ნოოტროპული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ნოოტროპები (ბერძნ. “noos” – აზროვნება, გონება; “tropos”– მიმართულება) ეს არის საშუალებები, რომლებიც სპეციფიკურ პოზიტიურ გავლენას ახდენენ ტვინის უმაღლეს ინტეგრაციულ ფუნქციებზე. ისინი აუმჯობესებენ აზროვნებას, ახდენენ შემეცნებითი ფუნქციების, სწავლის უნარის და მეხსიერების სტიმულირებას, ზრდიან ტვინის მდგრადობას სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ, მათ შორის ექსტრემალური დატვირთვებისა და ჰიპოქსიის მიმართ. გარდა ამისა, ნეირომეტაბოლურ სტიმულატორებს აქვთ ნევროლოგიური დეფიციტის შემცირების და კორტიკალურ-სუბკორტიკალური კავშირების გაუმჯობესების უნარი. ნოოტროპული საშუალებების კონცეფცია წარმოიშვა 1963 წელს, როცა ბელგიელი ფარმაკოლოგების C.Giurgea-ს და V.Skondia-ს მიერ დასინთეზდა და დაინერგა ამ ჯგუფის პირველი პრეპარატი – პირაცეტამი. შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პირაცეტამი აადვილებს სწავლების პროცესებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ფსიქოსტიმულატორების მსგავსად პრეპარატი ზრდიდა გონებრივ ქმედითობას, მაგრამ არ იწვევდა ფსიქოსტიმულატორებისთვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს. 1972 წელს C.Giurgea-ს მიერ შემოთავაზებულ იქნა ტერმინი “ნოოტროპები” პრეპარატების იმ კლასის აღსანიშნავად, რომლებიც დადებითად მოქმედებდნენ ტვინის უმაღლეს ინტეგრაციულ ფუნქციებზე.
სამკურნალო პრაქტიკაში პირაცეტამის წარმატებული დანერგვის შემდეგ დასინთეზდა პიროლიდინის რიგის 10-ზე მეტი ორიგინალური ნოოტროპული პრეპარატი, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან კლინიკური გამოცდების III ფაზაში ან უკვე დარეგისტრირებულია მთელ რიგ ქვეყნებში: ოქსირაცეტამი, ანირაცეტამი, ეთირაცეტამი, პრამირაცეტამი, დუპრაცეტამი, ცებრაცეტამი, ნეფირაცეტამი, იზაცეტამი,დეთირაცეტამი და სხვა. ან ნოოტროპულმა პრეპარატებმა მათი ქიმიური აღნაგობიდან გამომდინარე მიიღეს სახელწოდება “რაცეტამები”. შემდგომ დაიწყო ნოოტროპული პრეპარატების სხვა ოჯახების ფორმირება, რომლებიც შეიცავდნენ ქოლინერგულ, გაემერგულ, გლუტამატერგულ, პეპტიდერგულ და სხვა ნივთიერებებს; გარდა ამისა, იდენტიფიცირებულ იქნა ზოგიერთი ადრე ცნობილი ნივთიერების ნოოტროპული აქტივობა. ნოოტროპების ერთიანი კლასიფიკაცია ამჟამად არ არსებობს, რაც განპირობებულია აღნიშნული ჯგუფის ნივთიერებათა როგორც ქიმიური აღნაგობის, ასევე მოქმედების მექანიზმის სხვადასხვაგვარობით. სამკურნალო საშუალების ნოოტროპული ეფექტი შეიძლება იყოს როგორც პირველადი (უშუალო ზემოქმედება ნერვულ უჯრედზე), ასევე მეორადი, განპირობებული ტვინში სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით, ანტიაგრეგაციული, ანტიჰიპოქსიური, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედების და ა.შ. ამ შემთხვევაში უფრო კორექტულია ვისაუბროთ პრეპარატების “ნოოტროპულ ეფექტზე” და არა “ნოოტროპულ ქმედებაზე”. რიგ ნივთიერებებს, რომლებიც განეკუთვნებიან ნოოტროპული საშუალებების ჯგუფს, გააჩნიათ ფარმაკოლოგიური აქტივობის საკმაოდ ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ჰიპოქსიის საწინააღმდეგო, ანქსიოლიზურ, სედაციურ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, მიორელაქსაციურ და სხვა ეფექტებს, ამასთან თვით ნოოტროპული ეფექტი ზოგჯერ არ არის დომინანტური. ამასთან დაკავშირებით გამოყოფენ “ჭეშმარიტი” ნოოტროპული პრეპარატების ჯგუფს, რომლისთვისაც მნეისტური ფუნქციების გაუმჯობესების უნარი ძირითადი, ზოგჯერ კი ერთადერთი ეფექტია, და შერეული მოქმედების ნოოტროპული პრეპარატების ჯგუფს (“ნეიროპროტექტორები”), რომლისთვისაც მნეისტური ეფექტი შეივსება და ხშირად გადაიფარება სხვა, მოქმედების არანაკლებად მნიშვნელოვანი გამოვლინებებით. ამ ჯგუფის ნივთიერებათა აღსანიშნავად არსებობს მრავალი სინონიმი: ნეიროდინამიკური, ნეირორეგულატორული, ნეიროანაბოლიური ან ეუტოტრიფული საშუალებები. ბოლო წლებში შემოთავაზებულია ტერმინი “ნეირომეტაბოლიური ცერებროპროტექტორები”. ეს ტერმინები ასახავენ პრეპარატების საერთო თვისებას – ნერვულ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის პროცესების სტიმლირების უნარს, განსაკუთრებით სხვადასხვა დარღვევების დროს (ანოქსია, იშემია, ინტოქსიკაციები, ტრავმა და ა.შ.), ნორმალურ დონეზე მათი დაბრუნებით.
არსებობს ნოოტროპების (ნეირომეტაბოლური სტიმულატორების) შემდეგი კლასიფიკაცია:
1. პიროლიდინის წარმოებულები (რაცეტამები): პირაცეტამი, ეთირაცეტამი, ანირაცეტამი, ოქსირაცეტამი, პრამირაცეტამი, დუპრაცეტამი, როლზირაცეტამი და სხვა;
2. დიმეთილამინოეთანოლის წარმოებულები (აცეტილქოლინის წინამორბედები): დეანოლის აცეგლუმატი, მეკლოფენოქსატი;
3. პირიდოქსინის წარმოებულები: პირიტინოლი, ბიოტრედინი;
4. გამაამინოერბომჟავას წარმოებულები და ანალოგები: გამა-ამინოერბომჟავა (ამინალონი), ნიკოტინოილ-გამაამინოერბომჟავა (პიკამილონი), გამა-ამინო-ბეტა-ფენილერბომჟავას ჰიდრო-ქლორიდი (ფენიბუტი), გოპანტენმჟავა, პანტოგამი, კალციუმის გამა-ჰიდროქსიბუტირატი (ნეირობუტალი);
5. ცერებროვასკულარული საშუალებები: გინკგო ბილობა;
6. ნეიროპეპტიდები და მათი ჰომოლოგები: სემაქსი;
7. ამინომჟავები და ამგზნები ამინომჟავების სისტემაზე მოქმედი ნივთიერებები: გლიცინი, ბიოტრედინი;
8. 2-მერკანტობენზიმიდაზოლის წარმოებულები: ეთილთიობენზიმიდაზოლის ჰიდრობრომიდი (ბემითილი);
9. ვიტამინის მსგავსი საშუალებები: იდებენონი.
10. პოლიპეპტიდები და ორგანული კომპოზიტები: კორტექსინი, ცერებროლიზინი, ცერებრამინი;
11. ნოოტროპული მოქმედების მქონე სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფების პრეპარატები
– ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის კორექტორები: ნიცერგოლინი, ვინპოცეტინი, ქსანტინოლის ნიკოტინატი, ვინკამინი, ნაფტიდროფურილი, ცინარიზინი;
– ზოგადმატონიზირებელი საშუალებები და ადაპტოგენები: აცეტილამინოქარვის მჟავა, ჟენშენის ექსტრაქტი, მელატონინი, ლეციტინი.
– ფსიქოსტიმულატორები: სალბუთიამინი;
–ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები: ოქსიმეთილეთილ პირიდინის სუკცინატი (მექსიდოლი).

ნოოტროპული აქტივობის ნიშნების არსებობა დაფიქსირებულია გლუტამინის მჟავის, მემანტინის და ლევოკარნიტინის ფარმაკოდინამიკაში. გარდა ამისა, ექსპერიმენტში ნაჩვენები იქნა რიგი ნეიროპეპტიდების და მათი სინთეზური ანალოგების (აკტჰ და მისი ფრაგმენტები, სომატოსტატინი, ვაზოპრესინი, ოქსიტოცინი, ტიროლიბერინი, მელანოსტატინი, ქოლეცისტოკინინი, ნეიროპეპტიდი Y, სუბსტანცია P, ანგიოტენზინ II, ქოლეცისტოკინინი-8, პირაცეტამის პეპტიდური ანალოგები და სხვა) ნოოტროპული მოქმედება.

ამჟამად ნოოტროპული საშუალებების მოქმედების ძირითად მექანიზმებად მიიჩნევენ ნერვულ უჯრედში მეტაბოლურ და ბიოენერგეტიკულ პროცესებზე გავლენას და ტვინის ნეირომედიატორულ სისტემებთან ურთიერთქმედებას. ნეირომეტაბოლური სტიმულატორები აუმჯობესებენ ჰემატოენცეფალურ ბარიერში გლუკოზის შეღწევადობას და მის უტილიზაციას (განსაკუთრებით თავის ტვინის ქერქში, ქერქქვეშა განგლიებში, ჰიპოტალამუსში და ნათხემში), აუმჯობესებენ ნუკლეინმჟავების ცვლას, ააქტიურებენ ატფ-ის, ცილის და რიბონუკლეინის მჟავის სინთეზს. ზოგიერთი ნოოტროპული საშუალების ეფექტი რეალიზდება თავის ტვინის ნეირომედიატორული სისტემებით, რომელთა შორის დიდი მნიშვნელობა აქვს: მონოამინერგულ (პირაცეტამი იწვევს ტვინში დოფამინის და ნორადრენალინის შემცველობის გაზრდას, ზოგიერთი სხვა ნოოტროპები – სეროტონონის), ქოლინერგულ (პირაცეტამი და მეკლოფენოქსატი ზრდიან აცეტილქოლინის შემცველობას სინაფსურ დაბოლოებებში და ქოლინერგული რეცეპტორების სიმკვრივეს, ქოლინის ალფოსცერატი, პირიდოქსინისა და პიროლიდინის წარმოებულები აუმჯობესებენ ცერებრალურ ქოლინერგიულ გამტარობას), გლუტამატერგულ (მემანტინი და გლიცინი მოქმედებენ რეცეპტორების N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) ქვეტიპის მეშვეობით) სისტემებს.
ცხოველებზე ჩატარებული კლინიკური გამოკვლევებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე გამოყოფილია აგრეთვე მთელი რიგი დამატებითი მექანიზმები, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ ნეირომეტაბოლური სტიმულატორების ნოოტროპულ აქტივობაში. ნოოტროპები ახდენენ მემბრანომასტაბილიზირებელ (ფოსფოლიპიდების და ცილების სინთეზის რეგულაცია ნერვულ უჯრედებში, უჯრედული მემბრანების სტრუქტურის ნორმალიზაცია), ანტიოქსიდანტურ (უჯრედული მემბრანების ლიპიდების თავისუფალი რადიკალების წარმოქმნისა და ზეჟანგური ჟანგვის ინჰიბირება), ანტიჰიპოქსიურ (ნეირონების ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირება ჰიპოქსიის პირობებში) და ნეიროპროტექტორულ (სხვადასხვა წარმოშობის არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების მიმართ ნერვული უჯრედების მდგრადობის გაზრდა) მოქმედებას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინში მიკროცირკულაციის გაუმჯობესება, რაც მიიღწევა მიკროცირკულაციის არხის სისხლძარღვებში ერითროციტების გავლის ოპტიმიზაციის და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების ხარჯზე. ნოოტროპული საშუალებების კომპლექსური ზემოქმედების შედეგია ტვინის ბიოელექტრული აქტივობის და ინტეგრაციული მოქმედების გაუმჯობესება, რაც ვლინდება ელექტროფიზიოლოგიური სინჯის ცვლილებებში (ტვინის ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის გასვლის გაადვილება, ფხიზლობის დონის ამაღლება, ქერქის და ჰიპოკამფის ელექტროენცეფალოგრამის სპექტრის აბსოლუტური და ფარდობითი სიმძლავრის გაძლიერება, დომინირებული პიკის გაზრდა). კორტიკო-სუბკორტიკალური კონტროლის გაზრდა, ტვინში ინფორმაციული გაცვლის გაუმჯობესება განაპირობებს მეხსიერების, აღქმის, ყურადღების, აზროვნების გაუმჯობესებას, სწავლის უნარის გაზრდას, ინტელექტუალური ფუნქციების აქტივაციას. შემეცნებითი (კოგნიტიური) ფუნქციების გაუმჯობესების უნარი გახდა მიზეზი იმისა, რომ ნოოტროპული რიგის პრეპარატებს დაერქვა შემეცნების სტიმულატორები.
ნოოტროპების (ნეირომეტაბოლური სტიმულატორების) კლინიკური აქტივობის სპექტრში გამოყოფენ შემდეგ ძირითად ეფექტებს:
1. ნოოტროპული ქმედება (ზემოქმედება ტვინის ქერქის დარღვეულ უმაღლეს ფუნქციებზე, მსჯელობის და კრიტიკული შესაძლებლობების დონეზე, სუბკორტიკალური აქტივობის კორტიკალური კონტროლის, აზროვნების, ყურადღების, მეტყველების გაუმჯობესება);
2. მნემოტროპული მოქმედება (ზემოქმედება მეხსიერებაზე, სწავლის უნარზე).
3. ფხიზლობის დონის, გონებრივი სიჯანსაღის ამაღლება (ზეგავლენა დათრგუნულ და დაბინდულ გონებაზე);
4. ადაპტოგენური მოქმედება (ზემოქმედება სხვადასხვა ეგზოგენური ფაქტორების, მათ შორის მედიკამენტების მიმართ ტოლერანტობაზე, ექსტრემალური ფაქტორების ზეგავლენის მიმართ ორგანიზმის საერთო მედეგობის გაძლიერება);
5. ანტიასთენიური მოქმედება (ზემოქმედება სისუსტეზე, მოდუნებულობაზე, გამოფიტვაზე, ფსიქიური და ფიზიკური ასთენიის მოვლენებზე);
6. ფსიქომასტიმულირებელი მოქმედება (გავლენა აპათიაზე, ჰიპობულიაზე, ასპონტანურობაზე, გულისწადილის სიღარიბეზე, ფსიქიურ ინერტულობაზე, ფსიქომოტორულ შენელებაზე);
7. ანტიდეპრესიული მოქმედება;
8. სედაციური (ტრანკვილიზატორული) მოქმედება, გაღიზიანებადობის და ემოციური აგზნებადობის შესუსტება;
9. ვეგეტაციური მოქმედება (გავლენა თავის ტკივილზე, თავბრუსხვევაზე, ცერებრასთენიურ სინდრომზე);
10. ანტიკინეტიკური მოქმედება;
11. პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო მოქმედება;
12. ეპილეფსიის საწინააღმდეგო მოქმედება, გავლენა ეპილეფსიურ პაროქსიზმულ აქტივობაზე.

ზემოთჩამოთვლილი ფარმაკოდინამიკური თვისებებიდან ზოგიერთი დამახასიათებელია ყველა ნოოტროპული პრეპარატისათვის, ზოგიერთი – შერჩევითია. კლინიკურ პირობებში ყველა პრეპარატი ავლენს მისთვის დამახასიათებელი თვისებების მთელ სპექტრს და თითოეული მათგანის იზოლირებულად შეფასება ხშირად შეუძლებელია. ფსიქიკურ მდგომარეობაზე ნოოტროპების მასტიმულირებელ გავლენას არ მოსდევს მეტყველების და მოძრაობის აგზნება, ორგანიზმის ფუნქციონალური შესაძლებლობების გამოფიტვა, შეჩვევის და მიდრეკილების განვითარება, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათ შეიძლება გამოიწვიონ მღელვარება და ძილის დარღვევა. ნოოტროპების დადებითი თვისებაა მათი დაბალი ტოქსიურობა, კარგი შეთავსებადობა სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფების პრეპარატებთან და გვერდით მოქმედებათა და გართულებათა არარსებობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფის საშუალებათა უმრავლესობის ფარმაკოლოგიური აქტივობა არ არის მაღალი, ეფექტები ვითარდება ნელ-ნელა (როგორც წესი, მიღების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ), რაც განაპირობებს დიდი დოზებით და ხანგრძლივად მათი მიღების აუცილებლობას.
თავდაპირველად ნოოტროპები გამოიყენებოდა, ძირითადად, ტვინის ორგანული სინდრომის მქონე ასაკოვანი პაციენტების თავის ტვინის ფუნქციების დარღვევების სამკურნალოდ. ბოლო წლებში დაიწყო მათი ფართო გამოყენება მედიცინის სხვადასხვა დარგებში, მათ შორის გერიატრიულ, სამეანო და პედიატრიულ პრაქტიკაში, ნევროლოგიაში, ფსიქიატრიაში და ნარკოლოგიაში. ნოოტროპულ საშუალებებს იყენებენ სხვადასხვა წარმოშობის (სისხლძარღვოვანი, სიბერისა, ალცჰაიმერის დაავადების) ჭკუასუსტობის, ქრონიკული ცერებროვასკულარული უკმარისობის, ფსიქოორგანული სინდრომის, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგების, თავის ქალას ტრავმის, ინტოქსიკაციის, ნეიროინფექციის, ინტელექტუალურ-მნეისტული დარღვევების (მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, აზროვნების დარღვევა), ასთენიური, ასთენო-დეპრესიული და დეპრესიული სინდრომის, ნევროზული და ნევროზისმაგვარი დარღვევების, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის (ენცეფალოპათია, ფსიქოორგანული სინდრომი, აბსტინენცია) შემთხვევაში გონებრივი შრომისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. პედიატრიაში ნოოტროპების დანიშვნის ჩვენებებია ფსიქიური და მეტყველების განვითარების შეფერხება, გონებრივი ჩამორჩენილობა, ცენტრალური ნერვული სისტემის პერინატალური დაზიანების შედეგები, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი. ნევროლოგიურ კლინიკაში (მწვავე იშემიური ინსულტი, თავის ქალას ტრავმა) მწვავე მდგომარეობების დროს ეფექტურია პირაცეტამი, ქოლინის ალფოსცერატი, გლიცინი, ცერებროლიზინი. ზოგიერთ ნოოტროპს იყენებენ ნეიროლეფსიური სინდრომის (დეანოლის აცეგლუმატი, პირიტინოლი, პანტოგამი, გოპანტენის მჟავა), ენაბლუობის (ფენიბუტი, პანტოგამი), ჰიპერკინეზების (ფენიბუტი, გოპანტენის მჟავა, მემანტინი), დიურეზის დარღვევის (ნიკოტინოილ-გამა-ამინოერბომჟავა, პანტოგამი), ძილის დარღვევის (გლიცინი, ფენიბუტი, კალციუმის გამა-ჰიდროქსიბუთირატი), შაკიკის (ნიკოტინოილ-გამა-ამინოერბომჟავა, პირიტინოლი, სემაქსი), თავბრუსხვევის (პირაცეტამი, ფენიბუტი, გინკგო ბილობა) კორექციისათვის, რწევით გამოწვეული გულის რევის პროფილაქტიკისათვის (ფენიბუტი, გამა-ამინოერბომჟავა). ოფთალმოლოგიაში (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) იყენებენ ნიკოტინოილ-გამა-ამინოერბომჟავას (ღიაკუთხოვანი გლაუკომა, ბადურას და ყვითელი ხალის სისხლძარღვოვანი დაავადებები), გინკგო ბილობა (ყვითელი ხალის სიბერით გამოწვეული დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია).
აქტუალურია ახალი ნოოტროპული პრეპარატების ძიება, რომლებსაც ექნებათ უფრო მაღალი ფარმაკოლოგიური აქტივობა და რომლებიც შერჩევითად იმოქმედებენ თავის ტვინის ინტეგრაციულ ფუნქციებზე და გააუმჯობესებენ პაციენტის ფსიქოპათოლოგიურ მდგომარეობას, მის გონებრივ აქტივობას და ორიენტაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები