საფაღარათო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

საფაღარათო საშუალებები (cathartica) _ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც, შიგნით მიღების შემთხვევაში იწვევენ ნაწლავების შიგთავსის გადაადგილების დაჩქარებას და ხელს უწყობენ დეფეკაციას. საფაღარათო საშუალებების მოქმედების მექანიზმში დევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. საფაღარათო საშუალებებს აგრეთვე შეუძლიათ რეფლექტორული გავლენა მოახდინონ საშვილოსნოზე, გულ-სისხლძარღვთა და ზოგიერთ სხვა სისტემაზე.
მოქმედების ძირითადი მიმართულებების მიხედვით საფაღარათო საშუალებებს შორის განასხვავებენ: 1) პრეპარატებს, რომლებიც აძლიერებენ უპირატესად წვრილი ნაწლავის მოტორულ ფუნქციას; 2) პრეპარატებს, რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავებს მთელ სიგრძეზე და ზრდიან მისი შიგთავსის მოცულობას; 3) პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ უპირატესად მსხვილი ნაწლავის მოტორულ ფუნქციას.
უპირატესად წვრილი ნაწლავის მოტორული ფუნქციის გამაძლიერებელ საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნებიან კასტორის ზეთი და ზოგიერთი სამკურნალო მცენარის (მაგ. იალაპა, პოდოფილი) ფესვებში შემავალი ფისები. მთელ სიგრძეზე ნაწლავის მოტორიკის გამაძლიერებელი საფაღარათო საშუალებების ჯგუფში შედიან ე.წ. მარილოვანი საფაღარათოები _ ნატრიუმის სულფატი, მაგნიუმის სულფატი, საფაღარათო მინერალური წყლები (მაგ., მორშინის, ბატალინის, სლავური და ა.შ.), აგრეთვე კარლოვარის მარილი და მორშინის მწარე, ნატურალური მარილი, რომელიც მიიღება კურორტ მორშინის წყაროს მინერალური წყლებიდან და რომელიც, ძირითადად, შეიცავს ნატრიუმის სულფატს და მაგნიუმის და კალციუმის სულფატების მცირე რაოდენობას. უპირატესად მსხვილი ნაწლავის მოტორიკას ასტიმულირებენ ანტრაგლიკოზიდების შემცველი, მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალებები, მაგ. რევანდის ფესვის, ჟოსტერის ნაყოფის, წინკარას, ალოეს ფოთლების პრეპარატები, აგრეთვე გაწმენდილი გოგირდი და ზოგიერთი სინთეზური ნივთიერებები _ ფენოლფტალეინი, იზაფენინი. გარდა ამისა, უპირატესად მსხვილ ნაწლავზე მოქმედებენ ვაზელინის ზეთი და მცენარეული ზეთები (მაგ., ნუშის ზეთი და სხ.), რომლებიც იწვევენ განავლოვანი მასების დარბილებას; საფაღარათო საშუალებები, რომლებიც ჯირჯვდებიან ნაწლავის სანათურში და ამით ზრდიან მისი შიგთავსის მოცულობას (ზღვის კომბოსტო, აგარ-აგარი). ამავე ჯგუფს მიეკუთვნებიან ნატრიუმის ჰიდროკარბონატის შემცველი საფაღარათო სანთლები, რომელთა სწორ ნაწლავში შეწოვის და დაშლის შედეგად გამოიყოფა ნახშირორჟანგი. ამ უკანასკნელის დაგროვება სწორი ნაწლავის ამპულაში იწვევს მისი კედლის მექანიკურ გაჭიმვას და რეფლექტორულ დეფეკაციას.
საფაღარათო საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ უპირატესად წვრილ ნაწლავზე და ნაწლავის მთელ სიგრძეზე, საფაღარათო ეფექტს იწვევენ 4-6 საათის შემდეგ, ხოლო პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ უპირატესად მსხვილ ნაწლავზე _ 6-12 საათის შემდეგ.
მოქმედების სიძლიერის მიხედვით საფაღარათო საშუალებებს პირობითად ჰყოფენ ხელშემწყობებად (აპერიტივა), მოქმედების საშუალო სიძლიერის საფაღარათოებად (ლახანტია) და დრასტიკულ (დრასტიცა) საფაღარათო საშუალებებად. ხელშემწყობი საშუალებების მიღებისას განავალი გაფორმებულია, თუმცა კონსისტენცია ნორმალურთან მიახლოებულია. აღნიშნული ჯგუფის საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნებიან აგარ-აგარი, ზღვის კომბოსტო, გაწმენდილი გოგირდი, ანტრაგლიკოზიდების შემცველი, მცენარეული წარმოშობის საშუალებები (რევანდას, წინწკარას, ხეჭრელას პრეპარატები და სხ.), ვაზელინის ზეთი, აგრეთვე კასტორის ზეთი და მაგნიუმის სულფატი მცირე დოზებით.
საშუალო სიძლიერის მოქმედების საფაღარათოების მიღებისას განავალი თხელი ან ფაფისებური კონსისტენციისაა. საფაღარათო საშუალებების აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნებიან მარილოვანი საფაღარათოები, იზაფენინი. მაღალ დოზებში, ანალოგიური ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს ხელშემწყობმა საფაღარათო საშუალებებმაც.
დრასტიკული (ძლიერი საფაღარათო) საფაღარათო საშუალებები იწვევენ მკვეთრ პერისტალტიკას, თხიერ განავალს, ზოგჯერ ტკივილებს მუცლის არეში და ტენეზმებს. აღნიშნული თვისებები გააჩნიათ მარილოვან საფაღარათოებს, კასტორის ზეთს, პოდიფილინს მაღალ დოზებში.
საფაღარათო საშუალებების ზეგავლენით ძლიერდება ნაწლავის მოტორული ფუნქცია, რის შედეგადაც ნაწლავებში მატულობს საკვები მასების გადაადგილების სიჩქარე, იცვლება მისი შიგთავსის კონცეტრაცია და კონსისტენცია, ხდება შეწოვის პროცესების დარღვევა.
მოქმედების მექანიზმის მიხედვით საფაღარათო საშუალებები იყოფიან პრეპარატებად, რომლებიც იწვევენ ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების ქიმიურ გაღიზიანებას (მაგ., ანტრაგლიკოზიდების შემცველი მცენარეული საფაღარათოები, კასტორის ზეთი, ფენოლფტალეინი, იზაფენი და სხ,.), პრეპარატებად, რომლებიც იწვევენ ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების მექანიკურ გაღიზიანებას, მისი შიგთავსის გათხელების და მოცულობის გაზრდის ხარჯზე (მარილოვანი საფაღარათოები, გამაჯირჯვებელი საშუალებები), პრეპარატებად, რომლებიც არბილებენ განავლოვან მასებს და, ამის შედეგად, მექანიკურად ხელს უწყობენ მათ გადაადგილებას (ვაზელინის ზეთი, მცენარეული ზეთი).
საფაღარათო საშუალებები მიეკუთვნებიან სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის ნივთიერებებს. არაორგანული ნაერთების ჯგუფის საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნებიან ნატრიუმის და მაგნიუმის სულფატები, რომლებსაც გააჩნიათ წყალში ადვილად ხსნადობის უნარი, თუმცა გაძნელებულია მათი დიფუზია ნაწლავის ლორწოვანი გარსის გავლით. აღნიშნული მარილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში განიცდიან დისოციაციას იონების წარმოქმნით, რომლებიც ძალიან ნელა შეიწოვებიან სისხლში და იწვევენ ოსმოსური წნევის მომატებას ნაწლავის სანათურში, რაც ხელს უშლის ქიმუსის თხევადი ნაწილის და წყლის აბსორბციას. გარდა ამისა, მარილოვანი საფაღარათოები ახდენენ ნაწლავის პერისტალტიკის სტიმულირებას. ნაწლავის შიგთავსის მოცულობის მატება იწვევს მექანორეცეპტორების აგზნებას და ნაწლავის პერისტალტიკის რეფლექტორულ გაძლიერებას. სულფატების საფაღარათო მოქმედებას ხელს უწყობს, აგრეთვე, ნაწლავებში გოგირდწყალბადის გაძლიერებული წარმოქმნა, რომელიც წარმოადგენს პერისტალტიკის ფიზიოლოგიურ სტიმულატორს. გარდა ამისა, მაგნიუმის მარილები ნაწლავებში წარმოქმნიან უხნად მაგნეზიურ საპონს (ქაფს) და, შესაძლოა, ასტიმულირებენ ქოლეცისტოკინინის გამონთავისუფლებას.
საფაღარათო თვისებების მქონე ორგანულ ნაერთებს მიეკუთვნებიან ანტრაგლიკოზიდები, რომლებიც ნაწილობრივ შეიწოვებიან წვრილ ნაწლავში, ორგანიზმში განიცდიან ჰიდროლიზურ დაშლას აქტიური ნივთიერებების _ ემოდინის და ქრიზოფანის მჟავას შემდგომი გამოყოფით მსხვილ ნაწლავში. აღნიშნული ნივთიერებების ნაწილობრივი გამონთავისუფლება, აგრეთვე ხორციელდება ნაწლავში ბაქტერიული ფლორის ფერმენტების უშუალო ზემოქმედებით. ამ ნივთიერებების უმეტესობა გროვდება მსხვილ ნაწლავში, სადაც ხდება მათი ძირითადი მოქმედება. ემოდინი და ქრიზოფანის მჟავა, იწვევენ რა მსხვილი ნაწლავის ინტერორეცეპტორების აგზნებას, აძლიერებენ მის პერისტალტიკას. ეფექტის ხასიათის და მექანიზმის მიხედვით, ანტრაგლიკოზიდებთან ახლოს დგანან სინთეზური საფაღარათო საშუალებები _ ფენოლფტალეინი და იზაფენინი. გარდა ამისა, აღნიშნული პრეპარატები ამუხრუჭებენ ელექტროლიტების და წყლის შეწოვას.
მცენარეული ზეთების (კასტორის, ნუშის, ზეითუნის და სხ.) საფაღარათო მოქმედება დამოკიდებულია მათ კონსისტენციაზე და ლიპაზას გავლენით, წვრილ ნაწლავში ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნაზე, რომლებიც გასაპვნის შედეგად იწვევენ ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანებას და პერისტალტიკის რეფლექტორულ გაძლიერებას. ვაზელინის ზეთი ხელს უშლის წყლის შეწოვას და არბილებს მსხვილი ნაწლავის შიგთავსს. წყალში გაჯირჯვებული ნივთიერებები, იწვევენ რა ნაწლავის კედლის გაჭიმვას, აღიზიანებენ მექანორეცეპტორებს და რეფლექტორულად აჩქარებენ ნაწლავის შიგთავსის გადაადგილებას.
საფაღარათო საშუალებებს, სხვადასხვა ჩვენებების მიხედვით, გამოიყენებენ ნაწლავის მოტორიკის სტიმულაციის მიზნით. განსაკუთრებით ხშირად მათი დანიშვნა ხდება შეკრულობების დროს. ამასთან, ხანმოკლე შეკრულობების დროს ინიშნება მარილოვანი საფაღარათო საშუალებები, კასტორის ზეთი, ფენოლფტალეინი, ხოლო ქრონიკული შეკრულობებისას _ ანტრაგლიკოზიდების შემცველი მცენარეული საფაღარათო საშუალებები (რევანდას, წინწკარას, ხეჭრელას პრეპარატები და სხ.), იზაფენინი, საფაღარათო სანთლები, ვაზელინის ზეთი, გამაჯირჯვებელი საფაღარათო საშუალებები (ზღვის კომბოსტო, აგარ-აგარი და ა.შ.). მწვავე მოწამვლების დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შხამების და ტოქსინების გამოდევნის მიზნით, ძირითადად გამოიყენებენ მარილოვან საფაღარათოებს, ხოლო ზოგჯერ _ კასტორის ზეთს. გარდა ამისა, მარილოვანი საფაღარათოები ინიშნება ზოგიერთი ანტიჰელმინთური პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ორგანიზმიდან მათი გამოყოფის დაჩქარების და ტოქსიკური ეფექტის თავიდან აცილების მიზნით. რენტგენოლოგიური გამოკვლევის, რექტო- ან კოლონოსკოპიის წინ, ნაწლავების გაწმენდის მიზნით გამოიყენებენ კასტორის ზეთს, რევანდას, წინწკარას, და სხ. პრეპარატებს.
საფაღარათო საშუალებების სისტემატური გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მათდამი მიჩვევა. ამ შემთხვევაში საჭიროა სხვადასხვა პრეპარატების მონაცვლეობა. საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს დიარეა, ღებინება, კოლიკის მსგავსი ტკივილები მუცლის არეში.
საფაღარათო საშუალებების დანიშვნა უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და პერიტონეუმის მწვავე ანთებითი დაავადებების, ნაწლავის შიგთავსის გადაადგილებისთვის მექანიკური წინააღმდეგობის არსებობის, საშვილოსნოდან სისხლდენების დროს. საფაღარათო საშუალებები სიფრთხილით ინიშნება ორსულობის, მენსტრუაციის დროს და მოხუცებულობით ასაკში. თირკმლების უკმარისობის დროს არ შეიძლება მაგნიუმის სულფატის დანიშვნა.
იხილეთ: კასტორის ზეთი; ნატრიუმის სულფატი; მაგნიუმი; კარლოვარის მარილი; რევანდა; წინკარა; ალოე; სამკურნალო მცენარეები; გოგირდი; ფენოლფტალეინი; იზაფენინი; ვაზელინის ზეთი; ნუშის ზეთი;

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.