მისადმი მგრძნობიარე მიკროფლორას, ხელს უწყობენ რეზისტენტული მიკროორგანიზმების გამრავლებას, ვითარდება დისბაქტერიოზი და სუპერინფექცია. ყველაზე სწრაფად მრავლდება სოკო Candida. როგორც წესი, კანდიდოზი აზიანებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებთან ერთად ნიშნავენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს.
ეფექტური და უსაფრთხო ფარმაკოთერაპიის მიზნით სამკურნალო პრეპარატების შერჩევისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ მათი ძირითადი მოქმედება, არამედ გვერდითი ეფექტების ერთობლიობაც. ყველაზე ხშირია წამლების ალერგიული ხასიათის გვერდითი მოქმედება. ამას ადგილი აქვს ანტიბიოტიკების, სინთეზური ქიმიოთრაპიული საშუალებების, ანთების საწინააღმდეგო, ვიტამინური და სხვა პრეპარატების გამოყენებისას. ფართო ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება კი შესაძლოა დისბაქტერიოზისა და სუპერინფექციის მიზეზი გახდეს.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები