მ-ქოლინო რეცეპტორების მასტიმულირებელი საშუალებები (მ-ქოლინომიმეტიკები)

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ამ ჯგუფის პრეპარატები ავლენენ პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მედიატორის – აცეტილქოლინის ეფექტებს, რაც განპირობებულია მათი ურთიერთქმედებით მ-ქოლინორეცეპტორებთან. მ-ქოლინორეცეპტორები ლოკალიზებულია ყველა ორგანოში, რომლებიც პარასიმპათიკურ ინერვაციას იღებენ პოსტგანგლიური პარასიმპათიკური ბოჭკოების დაბოლოებებში. მ-ქოლინორეცეპტორები არაერთგვაროვანნი არიან. ცენტრალური ნერვული სისტემის მ1-ქოლინორეცეპტორებთან ურთიერთქმედებას მოსდევს აგზნება, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინტრამურალური (კედლისშიდა) პარასიმპათიკური წნულის მ1-რეცეპტორებთან ურთიერთქმედებას – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციის გაზრდა. გულში ლოკალიზებული მ2-ქოლინორეცეპტორების აქტივაციის ეფექტი ვლინდება გულის შეკუმშვათა სიხშირის და გულის სხვა ფუნქციების (მათ შორის გამტარობის) დაქვეითებაში. უფრო მრავლადაა წარმოდგენილი მ-ქოლინომიმეტიკების ის ეფექტები, რომლებიც განპირობებულია გლუვი კუნთების და ეგზოკრინული ჯირკვლების მ3-ქოლინორეცეპტორების აგზნებით. ისინი იწვევენ ბრონქოსპაზმს და ბრონქორეას, კუჭის ჯირკვლების სეკრეციის გაძლიერებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღველ- და შარდგამომყვანი გზების ტონუსის ამაღლებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე აცეკლიდინის მოქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭ-ნაწლავის და შარდის ბუშტის ატონიის დროს. მ-ქოლინომიმეტიკების ფარმაკოდინამიკის ყველაზე აქტუალურ ასპექტს წარმოადგენს მათი მოქმედება თვალისშიდა წნევაზე: ისინი აუმჯობესებენ თვალისშიდა სითხის გადინებას და ამით აქვეითებენ თვალისშიდა წნევას. ეს ეფექტი გამოყენებას პოულობს თვალისშიდა ჰიპერტენზიის და გლაუკომის მკურნალობისას.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები