ბეტა-ადრენობლოკატორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ბეტა-ადრენობლოკატორები წარმოადგენენ პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ახდენენ ორგანიზმის ბეტა-ადრენორეაქციული სისტემების სტიმულაციის ეფექტების სპეციფიკურ ბლოკირებას. იმის გამო, რომ ბეტა-ადრენორეცეპტორები უპირატესად ლოკალიზებულია გულში (მათი ზედმეტი აგზნება იწვევს არითმიას კუმშვადობისა და ჟანგბადის მოხმარების გაზრდის ფონზე), ბრონქებში (სტიმულაცია – ბრონქების მოდუნება) და სისხლძარღვებში (აქტივაცია – ვაზოდილატაცია) ადვილად პროგნოზირებადია ამ ჯგუფში შემავალი პრეპარატების ეფექტები (ანტიარითმიული, ანტისტენოკარდიული, ჰიპოტენზიური, ბრონქოკონსტრიკტორული და სხვა) და მათი გამოყენების ჩვენებები. სხვადასხვა ბეტა-ადრენობლოკატორები განსხვავდებიან ბეტა-რეცეპტორებზე მათი მოქმედების სპექტრის მიხედვით. პრეპარატებს, რომლებიც შერჩევითად ახდენენ ბეტა1-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას და ლოკალიზდებიან უპირატესად გულში (კარდიომიოციტები, გამტარი სისტემის უჯრედები) უწოდებენ კარდიოსელექტიურ პრეპარატებს (ნებივოლოლი, მეტოპროლოლი, ატენოლოლი, ტალინოლოლი და სხვა). ისინი გავლენას ახდენენ აგრეთვე თირკმელების იუქსტაგლომერულარული აპარატის და ცხიმოვანი ქსოვილის ბეტა1-ადრენორეცეპტორებზე. სხვები (პროპრანოლოლი, პინდოლოლი, თიმოლოლი და სხვა) ერთდროულად მოქმედებენ ბრონქების, პერიფერიული სისხლძარღვების, პანკრეასის, ღვიძლის, ჩონჩხის კუნთის ბეტა1-ადრენორეცეპტორებზე და ბეტა2-ადრენორეცეპტორებზე და მათ უწოდებენ არასელექტიურებს (არაშერჩევითებს). უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარდიოსელექტიურობა არ არის აბსოლუტური: დიდი დოზების და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორები ახდენენ ბეტა2-ადრენორეცეპტორების ბლოკირებასაც. აღნიშნულია, რომ კარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორები უფრო ეფექტურია ჰიპერტონული დაავადების და გულის იშემიური დაავადების ფონზე გაჩენილი გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკაში, ვიდრე არასელექტიური. ზოგიერთი ბეტა-ადრენობლოკატორი (პროპრანოლოლი, თიმოლოლი, ატენოლოლი და სხვა), ურთიერთქმედებენ რა ბეტა-ადრენორეცეპტორებთან, მხოლოდ ხელს უშლიან მათზე მედიატორის (ნორადრენალინის) ზემოქმედებას. სხვანი, ამას გარდა, თვითონ ახდენენ რეცეპტორების უმნიშვნელო სტიმულირებას, ანუ ახდენენ მედიატორის ეფექტის (თუნდაც სუსტის) იმიტაციას. ამ სამკურნალო საშუალებებს (ტალინოლოლი, პინდოლოლი და სხვა) გააჩნიათ ე. წ. შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობა. ამ თვისებას მოკლებული ბეტა-ადრენობლოკატორები აიშვიათებენ და ასუსტებენ გულის კუმშვადობას, ხოლო ისინი, რომლებსაც აქვთ ეს თვისება – არ ახდენენ მკვეთრ გავლენას გულის შეკუმშვათა სიხშირეზე.
ბეტა-ადრენობლოკატორები განსხვავდებიან აგრეთვე მემბრანომასტაბილიზებელი უნარით (ადგილობრივად გამაყუჩებელი და ქინიდინისმაგვარი ეფექტები). მაგალითად, პროპრანოლოლი, პინდოლოლი, ტალინოლოლი და სხვა, ატენოლოლისაგან განსხვავებით, ხასიათდებიან ადგილობრივად გამაყუჩებელი და ქინიდინისმაგვარი აქტივობით. ზოგიერთი პრეპარატი ახდენს კარდიომიოციტების კალიუმის (აქვთ III კლასის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატების თვისებები) და ნატრიუმის (I კლასის პრეპარატების თვისებები) არხების ბლოკირებას. დიდი კლინიკური მნიშვნელობა აქვს ბეტა-ადრენობლოკატორების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსაც, მათ შორის ცხიმში და წყალში ხსნადობას. კერძოდ, ლიპოფილური ბეტა-ადრენობლოკატორები (მეტოპროლოლი, ნებივოლოლი, ბეტაქსოლოლი, თიმოლოლი, პროპრანოლოლი და სხვა) სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კარგად გადიან ჰისტოჰემატურ ბარიერებს და მეტაბოლიზმს განიცდიან ღვიძლში. მეტაბოლიზმის თავისებურებების გათვალისწინება საჭიროა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს, ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში, იმ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღების დროს, რომლებიც ამუხრუჭებენ ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების აქტივობას. ჰიდროფილური ბეტა-ადრენობლოკატორები (ატენოლოლი, ნადოლოლი, სოტალოლი და სხვა) არასრულად და ნაწილობრივ შეიწოვება შიგნით მიღებისას, პრაქტიკულად არ გარდაიქმნება ღვიძლში და, როგორც წესი, შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით. ისინი უარესად გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ამიტომ უფრო იშვიათად იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდით ეფექტებს (სისუსტე, ძილის დარღვევა, კოშმარული სიზმრები, დეპრესია და ა.შ.). ამფოფილურ (ლიპოჰიდროფილურ) ნაერთებს (ნებივოლოლი, ბისოპროლოლი) ორგანიზმიდან გამოყოფის ორი ძირითადი გზა გააჩნიათ – გარდაქმნა ღვიძლში და გამოყოფა თირკმელებით, რაც ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ~ დარღვევების მქონე პაციენტების შემთხვევაში მათი გამოყენების საშუალებას იძლევა. ითვლება, რომ ლიპოფილური ბეტა-ადრენობლოკატორები ავლენენ კარდიოდამცავ მოქმედებას და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ხანგრძლივი გამოყენებისას მნიშვნელოვნად ამცირებენ სიკვდილიანობას (20–50%-ით). ანტიარითმიული ეფექტის საფუძველია უარყოფითი ქრონო-, დრომო- და ბათმოტროპული მოქმედება. ანტიარითმიული მოქმედება უფრო კარგადაა გამოხატული ძლიერი მემბრანომასტაბილიზირებელი ეფექტის მქონე და შიდა სიმპათომიმეტიკურ აქტივობას მოკლებულ პრეპარატებში (პროპრანოლოლი). ბეტა-ადრენობლოკატორები ეფექტურნი არიან უპირატესად პარკუჭზედა არითმიების და ექსტრასისტოლიების შემთხვევაში. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვლინდება გულის წუთმოცულობის, გულის შეკუმშვათა სიხშირის, სისხლძარღვთ საერთო პერიფერიული წანააღმდეგობის დაქვეითების, რენინის გამოყოფის შეფმცირების, აორტის რკალის და კაროტიდული სინუსის ბარორეფლექტორული მექანიზმების შეცვლის, მოგრძო ტვინის სისხლძარღვმამოძრავებელ ცენტრზე ზემოქმედების, სისხლძარღვთა გამაფართოებელი ნივთიერებების ( ÏÃÅ2 და ÏÃÎ2, აზოტის ოქსიდის, წინაგულის ნატრიურეტიკული ფაქტორის და სხვა) გამოთავისუფლების გაზრდის ხარჯზე. ბეტა-ადრენობლოკატორები ამცირებენ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, აფერხებენ თავისუფალ რადიკალურ პროცესებს და ლიპიდების ზეჟანგურ დაჟანგვას. აქტივობის განსაკუთრებული სპექტრით გამოირჩევა ნებივოლოლი, რომელიც ბეტა1-ადრენორეცეპტორების მაღალშერჩევით ბლოკირებასთან ერთად (მათდამი ნათესაობა 293-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ბეტა2-ადრენორეცეპტორებისადმი) ახდენს სისხლძარღვთა გამაფართოებელი ენდოთელიალური ფაქტორის – აზოტის ოქსიდის (NO) – გამოთავისუფლების მოდულირებას. როგორც წესი, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მაქსიმუმს აღწევს მე-2–3 კვირის ბოლოს. გამონაკლისს წარმოადგენს ესმოლოლი (ულტრახანმოკლე მოქმედების ბეტა1-სელექტიური ბლოკატორი), რომელიც გამოიყენება ჰიპერტონიული კრიზების და მწვავე კორონარული სინდრომების მკურნალობისას. კარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების პროლონგირებული ფორმები იძლევიან არტერიული წნევის ადრე დილით აწევის და საშუალო დღე-ღამური ცვალებადობის კონტროლის საშუალებას ჰიპერტონული დაავადების მქონე ავადმყოფთა რითმის ცირკადულობის ცვლილების გარეშე. ბეტა-ადრენობლოკატორების ანტისტენოკარდიული მოქმედება განპირობებულია მიოკარდიუმის დაქვეითებული მოთხოვნილებით ჟანგბადზე (გულის მუშაობის და ენერგეტიკული დანახარჯების შემცირების ხარჯზე) და აგრეთვე იშემიზირებული კერებისკენ კორონარული სისხლმიწოდების გადანაწილებით. ბეტა- ადრენობლოკატორებს ფართოდ იყენებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. მათ ნიშნავენ გულის იშემიური დაავადებების, გულის რითმის დარღვევის, ჰიპერკატეხოლამინემიის და ჰიპერსიმპათიკოტონიის ფონზე მიმდინარე ჰიპერტონული დაავადებების დროს. ისინი გამოიყენება თირეოტოქსიკოზის დროს, ვინაიდან არა მარტო ამცირებენ ტაქიკარდიას, ჰიპერთერმიას და ჰიპერკინეზიას, არამედ აფერხებენ აგრეთვე თიროქსინის გადასვლას უფრო აქტიურ ტრიიოდთირონინში, ფეოქრომოციტომის დროს (მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორებთან ერთად) და ზოგიერთი სხვა ფუნქციონალური მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან სდევს ბეტა-ადრენორეცეპტორების ზედმეტი სტიმულაციით გამოწვეული ტაქიკარდია. ჩვენებათა მთელი რიგი, როგორიცაა, მაგალითად, შიში და პანიკური დარღვევები განპირობებულია ბეტა-ადრენობლოკატორების უნარით დათრგუნონ ცენტრალური ნერვული სისტემა და მოახდინონ ანქსიოლიზური გავლენა. ამ ჯგუფის პრეპარატების ეფექტურობა ნაჩვენებია შაკიკის პროფილაქტიკაში, ესენციალური ტრემორის, შიზოფრენიის, პარკინსონიზმის, ტარდიტიული დისკინეზიის, ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში კუჭ-ნაწლავის სისხლდენების, აბსტინენციური, აგრეთვე ალკოჰოლური, სინდრომის და სხვა დაავადებათა მკურნალობაში. ადგილობრივად გამოყენებისას, მაგალითად, თვალის წვეთების სახით, ადრენობლოკატორები (თიმოლოლი და სხვა) აქვეითებენ წყლოვანი ტენის გამოყოფას და, შესაძლოა, აუმჯობესებენ მის უკუდენას, რითაც ხელს უწყობენ თვალშიდა წნევის დაწევას. ეს ეფექტი შესაძლებელს ხდის მათ გამოყენებას გლაუკომის სამკურნალოდ. ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენების უკუჩვენებები და სხვადასხვა გვერდითი ეფექტები დაკავშირებულია ორგანიზმის მრავალ ორგანოსა და ქსოვილში ბეტა-ადრენორეცეპტორების არსებობასთან. მაგალითად, კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების ბეტა2-ადრენორეცეპტორების ბლოკირებით ისინი აქვეითებენ ინსულინის გამოყოფას და ზრდიან გლუკოზის ბაზალურ დონეს. ზოგიერთი დაკვირვებით ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გაზარდონ შაქრის დიაბეტის განვითარების საშიშროება მისდამი განწყობილ პაციენტებში, რაც ზღუდავს აღნიშნული კატეგორიისათვის პაციენტებში მათ გამოყენებას. ინსულინის და დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების მიღების ფონზე  ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე და გლიკემიის კონტროლი. მათ შეიძლება დაფარონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, მათ შორის ტაქიკარდია. არასელექტიური პრეპარატები ბეტა2-ადრენორეცეპტორების ბლოკადის შედეგად იწვევენ კიდურების სისხლძარღვთა სპაზმს, ბრონქების და საშვილოსნოს ტონუსის გაზრდას (ფეხმძიმობის დროს). ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის მკვეთრი შეწყვეტა არ შეიძლება, რადგან არის ე.წ. მოხსნის სინდრომის განვითარების ალბათობა. იგი ჩნდება პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტიდან 1-2 დღის შემდეგ, აღწევს მაქსიმალურ გამოხატულებას 4–8 დღე-ღამეში და მთავრდება 1,5–2 კვირის შემდეგ. პრეპარატების მიღების შეწყვეტისას საჭიროა ბეტა-ადრენობლოკატორების დოზების თანდათანობითი შემცირება და მიღებებს შორის ინტერვალების გაზრდა. პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეიძლება, თუ დანიშნული დოზა შეადგენს მინიმალური თერაპიული  დოზის ნახევარს ან მასზე ნაკლებია.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები