სინერგიზმი

 სინერგიზმი

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სინერგიზმი (ბერძ.synergia ხელშეწყობა, თანამშრომლობა) – ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების, მთლიანი ორგანიზმის ცალკეული ელემენტების (ნაწილების) ურთიერთქმედება, რომელიც მიმართულია მოცემული სიტუაციისთვის ოპტიმალური, საბოლოო ხელშემწყობი ეფექტის მისაღწევად.

ბიოქიმიაში სინერგიზმი გამოიხატება სხვადასხვა მეტაბოლური პროცესების ურთიერთქმედებით, რომელიც ცვლის ბიოქიმიური რეაქციების კინეტიკას ან ამ დროს წარმოქმნილი ნაერთების რაოდენობას.

მიკრობიოლოგიაში სინერგიზმი გამოხატავს მცენარეულ ან ცხოველურ ორგანიზმში სხვადასხვა მიკროორგანიზმების ურთიერთქმედების ხასიათს, რომელიც მიმართულია მიკროორგანიზმების განსაზღვრული კულტურის ან მისი იმუნიზირებული ზემოქმედების გაძლიერებისაკენ.

ფიზიოლოგიაში სინერგიზმი გამოიხატება როგორც კუნთების ჯგუფების, ასევე ქცევით დონეზე. კერძოდ, სხვადასხვა თვისებების მქონე კუნთების (მაგ., ნეკნთაშუა, ხრტილთაშუა კუნთები, დიაფრაგმა) მუშაობის საბოლოო ხელშემწყობი ეფექტი მდგომარეობს ნორმალური გარეგანი სუნთქვის უზრუნველყოფაში მათი მოქმედების სივრცითი და დროებითი სინქრონიზაციის ხარჯზე. >>>

სინერგიზმი უზრუნველყოფს ორგანიზმის ოპერატიულ, მოქნილ შეგუებას გარეგანი ზემოქმედებისადმი. ვერტიკალური პოზის შენარჩუნების მექანიზმები ქმნიან ქვედა კიდურების და სხეულის სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ერთდროულად ჩართვის შესაძლებლობას, იმ პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხდება პოზის შენარჩუნება. სინერგიზმის საფუძველზე ხდება ცხოველმყოფელობის ძირითადი ფიზიოლოგიური სისტემების (მაგ., სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა) ფუნქციების შეთანხმებული აღდგენა. ამრიგად, ფიზიოლოგიაში სინერგიზმი წარმოადგენს ფიზიოლოგიური ფუნქციების თვითრეგულაციის ერთ-ერთ გამოხატულებას.

ფარმაკოლოგიაში სინერგიზმი გამოხატავს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების მოქმედების ერთი მიმართულების ხასიათს, როდესაც ნავარაუდევია უფრო დიდი საბოლოო ეფექტის მიღწევა, ვიდრე ცალ-ცალკე მათი მოქმედების შედეგად. >>>

ამასთან, თუკი პრეპარატების ზემოქმედებით გამოწვეული ეფექტი წარმოადგენს ცალკე აღებული თითოეული პრეპარატის ზემოქმედების ეფექტთა ჯამს, ასეთ მოქმედებას ეწოდება სუმირებული (დაჯამებული) ანუ ადიტიური (მაგ., ქლოროფორმის და ეთერის გამოყენება, რომლებთაც გააჩნიათ ცნს-ის უჯრედებზე ზემოქმედების მსგავსი მექანიზმები). თუკი, რამდენიმე ნივთიერების თანმიმდევრობითი ან კომბინირებული გამოყენების დროს განვითარებული საბოლოო ეფექტი აღემატება თითოეული ნივთიერების ეფექტთა ჯამს, საუბრობენ პოტენცირებაზე.

 «სინერგიზმის» თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე «სინერგიზმი» მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთmpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება სტატიისათვის «სინერგიზმი»

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.