გავის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. გავის ძვალი  Os sacrum  Sacral bone

გავის მალები (გავის 5 მალა) – vertebrae sacrales, ყრმობის ხანაში ერთმანეთს უერთდებიან და ქმნიან ერთ მთლიან ძვალს.

გავის ძვალი

გავა – os sacrum, სამკუთხედის მოყვანილობის მოხრილი ძვალია, რომლის განიერი ნაწილი – გავის ფუძე – basis sacri – ზევითაა მიქცეული, გავის მწვერვალი – apex sacri – ქვემოთ და წინ. გავის ძვალი მონაწილეობს მცირე მენჯის უკანა კედლის წარმოქმნაში. გავის ძვალში განასხვავებენ წინა და უკანა ზედაპირებს, ორ გვერდით კიდეს, ფუძესა და მწვერვალს. გავის მალების ხვრელების შეერთებით იქმნება გავის არხი – Canalis sacralis.

გავის ძვლის მენჯისმხრივი ზედაპირი

გავის ძვლის წინა ზედაპირი სადაა, მიქცეულია მენჯის ღრუსაკენ და ამიტომ მას უწოდებენ მენჯისმხრივ ზედაპირს – facies pelvina; მასზე აღბეჭდილია გავის ხუთი მალის სხეულთა შეზრდის შედეგად წარმოქმნილი გვერდითი ხაზები – lineae transversae. გავის წინა ზედაპირზე მდებარეობს ოთხი წყვილი გავის მენჯისმხრივი ხვრელი – foramina sacralis pelvina. გავის დორსალური ზედაპირი – facies dorsalis, ხორკლიანი, გამოდრეკილია და აქვს ოთხი წყვილი გავის ზურგისმხრივი ხვრელი – Foramina sacralia dorsalia.  მალების სხვადასხვა (წვეტიანი, განივი და სასახსრე) მორჩების შეერთების შედეგად დორსალური ზედაპირზე წარმოიქმნება ძვლოვანი ქედები. გავის შუა ქედი – Crista sacralis mediana, წვეტიანი მორჩების შეერთების შედეგია. გავის შუამდებარე ქედი (წყვილი) – Crista sacralis intermedia, წარმოქმნილია ზემო და ქვემო სასახსრე მორჩების შეერთებით; გავის ლატერალური ქედი (წყვილი) – Crista sacralis lateralis, განივი მორჩების შეერთების შედეგია. გავის მთელ სიგრძეზე გადის გავის არხი – Canalis sacralis, რომელიც წარმოადგენს ხერხემლის არხის უშუალო გაგრძელებას. გავის ძვლის ფუძის წინა კიდე, იქ სადაც იგი უერთდება წელის მე-5 მალას, მკვეთრად წარზიდულია და მას  კონცხი – promontorium, ეწოდება.

გავის ზურგისმხრივი ზედაპირი

გავის მწვერვალი – apex ossis sacri, ვიწროა და აქვს მცირე ზომის სასახსრე ზედაპირი, რითაც იგი უკავშირდება კუდუსუნს; ამ ადგილზე წარმოიქმნება გავა-კუდუსუნის შეერთება – junctwa sacrococcygea (სიმფიზი). მწვერვალის უკან, გავის უკანა ზედაპირზე, შუამდებარე ქედები მთავრდებიან ქვემოთ მიმართული ე. წ. გავის რქებით – cornua sacralia. მწვერვალის უკანა ზედაპირითა და გავის რქებით შემოიფარგლება გავის არხის გამოსასვლელი ხვრელი, გავის შესავალი –  Hiatus sacralis. გავის ძვლის ლატერალური ნაწილი – pars lateralis, წარმოქმნილია გავის მალების განივი მორჩების შეერთებით. ამ ნაწილების ლატერალურ ზედაპირზე აღინიშნება სასახსრე ყურისებრი ზედაპირები – Facies auricularis, რომელიც ენაწევრება თეძოს ძვლის თანამოსახელე ზედაპირს. ყურისებრი ზედაპირის უკან და მედიალურად მდებარეობს კარგად გამოხატული გავის ხორკლი – Tuberositas sacralis, რომელიც წარმოადგენს გავა-თეძოს ძვალთაშუა იოგების მიმაგრების ადგილს. მამაკაცის გავის ძვალი უფრო გრძელი და მოხრილია, ვიდრე ქალისა.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.