ქოლინომიმეტური ნივთიერებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ქოლინომიმეტური ნივთიერებები (ქოლინ + ბერძ. mimetikos მიმგვანების უნარის მქონე, ამსახველი; სინ.: ქოლინოპოზიტიური ნივთიერებები, ქოლინომიმეტიკები) _ ნივთიერებები, რომელთა მოქმედება განაპირობებს ქოლინერგული ნერვების ან აცეტილქოლინის მედიატორის აგზნების ეფექტის განვითარებას.
მ- და ნ-ქოლინორეცეპტორებზე მოქმედების მიხედვით, ქოლინომიმეტური ნივთიერებები იყოფიან სამ ჯგუფად: მ-ქოლინომიმეტური ნივთიერებები (მ-ქოლინომიმეტიკები) _ მუსკარინი, პილოკარპინი, აცეკლიდინი, ალექოლინი და ოქსოტრემორინი; ნ-ქოლინომიმეტური ნივთიერებები (ნ-ქოლინომიმეტიკები) _ ნიკოტინი, ლობელინი, ციტიზინი, ტეტრამეთილამონიუმი, ანაბაზინი და სუბექოლინი; მ- და ნ-ქოლინომიმეტური ნივთიერებები (მ- და ნ-ქოლინომიმეტიკები) _ აცეტილქოლინი და კარბაქოლინი.
ქიმიური აგებულებით ქოლინომიმეტური ნივთიერებები წარმოადგენენ მეოთხეულ (აცეტილქოლინი, კარბაქოლინი, მუსკარინი, სუბექოლინი, ტეტრამეთილამონიუმი) ან მესამეულ (არექოლინი, აცეკლიდინი, პილოკარპინი და სხ.) ამონიუმის ნაერთებს. ქოლინომიმეტური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენენ მეოთხეულ ამონიუმის ნაერთებს, ძნელად გადიან ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში დაბალი ლიპოფილურობის გამო, რის გამოც გააჩნიათ შერჩევითი მოქმედება პერიფერიულ ქოლინორეცეპტორებზე. ის ქოლინომიმეტური ნივთიერებები კი, რომლებიც წარმოადგენენ მესამეულ ნაერთებს პირიქით, გამოირჩევიან მაღალი ლიპოფილურობით, კარგად აღწევენ ცნს-ში და ამიტომაც გააჩნიათ მასტიმულირებელი მოქმედება არა მარტო პერიფერიულ, არამედ ცენტრალურ ქოლინორეცეპტორებზეც. აქედან გამომდინარე, ქოლინომიმეტური ნივთიერებები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: შერჩევითად პერიფერიული მოქმედების ქოლინომიმეტიკები (მეოთხეული ამონიუმის ნაერთები) და ცენტრალური და პერიფერიული მოქმედების ქოლინომიმეტური საშუალებები (მესამეული ამონიუმის ნაერთები).
ფარმაკოლოგიური მოქმედების ხასიათით ქოლინომიმეტური ნივთიერებები ახლოს დგანან ანტიქოლინესთერაზულ საშუალებებთან, თუმცა მათგან განსხვავებით, რომლებიც ახანგრძლივებენ ენდოგენური აცეტილქოლინის ეფექტებს, ქოლინომიმეტური საშუალებები მოქმედებენ უშუალოდ ქოლინორეცეპტორებზე და იწვევენ ვეგეტაციური ნერვული სისტემის ეფერენტული გავლენის გაძლიერებას შინაგან ორგანოებზე, ჯირკვლებზე, სისხლძარღვებზე (მათ შორის კანის და ლორწოვანი გარსის).
მ-ქოლინომიმეტიკები იწვევენ ვეგეტაციური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის აგზნებას, რაც გამოიხატება მიოზით, ბრადიკარდიით, შინაგანი ორგანოების გლუვკუნთოვანი ტონუსის მომატებით, ჰიპოტენზიით და სხ. ნ-ქოლინომიმეტიკებს გააჩნიათ მასტიმულირებელი გავლენა სიმპათიკურ განგლიებზე, სინოკაროტიდული ზონის ქემორეცეპტორებზე, თირკმელზედა ჯირკვლის ქრომოფინულ უჯრედებზე და ნერვულ-კუნთოვან გადაცემაზე. აქედან გამომდინარე, ნ-ქოლინომიმეტიკების ცალკეული ეფექტები არა მარტო არ ემთხვევა მ-ქოლინომიმეტიკების ეფექტებს, არამედ შეიძლება მათი ურთიერთსაწინააღმდეგოც კი იყოს. ასე მაგალითად, მ-ქოლინომიმეტიკები იწვევენ არტერიული წნევის დაქვეითებას, მაშინ როცა ნ-ქოლინომიმეტიკები ზრდიან მას, რაც განპირობებულია სიმპათიკური განგლიების აგზნებით და ადრენალინის გამონთავისუფლებით თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ქრომაფინული უჯრედებიდან. ნ-ქოლინომიმეტიკებისთვის დამახასიათებელია ორფაზიანი მოქმედება: ნ-ქოლინორეცეპტორების აგზნებას მოსდევს მათი ბლოკადა. ნ-ქოლინომიმეტური საშუალებების მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში ჭარბობს მაბლოკირებელი მოქმედება.
მ- და ნ-ქოლინომიმეტიკების ორგანიზმში შეყვანისას, ძირითადად, ვლინდება მ-ქოლინორეცეპტორების აგზნების ნიშნები, რომლებიც ნიღბავენ ნ-ქოლინორეცეპტორების სტიმულაციასთან დაკავშირებულ ეფექტებს. მ- და ნ-ქოლინომიმეტიკების მოქმედება ნ-ქოლინორეცეპტორებზე სრულფასოვნად ვლინდება მხოლოდ ატროპინით ან სხვა მ-ქოლინობლოკატორით მ-ქოლინორეცეპტორების წინასწარი ბლოკადის პირობებში.
ქოლინომიმეტური ნივთიერებების მოქმედების მექანიზმის საფუძველში დევს მათი სტრუქტურული მსგავსება აცეტილქოლინთან, რაც უზრუნველყოფს ქოლინომიმეტური ნივთიერებების მოლეკულების სტერეო (სივრცით) შესაბამისობას ქოლინორეცეპტორების ფუნქციონალური ცენტრების განლაგებასთან. ასეთი სახის შესაბამისობის მაქსიმალურად შენარჩუნების პირობებში (სტრუქტურის მსგავსება, მოლეკულის ზოგადი გაბარიტები, აქტიური ცენტრების განლაგება), ქოლინომიმეტური ნივთიერებები ახდენენ აცეტილქოლინის ეფექტების იმიტაციას ანუ მოქმედებენ როგორც მ-, ასევე ნ-ქოლინორეცეპტორებზე. ზემოთჩამოთვლილი თავისებურებები გააჩნია კარბაქოლინს, რომელიც სტრუქტურით აცეტილქოლინის მსგავსია და ამ უკანასკნელისგან განსხვავდება მხოლოდ მეთილის ჯგუფის მაგივრად ამინოჯგუფის არსებობით მოლეკულის მჟავურ ნაწილში.
ქოლინომიმეტური ნივთიერებების ქოლინორეცეპტორებთან ურთიერთქმედების შედეგად ხდება მათი კონფორმაციის შეცვლა და იონებისთვის სუბსინაფსური მემბრანის განვლადობის მომატება. ამის შედეგად, ადგილი აქვს სუბსინაფსური მემბრანის დეპოლარიზაციას და ყალიბდება მოქმედების პოტენციალი.
ქოლინომიმეტური ნივთიერებების, რომლებიც წარმოადგენენ მეოთხეულ ამონიუმის ნაერთებს, მ-ქოლინორეცეპტორებზე შერჩევითი მოქმედება მიიღწევა აღნიშნული ნაერთების მოლეკულაში დამატებითი აქტიური ჯგუფის ჩართვის შედეგად, რომელიც განლაგებით შეესაბამება აცეტილქოლინის კარბონილურ ჟანგბადს, და აზოტის ატომთან მიმართებაში β-მდგომარეობაში ნახშირბადის განტოტვის შედეგად. სწორედ აღნიშნული გზით იქნა მიღებული შერჩევითად მოქმედი მ-ქოლინომიმეტიკები მექოლინი და ბეტანექოლი, რომლებიც, შესაბამისად, წარმოადგენენ აცეტილქოლინის და კარბაქოლინის ანალოგებს. აგრეთვე დადასტურებულია, რომ მ-ქოლინომიმეტური მოქმედება გააჩნიათ მექოლინის და მუსკარინის მხოლოდ მარცხნივ მბრუნავ იზომერებს, რაც მეტყველებს ქოლინომიმეტური ნივთიერებების მოქმედების სტერეოსპეციფიკურობაზე. ოპტიკურ იზომერიაზე დამოკიდებული სტერეოსპეციფიკურობა, აგრეთვე დამახასიათებელია ნ-ქოლინომიმეტიკებისთვისაც, თუმცა გაცილებით ნაკლები ხარისხით. სავარაუდოა, რომ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქოლინომიმეტური ნივთიერებების ნ-ქოლინორეცეპტორებთან ურთიერთქმედების განხორციელებაში მონაწილეობს არა სამი აქტიური ცენტრი, როგორც მ-ქოლინომიმეტიკების შემთხვევაში, არამედ მხოლოდ ორი. აქედან გამომდინარე, ნ-ქოლინორეცეპტორი ნაკლებად სტერეოსპეციფიკურია. ამაზე მეტყველებს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ქოლინომიმეტური ნივთიერებების მოლეკულის ასიმეტრიას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მ-ქოლინორეცეპტორებზე ზემოქმედებისთვის, ვიდრე ნ-ქოლინორეცეპტორებზე ზემოქმედებისთვის.
მესამეული ამონიუმის ნაერთების ჯგუფიდან, მ-ქოლინომიმეტიკებს მიეკუთვნებიან ალკალოიდები პილოკარპინი და არექოლინი, აგრეთვე სინთეზური პრეპარატები ოქსოტრემორინი და აცეკლიდინი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნივთიერებებს არ გააჩნიათ მჭიდრო სტრუქტურული მსგავსება აცეტილქოლინთან, მათ ნაერთებს შენარჩუნებული აქვთ ქოლინომიმეტური მოქმედებისთვის აუცილებელი მანძილი აზოტის ატომსა და ორ აქტიურ ცენტრს შორის.
ქიმიური აგებულებით ყველაზე მარტივ ნ-ქოლინომიმეტიკებს, მეოთხეული ამონიუმის ჯგუფიდან მიეკუთვნება ტეტრამეთილამონიუმი. მისი მოლეკულა წარმოადგენს აცეტილქოლინის ე.წ. განცალკავებულ, კათიონურ “თავს”. ტეტრამეთილამონიუმის მოლეკულის გაბარიტების გაზრდის შედეგად, შესაძლოა მიღწეულ იქნას მისი აქტიურობის გაძლიერება. ამ გზით იქნა მიღებული 1,1-დიმეთილ-4-ფენილპიპერაზინი (დმფპ). ქიმიური სტრუქტურით ის შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ტეტრამეთილამონიუმი, რომლის ორი მეთილის რადიკალი, ფენილდიეთილამინის მიერთების ხარჯზე ქმნის შეკრულ წრეს. დმფპ გამოიყენება ექსპერიმენტულ ფარმაკოლოგიაში ძლიერი პერიფერიული ნ-ქოლინომიმეტიკის სახით. ნ-ქოლინომიმეტური აქტივობა, აგრეთვე მატულობს აცეტილქოლინის მოლეკულის გაორების გზით, როგორც ამას ადგილი აქვს სუბექოლინის შემთხვევაში.
მესამეული ამინების ჯგუფის ნ-ქოლინომიმეტიკებს მიეკუთვნებიან ალკალოიდები ნიკოტინი, ანაბაზინი და კონიინი. პირველი ორი მათგანის სტრუქტურა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც დაწყვილებული ჰეტეროციკლური რგოლების შერწყმა _ პირიდინის და პიპერიდინის (ანაბაზინის) ან პირიდინის და პიროლიდინის (ნიკოტინის). კონიინის შემთხვევაში ერთ-ერთი რგოლი ჩანაცვლებულია პროპილის რადიკალით. მაღალი ტოქსიკურობის გამო, სამკურნალო მიზნით აღნიშნული ალკალოიდები არ გამოიყენება. მათი გამოყენება ძირითადად ხდება ექსპერიმენტულ ფარმაკოლოგიაში. პიპერიდინის წარმოებულებს აგრეთვე მიეკუთვნებიან ლობელინი და ციტიზინი. აღნიშნული პრეპარატების მოქმედებაში ჭარბობს სინოკაროტიდული ზონის ქემორეცეპტორების აგზნება.
მესამეული ამინების ჯგუფის ნ-ქოლინომიმეტიკები აღწევენ ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში და გააჩნიათ გამოხატული ზეგავლენა ცნს-ზე (იწვევენ აქტივაციის რეაქციას ეეგ-ზე, ასტიმულირებენ ცნს-ს, აძლიერებენ ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონების გამოყოფას). დიდი დოზებით, მოცემული ნივთიერებები იწვევენ ტრემორს და კრუნჩხვებს. აღნიშნული მოქმედებები შეიძლება შესუსტდეს ან დაქრეს ქოლინოლიზური საშუალებების გამოყენებით, რომელთაც გააჩნიათ ცენტრალური ნ-ქოლინოლიზური აქტივობა (მაგ., აპრენალი, პროპაცინი და სხ.).
მ-ქოლინომიმეტიკები, ძირითადად გამოიყენება ოფთალმოლოგიაში მიოზური საშუალებების სახით თვალბუდის შიდა წნევის დაქვეითების მიზნით. ამასთან, უპირატესობა ენიჭებათ ისეთ მესამეულ ამინებს, რომლებიც თავისუფლად აღწევენ კონიუქტივაში, მაგ. პილოკარპინი და აცეკლიდინი. აცეკლიდინის რეზორბციული მოქმედება გამოიყენება შარდის ბუშტის და ნაწლავების ატონიის დროსაც. გარდა ამისა, მ-ქოლინომიმეტიკების გამოყენება შეიძლება ფიზიოლოგიური ანტაგონისტების სახით ქოლინოლიზური ნივთიერებებით მოწამვლების დროს. თუმცა ამ დროს, ანტიქოლინესთერაზულ საშუალებებთან შედარებით, მათ გააჩნიათ გაცილებით უფრო სუსტად გამოხატული და ნაკლები ხანგრძლივობის მოქმედება. მ-ქოლინომიმეტიკების დანიშვნა უკუნაჩვენებია ბრონქული ასთმის, სტენოკარდიის, ათეროსკლეროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების, ჰიპერკინეზიების, ეპილეფსიის და ორსულობის დროს.
მ-ქოლინომიმეტიკების გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში აღინიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ბრადიკარდია, არითმია, პროფუზული ოფლიანობა, ნაწლავთა პერისტალტიკის გაძლიერება, ჭარბი სალივაცია და სხვა, მუსკარინის მსგავსი სიმპტომები. მ-ქოლინომიმეტიკებით მოწამვლის დროს, ფიზიოლოგიური ანტაგონისტების სახით, გამოიყენება ატროპინი და სხვა ქოლინოლიტიკები.
სუნთქვის რეფლექტორული სტიმულატორების სახით, ნ-ქოლინომიმეტიკებიდან, სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ლობელინი და ციტიტონი, რომლებიც იწვევენ სუნთქვის ხანმოკლე რეფლექტორულ გაძლიერებას სინოკაროტიდული ზონის ქემორეცეპტორების აგზნების შედეგად. ზოგჯერ, ლობელინი და ციტიტონი გამოიყენება სისხლის მიმოქცევის სიჩქარის განსაზღვრის მიზნით (პრეპარატის ორგანიზმში შეყვანის მომენტიდან პირველ ღრმა ჩასუნთქვამდე გასული დროის მიხედვით). გარდა ამისა, ლობელინის და ციტიზინის შემცველი პრეპარატები გამოიყენება თამბაქოსთვის თავის დანებების გაადვილების მიზნით.
ნ-ქოლინომიმეტიკების გამოყენება უკუნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოხატული ორგანული დაზიანებების და სტაბილური არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
ნიკოტინით და სხვა ნ-ქოლინომიმეტიკებით მოწამვლების შემთხვევებში აღინიშნება ცნს-ის აგზნება (პირველ ფაზაში) დამბლის შემდგომი განვითარებით. ლობელინით და ციტიტონით მოწამვლების დროს ვლინდება ღებინება, სუნთქვის დათრგუნვა (ხანმოკლე აგზნების შემდეგ), ტონურ-კლონური კრუნჩხვები. ნ-ქოლინომიმეტიკების ფიზიოლოგიურ ანტაგონისტებს მიეკუთვნებიან ნ-ქოლინოლიტიკები და სიმპათოლიტიკები, თუმცა ეს უკანასკნელნი ეფექტურები არიან მხოლოდ აგზნების ფაზაში. ნ-ქოლინომიმეტიკებით მოწამვლის დროს, მათი მოქმედების დამბლის ფაზაში, მკურნალობის მიზნით გამოიყენება პათოგენეზური და სიმპტომური თერაპიული საშუალებები.
იხილეთ: ვეგეტაციური ნერვული სისტემა; მუსკარინი; პილოკარპინი; აცეკლიდინი; ნიკოტინი; ლობელინი; ციტიტონი; პესტიციდები; სუბექოლინი; აცეტილქოლინი; კარბაქოლინი; ჰემატო-ენცეფალური ბარიერი; ანტიქოლინესთერაზული საშუალებები; ატროპინი; ქოლინოლიზური საშუალებები; იზომერია; რეფლექსოგენური ზონა; მიოზური საშუალებები; თამბაქო.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები