კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც უნარი აქვთ ხელი შეუშალონ გულყრის განვითარებას ეპილეფსიით დაავადებულებში. ისტორიულად პირველად ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა ბრომიდები (1853 წ). დიდი დოზების შემთხვევაშიც მათი დაბალი ეფექტურობის მიუხედავად XX საუკუნის განმავლობაში ბრომიდები წარმოადგენდნენ ამ დაავადების თერაპიის ძირითად საშუალებებს. 1912 წელს შეიქმნა ფენობარბიტალი და გაჩნდა პირველი მაღალეფექტური ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება. მაგრამ ფენობარბიტალის ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სედაცია და საძილე მოქმედება, აიძულებდნენ მკვლევარებს გაეგრძელებინათ ძიება. ფენობარბიტალის მსგავსი კრუნჩხვის საწინააღმდეგო აქტივობის მქონე, მაგრამ მის არასასურველ თვისებებს მოკლებული ანალოგების სინთეზმა და შესწავლამ მიგვიყვანა ფენიტოინის (1938 წ), ბენზობარბიტალის, პრომიდონის და ტრიმეტადიონის გაჩენამდე. შემდეგ ეპილეფსიის სამკურნალოდ შემოთავაზებული იყო ეთოსუქსიმიდი, კარბამაზეპინი, ლამოტრიჯინი, გაბაპენტინი და სხვა. ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებათა არსენალის გაფართოებასთან და გამოყენების გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ჩამოყალიბდა ამ ჯგუფის პრეპარატებისადმი წაყენებული მოთხოვნები. მათ რიცხვს მიეკუთვნება მაღალი აქტივობა და მოქმედების ხანგრძლივობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კარგი აბსორბცია, მოქმედების ფართო სპექტრი და უმნიშვნელო ტოქსიურობა. გარდა ამისა, პრეპარატებს არ უნდა ჰქონდეთ ორგანიზმში დაგროვების, მიჩვევის გამოწვევის, წამალზე დამოკიდებულების და ხანგრძლივი (მრავალი წლის განმავლობაში) მიღებისას მძიმე არასასურველი ეფექტების გაჩენის თვისება.
ეპილეფსია – ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ტვინის ნეირონების არაკონტროლირებადი აგზნების დროდადრო განმეორებადი ეპიზოდებით. ნეირონების პათოლოგიური აგზნების მიზეზისა და ტვინში აგზნების კერის ლოკალიზაციიდან გამომდინარე ეპილეფსიურ გულყრებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა და ვლინდებოდეს მოძრაობის, ფსიქიური და ვეგეტაციური (ვისცერალური) ფენომენების სახით. ეპილეფსიური გულყრის ინიცირებას ახდენენ უჯრედები -“ფეისმეიკერები”, რომლებიც განსხვავდებიან დანარჩენი ნეირონებისგან უძრაობის მემბრანული პოტენციალის არასტაბილურობით. ფარმაკოლოგიური ზემოქმედების მიზანია უძრაობის პოტენციალის სტაბილიზაცია და, შედეგად, ეპილეფსოგენური კერის ნეირონების აგზნებადობის დაქვეითება. ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედების მექანიზმი ჯერ-ჯერობით უცნობია და ინტენსიურად შეისწავლება. თუმცა ცხადია, რომ ეპილეფსოგენური კერის ნეირონების აგზნებადობის შემცირება შეიძლება სხვადასხვა მექანიზმებით. პრინციპულად ისინი მდგომარეობენ ან მააქტივებელი ნეირონების დამუხრუჭებაში, ან მაინჰიბირებელი ნერვული უჯრედების აქტივაციაში. ბოლო წლებში დადგენილია, რომ აღმგზნები ნეირონების უმრავლესობა იყენებს გლუტამატს, ანუ გლუტამატერგიულია. არსებობს გლუტამატური რეცეპტორების სამი სახეობა, რომელთაგან უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს NMDA ქვეტიპს (სელექტიური სინთეზური აგონისტი – N-მეთილ-D-ასპარტატი). N-მეთილ-D-ასპარტატის რეცეპტორები წარმოადგენენ იონური არხების რეცეპტორებს და გლუტამატით აგზნებისას ზრდიან Na+ და Ca+ იონების შესვლას უჯრედში და ამით იწვევენ ნეირონის აქტივობის ამაღლებას. ფენიტოინი, ლამოტრიჯინი და ფენობარბიტალი ახდენენ აღმგზნები ნეირონების დაბოლოებებიდან გლუტამატის გამოთავისუფლების ინჰიბირებას და ამით ხელს უშლიან ეპილეფსიური კერის ნეირონების აქტივაციას. თანამედროვე წარმოდგენებით ვალპროის მჟავა და ზოგიერთი სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება წარმოადგენენ ნეირონების N-მეთილ-D-ასპარტატის რეცეპტორების ანტაგონისტებს და ეწინააღმდეგებიან გლუტამატის ურთიერთქმედებას NMDA-რეცეპტორებთან. მაინჰიბირებელი ნეირონების გადამცემია გამა-ამინოერბომჟავა (გაემ). ამიტომ გაემ-ერგიული გადაცემის გაძლიერება (მაინჰიბირებელი ნეირონების აქტივობის გაზრდა) წარმოადგენს ეპილეფსოგენური კერის ნეირონების უძრაობის პოტენციალის სტაბილიზაციის კიდევ ერთ საშუალებას. ბენზოდიაზეპინები და ფენობარბიტალი ურთიერთქმედებენ გაემ a-რეცეპტორულ კომპლექსთან. ამ დროს გაჩენილი გაემ–a-რეცეპტორის ალოსტერული ცვლილებები ხელს უწყობენ გამა-ამინოერბომჟავას მიმართ მისი მგრძნობიარობის გაზრდას და ნეირონში უფრო მეტი ქლორის იონების შესვლას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის დეპოლარიზაციის განვითარებას.
გამა-ამინოერბომჟავას წარმოქმნის გაძლიერების უნარი გააჩნია გაბაპენტინს. მისი ეპილეფსიის საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია აგრეთვე კალიუმის იონებისთვის არხების გახსნის უნარით. დამამუხრუჭებელი და გამააქტივირებელი მედიატორული სისტემების მოდულაციის გარდა ეპილეფსიის საწინააღმდეგო ეფექტი შეიძლება იყოს ნეირონების იონურ არხებზე პირდაპირი ზემოქმედების შედეგი. კარბამაზეპინი, ვალპროატები და ფენიტოინი ცვლიან პოტენციალდამოკიდებული ნატრიუმის და კალციუმის არხების ინაქტივაციას და ამით ზღუდავენ ელექტრული პოტენციალის გავრცელებას. ეტოსუქსიმიდი ბლოკავს T-ტიპის კალციუმის არხებს. ამგვარად, მოქმედების სხვადასხვა მექანიზმების მქონე ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების თანამედროვე არსენალი ექიმს ეპილეფსიის ადექვატური ფარმაკოთერაპიის ჩატარების საშუალებას აძლევს. ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალების არჩევანი განპირობებულია ძირითადად ბნედის ხასიათით (გენერალიზებული ან პარციალური, გონების დაკარგვით ან ამის გარეშე და ა.შ.). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ასაკი, გულყრების სიხშირე, ნევროლოგიური სიმპტომების არსებობა, ინტელექტის მდგომარეობა და სხვა ფაქტორები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, თერაპიის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, პრეპარატების ტოქსიურობას და გვერდითი ეფექტების გაჩენის ალბათობის შეფასებას.
ეპილეფსიის ფარმაკოთერაპიის საერთო პრონციპებია:
1. ეპილეფსიური გულყრებისა და სინდრომების მოცემული სახეობისათვის ადექვატური პრეპარატის შერჩევა;
2. მონოთერაპია საწყისი მკურნალობის სახით. მონოთერაპიის უპირატესობა მდგომარეობს მაღალ კლინიკურ ეფექტურობაში (გულყრების ადექვატური კონტროლი მიიღწევა ავადმყოფთა 70-80%-ში), კონკრეტული ავადმყოფის მკურნალობისათვის შერჩეული პრეპარატის ვარგისიანობის შეფასების, წამლის მაქსიმალურად ეფექტური დოზისა და მისი დანიშვნის შესაბამისი რეჟიმის შერჩევის შესაძლებლობაში. გარდა ამისა, მონოთერაპიის დროს გვერდითი მოვლენები ნაკლებია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ კონკრეტული პრეპარატის დანიშვნით გამოწვეული არასასურველი ეფექტების გამოვლენა წამლის დოზის შემცირების ან წამლის მოხსნის აუცილებლობის მიზეზი ხდება. ცხადია, რომ მონოთერაპია გამორიცხავს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების არასასურველი ურთიერთქმედების შესაძლებლობას. კერძოდ, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი და სხვები ახდენენ ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციას და უფრო ინტენსიურს ხდიან ბიოტრანსფორმაციას, მათ შორის საკუთარსაც. ზოგიერთი ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება (დიფენინი, ვალპროატი, კარბამაზეპინი) პრაქტიკულად მთლიანად უკავშირდებიან სისხლის პლაზმის ცილებს. ცილებთან შეკავშირების უფრო მაღალი ხარისხის მქონე ნივთიერებებს, მათ შორის სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებს, შეუძლიათ დაარღვიონ სისხლის ცილებთან მათი კავშირი და გაზარდონ თავისუფალი კონცენტრაცია სისხლში. ამიტომ ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებათა კომბინაციებს ერთმანეთში და სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფების პრეპარატებთან შეიძლება მოჰყვეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების გაჩენა.
3. ეფექტური დოზის დადგენა. მკურნალობას იწყებენ სტანდარტული საშუალო ასაკობრივი დოზით ( იგი ინიშნება არა ერთბაშად სრული მოცულობით, არამედ ნელ-ნელა რამდენიმე დღის განმავლობაში). პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ (მანამდე პრეპარატს ნიშნავენ 3-4 ჯერზე) და გვერდითი ეფექტების არარსებობის შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან ინტოქსიკაციის ნიშნების (სედაცია, მძინარობა, ატაქსია, ნისტაგმი, დიპლოპია, ღებინება და სხვა) გაჩენამდე. შემდეგ დოზას ოდნავ ამცირებენ ინტოქსიკაციის სიმპტომების მოსაცილებლად და ადგენენ პრეპარატის დონეს სისხლში, რომელიც შეესაბამება ინდივიდუალურ თერაპიულ დოზას.
ჩვეულებრივ პრეპარატებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ აქტიური ნივთიერებების ნელი გამოთავისუფლების უნარის მქონე სამკურნალო ფორმებს (რეტარდული, “ქრონო” ფორმები). პროლონგირებული პრეპარატებს ნიშნავენ 1-ხელ დღე-ღამეში იმავე დოზით, რაც ჩვეულებრივ პრეპარატს.
4. სხვადასხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებით თანმიმდევრული მონოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში პოლითერაპიის დანიშვნა. ერთდროულად ნიშნავენ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის (ფარმაკოდინამიკის) და სპექტრის ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს. კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში შეჰყავთ პრეპარატები, რომლებმაც გამოავლინეს უფრო მაღალი ეფექტურობა მონოთერაპიის რეჟიმის დანიშვნისას. თავს არიდებენ კომბინაციებში სედატიური ეფექტის მქონე და კოგნიტიური ფუნქციების დამთრგუნველი პრეპარატების ჩართვას. აუცილებლად საჭიროა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში შემავალ პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობის გათვალისწინება.
5. ეპილეფსიის საწინააღმდეგო თერაპიის თანდათანობით შეწყვეტა (ჩვეულებრივ 3-6 თვის განმავლობაში) პრეპარატების დოზის შემცირებით. თერაპიის მკვეთრ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს გულყრების განვითარება ეპილეფსიურ სტატუსამდე. წამლის მოხსნისთვის დაავადების ფორმიდან გამომდინარე გულყრების გარეშე პერიოდი უნდა შეადგენდეს 2 ან მეტ წელს. ბევრ შემთხვევაში ავადმყოფები ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში.
პრაქტიკულად ყველა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება იწვევს სედაციურ ეფექტს, აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს და ამცირებს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს. ამასთან ერთად ამ ჯგუფის თითოეული პრეპარატი ხასიათდება გვერდითი ეფექტების საკუთარი სპექტრით. ფენობარბიტალისა და ფენიტოინის დანიშვნას შეიძლება მოჰყვეს ოსტეომალაცია და მეგალობლასტური ანემია, ფენიტოინის მიღებას – ღრძილების ჰიპერპლაზია (უვითარდება პაციენტების 20%-ს). ვალპროის მჟავას შეუძლია გამოიწვიოს ტრემორი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევა, სხეულის მასის მომატება, შექცევადი გამელოტება და სხვა. კარბამაზეპინის გვერდითი ეფექტებია ნისტაგმი, ატაქსია, დიპლოპია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები და კანზ ეგამონაყარი, ანტიდიურეზული მოქმედება. ვალპროატები, კარბამაზეპინი და სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები ხასიათდებიან ტერატოგენობის საშიშროებით (ამის თაობაზე უნდა იყოს გაფრთხილებული მომავალი დედა). მაგრამ თუ არსებობს ნაყოფზე გულყრების ნეგატიური გავლენის მნიშვნელოვანი საშიშროება, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შეძლებისდაგვარად დაბალი დოზებით გულყრების უსაფრთხო და ეფექტური პროფილაქტიკის მიზნით.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდებიან სხვა ფარმაცევტული ჯგუფების ზოგიერთი საშუალებებიც, მათ შორის აცეტაზოლამიდი და სხვა.

პარკინსონიზმის სამკურნალო საშუალებები
პარკინსონიზმი – ქრონიკული დაავადებაა, რომლის მიზეზია ქერქქვეშა განგლიებში კატექოლამინების მეტაბოლიზმის დაღვევა და ვლინდება აკინეზიით, ტრემორითა და კუნთების რიგიდობით.
დაავადება ვითარდება ქერქქვეშა განგლიებზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორების გავლენით, როგორიცაა კაუდატონიგრალური კომპლექსის ენზიმური სტრუქტურების პირველადი უკმარისობა, ინტოქსიკაციები, მათ შორის წამლისმიერი (ნეიროლეფსიური საშუალებები, რეზერპინი, დოპეგიტი), ენცეფალიტები, ქალა-ტვინის ტრავმები, თავის ტვინის სიმსივნეები. ამჟამად, უმრავლეს შემთხვევებში, გვგხვდება იდიოპათიური ფორმა (პარკინსონის დაავადება) და წამლისმიერი პარკინსონიზმი. დაავადების დროს აღინიშნება კატექოლამინების შემცველობის შემცირება კუდიან ბირთვში და შუა ტვინის შავ სუბსტანციაში, რაც იწვევეს ექსტრაპირამიდული სისტემის დისფუნქციას.
კლინიკური სურათი მოიცავს სიმპტომთა ტრიადას: აკინეზია, კუნთების ტრემორი და რიგიდობა. ამას თან ახლავს სიარულის დარღვევები, ვეგეტატიური დაზიანებები, ტკივილი. დაავადების იდიოპათიური ფორმა ვითარდება ჩვეულებრივ, 50 წლის ასაკის შემდეგ და იწყება ან ხელების კანკალით, ან პარციალური ან საერთო შებოჭილობით. ტრემორი და აკინეზია თანდათანობით განიცდის გენერალიზაციას, განმეორებადი პასიური მოძრაობებისა და ბიძგისებრი ჰიპერტონიის დროს ადგილი აქვს კუნთების რიგიდობას, კიდურებში ტონუსის თანდათანობითი მომატებას. იცვლება სიარულის პოზა: ავადმყოფი სულ უფრო მეტად იხრება წელში, დადის მოკლე ნაბიჯებით, სიარულისას ხელების შეთანხმებული მოძრაობები ქრება (აქეიროკინეზი). ავადმყოფის მიმიკა უღიმღამოა; მცირდება თვალების ხამხამი, სახე ხდება ნიღბისებრი. დამახასიათებელია პარადოქსული კინეზიები: ავადმყოფი, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული, მსუბუქად არბის კიბეზე, შეუძლია იცეკვოს, ისრიალოს თხილამურებზე. ზოგიერთ ავადმყოფს აღენიშნება პროპულსია: ნელი გადაადგილება უეცრად იცვლება სწრაფი სირბილით, რომლის გადალახვა ავადმყოფს არ შეუძლია, სანამ არ წაიქცევა ან წინააღმდეგობას არ წააწყდება. აღინიშნება სახის კანის გაქონვა, ჰიპერსალივაცია. არცთუ იშვიათად, ირღვევა შარდის გამოყოფა. გარკვეულწილად უხალისო ხდება ავადმყოფთა სულიერი ცხოვრებაც, თანდათანობით ვითარდება დემენცია. კუნთების ძალა ნორმალურია, რეფლექსური და სენსორული სფერო არ ზიანდება. დაავადება, როგორც წესი, პროგრესირდება, მაგრამ მოძრაობითი დარღვევების ზრდის ტემპი საკმაოდ სხვადასხვაგვარია. მძიმე შემთხვევებში ან დაავადების გვიან სტადიაში ავადმყოფი თითქმის სრულიად უმოძრაოა და დახმარებითაც კი არ შეუძლია საწოლიდან წამოდგომა.
პარკინსონიზმის მოხუცებულობით ტრემორთან დიფერენციალური დიაგნოზი ეფუძნება ამ უკანასკნელისას კუნთების რიგიდობის არ არსებობას. ესენციური ტრემორი წარმოიქმნება შედარებით ახალგაზრდა ასაკში. თირეოტოქსიკოზისა და თეთრი ცხელების დროს ტრემორი შერწყმულია ამ დაავადებათა დამახასიათებელ თვისებებთან. პირამიდული სპასტიურობა მაქსიმალურადაა გამოხატული პასიურ მოძრაობათა დასაწყისში.
მედიკამენტოზური პარკინსონიზმის დროს, რომელიც გამოწვეულია ნეიროლეფსიური საშუალებების, დოპეგიტის მიღებასთან, ამცირებენ მისაღები პრეპარატების დოზებს, ნიშნავენ მხოლოდ კორექტორებთან (ციკლოდოლი და მისი ანალოგები) ერთად. ამჟამად ძალიან იშვიათია მანგანუმით გამოწვეული პარკინსონიზმი, ამშემთხვევაში ნაჩვენებია სამუშაოს გამოცვლა, კომპლექსონების დანიშვნა. პარკინსონიზმის ყველა შემთხვევებში წამყვანი ადგილი უჭირავს ჩანაცვლებით თერაპიას (L – დოფა). რამდენადაც სისტემურ სისხლის მიმოქცევის კალაპოტში L – დოფა განიცდის აქტიურ დეკარბოქსილირებას, ამჟამად იყენებენ მხოლოდ იმ პრეპარატებს, რომლებშიც L–დოფა შეერთებულია დეკარბოქსილაზის ინჰიბიტორებთან, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს L– დოფა-ს დოზები. ასეთ საშუალებებს ემსახურება მადოპარი – 125 და ნაკომი. დოზის თანდათანობითი მომატებით, ნიშნავენ (ეფექტის მიხედვით) მადოპარ 125-ის 4–6–8 კაფსულას ან ნაკომის 3–6 აბს. პრეპარატს ღებულობენ მხოლოდ ჭამის შემდეგ; არცთუ იშვიათად, გვერდით ეფექტებში აღინიშნება ღებინება, დისკინეზიები. L – დოფასთან ერთად ნიშნავენ ცენტრალურ ქოლინობლოკატორებს (ციკლოდოლი და მისი ანალოგები), ასევე მიდანტალს, პარლოდელს ან ამიტრიპტილინს. სამკურნალო თერაპიასთან ერთად ნაჩვენებია მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა; საჭიროა ავადმყოფმა მუდმივად იმოძრაოს, ზოგიერთ შემთხვევებში, უპირატესად ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფებში, წამლისმიერი მკურნალობის ეფექტის არ არსებობისას, ნაჩვენებია სტერეოტაქსიური ჩარევა ქერქქვეშა განგლიებზე.
პარკინსონიზმის სამკურნალოდ უკვე დიდი ხანია იყენებენ ქოლინომაბლოკირებელ საშუალებებს. ჯერ კიდევ 1874 წელს, ცნობილი ფრანგი ექიმი შარკო იყენებდა შმაგას (ბელადონა) პარკინსონიზმის დროს აღნიშნული ძლიერი სალივაციის შესამცირებლად, ამავე დროს აღინიშნებოდა ტრემორის შემცირებაც. შემდგომში პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებებად დაიწყეს არა მარტო შმაგას გალენური პრეპარატების გამოყენება, არამედ ინდივიდუალური ალკალოიდებისაც – ატროპინის, ასევე სკოპოლამინის, ხოლო მოგვიანებით, ამ ჯგუფის სინთეზური ქოლინომაბლოკირებელი საშუალებების. თავდაპირველად ყველა ამ საშუალების გამოყენება ატარებდა ემპირიულ ხასიათს, რადგანაც ცნობილი არ იყო პარკინსონის პათოგენეზში ნეიროქიმიური პროცესების როლი. ამჟამად ცნობილია, რომ პარკინსონის დაავადების პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს თამაშობს თავის ტვინის ექსტრაპირამიდულ სისტემაში ნეირომედიატორული პროცესების დარღვევები. ქერქქვეშა კვანძების – განსაკუთრებით globus pallidus-ისა და substantia nigra-ს დაზიანება, ქოლინერგულ და დოფამინერგულ პროცესებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ, დოფამინერგული აქტივობა შემცირებულია, ხოლო ქოლინერგული აქტივობა მომატებულია. ამგვარად, ანტიქოლინერგული საშუალებების ეფექტურობა აიხსნება ნეირომედიატორული ურთიერთზემოქმედებით. ამითვე აიხსნება პარკინსონიზმის დროს გამოყენებული საშუალებების ეფექტურობაა, რომლებიც ახდენენ ტვინის დოფამინერგული სისტემის ფუნქციის სტიმულირებას (L – დოფა და სხვ.). ქოლინობლოკატორებისა და დოფამინერგული საშუალებების გამოყენება წარმოადგენს პათოგენეტიკურ ზემოქმედებას ავადმყოფობის პროცესზე. ამ ჯგუფის პრეპარატთა გამოყენება სამკურნალო მიზნებისათვის შესაძლებელია, როგორც ერთობლივად ასევე ცალკეულად. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ქოლინომაბლოკირებელი საშუალებები გავლენას ახდენენ არა მარტო ქოლინერგულ სტრუქტურებზე, არამედ აძლიერებენ დოფამინის მოქმედებას, ახდენენ რა, მისი ინაქტივაციის პროცესის დათრგუნვას (პრესინაფსური დაბოლოებებით მისი უკუმიტაცების დაბლოკირების გზით).
ამგვარად, პარკინსონიზმის საწინააღმდეგო ძირითადი თანამედროვე პრეპარატები იყოფა 2 ჯგუფად: 1. საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის ქოლინერგულ პროცესებზე; 2. საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის დოფამინერგულ პროცესებზე.
ქოლინობლოკატორებიდან ამჟამად ძირითადი გამოყენება აქვს სინთეზურ პრეპარატებს. ადრე გამოყენებული შმაგას (ბელადონა) პრეპარატები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებენ პერიფერიულ ქოლინორეცეპტორებზე და ნაკლებად – ტვინის ქოლინორეცეპტორებზე. ამიტომ პარკინსონიზმის დროს ამ პრეპარატების თერაპიული ეფექტურობა შედარებით მცირეა, ამასთანავე ისინი იწვევენ გვერდით მოვლენებს: პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა და სხვ. ამასთან დაკავშირებით, ადრე გამოყენებული ამ ჯგუფის პარკონსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები – აბები, რომლებიც შეიცავენ შმაგას ფესვების მშრალ ექსტრაქტს, უკანასკნელ დროს ამოღებულის სამკურნალო საშუალებათა ნომენკლატურიდან. შეზღუდული გამოყენება აქვს კომპლექსურ პრეპარატს ბელაზონს, რომლის შემადგენლობაში შედის შმაგას ალკალოიდთა ჯამი.
პარკინსონის საწინააღმდეგო თანამედროვე სინთეზური პრეპარატები ხასიათდებიან უფრო მეტად სელექციური ცენტრალური ქოლინომაბლოკირებელი მოქმედებით. ექსპერიმენტის პირობებში ეს ნაერთები ასუსტებენ, ან ახდენენ ტრემორისა და კრუნჩხვების თავიდან აცილებას, რომლებსაც იწვევენ ცხოველებში ნიკოტინითა (ნ- ქოლინოლიზური მოქმედება) და არეკოლინით (მ – ქოლინოლიზური მოქმედება). ამ პრეპარატებს მიეკუთვნება ციკლოდოლი, პროპაცინი, დინეზინი და სხვ. მათ ფართო გამოყენება აქვთ (როგორც კორექტორი) ექსტრაპირამიდული დაავადებების მკურნალობაში, ასევე ნეიროლეფსიური პრეპარატებით გამოწვეული ნევროლოგიური გართულებების (პარკინსონიზმის მოვლენები) დროს, პარკინსონიზმის დროს შესაძლებელია ეფექტური იყოს ცენტრალური ქოლინომაბლოკირებელი აქტივობის სხვა პრეპარატებიც (ამიზილი, დიმედროლი და სხვ.). არსებობს ლიტერატურული მონაცემები პარკინსონიზმის დროს ამიზილის საკმაოდ ძლიერი აქტივობის შესახებ. მეორე ჯგუფის პრეპარატებს მიეკუთვნება ლევოდოპა (L – დოფა), მიდანტანი, გლუდანტანი და დოფამინერგული მოქმედების სხვა სამკურნალო საშუალებები. დოფამინერგული ნივთიერებების ანტიპარკინსონული ეფექტის გაზრდისათვის, მნიშვნელოვანია ნაერთების გამოყენება, რომლებიც ახდენენ იმ ფერმენტების ინჰიბირებას, რომლებიც ახდენენ პერიფერიული L–დოფასა და დოფამინის ინაქტივაციას და ხელს უწყობენ ტვინში დოფამინის კონცენტრაციის გაზრდას და მის ურთიერთმოქმედების გაძლიერებას დოფამინერგულ რეცეპტორებთან.

პარკინსონიზმის საწინააღმდეგო ანტიქოლინერგული პრეპარატები
ციკლოდოლი (Cyclodolum). სინონიმები: პარკინსანი, პარკოპანი, რომპარკინი, Anti–Spas, Antitrem, Aparkan, Artane, Benzhexol hydrochloride, Pacitane, Parkan, Parkinsan, Parkopan, Peragit, Pipanol, Romparkin, Tremin, Trihetphenidili hydrochloridum, Trihexyphenidyl hydrochloride, Triphenidyl, Trixyl და სხვ.

ტრიპერიდენი (Triperiden). სინონიმები: ნორაკინი, Norakin,

ბიპერიდენი (Biperiden).სინონიმები: აკინეტონი, Akineton, Dekinet, Ipsatol, Paraden, Tasmolin.

ტროპაცინი (Tropacinum). სინონიმები: Diphenyetropin hydrochloride, Tropazine.

ეტპენალი (Aethpenalum).

დიდეპილი (Didepil). პროციკლიდინისა და ფენობარბიტალის შემცველი კომბინირებული აბებია. სინონიმები: Apricolin, Kemadren, Kemadin, Metanin, Osnervan, Procyclid.

დექსეტიმიდი (Dexetimidum). სინონიმები: ტრემბლექსი, Dexbenzetimide, Serenone, Tremblex.

დინეზინი (Dinezinum). სინონიმები: Antipar, Casantin, Deparkin, Dethazini hydrochloridum, Dethazine hydrochloride, Diparcol, Latibon, Parkazin, Thiantan.

პარკინსონიზმის სამკურნალო დოფამინერგული პრეპარატები
ლევოდოპა (Levodopum). სინონიმები: კალდოპა, ლევოპა, Avodopa, Bendopa, Biodopa, Brocadora, Caldopa, Cicandopa, Dalutrin, Deadopa, Dopacin, Dopaflex, Dopal, Dopar, Doparkin, Dopastral, Doprin, Eldopar, Eurodopa, Larodopa, Levodopa, Levopa, Levopar, Madopan, Medidopa, Oridopa, Pardopa, Parkidopa, Parmidin, Speciadopa, Tonodopa, Veldopa და სხვ.

მადოპარი (Madopar). მადოპარი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს L – დოფა-სა და მისი დაშლის ინჰიბიტორს – ბენსერაზიდს.

მიდანტანი (Midantanum). სინონიმები: ვირეგიტი, Adamantin, Amandin,Amantadini hydrochloridum, Amantadine hydrochloride, Amantan, Antadine, Atarin, Fluviator, Gabirol, Mantadix, Mydantan, Paramentin, Protexin, Symmetrel, Viregit, Virofral, Virosol და სხვ.

გლუდანტანი (Gludantanum).

სელეგელინი (Selegeline). სინონიმები: დეპრენილი, სელეგინი, სელეგოსი, ელდეპრილი, იუმექსი, Deprenyl, Jumex, Tumex.

 

 

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები