ქოლინოლიზური ნივთიერებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ქოლინოლიზური ნივთიერებები (ქოლინ + ბერძ. lysis გამონთავისუფლება, თავიდან მოშორება; სინ.: ქოლინომაბლოკირებელი ნივთიერებები, ქოლინონეგატიური ნივთიერებები) _ ბუნებრივი და სინთეზური ნაერთები, რომელთაც გააჩნიათ პერიფერიული და ცენტრალური ქოლინორეცეპტორების ბლოკირების უნარი. ქოლინოლიზური ნივთიერებები აქვეითებენ აცეტილქოლინის და სხვა ქოლინომიმეტიკების ზემოქმედების მიმართ აღნიშნული რეცეპტორების მგრძნობელობას.
ქოლინოლიზური ნივთიერებების კლასიფიკაცია ეფუძნება წარმოდგენას ორი სახის ქოლინორეცეპტორების არსებობის შესახებ: მუსკარინის მიმართ მგრძნობიარე მ-ქოლინორეცეპტორები და ნიკოტინის მიმართ მგრძნობიარე ნ-ქოლინორეცეპტორები. აქედან გამომდინარე, განასხვავებენ მ-ქოლინოლიზურ (მ-ქოლინობლოკატორები) და ნ-ქოლინოლიზურ (ნ-ქოლინობლოკატორები) ნივთიერებებს. ცენტრალური და პერიფერიული ქოლინორეცეპტორების მიმართ მოქმედების ძირითადი მიმართულების მიხედვით, ქოლინოლიზურ ნივთიერებებს შორის განასხვავებენ უპირატესად პერიფერიული (პერიფერიული ქოლინოლიტიკები) და ცენტრალური (ცენტრალური ქოლინოლიტიკები) მოქმედების საშუალებებს. პერიფერიულ ქოლინოლიზურ ნივთიერებებს, როგორც წესი, მიეკუთვნებიან ნაერთები (მაგ. მეტაცინი), რომელთა მოლეკულაში წარმოდგენილია ერთი ან ორი ონიური მეოთხეული დაჯგუფება, რომელიც ხელს უშლის ნივთიერების შეღწევას ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში. მესამეულ ნაერთებს, პერიფერიულ მოქმედებასთან ერთად, გააჩნიათ გამოხატული ცენტრალური ქოლინოლიზური მოქმედება, ამასთან ზოგიერთი პრეპარატის, მაგ. ამიზილის, გამოყენებისას შეიძლება ჭარბობდეს ცენტრალური მოქმედება, სხვა პრეპარატების, მაგ. ატროპინის, გამოყენებისას კი _ პერიფერიული.
მ- და ნ-ქოლინორეცეპტორებზე ქოლინოლიზური საშუალებების შერჩევითი მოქმედება მერყეობს ფართო საზღვრებში: ქოლინორეცეპტორების ცალკეულ ტიპებზე მკაცრად შერჩევითი მოქმედების პრეპარატებთან ერთად, ქოლინოლიზური ნივთიერებების შემადგენლობაში შედიან ნაერთები, რომელთაც შერწყმული აქვთ მ- და ნ-ქოლინოლიზური ეფექტები. აღნიშნული პრეპარატები მიეკუთვნებიან მ- და ნ-ქოლინოლიტიკებს (მ- და ნ-ქოლინობლოკატორები) ანუ შერეული მოქმედების ქოლინოლიზურ საშუალებებს. ქოლინოლიზური ნივთიერებების თითოეულ ზემოთჩამოთვლილ ჯგუფში შემავალი პრეპარატების კლასიფიკაცია ხორციელდება ქიმიური აგებულების მიხედვით.
ქოლინოლიზური ნივთიერებების მოქმედება განპირობებულია მათი უნარით, დათრგუნონ აცეტილქოლინის და ქოლინომიმეტური ნივთიერებების ფიზიოლოგიური ეფექტები ცნს-ში და ყველა იმ ორგანოში, რომელსაც გააჩნია ვეგეტაციური ინერვაცია. აქედან გამომდინარე, ქოლინოლიზური ნივთიერებები თერაპიულ მოქმედებას ახორციელებენ ყველა იმ პათოლოგიური მდგომარეობის დროს, რომელსაც თან სდევს ქოლინერგული სისტემების გამოხატული ჰიპერფუნქცია.
მიუხედავად იმისა, რომ ქოლინოლიზური ნივთიერებები მიეკუთვნებიან განსხვავებული კლასის ქიმიურ ნაერთებს, ისინი ინარჩუნებენ აცეტილქოლინთან მსგავსების უნარს. აგებულების მიხედვით, ქოლინოლიზური ნივთიერებები აცეტილქოლინისგან გასხვავდებიან იმით, რომ მათ მოლეკულაში წარმოდგენილია “გამსხვილებული” ჰიდროფობული რადიკალები. გააჩნიათ რა აცეტილქოლინზე რთული ქიმიური აგებულება, ქოლინოლიზური ნივთიერებები ქოლინორეცეპტორებთან ურთიერთქმედებენ უფრო მეტ წერტილში, რაც განაპირობებს მათ უდრო მაღალ სტერეოსპეციფიკურობას აცეტილქოლინთან შედარებით. ასე მაგალითად, ს. ვ. ანიჩკოვის აზრით, მ-ქოლინოლიტიკები ქოლინორეცეპტორებთან რეაგირებენ სამ წერტილში: რეცეპტორის ანიონური ცენტრი მოქმედებს ქოლინოლიზური ნივთიერებების მოლეკულების კათიონურ ჯგუფთან; ქოლინორეცეპტორის მეორე წერტილი რეაგირებს მ-ქოლინოლიტიკების მოლეკულის ეთერული ჯგუფის ჟანგბადის ატომთან; ქოლინორეცეპტორის მესამე წერტილი, რეაგირებს რა აცეტილქოლინის კარბონილური ჯგუფის ჯანგბადთან, ურთიერთქმედებს ჟანგბადის აღნიშნული ატომის შესაბამის, მ-ქოლინოლიტიკების მოლეკულის აქტიურ დაჯგუფებასთან.
აცეტილქოლინის და სხვა ქოლინომიმეტიკების მ-ქოლინორეცეპტორების აქტიურ ცენტრებთან ურთიერთქმედების შედეგად ხდება ამ უკანასკნელის დეფორმაცია, რის გამოც მატულობს პოსტსინაფსური მემბრანის განვლადობა კათიონებისთვის. ქოლინომიმეტიკებისგან განსხვავებით, ქოლინოლიზური ნივთიერებები არ ახდენენ ქოლინორეცეპტორის დეფორმაციას, არამედ მხოლოდ ბოჭავენ (“ოკუპირებენ”) მას, რისი მიზეზიცაა მისი (ქოლინორეცეპტორის) ფუნქციონალური ჯგუფების ირგვლივ შესაბამისი ველების არსებობა, რომელთაც გააჩნიათ ქოლინოლიზური ნივთიერებების მოლეკულების ჰიდროფობულ რადიკალებთან დაკავშირების უნარი. აღნიშნული კავშირების წარმოქმნა ხელს უშლის ქოლინორეცეპტორის დეფორმაციას. სწორედ ამით აიხსნება მ-ქოლინოლიტიკების და აცეტილქოლინის ანტაგონიზმი ქოლინორეცეპტორების მიმართებაში. ს. გ. კუზნეცოვის და ს. ნ. გოლიკოვის (1962) აზრით, მ-ქოლინორეცეპტორის აქტიური ცენტრი განლაგებულია ცილოვანი ჯაჭვების ორ მეზობელ უბანზე და ერთმანეთთან შეერთებულნი არიან იონური, წყალბადური და სხვა, შედარებით არამყარი კავშირებით. ქოლინოლიზური ნივთიერებების მოლეკულები წყვეტენ აღნიშნულ კავშირებს და ქოლინორეცეპტორთან წარმოქმნიან მნიშვნელოვნად უფრო მყარ ნაერთს, ვიდრე აცეტილქოლინთან.
უპირატესად პერიფერიული მოქმედების ქოლინოლიზური ნივთიერებები იყოფიან მ-ქოლინოლიტიკებად, ნ-ქოლინოლიტიკებად, მ- და ნ-ქოლინოლიტიკებად. მ-ქოლინოლიტიკებს მიეკუთვნება ნაერთების ორი ჯგუფი. პირველი მათგანის შემადგენლობაში შედიან ატროპინი და სხვა ალკალოიდები _ სკოპოლამინი, პლატიფილინი; მეორე ჯგუფს წარმოადგენენ მეოთხეული ამონიუმის მარილები _ ატროპინის (ატროპინის მეთილნიტრატი) და სკოპოლამინის (სკოპოლამინის ბრომმეთილატი) წარმოებულები, აგრეთვე აგებულებით მათი მსგავსი, სხვადასხვა კლასის სინთეზური ნივთიერებები (ამინოეთერები, ამინოსპირტები, ამინოამიდები და სხ.) მეოთხეული მარილების სახით. ყველაზე მეტად გამოხატული შერჩევითი მ-ქოლინოლიზური მოქმედება გააჩნიათ ორჩანაცვლებული გლიკოლის მჟავას ამინოალკალის ეთერების მეოთხეულ მარილებს, რომელთაც მიეკუთვნებიან მეტაცინი, ოქსიფენონი, ბანტინი, პრობანტინი და სხ. ბანტინს და პრობანტის, მ-ქოლინოლიზურ თვისებებთან ერთად, დამატებით, გააჩნიათ ზომიერი განგლიომაბლოკირებელი მოქმედებაც.
ნ-ქოლინოლიზური აქტივობის მქონე ქოლინოლიზური ნივთიერებები იყოფიან ორ ჯგუფად: ნივთიერებები, რომლებიც შერჩევითად მოქმედებენ ვეგეტაციური განგლიების ნ-ქოლინორეცეპტორებზე _ განგლიომაბლოკირებელი საშუალებები და ნივთიერებები, რომლებიც შერჩევითად მოქმედებენ მამოძრავებელი ნერვების დაბოლოებების ნ-ქოლინორეცეპტორებზე _ კურარეს მსგავსი ნივთიერებები.
ყველაზე მარტივი აგებულების, განგლიომაბლოკირებელ პრეპარატს წარმოადგენს ტეტრაეთილამონიუმი. მის მოლეკულაში, აზოტის ერთ-ერთი რადიკალის შეცვლა ეთილზე უფრო რთული რადიკალით იწვევს განგლიომაბლოკირებელი აქტივობის ცვლილებას.
აქტივობის გაზრდის სხვა გზას წარმოადგენს მოლეკულაში ამონიუმის დამატებითი ჯგუფის ჩართვა ანუ ბი-მეოთხეული მარილის შექმნა. ასეთი სახის მარილები რეცეპტორთან წარმოქმნიან უფრო მყარ კავშირებს. სწორედ აღნიშნული გზით არის მიღებული თანამედროვე მედიცინაში გამოყენებული მრავალი ეფექტური განგლიობლოკატორი, მაგ. პენტამინი, კამფონიუმი, დიმეკოლინი, ჰიგრონიუმი და სხ. განგლიომაბლოკირებელი აქტივობა გააჩნიათ აგრეთვე ზოგიერთ მეორეულ და მესამეულ ამინებს, მაგ. ნანოფინს, პირილენს, აგრეთვე პაქიკარპინის ალკალოიდს.
ჩონჩხის კუნთების ნ-ქოლინორეცეპტორებზე მოქმედების მექანიზმის მიხედვით კურარეს მსგავსი ნივთიერებები იყოფიან მადეპოლარიზირებელ და არამადეპოლარიზირებელ (ანტიმადეპოლარიზირებელ) ნივთიერებებად. კურარეს მსგავსი ნივთიერებების ქიმიური აგებულებისთვის დამახასიათებელია განსაზღვრულ მანძილზე ორი ონიური ჯგუფის არსებობა. გამონაკლისს შეადგენს ზოგიერთი ალკალოიდი, მაგ. კონდელფინი და მელიქტინი, რომლებიც წარმოადგენენ მესამეულ ფუძეებს. მოქმედების მექანიზმის მიხედვით, ისინი მიეკუთვნებიან კურარეს მსგავს, ანტიმადეპოლარიზირებელ ნივთიერებებს.
მ- და ნ-ქოლინოლიტიკებს მიეკუთვნებიან კარბონის მჟავას ეთერების მესამეული ამინები. აღნიშნული პრეპარატებისთვის დამახასიათებელია ცენტრალური და პერიფერიული მ- და ნ-ქოლინოლიზური თვისებების შერწყმა. ასეთი სახის, დიდი რაოდენობის ნაერთებიდან პრაქტიკული გამოყენება ჰპოვეს სპაზმოლიტინმა, აპროფენმა და სპაზმოლიტინის თიოანალოგებმა _ ტიფენმა და დიპროფენმა. აღნიშნული პრეპარატების მ- და ნ-ქოლინოლიზურ თვისებებს ემატება მათი პირდაპირი, მიოტროპული, სპაზმოლიზური მოქმედება (პაპავერინის მსგავსი მოქმედება). აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები ფართოდ გამოიყენება სპაზმოლიტიკების სახით.
მეოთხეული ამინების მ- და ნ-ქოლინოლიტიკებს მიეკუთვნებიან გლიკოპიროლატი, ბენზიპირონის ბრომიდი, ციკლოპირონის ბრომიდი და სხ. ისინი წარმოადგენენ ორჩანაცვლებული გლიკოლის მჟავების ეთერებს, სადაც აზოტის მეოთხეული ატომი იმყოფება ციკლურ სტრუქტურაში (პიპერიდინული, პიპეროლიდინური ან პიპერაზინული). სპაზმოლიტინთან და მესამეული ამინების სხვა მ-და ნ-ქოლინოლიტიკებთან შედარებით, აღნიშნულ პრეპარატებს გააჩნიათ უფრო მეტად გამოხატული განგლიომაბლოკირებელი თვისებები. აქედან გამომდინარე, ანტისეკრეტორული და სპაზმოლიზური აქტივობით ისინი აღემატებიან მესამეულ ამინებს, რაზეც მეტყველებს მათი ეფექტურობა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
უპირატესად ცენტრალური მოქმედების ქოლინოლიზურ ნივთიერებებს, მინიმალურ დოზებში, გააჩნიათ ცნს-ის ქოლინორეცეპტორების ბლოკირების უნარი. ცენტრალურ მ-ქოლინოლიტიკებს მიეკუთვნებიან ამიზილი, მეტამიზილი, ამედინი და სხ. ისინი აქვეითებენ ანტიქოლინესთერაზული და მ-ქოლინომიმეტური ნივთიერებების კრუნჩხვით და ტოქსიკოლოგიურ მოქმედებას, იწვევენ სედაციურ ეფექტს, აძლიერებენ ბარბიტურატების და სხვა საძილე საშუალებების, აგრეთვე ანალგეტიკების და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედებას. გამოხატული ცენტრალური ეფექტის მქონე დოზებით, ცენტრალური მ-ქოლინოლიტიკების უმეტესობა აბლოკირებს პერიფერიულ მ-ქოლინორეცეპტორებსაც, რაც გამოიხატება ეგზოკრინული ჯირკვლების სეკრეციის დათრგუნვით, მიდრიაზით და პერიფერიული მ-ქოლინოლიტიკების მოქმედებისთვის დამახასიათებელი სხვა ეფექტებით. მიუხედავად ამისა, პერიფერიული ქოლინოლიტიკების სახით ცენტრალური მ-ქოლინოლიტიკების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, ცნს-ის მხრიდან გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გამო.
ცენტრალურ ნ-ქოლინოლიტიკებს მიეკუთვნებიან პრეპარატები, რომელთაც გააჩნიათ, ექსპერიმენტში ნიკოტინით გამოწვეული კრუნჩხვების დათრგუნვის ან თავიდან აცილების უნარი. ჩვეულებრივ, აღნიშნული მოქმედება თან ერწყმის მეტ-ნაკლებად გამოხატულ განგლიომაბლოკირებელ აქტივობას. მოცემული ჯგუფის პრეპარატებიდან, სამედიცინო პრაქტიკაში, ჯერჯერობით გამოიყენება მხოლოდ არპენალი, რომელიც იხმარება, როგორც კუნთოვანი ტონუსის დამაქვეითებელი საშუალება სხვადასხვა გენეზის სპაზმური პარეზების დროს.
ცენტრალურ მ- და ნ-ქოლინოლიტიკებს მიეკუთვნებიან ციკლოდოლი, ტროპაცინი და ნორაკინი. ისინი ძირითადად გამოიყენება, როგორც პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები.
ქოლინოლიზურ ნივთიერებებში, პერიფერიული და ცენტრალური მ- და ნ-ქოლინორეცეპტორების მიმართ სხვადასხვა ხარისხით გამოხატული მაბლოკირებელი მოქმედების არსებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული ნივთიერებების გამოყენებით შესუსტდეს გადაჭარბებული ქოლინერგული გავლენა შინაგან ორგანოებზე, ნერვული რეგულაციის სხვადასხვა დონეზე (ცენტრალური, განგლიური და პოსტსინაფსური), რამაც განაპირობა ჩვენებების ჩამოყალიბება მ-ქოლონოლიტიკების, განგლიობლოკატორების, კურარეს მსგავსი ნივთიერებების და ცენტრალური ქოლინოლიტიკების დიფერენცირებული გამოყენებისადმი. ასე მაგალითად, პერიფერიული მ-ქოლინოლიტიკები, აგრეთვე მ- და ნ-ქოლინოლიტიკები, ძირითადად გამოიყენება, როგორც სპაზმოლიზური საშუალებები, განგლიობოკატორები _ ჰიპოტენზიური საშუალებების სახით, კურარეს მსგავსი ნივთიერებები _ როგორც მიორელაქსანტები. ატროპინი და სხვა მ-ქოლინოლიტიკები, ზოგიერთ შემთხვევაში მ- და ნ-ქოლინოლიტიკები, აგრეთვე, გამოიყენება როგორც შხამების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიქოლინესთერაზული და ქოლინომომიმეტური საშუალებებით მოწამვლების დროს.
ქოლინოლიზური ნივთიერებების გამოყენების დროს განვითარებული გვერდითი მოვლენები (მიდრიაზი, აკომოდაციის დარღვევა, ტაქიკარდია, ნაწლავების და შარდის ბუშტის ატონია) ჩვეულებრივ ქრება პრეპარატების მოხსნის შემდეგ. ქოლინოლიზური ნივთიერებების გამოყენების ძირითად უკუჩვენებებს მიეკუთვნებიან გლაუკომა, ნაწლავების და შარდის ბუშტის ატონია.
იხილეთ: ვეგეტაციური ნერვული სისტემა; მეტაცინი; ჰემატო-ენცეფალური ბარიერი; ამიზილი; ატროპინი; აცეტილქოლინი; ქოლინომიმეტური ნივთიერებები; სკოპოლამინი; პლატიფილინი; განგლიომაბლოკირებელი საშუალებები; კურარეს მსგავსი ნივთიერებები; პენტამინი; კამფომიუმი; დიმეკოლინი; ჰიგრონიუმი; ნანოფინი; პირილენი; პაქიკაპრინი; მელიკტინი; სპაზმოლიტინი; აპროფენი; ტიფენი; დიპროფენი; სპაზმოლიზური საშუალებები; მეტამიზილი; არპენალი; ციკლოდოლი; ტროპაცინი; პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები; ჰიპოტენზიური საშუალებები; მიორელაქსანტები; ანტიშხამები.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები