ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებები  უშუალო კონტაქტის დროს აქვეითებენ ან მთლიანად თრგუნავენ მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების აგზნებადობას ლორწოვან გარსებში, კანში და სხვა ქსოვილებში. გამოყენების  წესიდან  გამომდინარე არჩევენ ტერმინალურ ანესთეზიას (ანესთეზიის საშუალება დაიტანება ზედაპირზე, სადაც იგი ახდენს მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებების ბლოკირებას), ინფილტრაციულ ანესთეზიას (ანესთზიის საშუალებიან ხსნარით თანმიმდევრობით “ჟღენთავენ” კანს და უფრო ღრმა ქსოვილებს), გამტარობით ანესთეზიას (ანესთეზიის საშუალება შეჰყავთ ნერვის მიმართულებით, რის შედეგადაც ჩნდება ნერვულ ბოჭკოებზე აგზნების გამტარობის ბლოკი), სპინალური ანესთეზია (ანესთეზიის საშუალება შეჰყავთ სუბარაქნოიდალურად).
პირველი ნივთიერება, რომელსაც აღმოაჩნდა ადგილობრივი ანესთეზიის უნარი იყო ალკალოიდი კოკაინი. მაღალი ტოქსიკურობის გამო იგი დღეს პრაქტიკულად არ გამოიყენება. თანამედროვე ანესთეზიაში ხმარობენ მთელ რიგ სინთეზურ ადგილობრივ ანესთეზიის საშუალებას. მათ მიეკუთვნება ბენზოკაინი, პროკაინი, ტრიმეკაინი, ტეტრაკაინი (ძირითადად ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში), ბუმეკაინი, ლიდოკაინი. ბოლო დროს შექმნილია ხანგრძლივად მოქმედი ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებები (ბუპივაკაინი და სხვა).
სხვადასხვა პრეპარატების გამოყენების სფერო დამოკიდებულია მათ ფარმაკოლოგიურ და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე: ბენზოკაინი როგორც უხსნადი ნივთიერება გამოიყენება მხოლოდ ზედაპირულად. ხსნად პრეპარატებს იყენებენ ადგილობრივი ანესთეზიის სხვადასხვა სახეობისათვის. ზოგიერთ ადგილობრივ ანესთეზიის საშუალებას ახასიათებს ანტიარითმიული აქტივობა. ლიდოკაინი შედარებით ფართოდ გამოიყენება არითმიის ზოგიერთი სახეობის დროს. ამავე მიზნით გამოიყენება ტრიმეკაინი.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები